დარგებიმეფუტკრეობა

ვაროას (Varroa destructor) ბიოლოგია

ვაროა წარმოადგენს ძირითად მავნებელს ევროპული(დასავლეთის) მეთაფლია ფუტკრებისთვის ( Apis mellifera L. ) მთელ მსოფლიოში. ვაროას ტკიპა პირველად აღიწერა აზიურ(აღმოსავლეთის) ფუტკარზე ( Apis cerana F. ) ინდონეზიის კუნძულ იავაზე 1904 წელს. პირველად ტკიპას უწოდებდნენ Varroa jacobsoni Oudemans, მაგრამ 2000 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ არსებობს რამდენიმე სახეობის ვაროას ტკიპა. ასევე აღმოჩნდა, რომ Varroa jacobsoni დამღუპველად არ მოქმედებს ფუტკრის ოჯახებზე. მხოლოდ Varroa destructor წარმოადგენს ტკიპას იმ სახეობას, რომელიც მნიშვნელოვან ზარალს აყენებს მეთაფლია ფუტკრის ოჯახებს.

ვაროას მიერ ფუტკრის ოჯახებზე თავდასხმის შესახებ  პირველი ინფორმაცია 1960 წლიდან აზიაში დაფიქსირდა.

ავსტრალიის გარდა​ ვაროა ​შემდეგ ყველა კონტინენტზე გავრცელდა. დიდ მანძილზე ვაროას ვრცელდება ხდება ტრანსპორტის მეშვეობით, როდესაც გადაჰყავთ ფუტკრის ოჯახები, ხოლო საფუტკრეებს შორის _ ვაროას მიგრაციით (1 ოჯახი – ყვავილი – 2 ოჯახი), მოდრეიფე ფუტკრებისა და ქურდი ფუტკრების მეშვეობით, რომლებიც თავს ესხმიან პარაზიტი ვაროას მიერ დასუსტებულ ფუტკრის ოჯახებს, ასევე ვაროათი დაავადებული ბარტყიანი ჩარჩოების ოჯახებს შორის გადატანით.

ზრდასრულ მდედრ ვაროებს ოვალური და გლუვი ფორმა აქვთ,  სიგრძით 1,1 მმ, ხოლო სიგანე 1,5 მმ. აქვთ ყავისფერი, ან მოწითალო-ყავისფერი შეფერილობა და მათი შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაც იოლია.

მამრი ვაროები საგრძნობლად მცირე ზომისანი _ 0,7მმ X 0.7მმ და ღია შეფერილობის არიან. მამრ ვაროას, როგორც წესი ვერ ვამჩნევთ, (ვინაიდან ისინი განვითარებას საბარტყე უჯრაში გამოუსვლელად იწყებენ და ასრულებენ).

ვაროას სიცოცხლის ხანგრძლივობა ძლიერ მერყევია: 25 დღიდან 5 თვემდე, ვადები დიდად არის დამოკიდებული ოჯახში ფუტკრის ბარტყის რაოდენობაზე.

საერთო ვაროას განვითარების ორ ფაზას გამოყოფენ: ​ ფორეტიკულს (როცა ზრდასრული ვაროა ფუტკარზეა და იკვებება) და რეპროდუქციულს (გამრავლების ფაზა ბარტყიან უჯრაში).

ვაროას ტკიპები ბარტყიან უჯრებში (რეპროდუქტიული ფაზა) მრავლდებიან, სადაც იკვებებიან ფუტკრის ჭუპრების ჰემოლიმფით და ცხიმოვანი სხეულის ნარევით. მათთვის კვება აუცილებელია, რომ განივითარონ კვერცხმდებლობა. ტკიპების შთამომავლობაც ასევე იკვებება მასპინძელი ჭუპრის სხეულიდან, რომ განვითარდნენ და გაიზარდონ. როცა ფუტკრის ოჯახებს გამოჰყავთ მამალი ფუტკრები, ვაროას ტკიპა არჩევანს სამამლე ბარტყზე უფრო აკეთებს, ვიდრე სამუშე ბარტყზე, რადგან მამალი ფუტკრის განვითარება რამდენიმე დღით ხანგრძლივად მიმდინარეობს, ვიდრე მუშის (24 და 21 დღე).

