ბოსტნეული კულტურების მეთესლეობა
სოფლის მეურნეობის ყველა დარგში, მათ შორის მებოსტნეობაში და მებაღჩეობაში, მთავარ ამოცანად რჩება წარმოების, სათესი ფართობებისა და უმთავრესად, მოსავლიანობის გადიდება. ამის მიღწევა შესაძლებელია, თუ სათანადოდ ავამაღლებთ ამ კულტურების მოვლა-მოყვანის წესებს.
ბოსტნეული კულტურების მოსავლიანობის გაზრდა დიდად არის დამოკიდებული ამ კულტურების ჯიშიანი და კონდიციური თესლით თესვაზე. ჯიშიანი თესლი მოსავლიანობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.
მებოსტნეობა-მებაღჩეობაში მეთესლეობის ძირითად ამოცანად ითვლება, ადგილობრივ პირობებთან კარგად შეგუებული, მაღალხარისხიანი და მაღალმოსავლიანი, სელექციური და ადგილობრივი ჯიშის, კარგი თესვითი ღირებულების მქონე თესლის დამზადება.
ჯიშების გაუმჯობესება ბიოლოგიის მეცნიერული სელექცია-გენეტიკის მიხედვით ადვილად ხდება. არ არსებობს ისეთი მცენარეები, რომელთა საუკეთესო ეგზემპლარების შეჯვარებით მიღებული გაუმჯობესება სათანადო გამოზრდით არ შეიძლებოდეს. მცენარეთა გამოზრდის პირობების დაუფლება, საუკეთესო ეგზემპლარების შექმნა და გამორჩევა, სელექცია-მეთესლეობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს.
გამორჩევით საუკეთესო შედეგებს მაშინ ვღებულობთ, როდესაც ის შეხამებულია აღზრდის გარკვეულ რეჟიმთან. ცუდი აგროტექნიკის პირობებში არათუ არ კულტურდება, არამედ კულტურული მცენარეც კი კარგავს საუკეთესო თვისებებს. მცენარეთა გამოზრდისთვის კარგი პირობების შექმნა, მართალია ყოველთვის არ აუმჯობესებს მათ ჯიშურ ბუნებას, მაგრამ, სამაგიეროდ არასოდეს არ აუარესებს მას. საუკეთესო მცენარეების სათესლედ გამორჩევა _ ეს არის მთავარი გზა, რომლის საფუძველზეც გამოყვანილია კულტურულ მცენარეთა ჯიშების უმრავლესობა.
მეთესლეობის მეურნეობის მოწყობისას, აგროტექნიკურ ღონისძიებებთან ერთად, მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს სათესლე მცენარეებს შორის საიზოლაციო მანძილების დაცვას. მეთესლეობაში, ერთი და იგივე სახეობის ორი ჯიშის ერთად თესვა არ შეიძლება, რადგან ერთმანეთთან ბუნებრივი შეჯვარების გამო ხდება ჯიშური დასარევლიანება, რის გამოც საუკეთესო სამეურნეო თვისებების მქონე ჯიშები განიცდიან გადაგვარებას. ასე დაემართა სოფლის მეურნეობაში ცნობილი პურეულისა და ბაღჩეულ-ბოსტნეულის მრავალ ჯიშს.
ბოსტნეული მცენარეები განაყოფიერების მიხედვით იყოფა ჯვარედინმტვერიად და თვითმტვერიად. თვითმტვერია მცენარეებია: ბარდა, ლობიო, წიწაკა, ბადრიჯანი (ბადრიჯანი და წიწაკა ზოგჯერ ჯვარედინადაც იმტვერება მწერების საშუალებით), სალათა, პომიდორი, ბოლოკი, ჭარხალი, ხახვი, ისპანახი, სატაცური, რევანდი, მჟაუნა, კამა, კიტრი, ნესვი, საზამთრო, გოგრა და სხვა.
