აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმებაღეობა

ერთშტამბიანი თხილის ბაღის უპირატესობები და გაშენების ტექნოლოგია

უკანასკნელ პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობაში გამოიკვეთა პრიორიტეტული ქვედარგები, რომელთა პროდუქციაზე საერთშორისო ბაზარზე მოთხოვნილება მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასეთი ქვედარგების რიგს მიეკუთვნება კაკლოვნები.

ქვეყანაში ბოლო წლებია ინტენსიურად იზრდება კაკლოვანი კულტურების, განსაკუთრებით თხილის, წარმოება, თხილი შედარებით კარგ მოსავალს და მაღალი ხარისხის ნაყოფს იძლევა დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში. ამ ზონაში არსებული ნიადაგობრივი და კლიმატური პირობები საუკეთესოა მაღალხარისხიანი და უხვმოსავლიანი თხილის ჯიშების გაშენებისთვის.

 

მნიშვნელოვანი პლანტაციები გაშენდა აღმოსავლეთ საქართველოშიც, ამ კულტურისათვის არატრადიციულ ზონაში.

თხილის კულტურის დაბალმოსავლიანობის მიუხედავად, რომელიც საქართველოში საშუალოდ ჰექტარზე 1.5-2  ტონას შეადგენს, თხილის წარმოებით მოსახლეობის გარკვეული ნაწილის საოჯახო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეკონომიკური თვალსაზრისით თხილის წარმოებიდან შემოსავლების გაზრდის რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომელიც ძირითადად დამოკიდებულია მაღალპროდუქტიული და ადვილად მექანიზირებული პლანტაციების გაშენებაზე. საჭიროა თხილის მოვლა-მოყვანის ძირითადი შრომატევადი ოპერაციების მექანიზაცია. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თხილის მოსავლის აღების ისეთ ოპერაციებს, როგორიცაა თხილის ნაყოფის შეგროვება, მათი გაწმენდა და დახარისხება. ამ ოპერაციებზე იხარჯება თხილის წარმოებაზე შრომის დანახარჯების 60%-ზე მეტი.

საქართველოში აღნიშნული ოპერაციები უმეტესად ხელის შრომით სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნებში (იტალია, თურქეთი და სხვ.), დღეისათვის არსებობს თხილის მოსავლის აღების მანქანათა კომპლექსი, ჩვენს პირობებში მათი გამოყენება სიძვირისა და შესაბამისი აგროფონის არარსებობის გამო შეუძლებელია. ამიტომ საქართველოში არსებულ თხილის პლანტაციებში მოსავლის აღების ოპერაციების მექანიზაციის მიზნით საჭიროა დამუშავებულ იქნას შედარებით მარტივი და სხვადასხვა სიგანის რიგთაშორისებში გამოყენებადი ტექნიკური საშუალებები. ამ მიმართულებით ჩვენს მიერ რეკომენდებულია თხილის წარმოების ერთშტამბიანი პლანტაციების გაშენება და შესაბამისი მანქანები.

საქართველოში დღეისათვის თხილის არსებული პლანტაციები ძირითადად გაშენებულია 4×4, 4×3 ან 3×3 სქემით. ასეთ პლანტაციებში შესაძლებელია თხილის მოვლა-მოყვანის ოპერაციების მექანიზაციის განხორციელება მხოლოდ ახალგაზრდა პლანტაციებში, მანამ სანამ თხილის ბუჩქის სიგანე დამოკიდებულია მთავარი ტოტების რაოდენობაზე, რომელიც ბუჩქის ჩონჩხს ქმნის, ნიადაგზე და კლიმატურ პირობებზე, აგრეთვე, თხილის ჯიშზე.

დასავლეთ საქართველოში არსებული პლანტაციები ძირითადად გაშენებულია ვაკე და მცირე დაქანების ფერდობებზე, რომლებზეც შესაძლებელია საშუალო სიმძლავრის, ვაკე პირობებში მომუშავე ტრაქტორების გამოყენება, იმ შემთხვევაში თუ პლანტაცია გაშენებულია სამექანიზაციოდ. ე.ი. სქემით 7×5, 7×4, 6×6, 6×5, 6×4. უფრო ვიწრო მწკრივთაშორისებში შესაძლებელი იქნება მხოლოდ მცირე გაბარიტიანი ტრაქტორების (გოლდონ-718, მოტობლოკები და სხვ.) გამოყენება.

