გრანტის მიღების შესაძლებლობები და შთაბეჭდილებები ზემო სვანეთის LAG-ზე
ყველასთვის კარგად არის ცნობილი რამდენი საერთაშორისო თუ სახელმწიფო წვრილი თუ მსხვილი დარგობრივი პროექტი მიმდინარეობს საქართველოში, თითქოს დოღში ეჯიბრებიან ერთმანეთს ლამის სულ ერთი და იმავე ფიზიკური პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები და ა.შ. ამდენი „ღვაწლისგან“ ყვავილი თუ არა კვირტი მაინც უნდა იყოს წამოჩიტული, მაგრამ რაღაც დაგვიანდა ჩვენს ქვეყანაში გაზაფხულიც და შემოდგომაც.
სამსახურებრივად თუ საკუთარი ინტერესით, ამ სფეროში პრაქტიკული ჩართულობით თუ დაკვირვებით წლების მანძილზე მიღებული ცოდნით, მეც გადავწყვიტე არასამთავრობო ორგანიზაცია დამეარსებინა და დაგროვილი გამოცდილება სხვებისთვისაც გამეზიარებინა. სანამ საქმეს მოვკიდებდი ხელს, რამდენიმე ე.წ. ენჯეოს წევრებს გავესაუბრე. პასუხების დაიჯესტი ასე გამოიყურება: თუ ნაცნობობა, კონტაქტები, „სასტავში ჩაჯდომის შანსი“ არ გაქვს, ტყუილად ნუ დაიწყვეტ ნერვებს, უბრალოდ არ დაგაფინანსებენ, ოფიციალური უარის „გასაპრავებლად“ ბევრი ორგანიზაცია საგრანტო განაცხადის და მის ტერმინოლოგიის სირთულეს იყენებსო. თუნდაც ალილუიასავით გაიზუთხ-გაითავისო და შეეცადო სკრუპულოზურად შეასრულო ყველაფერი, ან პირდაპირ გეტყვიან უარს, ან ისე ბუნდოვნად მოგწერენ, რატომ გეუბნებიან უარს, მომდევნოს დაწერის სურვილი დაგეკარგებაო; გრანტიჭამია კასტა კი ისეა გაზულუქებული, აუთფუთ, ინფუთ, იმფაქტ, რეზალთები თუ ერთმანეთში გერევა, სხვა რა უნდა გელაპარაკოო, გეტყვიან.
მაინც არ შევშინდი. შევიკრიბეთ თანამოაზრეები, არჩეულ სფეროში კარგად ჩახედული მეგობრები და შევუდექით საქმიანობას. თავიდან ყველას ლოგიკურად გვეჩვენებოდა თუ საინტერესო იდეას მოვიფიქრებდით და მის მისაღწევ ამოცანებსა და ქმედებებს სწორად გავწერდით, სულ მცირე, იმას მაინც გვეტყოდნენ კარგია, მაგრამ ამას და ამას უფრო უნდა მიაქციოთ ყურადღებაო. ნურას უკაცრავად, ხან პირდაპირ გვითხრეს, ესაო, ისაო, მაგრამ არაო, ხან იდეა ძალიან კარგია, ამჯერად უარს გეუბნებით, მაგრამ არ მოგერიდოთ, ისევ შემოიტანეთ განაცხადიო… რამდენჯერმე ვიგემეთ მსგავსი ალიყური და ამ დროს ძალიან ბუნებრივად გაგვიჩნდა კითხვა, რატომ არ ვიმსახურებთ რიგითი მოკვდავები კომპეტენტურად ჩამოყალიბებულ ახსნა-განმარტებას პროექტზე უარის მიღების შემთხვევაში და უკვე დაფინანსებული პროექტების შესრულების და გრძელვადიანი პერსპექტივის მონიტორინგის შედეგების გამოთხოვის უფლებას?! ყველაფერი მთის მდინარესავით გამჭვირვალეა ამ ქვეყანაშიო, ხომ გვეუბნებიან?!
შევშინდითთქო, ვერ გეტყით, ისეთი შემართული მეგობრები მყავს, მაგრამ საქმის კეთების ოცნებებს ნელ-ნელა ბზარი გაუჩნდა. სწორედ ამ დროს დაგვირეკა ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG Upper Svaneti) წარმომადგენელმა და გვამცნო, თქვენმა პროექტმა პირველი ტური წარმატებით გაიარა და მესტიაში გეპატიჟებით, სრული საპროექტო განაცხადის წერის ნიუანსები უნდა შეგასწავლოთო. პირველ ეტაპზე გასვლაზე მეტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ნაკლებადაც არ გაგვხარებია ეს საჩუქარი LAG-ელებისგან.
გავემგზავრეთ სვანეთში, სადაც მოლოდინს ასჯერ გადააჭარბა ნანახმა.
ტრენინგების მასპინძელი კოლეჯი „თეთნულდი“ გახლდათ, პროფესიული სწავლების სავანე მთელი სვანეთისთვის, დიდი მადლობა მის დირექტორს, ქალბატონ ირმა ჯაფარიძეს და მთელ მის გუნდს ასეთი თბილი მიღებისთვის; აუდიტორია არაჩვეულებრივი, თავის მხარეზე შეყვარებული და მისი განვითარების მოსურნე ახალგაზრდ-ძველგაზრდებით.
ცალკე აღნიშვნის ღირსია არიან თავად ზემო სვანეთის LAG-ის წარმომადგენლები. მათ საგრანტო პროგრამის გამოცხადების საკუთარი ტაქტიკა აქვთ შემუშავებული. მხოლოდ იმ პროექტებს განიხილავენ, რომლებიც მათ მიერ სოფელ-სოფელ, კარდაკარ შეგროვილ პრობლემებზე შექმნილ მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას ეხმიანება. თავად უწყიან რეგიონის საჭიროებები და თავად უდგანან გვერდში მოსახლეობას გადაჭრის გზების ძიებაში. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ პროექტი, „LEADER მიდგომის დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში – ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“ მიმდინარეობს ევროკავშირის და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით და ხორციელდება ქეას (CARE) და PMC კვლევითი ცენტრის” მიერ.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებენ ტრენერები მარიამ ქობალია და თენგო სულთანიშვილი. ასეთი კომპეტენტური, შედეგზე ორიენტირებული, დაუღალავი, იუმორით სავსე და აზრიანი ტრენერები მართლა იშვიათად შემხვედრია. ლამის გულზე ხელის დადებით ვაცხადებ, ეს ის შემთხვევაა, როცა არა აქვს მნიშვნელობა მეორე ტურში გადავალთ თუ არა, უბრალოდ იმედი გამოჩნდა, რომ თავად ორგანიზაციაც შეიძლება იყოს დაინტერესებული საკუთარი, შენი, ჩვენი საქმის კეთებაში, რომელიც საბოლოოდ ქვეყანას უნდა მოხმარდეს, ამის მისაღწევად კი თვითონ გასწავლიან როგორ უნდა იარო იმ გზაზე, სადაც საგზაო წესები თავად მოიგონეს. PMC კვლევით ცენტრს უღრმესი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და იმედს ვიტოვებთ არავინ გადაგეღობებათ წინ თქვენ მიერ დაწესებული სტანდარტების აღსრულებაში.
თამარ ფხაკაძე,
მკვლევარი