ბუნებრივ პირობებში ჯვარედინი დამტვერვა ხდება არა მარტო ერთი სახეობის ჯიშებსა და სახეობებს შორის, არამედ სხვადასხვა სახეობის კულტურულ და გარეულ ფორმებს, ასევე მათ ჯიშებს შორისაც. ასე მაგალითად, სუფრის ჭარხალი_გარეული ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო_კომბოსტოს კულტურული და ყველა გარეული სახეობა, საზამთრო, გოგრა, ნესვი_სახეობების ფარგლებში ყველა ჯიში, გოგრა_ყაბაყი, თვის ბოლოკი_გარეული და კულტურული სახეობის ყველა ბოლოკი, სტაფილო_გარეული სტაფილო (ფერიცვალა) და ა.შ. არასასურველი თვისებების მქონე მცენარეების შეჯვარების შედეგად ხდება ძვირფასი სამეურნეო თვისებების მქონე ჯიშების დასარევლიანება უვარგისი თვისებებით. ამგვარად, მეთესლეობის ნათესებში, მრავალი ჯიშისა და სახეობის ერთად (შერეულად) ან იზოლაციის გარეშე თესვა, მეთესლეობის თვალსაზრისით არ არის სწორი, რადგან კარგი ჯიშები ყოველთვის ცუდი მიმართულებით გადაგვარდება და რამდენიმე წელში აღარ გვექნება მეთესლეობისთვის გამოსადეგი, მაღალი სამეურნეო თვისებების მქონე, წმინდა ჯიშები.
სათესლის (კიტრი, ბაღჩეული, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა და სხვა) აღებისას და თესლის გამოღების დროსაც კი, თუ ჯიშურად განსხვავებული ნაყოფი აღმოჩნდა, მისი თესლი არ უნდა შევურიოთ ტიპობრივი ჯიშის სათესლეებიდან გამოღებულ თესლს, ის ცალკე უნდა გადავდოთ ან მთლიანად დავიწუნოთ.
ინსტრუქციის მიხედვით, სივრცული საიზოლაციო მანძილი სუფრისა და საკვებ საზამთროს, ნესვისა და კიტრის ჯიშებს შორის, ღია ტერიტორიაზე მიღებულია 2000 მ, ხოლო დაცულზე (ტყით ან 15-20 მ სიმაღლის გორაკებით გამოყოფილი) 1000 მ. პომიდვრის, ბადრიჯნის და წიწაკის (ტკბილი და მწარე) სხვადასხვა ჯიშებს შორის საიზოლაციო მანძილი ღია ტერიტორიაზე 100 მ-ია, ხოლო დაცულზე – 50 მ. გოგროვანთა (ხოკერა გოგრა, დიდნაყოფა გოგრა, თაფლა გოგრა) სხვადასხვა სახეობას შორის საიზოლაციო მანძილია 50 მ, დაცულზე – 20 მ (გოგრის ეს სახეობები ბუნებრივად ერთმანეთს არ უჯვარდება). სხვადასხვა ჯიშის კომბოსტოს, თალგამს, ბოლოკს, სტაფილოს, ჭარხალს და სხვა ჯვარედინად მტვერავ მცენარეებს შორის საიზოლაციო მანძილის დაცვა საჭიროა ღია ტერიტორიაზე – 2000 მ-ის, ხოლო დაცულზე 600 მ-ის მანძილზე.
ჯვარედინმტვერია მცენარეების განაყოფიერების პროცესის გასაუმჯობესებლად, ნათესი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მწერების სათანადო რაოდენობით. ამ მიზნით, ნათესების ახლოს სკიანად გადაჰყავთ ფუტკარი. კომბოსტოს, ბოლოკის, სტაფილოს, ჭარხლის, სალათისა და სხვა ნათესების დამტვერიანების გასაუმჯობესებლად, იყენებენ ასევე ხელოვნურ დამტვერიანებასაც, რომელიც ადამიანის ხელით სრულდება.
თვითმტვერია მცენარეების მოსავლიანობის გასადიდებლად, ხშირად იყენებენ ჯიშთა შიგნით და ჯიშთა შორის, ბუნებრივ ან ხელოვნურ შეჯვარებას. ბუნებრივი დამტვერიანების მიზნით, დედა მცენარეების ყვავილს ვაცილებთ მტვრიანებს და ვაიძულებთ განაყოფიერდეს იმავე ჯიშის, მაგრამ სხვა მცენარის მტვრიანით, ხოლო ხელოვნურად განაყოფიერების შემთხვევაში, მტვერი უშუალოდ, ადამიანის ხელით გადადის ყვავილის დინგზე. ამას უმთავრესად პომიდვრის, ლობიოს და სხვა ბოსტნეულ მცენარეებში ვიყენებთ.
წინასწარ შერჩეული ჯიშების შეჯვარებით მიღებული ჰიბრიდული თესლი საგრძნობლად ადიდებს მოსავლიანობას.