თხილის პლანტაცია თუ 10°-ზე მეტი დაქანების ფერდობებზეა გაშენებული,მაშინ შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფერდობებისათვის განკუთვნილი დაბალი საშუქის მქონე ტრაქტორების გამოყენება.ვიწრო მწკრივთაშორისების  (5×5, 5×4, 4×4) პლანტაციებში სრულმოსავლიანი ასაკოვანი ბუჩქების მოვლა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური მანქანა-იარაღების საშუალებით, რომლებიც ჯერ-ჯერობით საქართველოში არ არსებობს, ხოლო მათი შემოტანა საზღვარგარეთიდან ფერმერებს ძვირი უჯდება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს თხილის მოვლა-მოყვანას.

ცენარის ფორმა ვარჯის პროექცია მ2 %-ული შეფარდება მოსავალი ვარჯის პროექტციის 1მ2-ზე. კგ. %-ული შეფარდება
ერთშტამბიანი 5,58 74,6 3,28 126,1
ბუჩქისებრი 7,74 100 2,6  100

როგორც ცხრილიდან ჩანს, ერთშტამბიანი ფორმის ვარჯის პროექცია 25,4%-ით ნაკლებია ბუჩქური ფორმის ვარჯის პროექციაზე, მაგრამ მოსავალი ვარჯის პროექციის 1 მ²-ზე პირიქით, 26,1 %-ით მეტია შტამბიან ფორმაზე ბუჩქურ ფორმასთან შედარებით, მაგრამ ვარჯის პროექციის ზრდამ ყოველთვის არ შეიძლება გამოიწვიოს მოსავლის ზრდა. ეს იმიტომ, რომ მცენარის ასაკში შესვლასთან დაკავშირებით ვითარდება ვარჯის შიდა ტოტები, რაც იწვევს ვარჯში განათების შემცირებას, ეს კი აფერხებს ნაყოფწარმომქმნელი ნაზარდების განაყოფიერებას, რის გამოც ისინი სუსტდება და კვდება, ამიტომაცაა, რომ რეპროდუქციული ორგანოები ვარჯის პერიფერიებისკენ ინაცვლებს. ამ შემთხვევაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მცენარის სხვლა-ფორმირებას, რომელიც უნდა წარვმართოთ ისე, რომ გავზარდოთ განათება ვარჯში, რათა კვლავ ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ, როგორც პერიფერიებში, ასევე ვარჯში. ამ შემთხვევაში ვარჯის საერთო მოცულობის ზრდასთან ერთად გვექნება მოსავლიანობის ზრდაც. საერთოდ, ბუჩქად მოზარდი მცენარეებთან შედარებით, შტამბიანი ფორმის უფრო რაციონალური სტრუქტურა უნდა განისაზღვროს პროდუქტიული და არაპროდუქტიული ნაწილების ოპტიმალური შეფარდებით. ბუჩქად მოზარდი მცენარეები უფრო მეტი რაოდენობით ივითარებს არაპროდუქტიულ ტოტს _ ღეროს, ვიდრე შტამბიანი; ბუჩქად მოზარდ მცენარეებში ადგილი აქვს მათ მიერ გამომუშავებული პლასტიკური ნივთიერებათა არარაციონალურ ხარჯვას.

ბუჩქად მოზარდი მცენარე გადაყვანილი ერთშტამბიან ფორმად, მარტო მეტ მოსავალს კი არ იძლევა ფართობის ერთეულზე, არამედ ადრეც შედის მსხმოიარობაში. ეს ყოველივე განპირობებულია იმით, რომ შტამბური ფორმის დროს იზრდება განათების კოეფიციენტი, უმოკლეს დროში ხდება შტამბის გამსხვილება, ეს კი ხელს უწყობს ასიმილატების დაგროვებას მცენარეში, გარდა ამისა უნდა ვიგულისხმოთ ისიც, რომ იგი ცვლის მცენარის შინაგან სტრუქტურას, ფოთლებში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესების ხასიათს და ზრდის ფოტოსინთეზის პროდუქტიულობას.

