დარგებიმემცენარეობა

ლავანდა _ სურნელი რომელიც ყველგან გაგყვებათ

ამ ერთი შეხედვით არც თუ განსაკუთრებული ყვავილის ისტორია საუკუნეების სიღრმეებში იკარგება: მას იცნობდნენ ძველი ეგვიპტელები — ლავანდის ყვავილთა სურნელება მდიდარი ეგვიპტელი ქალბატონების პარფიუმერიის ძირითადი შემადგენელი იყო; მედიცინის მამა — ჰიპოკრატე წერდა, რომ ლავანდა გარდასულ წელთაგან დაღლილ გონებას ათბობს, მისი მირთმევა ძალიან სასარგებლოა დაავადებული ღვიძლისა და ნაღველისათვის, ხოლო ლავანდის კვამლი აქრობს სიმყრალეს და აფრთხობს ავ სულებს; ლავანდის გამხმარ ყვავილებს რომაულ აბანოებში დასაბანად იყენებდნენ საპნის ნაცვლად (საპონი ჯერ არ იყო გამოგონილი);  გარდა ამისა, ეპიდემიების დროს, რომაული ქალაქების ქუჩებში ლავანდას გამხმარი ტოტებისგან კოცონს ანთებდნენ და სჯეროდათ, რომ მისი კვამლი იხსნიდა ქალაქის მოსახლეობას. როგორც ამბობენ,  სწორედ აქედან მოდის ლავანდის ლათინური დასახელების Lavandula ფუძე  lavare, რაც ლათინურად „გასუფთავებას, რეცხვას“ ნიშნავს.

სწორედ რომაელებს მიაწერენ ისტორიკოსები ამ ხმელთაშუა ზღვის მცენარის ევროპაში მოხვედრას, თან არა უბრალო ერთ-ერთ კულტურად — ლავანდა საკრალური მცენარე გახდა. შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესია ამ მცენარეს იყენებდა ავი სულებისა და ეშმაკის განდევნის მთავარ ატრიბუტად და იმ პერიოდში არ არსებობდა არც ერთი სამონასტრო ბაღი, რომელშიც ლავანდის კულტურას საპატიო ადგილი არ ჰქონდა მიჩენილი.

პირველად ლავანდის ზეთის მიღება მეთორმეტე საუკუნეში შეძლეს და მას შემდეგ ამ არომატმა ვარდის ზეთის სურნელთან  ერთად დაიწყო საზეიმო მსვლელობა ევროპაში…  ასე გაგრძელდა მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, შემდეგ კი ზედმეტად მასობრივი წარმოების გამო, ბებერ ევროპას მოყირჭდა ლავანდის სურნელი და იგი მოდიდან გადავიდა. მხოლოდ მოგვიანებით, როცა ქიმიისა და მედიცინის განვითარებამ, ამ მცენარეში კიდევ მრავალი, ადამიანისათვის სასარგებლო თვისება აღმოაჩინა, იგი კვლავ აქტუალური გახდა… კიდევ ბევრი ისტორიული ფაქტის მოყვანა შეიძლება ლავანდაზე, მაგრამ ამჯერად ამ მცენარეზე, როგორც დეკორატიულ კულტურაზე ვისაუბრებთ.

ლავანდის ბუჩქები მსოფლიოს სახელგანთქმული ბაღების ერთ-ერთი შეუცვლელი ატრიბუტია. კანარის კუნძულებიდან დაწყებული და დასავლეთ ინდოეთით დამთავრებული, ამ  ზონაში 30 სახის ლავანდაა გავრცელებული, რომ არაფერი ვთქვათ მათ უამრავ ჯიშებსა და ჰიბრიდებზე. რაც შეეხება ამ მარადმწვანე ბუჩქის ფერთა გამას — ტრადიციული მუქი იასამნისფერის გარდა, გამოყვანილია ცისფერი, ვარდისფერი და თეთრი ჯიშებიც კი.  ბოლო წლებში ამ მცენარემ საქართველოს ბაღ-პარკებშიც მოიკიდა ფეხი და ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს ხანებში ერთ-ერთ რეგიონში ლავანდის სამრეწველო მინდვრების გაშენებაც კი იგეგმება.

რა უნდა ვიცოდეთ თუ ამ მცენარემ მოგვხიბლა და გვინდა ჩვენი ბაღები თუ აივნები, ან სულაც ინტერიერი დავამშვენოთ მისი ბუჩქებით.

