„თაფლის ხე“ _ ჯარას თაფლი
რა არის ჯარა?
ჯარა ფუტკრის ქართული ტრადიციული სკაა, რომელიც ფუტკრების მოშინაურების მიზნით საქართველოში უძველესი დროიდან გამოიყენება
ზუსტი მტკიცებულება, თუ როდის გაჩნდა ჯარა საქართველოში, არ არსებობს. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციის თანახმად, უძველესმა მკვიდრებმა ფუტკრები ხის ფუღუროებში აღმოაჩინეს და იმ ადგილს ტყეში „თაფლის ხე“ უწოდეს. მოგვიანებით, მათ გაათვიცნობიერეს, რომ შესაძლო იყო ხეების ანალოგიურად „თაფლის ხეებად“ გარდაქმნა. ისინი აგროვებდნენ გარეული ფუტკრის ნაყარს და სპეციალურად ორ ნაწილად გაჭრილი ხის მორის შუაგულში ათავსებდნენ. შემდეგ დამზადებულ ხის მორებს ხეებზე დათვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ალაგებდნენ. სწორედ ამ ხის მორებს უწოდებდნენ ჯარას. მოგვიანებით, მე-19 საუკუნეში ჩარჩოიანი კორპუსის ფუტკრის სკების გამოგონების შემდეგ, ჯარას სკები მნიშვნელოვნად შეიცვალა ფუტკრის თანამედროვე და მარტივად მოსახმარი სკებით. მაგრამ დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ადგილას ჯარას სკებს ჯერჯერობით ისევ მოიხმარენ გარეული თაფლის ჯარას წარმოებისთვის.
რატომ არის ჯარას თაფლი განსაკუთრებული
ჯარას თაფლი საქართველოში აღმოჩენილი ძალიან იშვიათი და მაღალი ხარისხის ორგანული ველური პროდუქტია. ის 100% სუფთა და ველური თაფლია.
დღესდღეობით ველური ფუტკრებისგან თაფლის წარმოების ტექნოლოგიები იშვიათია, თუმცა, საქართველო ერთ-ერთი იშვიათი ადგილია მსოფლიოში, სადაც ჯარას თაფლს ჯერ კიდევ აწარმოებენ, კერძოდ, დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ და ალპურ ზონებში მდებარე სოფლებში. ამ ადგილებში, ათეულობით მეფუტკრე განაგრძობს ველური ფუტკრების მოშინაურების რთულ, მაგრამ უძველეს ტრადიციას – რაც ადამიანებისა და ველური ბუნების თანაარსებობისა იდეალური მაგალითია.
ჯარას სკა, რომლის იდეა ხეში არსებული ფუღუროდან გაჩნდა, ნამდვილი და უნიკალური არომატის მატარებელი ველური თაფლის შექმნის საშუალებას იძლევა – ჯარა გახლავთ ველური ფუტკრების ბუნებრივი სახლი, რომელსაც არც ხელოვნური ცვილი და არც მეფუტკრეების განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება.
ფუტკარი ჯარას სკაში ფიჭას მთლიანად თვითონ აშენებს. ეს არის ველური ყვავილებისგან მიღებული ყველაზე მაღალი ხარისხის თაფლი, რომელიც თქვენს სუფრაზე ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.
ვინ ცხოვრობს ჯარაში?
კავკასიური მთის რუხი ფუტკარი (Apis Melifara Caucasica) ჯარას ბინადარია.
საქართველო სახელგანთქმული კავკასიური მთის რუხი ფუტკრის სამშობლოა. საქართველოს კომბინირებულმა კლიმატმა ხელი შეუწყო ამ ჯიშის ევოლუციას. სხვა ფუტკრებთან მას ხორთუმის სიგრძე განასხვავებს, რომელიც ნახევარი მილიმეტრით გრძელი, საშუალოდ, 7.2 მილიმეტრია. ეს საშუალებას აძლევს ფუტკარს ადვილად მისწვდეს ყვავილის ბუტკოს ძირს და ნექტარი იქიდან ამოიღოს, საიდანაც სხვა ჯიშის ფუტკრები ვერ ახერხებენ.
ამის გარდა, კავკასიური მთის რუხი ფუტკარი გამორჩეულია სხვა თვისებებითაც: არის შრომისმოყვარე და მშვიდი, შეუძლია ცუდ ამინდში ფრენა, გაცილებით ადვილად უმკლავდება ზამთრის პირობებს. მისი მორჩილი ხასიათი, მაღალი გამძლეობა განსაკუთრებულ უნარს სძენს ფუტკარს ნექტარი გაცილებით მეტი სახეობის ყვავილიდან მოიპოვოს და თანაც დიდი ოდენობით.
როგორია ჯარა შიგნიდან?
ჯარას სკის მოდელი ფუტკრების ბუნებრივი საცხოვრებელის, ხის ფუღუროს მსგავსია.
ჯარა არის ორ ნაწილად გაყოფილი ხის მორისგან დამზადებული სკა. ჯარა ჩვეულებრივ ცაცხვის ხისგან მზადდება (Tilia begoniifolia Steven). ეს ხე იქნა არჩეული, რადგან ის წონით მსუბუქია და არ აქვს სპეციფიური სუნი, რაც ფუტკრებს შეაწუხებდა.
ჯარას დამზადება მეფუტკრესთვის მოგზაურობას ნიშნავს. ზოგიერთი მათგანი ხის მოჭრისთვის სპეციალურ დღეს ირჩევს – მაგალითად, თებერვლის პირველი ოთხშაბათი, რადგანაც ფიქრობენ, რომ ამ დღეს გაკეთებული ჯარა გაცილებით მყარი და ძლიერი იქნება. ჯარას თაფლის მწარმოებლები ჩვეულებრივ 4-6 კილომეტრს დადიან ტყეში, სადაც ხის მასალას ფრთხილად და ყურადღებით არჩევენ.