როდესაც ბოსტნეული მცენარეების სათესლეები ტექნიკურ სიმწიფეს მიაღწევენ, ვატარებთ მათ ჯიშურ შემოწმებას (აპრობაციას). ტექნიკური სიმწიფე სხვადასხვა მცენარისთვის სხვადასხვაა. ასე მაგალითად, ხახვისთვის _ ბოლქვების გარეგანი ფურცლების და ყელის გახმობის, პომიდვრისთვის – მასობრივ სიმწიფეში შესვლის, ლობიოსთვის _ ქვედა პარკებში მარცვლის შემოსვლის დასაწყისში, ხოლო კიტრისთვის _ მწვანე კიტრების ზრდის დასრულებისა და ერთეული სათესლეების მომწიფების დაწყების დროს და ა. შ.
მეთესლეობის ნათესებში ბოსტნეული და საკვები ძირხვენების (ჭარხალი, სტაფილო, ტურნეფსი, კომბოსტო) ჯიშობრივი შეფასება მინდვრის აპრობაციის მეთოდით ტარდება. ინსტრუქციის თანახმად, აგრონომ-აპრობატორი ატარებს აპრობაციას და მეურნეობის წარმომადგენელს აჩვენებს სათესლედ შესარჩევ მცენარეებს, ტიპობრივი ნაყოფების ეგზემპლარებს, ასევე ძირხვენების, ბოლქვების და თავების ნიმუშებს, რომელიც აღებული და შენახული ან დარგული უნდა იყოს სათესლეებად. მცენარეთა განვითარების ყველა ფაზაში, ერთ და ორწლიან კულტურებში ტარდება ჯიშობრივი წმენდა, რომლის დროსაც მოსცილდება ჯიშიდან გადახრის მქონე და დაავადებული მცენარეები. კიტრის მეთესლეობის ნაკვეთებში, ჯიშური წმენდის შემდეგ, ნაყოფი 1-2-ჯერ უნდა დაიკრიფოს, რომ სხვა მინარევი მცენარეების მტვერით დამტვერიანებული ნაყოფი სათესლეებში არ მოჰყვეს და ჯიშური დასარევლიანება არ გამოიწვიოს.
აპრობაციის დროს ნათეს ნარგავებში უნდა იყოს 85% ტექნიკური სიმწიფის მცენარეები. ნათესი ნარგავები დაწუნებული უნდა იყოს, თუ სამეურნეოდ უვარგისი მცენარეები 30%-ზე მეტია.
ორწლიანი და ერთწლიანი ჯვარედინმტვერია ბოსტნეული კულტურების (კომბოსტო, სტაფილო, ხახვი, ბოლოკი, ოხრახუში, ძირთეთრა და სხვა), თვის ბოლოკის (ერთწლიანი) ჯიშობრივი გაწმენდა და სადედეების გამორჩევა ტარდება აპრობაციის შემდეგ, სადედეების აღების, ასევე შესანახად ჩაწყობის (თვის ბოლოკის გადარგვისას) და გაზაფხულზე გადარგვის წინ, გადარჩევის დროს.
გაზაფხულზე დარგვის წინ, სადედეების გადარჩევა მიზნად ისახავს საუკეთესო ჯიშური თვისებების გამტკიცებას, მათგან სათესლედ უვარგისი (დამპალი, დაავადებული, დამძრალი, დამჭკნარი, დონდლო და სხვა) სადედეების გამოწუნებას.
კომბოსტოს, ძირხვენების, ხახვის, ყველა ორწლიანი და მრავალწლიანი მცენარეების სათესლეებისთვის, აგრეთვე თვის ბოლოკისთვის, ჯიშობრივი შემოწმების დამატებით ხერხს ჯიშობრივი გამორკვევა წარმოადგენს, რომელიც ტარდება ყვავილობის დაწყებამდე. ამ დროს მოწმდება სივრცობრივი იზოლაცია, დაავადებათა და მავნებლებით გამოწვეული დაზიანების ხარისხი, სათესლეების ფაქტიური ფართობი, მათი საერთო მდგომარეობა და გათვალისწინებული აგროტექნიკური ღონისძიებების შესრულების ხარისხი.