როცა ვაროა სამამლეში იმყოფება, მათ მეტი მდედრობითი სქესის შვილების წარმოება შეუძლიათ, ვიდრე სამუშე ბარტყში.

ზრდასრული ფუტკარი ​ვაროასთვის (ფორეტიკული ფაზა) დროებით მასპინძელს წარმოადგენს. როცა ბარტყი არ არის, ისინი იმალებიან ზრდასრული ფუტკრის მუცლის ქვედა სეგმენტებს შორის (ფოტო 2 და 3), სადაც მათი შემჩნევა ძნელია. ეს ადგილი ასევე სხეულის ისეთ ნაწილს წარმოადგენს, საიდანაც ფუტკრის ცხიმოვანი სხეული იოლად მისაწვდომია.

1. ზრდასრული მდედრი ვაროა იჭრება ბარტყიან უჯრაში, მის გადაბეჭდვამდე 15-18 საათით ადრე;

2. ტკიპა პირველ კვერცხს დებს (მამრობითი) უჯრაში შეჭრიდან 30-35 სთ-ის შემდეგ;

3. ტკიპა დებს 3-4 კვერცხს (მდედრობითი) 30 სთ-ის ინტერვალით;

4. ყოველი თაობა გადის ნიმფის განვითარების ორ სტადიას, სანამ ზრდასრულები არ გახდებიან;

5. მამრი ტკიპა თავის დებთან შედარებით ზრდასრული ადრე ხდება;

6. პირველი მდედრი შვილი იზრდება და მამრ ძმას რამდენიმეჯერ უჯვარდება;

7. მეორე მდედრი შვილი აღწევს ზრდასრულ ასაკამდე და უჯვარდება ძმას. უფროს დას უფრო და უფრო უმუქდება სხეული;

8. ფუტკრის ჭუპრს ეზრდება ფრთები და ერთი დღის შემდეგ ამოდის უჯრიდან;

9. დედა ვაროა ერთ-ორ მდედრ შვილთან ერთად ტოვებს უჯრას. ყოველი ტკიპა ზრდასრულ ფუტკარზე 1-დან 7 დღის განმავლობაში ცხოვრობს და შემდეგ ახალ ბარტყიან უჯრაში იწყებს გამრავლებას.

ვაროას ტკიპას განვითარების ციკლი: ზრდასრული მდედრობითი სქესის ტკიპების ფორეტიკული ფაზა (გამრავლების მცდელობებს შორის, როცა ზრდასრულ ფუტკარზე იმყოფება) საშუალოდ 1-დან 7 დღემდე გრძელდება. ყოველი მდედრი ტკიპა საბარტყე უჯრაში 3-4 მდედრს და 1 მამრს იძლევა. როგორც წესი, მხოლოდ დედა ტკიპა და 1-2 ზრდასრული მდედრი შვილი გამოდის (ტოვებს) გამრავლების ადგილს. თითოეულ ზრდასრულ მდედრ ტკიპას სიცოცხლის განმავლობაში 3-4 რეპროდუქციული ციკლის ჩატარება შეუძლია.