ჯარას სკა სხვადასხვა ზომისა და სიგრძისაა, დაახლეობით 70 სმ-დან 120 სმ-მდე მერყეობს. ფუტკრის სკის სიგრძე თაფლის წარმოების რაოდენობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ერთი ჯარას სკა ერთ სეზონზე საშუალოდ 19 კგ. თაფლს აწარმოებს.
სად ვიპოვით ჯარას?
ჯარას ტრადიციულად, ტყეში, მაღალ ხეზე ათავსდებდნენ, სოფლიდან 4-5 კმ მანძილზე; მისი დათვებისგან და სხვა გარეული ცხოველისგან დასაცავად. ეს ყველაზე გავრცელებული მეთოდი იყო, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება ადრე მეტად იყო დაკავშირებული ტყესთან.
კლდე – ჯარას სკებისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი, თუმცა ყველაზე რთული მოსავლის ასაღებად. სკები პირდაპირ კლდეზე, ხის ფიცრებზე, ე.წ. ბოგებზე თავსდება, ზღვის დონიდან დაახლოებით 1200 მ-ზე, რაც ძალიან შთამბეჭდავი და ამავე დროს საშიში სანახავია.
მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობა განვითარდა და ტყესთან კავშირი შესუსტდა, ადგილობრივებმა ჯარას სკების მოთავსება საკუთარ სახლებთან ახლომდებარე ბაღებში დაიწყეს, რამაც მათ ნაყარის სწრაფი შეგროვების, საფუტკრის გაფართოვებისა და პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობა მისცა.
მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები მეფუტკრეები ჯარას სკებს სპეციალურად დამზადებულ ხის საფარში ათავსებენ ზამთრის მკაცრი პირობებისგან დასაცავად; აღნიშნული საფარი ბაღის საუკეთესო ადგილას თავსდება, რათა ფუტკარმა მარტივად გაიკვლიოს გზა.
ზოგიერთ თემში ჯარას სკები განთავსებულია პიდაპირ სახლებზე. ეს თემები თავიდანვე მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი მეფუტკრეობასთან. ფუტკრები მათი კერისა და სახლის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ.
როგორ ხდება ჯარას თაფლის შეგროვება?
ჯარას სკებიდან მოსავალს წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღებენ, ძირითადად, შემოდგომის დასაწყისში ყვავილობის პერიოდის დასრულების შემდეგ.
თაფლის მოსავლის აღება ჯარას სკებიდან ბევრად უფრო რთული და შრომატევადია, ვიდრე ჩვეულებრივი სკის ჩარჩოებიდან თაფლის ამოღება. პროცესი განსაკუთრებულ მომზადებას საჭიროებს. როგორც წესი, ჯარას სკის თაფლის მოსავალს ორი ადამიანის ჩართულობა სჭირდება. თუმცა, აუცილებელია დამატებითი დახმარება ხეზე ან კლდეზე მოთავსებული ჯარას სკის შემთხვევაში. თაფლის მოსავლის ასაღებად მეფუტკრეები იყენებენ სპეციალურ ინსტრუმენტებს, როგორიცაა ოვალური დანა, საბოლებელი, თოკი, კომბალი, ე.წ. მახარა და ხის კიბე ანუ ‘ღჯა’. პირველ რიგში, მეფუტკრე აღებს და სკას შიგნიდან ამოწმებს იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა თაფლის მოსავლის აღება. თუ ადგილზე საკმარისი თაფლია, მეფუტკრე ფიჭას სკის ნახევარი ნაწილიდან ისე ჭრის, რომ არ ეხება მეორე ნახევარს, სადაც ფუტკრის ოჯახი ბინადრობს. ხშირ შემთხვევაში, ფიჭის ფერი განსხვავდება, ვინაიდან შეიცავს განსხვავებულ მცენარეთა და ყვავილთა თაფლს, როგორიცაა აკაცია, წაბლი, ცაცხვი და ალპური ზონის ყვავილების უამრავი სახეობა.
აღმოაჩინე ჯარა
დღესდღეობით ჯარას სკები საქართველოში ძირითადად აჭარის რეგიონში გვხვდება.
აჭარის რეგიონი დასავლეთ საქართველოს ნაწილია, რომელსაც ხშირად „ბუნების მუზეუმს“ უწოდებენ, რადგან ის გადაურჩა გამყინვარებას და შეინარჩუნა ფლორისა და ფაუნის უნიკალური სახეობები, რომელთაგან ბევრი არსად მსოფლიოში არ გვხვდება.
აჭარა ისტორიული რეგიონია, რომელიც სახელგანთქმულია სილამაზით, სუბტროპიკული ლანდშაფტებით, 121 კმ სიგრძის სანაპირო ზოლით, ტყით დაფარული მწვანე გორებითა და მთებით. მთებში, რომლებიც სიმაღლეში 3000 მ-ზე მეტს აღწევენ, უამრავი მინერალური წყარო, მდინარის ღრმა ხეობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერი და ულამაზესი იზოლირებული სოფელი გვხვდება. რეგიონი სახელგანთქმულია მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. თუმცა, რეგიონის უმთავრეს განძს გამორჩეული ტრადიციების მატარებელი მოსახლეობა წარმოადგენს, რომელთა შორის გამოირჩევიან ჯარას თაფლის მწარმოებლები.
აჭარას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მსოფლიოში არსებულ უნიკალურ ეკოსისტემებს შორის აჭარა. ეს იმის მანიშნებელია, რომ აღნიშნული ადგილები ბიოლოგიურად განსაკუთრებულად მდიდარია, თუმცა, ამავე დროს, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი.
წყარო: jarahoney.com