დარგებისტატიებიფერმერი ფერმერს

რისკის მენეჯმენტი სოფლის მეურნეობაში

ყოველი ეკონომიკური საქმიანობა რისკის შემცველია, რადგან მომავლის წინასწარ დანახვა ყველაზე გამოცდილ მენეჯერსაც კი არ შეუძლია. სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა რისკთან მართებული მიდგომა ვისწავლოთ.

 

ამ სტატიის წაკითხვა, ისევე როგორც მისი არ წაკითხვაც, შესაძლოა რისკს შეიცავდეს, რადგან წასაკითხად სულ მცირე, ჩვენთვის ძვირფას დროს დავხარჯავთ, თანაც ისე, რომ არ გვეცოდინება, სანაცვლოდ რას მიიღებთ.

შესაძლოა დროის ამ მომენტისათვის საერთოდ არ ვართ დაინტერესებული ამ თემით და უფრო მარტივ საკითხზე შევაჩეროთ არჩევანი, მეორე მხრივ კი შესაძლოა, ამ სტრიქონებმა ფერმის/ საწარმოს მართვის შესახებ მნიშვნელოვანი მინიშნებები მოგვცეს და ჩვენი რისკი სამომავლოდ მინიმუმამდე შეამციროს.

ანუ ჩვენ ყოველდღიური დილემის წინაშე ვდგევართ, გვსურს რა ყოველთვის სწორი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ არ შეგვიძლია ზუსტი შეფასება თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს.

რისკი განიმარტება როგორც- მიღებული სამეურნეო გადაწყვეტილების, მოქმედების შედეგად გაუთვალისწინებელი უარყოფითი შედეგის მიღების შესაძლებლობა.

იმისათვის, რომ მომავალი საქმიანობა სწორად წარვმართოთ, საჭიროა რისკისა და მისი მართვის პრინციპებსაც გავეცნოთ.

ამ შემთხვევაში ჩვენს მიერ გაწეული მაქსიმალური რისკი სტატიის წაკითხვისას გაწეული 15 წუთი დროის ინვესტიციაა, რა თქმა უნდა, ეს სტატია სხვა ნებისმიერ დროს შეგვიძლია გადაფურცლოთ.

საფრთხე თუ რისკი?

ხშირად  ტერმინები „საფრთხე“ და „რისკი“ ერთმანეთში ირევა. საფრთხე არსებობს, როცა რაიმეს დამაზიანებელი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. ცუდად ან უფრო მეტი, მცდარი ფაქტებით დაწერილი სტატია შეიცავს მცდარი ინფორმაციის საფრთხეს. ეს ჩვენთვის რისკად გარდაიქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ყველაფერი პირადად შეგვეხება, ანუ თუ სტატიას წავიკითხავთ. სტიქიური მოვლენები თავისთავად წარმოადგენს საფრთხეს, მაგრამ როდესაც ის ჩვენს საქმიანობას/ფერმას შეეხება, ეს უკვე რისკია.

რისკი გამოხატავს იმ საფრთხის ალბათობას რაც პირადად თქვენზე ახდენს გავლენას. ამასთან იგი სრულიად განსხვავებული ერთეულებით ფასდება: დროის დანაკარგი, ფულადი დანაკარგი, ემოციური დატვირთვა, მატერიალური ზარალი, ტკივილი და სხვ.

რისკიდან რისკის მენეჯმენტამდე!

როგორც კი შეგვეძლება რისკი შევაფასოთ და მოვლენის მოხდენის ალბათობის და მიყენებული ზარალის შესახებ შეფასებები გავაკეთოთ, რისკი გამოთვლადი ხდება და შესაბამისად, მისი მენეჯმენტიც შესაძლებელია.

სიტყვა მენეჯმენტი აქ აღნიშნავს რაღაცის მართვას, დაძლევას, ეკონომიკურ საქმიანობას, კონტროლს.

გამოთვლადი მოვლენისგან განსხვავებით, არსებობს შემთხვევები როდესაც არათუ მისი მოხდენის ალბათობის, არამედ მოსალოდნელი ეფექტის აღრიცხვა შეუძლებელი ხდება. ეს მოვლენები კი, როგორც წესი, არ დაიზღვევა, ანუ  სადაზღვევო კომპანიებისათვის ფასის დასადგენად სტატისტიკური ბაზა არ არსებობს.