ჯვარედინმტვერია კულტურების ელიტური და პირველი რეპროდუქციის, ასევე, მასობრივი ნათესების თესლის (რომელსაც შემდგომში გამრავლებისთვის ვიყენებთ) ჯიშური წმენდა ტარდება აპრობაციის შემდეგ.
ნათესების ან სადედეების ნარგავების წუნდება (ჯიშიანობიდან გამორიცხვა) ხდება მაშინ, როცა არ არის სივრცობრივი საიზოლაციო მანძილი დაცული, როდესაც მავნებელ-დაავადებების მიერ მცენარის დაზიანება გამოხატულია ძლიერ, როცა სამეურნეოდ უვარგისი მცენარეები 30%-ზე მეტია პირველი ჯგუფის მცენარეებთან შედარებით.
საქართველოს ნიადაგობრივ-კლიმატური პირობები ბოსტნეული მცენარეების ზრდა-განვითარებისა და წლის განმავლობაში უხვი მოსავლის მიღებისთვის ყოველმხრივ ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების მოსავალი შეიძლება ყველა მეურნეობაში მივიღოთ, თუკი სწორად და დროულად გამოვიყენებთ ადგილობრივი პირობებისთვის გათვალისწინებულ აგროტექნიკას და ჯიშიან თესლებს.
ბოსტნეული მცენარეების მეთესლეობისთვის, ფართობი უნდა გამოვყოთ მებოსტნეობის თესლბრუნვაში, მაგრამ თესლბრუნვა თუ არა გვაქვს შემოღებული, მაშინ მისთვის უნდა შევარჩიოთ ისეთი ნაკვეთი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს მეთესლეობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. ამასთან, შერჩეულ ნაკვეთზე აუცილებლად უნდა შემოვიღოთ კულტურათა მორიგეობა, რათა ერთი და იგივე კულტურა თავის ადგილზე, ისევე როგორც თესლბრუნვაში, 2-3 წელზე ადრე არ დაბრუნდეს. ამას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბოსტნეული მცენარეების სხვადასხვა მავნებლებისა და დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისა და მოსავლიანობის გადიდების საქმეში.
მეთესლეობისთვის ფართობი უნდა გამოვყოთ რაც შეიძლება სარწყავ წყალთან ახლოს და ამასთან, ნიადაგი უნდა იყოს ნაყოფიერი (ორგანული ნივთიერებებით მდიდარი), რომელიც სარეველებისგან სუფთა და ქარებისგან იქნება დაცული.
თუ ერთი კულტურით შეუძლებელი ხდება ერთი მინდვრის დაკავება ან ერთი კულტურა ერთ მინდორზე არ ეტევა, მაშინ თითოეულ მინდორზე უნდა დავთესოთ ან დავრგოთ ერთი და იმავე ოჯახის 2-3 კულტურა, რომლებიც ერთმანეთს არ ეჯვარება.
ნიადაგის დამუშავება. ბოსტნეული მცენარეების მეთესლეობისთვის შერჩეული ნიადაგი თხოულობს გულმოდგინე დამუშავებას. დამუშავება წინა წლის შემოდგომაზე იწყება და დათესვამდე გრძელდება.
წინამორბედი კულტურების აღებისთანავე, ნაკვეთი უნდა გასუფთავდეს მცენარეთა ნარჩენებისგან და აიჩეჩოს 4-5 სმ-ის სიღრმეზე. ტენით უზრუნველყოფილ ადგილებში, აჩეჩვა საუკეთესო პირობებს ქმნის სარეველა მცენარეების თესლის აღმოცენებისთვის, რომლებიც დამუშავების შემდეგ ადვილად მოისპობა. ურწყავ, გვალვიან ადგილებში კი აჩეჩვა ტენის ნაკლებობის გამო, სარეველების თესლების გამოტყუებას ვერ გამოიწვევს, მაგრამ ზედაპირის საიზოლაციო ფხვიერ შრეს მაინც შექმნის (ფხვიერი ფენა მულჩის როლს შეასრულებს), რაც ტენის მარაგის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. ამ ფაქტორს მცირე ნალექიან ადგილებში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.