ზრდასრული მდედრი ტკიპები იჭრებიან 5 დღიან ფუტკრის მუშა/მამალ ფუმფლში, რომლის შემდეგაც ძიძა ფუტკრები გადაბეჭდავენ საბარტყე უჯრას. ვაროას პირველი ამოცანაა კარგად მოეწყოს, ის იმალება (იძირება) ფუმფლის საკვებ ჟელეში უჯრის ფსკერზე, რომლისგან განთავისუფლებაში თვით ფუმფლი უწყობს ხელს, ამოწურავს რა 5 სთ-ის განმავლობაში მისთვის განკუთვნილ ჟელესმაგვარ საკვებს უჯრის ფსკერზე. ყოველი ტკიპა დებს ოთხიდან ხუთამდე კვერცხს 30 სთ-იანი ინტერვალით. მაგრამ სანამ ვაროა პირველ კვერცხს დადებს, მანამ ის კბენს ფუტკრის ფუმფლს და აყენებს ჭრილობას, საიდანაც ვაროადან მასში გადადის სხვადასხვა ინფექციური დაავადებები. მდედრი ვაროა, სადღაც 70 სთ-ის შემდეგ გადაბეჭდვიდან, დებს პირველ კვერცხს. პირველი (გაუნაყოფიერებელი) კვერცხიდან იჩეკება მამრი ტკიპა, დანარჩენი კვერცხებიდან კი _ მდედრები. თაობების განვითარება ხდება კვერცხიდან ექვსფეხიან მატლამდე (კვერცხის კედლებს შიგნით) რვა ფეხიან პროტონიმფამდე და შემდეგ დეიტონიმფამდე, და საბოლოოდ ნახევრადგანვითარებულ ზრდასრულ ტკიპამდე 5 ½ დღე (მდედრის) და 6 ½ დღე (მამრის).

 მამრობითი და მდედრობითი მატლების პროტონიმფები ერთნაირად გამოიყურებიან, მაგრამ დეიტონიმფები და შედარებით ზრდასრულები იოლად გასარჩევები (ამოსაცნობი) არიან. მდედრებს აქვთ ოვალური ფორმა, ხოლო მამრებს უფრო სამკუთხედისებური. ტკიპები ამოდიან თავიანთი კუტიკულებიდან, როცა გადადიან შემდეგ ნიმფურ სტადიაზე. მიუხედავად ამისა, ბარტყის უჯრაში ადვილად აღმოაჩენთ უკვე გამოყენებულ კუტიკულებს და განვითარების ბოლო საფეხურზე მყოფ ტკიპებს (დეიტონიმფიდან ზრდასრულისკენ). ახალგაზრდა მდედრი ტკიპები ნაყოფიერდებიან დახურულ უჯრებში. ზრდასრული მამრი და ყველა განუვითარებელი ტკიპა იღუპებიან მას შემდეგ, რაც მასპინძელი ფუტკრის ბარტყი დატოვებს საბარტყე უჯრას (როცა ხდება უჯრის დასუფთავება). ახალგაზრდა მდედრები და დედა ტკიპაც უჯრას ტოვებენ მასპინძელთან ერთად, და ისინი „გადასკუპდებიან“ სხვა ჩავლილ ფუტკარზე (აქაც ტკიპა ირჩევს დროებით მასპინძელს).

ტკიპა ვაროას განვითარების სტადიები. ვაროას ტკიპები ვითარდებიან 6 ფეხიანი მატლის სტადიიდან, და კვერცხიდან „გამოჩეკვის“ შემდეგ თითოეული ტკიპა გადის ორ ნიმფის განვითარების სტადიას.

რეპროდუქციის უნარის მქონე ტკიპა სხვა შესაფერის ბარტყიან უჯრაში ჩახტება 1-დან 7 დღის შემდეგ. თუმცა საყურადღებოა, რომ ვაროას ტკიპას ფუტკარზე, როცა ფუტკრის ბარტყი არ არის, 100 დღე შეუძლია გაძლოს.

ზრდასრული ფუტკრები რომლებიც ამოვიდნენ ვაროათი დაინფიცირებული უჯრებიდან, ავადმყოფობენ სხვადასხვა ვირუსების გამო და არ გააჩნიათ შესაფერისი წონა. მათი სიცოცხლისუნარიანობა და ხანგრძლივობაც შემცირებულია, და ყველაზე მეტი ზარალი დგება მაშინ, როცა ვაროა დამღუპველ ვირუსებს ავრცელებს.

მასალა მოამზადა ავქსენტი ალეკო პაპავამ

წყარო: http://extension.msstate.edu/…/managing-varroa-mites…