საქმიანობის განხორციელების დროს ასევე ხშირად გვიწევს ისეთ რისკებთან შეხება, რომელთა მიერ მიყენებული ზარალი პიროვნულ, სუბიექტურ შეფასებაზეა დამოკიდებული. იმისათვის რომ მიღებული გადაწყვეტილებები სანანებელი არ გაგვიხდეს, ოჯახმა არ იზარალოს ჩვენი მცდარი გადაწყვეტილების გამო და ზოგადად ავტორიტეტი არ დავკარგოთ ჩვენს წრეში, საჭიროა მნიშვნელოვანი რისკის სცენარები ჩვენს ინდივიდუალურ, ყოველდღიურ რისკის მენეჯმენტში ჩავრთოთ.

 გვაქვს  თუ არა საკმარისი ინფორმაცია?

გერდ გიგერენზერი ერთ- ერთი გამოჩენილი რისკის მკვლევარია მსოფლიოში. მან კვლევები ამერიკაში განახორციელა და ამიტომ ერთ-ერთ წიგნში „რისკი“ გვიყვება ისტორიას ინდაურზე. ერთ მშვენიერ დღეს ინდაური აღმოაჩენს, რომ ფერმერი მას კვებავს. ქმედება მეორდება მეორე და მესამე დღესაც. ინდაური აგროვებს ინფორმაციას, რომელსაც ის სუბიექტურად აფასებს. ახლა ინდაურს შეუძლია ეკონომიკაში გამოყენებული ლაპლასის წესით ისარგებლოს. წესი განმარტავს:  ალბათობა იმისა, რომ რაღაც კიდევ განმეორდება, როდესაც ეს უკვე n-ჯერ განმეორდა არის (n+1)/(n+2).

თუ n არის იმ დღეების ოდენობა, რა დღეებშიც ინდაური გამოიკვება, ალბათობა რომ ინდაური მესამე დღესაც მიიღებს საკვებს ფერმერისგან 3/4 –მდე იზრდება. ანუ, ინდაურის რწმენა, რომ მიიღებს საკვებს და უზრუნველი ცხოვრებით იცხოვრებს, ყოველ მომდევნო დღეს იზრდება. მეასე დღეს ზღაპრის ახდენის ალბათობა 99%-ია. ამ დღეს ხომ მადლიერების დღეა. და ზუსტად მაშინ, როდესაც ინდაური უსაფრთხოების ზენიტშია, ფერმერის დანის ქვეშ აღმოჩნდება. რა შეცდომა დაუშვა ინდაურმა? მარტივად რომ ვთქვათ, მას არ ჰქონდა ზუსტი, საჭირო ინფორმაცია.

ასე ხშირად ხდება ორგანიზაციებსა და საწარმოებში, როდესაც რამდენიმეწლიანი წარმატებული საქმიანობის შედეგად თავდაჯერებულები, მომავლის ილუზიებში აღმოჩნდებიან და რეალობის აღქმის უნარს კარგავენ. ინდაურის მაგალითს რომ დავუბრუნდეთ: ის რწმუნდება რა წარსული გამოცდილებით, იმედოვნებს რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. მკვლევარები და სპეციალისტები კი მიგვანიშნებენ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადვილად ხელმისაწვდომი ინფორმაცია ხშირად გადაჭარბებით ფასდება. საკუთარი გამოცდილება გონებაში უფრო ღრმად ილექება და ადვილად ხელმისაწვდომია, ვიდრე სხვების გამოცდილება და სტატისტიკური მონაცემები.

მხოლოდ წარსულის განჭვრეტით რისკის მენეჯმენტი ეფექტიანი ვერ იქნება

მნიშვნელობა არ აქვს რა ოდენობის ციფრებსა და ინფორმაციას ვფლობთ. მკვეთრი ცვლილებები მომხმარებელთა ქცევაში, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, მერყევი ბაზრები, ცვალებადი სტრატეგიები, საცალო შესყიდვებში არის ის საკითხები, რომლებთანაც შეხება მომავალში აუცილებლად მოგვიწევს. ინდაურს, შესაძლოა დახმარებოდა, უფრო მეტი რომ სცოდნოდა ამერიკული წეს-ჩვეულებების და ტრადიციების შესახებ. ჩვენს კომპლექსურ მსოფლიოში კი, წარმოუდგენლად რთულია ვფლობდეთ ყველა იმ საჭირო ინფორმაციას, რაც ფერმის/ საწარმოს შოკური ეფექტის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება.