ლავანდის ზოგიერთი სახეობა იმდენად გვალვაგამძლეა, რომ უკვე მოზრდილ მცენარეებს, წელიწადში სულ რამდენჯერმე მორწყვა ჰყოფნის. ამ მცენარის ზოგიერთი სახეობა კარგად იტანს ყინვასაც — 25 გრადუსამდე.

მცხუნვარე მზის მოყვარულ ლავანდას შეუძლია სრულიად უნაყოფო, მსუბუქ ქვიშნარ-თიხნარზეც იარსებოს. მისი ფესვები 4 მეტრამდე აღწევს ნიადაგში და სასიცოცხლო ენერგიას ლამის მიწის გულიდან იღებს, თუმცა, რა თქმა უნდა, თუ ნაყოფიერ ნიადაგს შეურჩევთ, ბევრად უკეთეს შედეგს მიიღებთ. აი, რასაც ეს მცენარე ვერ აიტანს — ეს მჟავე ნიადაგებია მაღალი გრუნტის წყლებითა და მძიმე თიხნარით.

ლავანდის ზრდასრული ბუჩქის ზომები სახეობების მიხედვით 30 სმ-დან 1,5 მეტრამდეც კი მერყეობს. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლამდეა, თუმცა რეგულარული კრეჭვით მცენარეს ფორმასაც შეუნარჩუნებთ და გაახალგაზრდავებთ კიდეც.

ლავანდის ბუჩქის გამრავლება შესაძლებელია როგორც თესლით, ასევე ვეგეტატიურად — ბუჩქის დაყოფით ან დაკალმებით.

თესვის მეთოდს ძირითადად სამრეწველო პლანტაციების გაშენებისას მიმართავენ და შემოდგომაზე დათესილი მოსავლის აღება უკვე ორწლიანი ბუჩქებიდან არის შესაძლებელი.

რაც შეეხება კალმით გამრავლებას, ამისათვის გაზაფხულზე გასხლული ბუჩქების უკვე გახევებულ კალმებს იყენებენ და ერთი ლავანდის ბუჩქიდან აჭრილი კალმები, სრულიად საკმარისია ერთი წლის შემდეგ ლავანდას ათეულობით ბუჩქის მისაღებად.

და ბოლოს ორიოდ სიტყვით, ამ მცენარის დეკორატიულ მებაღეობაში გამოყენებაზე:

ძნელად მოიძებნება მებაღე თუ ლანდშაფტის დიზაინერი, რომელიც შესაფერისი პირობების არსებობის შემთხვევაში, უარს იტყოდა ბაღში ამ თითქმის უპრეტენზიო მცენარის გამოყენებაზე. მას იყენებენ როგორც ფორმალურ, ასევე პეიზაჟურ ბაღებში. ლავანდა ზამთარ-ზაფხულ, ლამაზ ვერცხლისფერ არშიებს ქმნის ყვავილნარების ირგვლივ, დაბალი ბორდიურების სახით, ძალიან კარგად იტანს ურბანულ დაბინძურებასაც და ვარდების ბაღისათვის კი ლავანდის ბუჩქები საერთოდაც შეუცვლელი ატრიბუტია.

ყველაფერთან ერთად, ლავანდა ძალიან კარგი თაფლოვანი მცენარეა და ბაღში მისი გამოჩენით ჩათვალეთ, რომ პეპლებისა და ფუტკრების გუნდს მოიზიდავთ, რაც თავის მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვანია ხეხილის ბაღებისათვის. ამავე დროს ვარდებისა და ხეხილის რიგებს შორის დარგული ლავანდების ძლიერი სურნელი მცენარეებს მავნე მწერებისგანაც საკმაოდ ეფექტურად დაიცავს.

ამ მცენარის კიდევ მრავალი სამკურნალო თუ კულინარიული ღირსება დაგვრჩა ჩამოსათვლელი, მაგრამ ყველაფრის ჩატევა ერთ სტატიაში შეუძლებელია. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ პროვანსში, საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პროვინციაში, სადაც ლავანდის ბუნებრივი ველები 80 ჰექტარზეა გადაჭიმული, 1991 წელს ჟორჟ ლანსელემ ლავანდის მუზეუმი „შატო-დიუ ბუა“ გახსნა, რომელიც მეოთხედი საუკუნეა ფუტკრებივით იზიდავს მნახველებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. მსგავსი ტიპის ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა არც ჩვენი ქვეყნისათვის იქნებოდა ურიგო იდეა.

წყარო: sputnik-georgia.com