ნახ. 1. ბუჩქოვანი და ერთშტამბიანი ბაღის სქემები:

ა) ბუჩქოვანი მცენარეები;

ბ) ერთშტამბიანი მცენარეები;

a _ რიგთაშორისი მანძილი;

ბ _ რიგში მცენარეთა შორის მანძილი;

S1, S2 _ თავისუფალი სივრცის ვერტიკალური კვეთის ფართობები;

h _ შტამბის სიმაღლე; ლ1 _ თხილის ბუჩქის სიმაღლე;

l2 _ ერთშტამბიანი თხილის მცენარის სიმაღლე;

C _ დაუმუშავებელი ზოლის სიგანე.

ერთშტამბიანი თხილის ბაღების ძირითად უპირატესობას, ბუჩქოვან ბაღებთან შედარებით, წარმოადგენს ტექნიკური საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა. ასეთ ბაღებში რიგთაშორის დარჩენილი თავისუფალი სივრცე სრულიად საკმარისია არსებული სასოფლო-სამეურნეო აგრეგატების გადასაადგილებლად (იხ.ნახ. 1.)

ნახაზიდან ნათლად ჩანს, რომ ერთშტამბიან თხილის ბაღში, ბუჩქოვანთან შედარებით, რიგთაშორის მეტი თავისუფალი სივრცე რჩება, რაც შედარებით დიდი გაბარიტული ზომებისა და სიმძლავრის აგრეგატების გამოყენების საშუალებას გვაძლევს. შესაბამისად, შესაძლებელი ხდება აგრეგატის ერთი გავლით მთლიანად დამუშავდეს რიგთაშორის არსებული ზოლი, მაშინ, როდესაც ბუჩქოვან ბაღებში მცირე გაბარიტიანი ტექნიკის გამოყენების შემთხვევაშიც დაუმუშავებელი რჩება C – სიგანის მქონე ნიადაგის ზოლი (ნახაზზე დაშტრიხულია), რაც მოითხოვს დამატებით ხელის სამუშაოების ჩატარებას და სპეციალურ ტექნიკას.

გარდა ზემოთ აღნიშნული უპირატესობისა, ერთშტამბიან ბაღებში მოსავლის აღებისთვის აგროფონის მოსამზადებელი ოპერაციების (გასხვლა, ბალახების მოთიბვა, ნიადაგის მოსწორება ) წინასწარ ჩატარების შემთხვევაში შესაძლებელია თხილის მოსავლის ამღები ვიბრაციული და პნევმატიკური ტიპის მაღალმწარმოებლური მანქანების გამოყენება.

ასე, რომ ერთშტამბიან თხილის ბაღში მცენარის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიური ოპერაციები: ნიადაგის დამუშავება (ხვნა), ზედაპირული გაფხვიერება, კულტივაცია ორგანული და მინერალური სასუქების შეტანა, სიდერატების თესვა, ბალახებისა და სიდერატების თიბვა, დამულჩვა, მოსავლის აღება, გასხვლა-ფორმირება და სხვა შეიძლება შევასრულოთ საშუალო სიმძლავრის (0.9-1.4 ტ. წევის კლასის) ტრაქტორებზე დააგრეგატებული სერიული და სპეციალური მანქანა-იარაღებით.

ამგვარად, საქართველოში თხილის წარმოების რენტაბელობის ამაღლების მიზნით საჭიროა ახალი, სამექანიზაციო, ერთშტამბიანი თხილის პლანტაციების გაშენება; მოვლა-მოყვანის უნარჩენო ტექნოლოგიების, მოსავლის ამღები და დამხარისხებელი მანქანების გამოყენება, რაც უზრუნველყოფს თხილის წარმოების გაფართოებას, თხილის კულტურით ფერმერების დაინტერესებას, პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების ამაღლებას, თვითღირებულების შემცირებას და საერთაშორისო ბაზარზე ქართული თხილის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

 სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის

აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის უფროსი,

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნუგზარ ებანოიძე