რისკებთან ურთიერთობა უძველესი დროიდან უწევს ფერმერს. ამინდისა და კლიმატის ცვლილებების გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც „სახელოსნო ღია ცის ქვეშ“. ბუნებაში წარმოქმნილი ყველა რისკი კი თავისთავად ბადებს კითხვას მისგან დაზღვევის შესახებ. „ არაფერი ხდება რისკის გარეშე, მაგრამ რისკის გარეშე არაფერიც არ ხდება“ – ამბობს გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი ვალტერ შეელი. რა თქმა უნდა რისკი ნებისმიერ სამეწარმეო საქმიანობას ახლავს თავს, მაგრამ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა ის, თუ რამდენად კარგად ვიცნობთ რისკს. ფერმერი, რომელიც საკუთარი საწარმოს მომავლის, მისი თანამშრომლებისა და ოჯახის წინაშეა პასუხისმგებელი, როგორც წესი, ცდილობს შეძლებისდაგვარად შეამციროს ფერმის არსებობისათვის საფრთხის შემცველი რისკები. მთავარი გამოწვევა კი ისაა, თუ რამდენად კარგად იცნობს და რამდენად კარგად შეუძლია მათი შეფასება. ზუსტად ეს კი ჩვენს ყოველდღიურობაში თანდათანობით რთულდება: გამოწვევები აგრარული რისკის მენეჯმენტის მიმართ ბოლო პერიოდია საგრძნობლად გაიზარდა და მომავალში სტაბილურ გამოწვევად მოგვევლინება.

რისკი, რომელის მოხდენაც დაკავშირებულია კატასტროფულ ზიანის მიყენებასთან, არასაკმარისი დაზღვევის პირობებში საფრთხის შემქმნელია ზოგადად ფერმის არსებობისთვის. ერთ –ერთი ასეთი მაგალითი ფერმის შენობის ხანძრისგან დაცვაა.

საწარმოებსა და ფერმებს ასევე უწევთ ისეთ რისკებთან შეხება, რომელთაც შედარებით მცირე ზიანის მიყენება შეუძლიათ, მაგრამ მათი მოხდენის ალბათობა შედარებით მაღალია. (მაგ.სეტყვის რისკი). რისკის სიდიდის და მნიშვნელობის შეფასება ფერმის ხელმძღვანელს ქვემოთ წარმოდგენილი რისკის მატრიცით შეუძლიათ. რისკის კატეგორიები ზარალის დიდი ოდენობით ან მოხდენის მაღალი ალბათობით მარჯვენა, ზედა კუთხეშია წარმოდგენილი. ისინი იმსახურებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და საჭიროებენ რისკის მართვის ინსტრუმენტების ჩართვას, როგორიცაა სადაზღვევო პრემიის შეძენა. მეორეს მხრივ, შედარებით მცირე ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ რისკებს, რომელთა მოხდენაც მისაღებია ან მათ მიერ გამოწვეული ზიანი შედარებით მცირეა. რისკის მატრიცაში ასეთი რისკები „მისაღები რისკი“ ქვემოთ მარცხენა კუთხეშია განლაგებული.

P.S. უსაფრთხოების სურვილი ადამიანში ღრმადაა გამჯდარი. ასე თვლიან ექსპერტებიც, რომლებიც უფრო და უფრო მეტ ფინანსურ ინფორმაციას უკეთესად ამუშავებენ უსაფრთხოების გაზრდის მიზნით. მაგრამ ამავე მეთოდით, შეუძლებელი იყო 2016 წლის რძის ფასის კრიზისის წინასწარმეტყველება ევროპაში და ასევე შეუძლებელია, ჩვენი ფერმისთვის ინდივიდუალური კრიზისების ამოკითხვა ბუღალტრულ ჩანაწერებში.

ასე რომ, ღირს დროის ინვესტირება მოვახდინოთ ჩვენს წინაშე არსებული რისკების იდენტიფიცირებას და მათ სწორ შეფასებაზე.  ბოლოსდაბოლოს, თავად ჩვენ ვართ ჩვენი ფერმის მთავარი წარმატების ფორმულა და ამავე დროს ყველაზე დიდი რისკიც.

ნინო ნადიბაიძე,

აგროექსპერტთა ასოციაცია“  აგრობიზნესის  კონსულტანტი