აჩეჩვიდან 25-30 დღის შემდეგ ნაკვეთს ვხნავთ წინმხვნელი გუთნით 25-28 სმ-ის სიღრმეზე; ეწერი და მცირე სიღრმის ნიადაგების ძალიან ღრმად მოხვნა მიზანშეუწონელია, რადგან შეიძლება ამობრუნდეს ქვენიადაგი, რომელიც მცენარეთა განვითარებისთვის ხელისშემშლელ ნივთიერებებს შეიცავს. მზრალ ნიადაგს ხელშეუხებლად ვტოვებთ გაზაფხულამდე. გვალვიან ადგილებში, აჩეჩვიდან 25-30 დღის შემდეგ, მოხვნა სავალდებულო არა არის, უკეთესია მოვხნათ გვიან შემოდგომაზე და ზამთრის დასაწყისში, რათა აჩეჩილ ნიადაგზე შემოდგომის ნალექებმა გამოიწვიოს სარეველების გამოტყუება და ღრმა მოხვნით სარეველები ადვილად მოვსპოთ.
საგვიანო კულტურების აღების შემდეგ ნაკვეთის აჩეჩვას არ ვაწარმოებთ, არამედ ნაკვეთს ვწმენდთ მცენარეთა ნარჩენებისგან და ვხნავთ მზრალად.
ჭანგით დასარევლიანებული ნაკვეთის აჩეჩვა არ შეიძლება, მისი აოშვა ხდება შემოდგომიდანვე, ფესვურების გავრცელების სიღრმეზე (10-12 სმ), შემდეგ კბილებიანი ფარცხით დავფარცხავთ, რომ ჭანგის ფესვურები ნიადაგიდან ამოვყაროთ და გარეთ გამოვზიდოთ; გამოზიდულ ფესვურებს გზებზე ან ნაკვეთში ვწვავთ. აოშვიდან 15-20 დღის შემდეგ ნაკვეთს მზრალად ვხნავთ სრულ სიღრმეზე.
გვალვიან ადგილებში, გაზაფხულზე, სამუშაოზე გასვლის შესაძლებლობის დადგომისთანავე, ვატარებთ მზრალზე დაფარცხვას, ტენის დამაგრებისა და სარეველების მოსპობის მიზნით, ხოლო თესვამდე რამდენიმე დღით ადრე – კულტივაციას ან აოშვას ფრთებშეხსნილი გუთნით, სრულ სიღრმეზე. გვალვიან რაიონებში, თუ ნიადაგი შემოდგომაზე არ იყო მოხნული მზრალად, იგი ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე უნდა მოიხნას, რომ ნიადაგმა მოასწროს დაჯდომა და გაფხვიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბელტიანი ნაკვეთები თესვისთვის არ ივარგებს.
ბოსტნეული მცენარეები ვეგეტაციის განმავლობაში წყალს დიდი რაოდენობით ხარჯავენ, ამიტომ გვალვიან ადგილებში ბოსტნეულის მყარი, უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღება მორწყვის გარეშე არ შეიძლება.
აღმოსავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობა და უმთავრესად ბოსტნეულის მოსავლიანობა, დიდად არის დამოკიდებული რწყვაზე, ხოლო დასავლეთ საქართველოს უმრავლეს რაიონებში მებოსტნეობის მოსავლიანობა, ტენის სიჭარბის გამო, რწყვაზე არ არის დამოკიდებული; მართალია, ზოგიერთ რაიონში, ზაფხულის განმავლობაში იქაც აღინიშნება ხოლმე ხანგრძლივი გვალვები, მაგრამ არა ისეთი, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში. რა თქმა უნდა, გვალვების პერიოდში დასავლეთ საქართველოშიც საჭიროა მორწყვა, მაგრამ არა ყოველთვის.
ბოსტნეულ მცენარეებს, ტენის ყველაზე მეტად მოთხოვნა, განვითარების სხვადასხვა ფაზაში გააჩნიათ: ხახვი _ ზრდის ფაზაში, კიტრი და პომიდორი _ ნაყოფების განვითარების ფაზაში, კომბოსტო – თავების დახვევის დაწყებიდან, ძირხვენები _ ზრდისა და ძირხვენების დამსხვილების დაწყებისას და ა. შ. იქ, სადაც გაზაფხული უხვი ნალექებით ხასიათდება, საადრეო ბოსტნეული მორწყვის გარეშეც კარგად ვითარდება.
მძიმე ნიადაგში მორწყვათა შორის პერიოდი უფრო ხანგრძლივია, ხოლო ქვიშნარ, მსუბუქ ნიადაგზე _ მოკლე. საერთოდ, მორწყვათა შორის რაოდენობა დამოკიდებულია ნიადაგზე, კლიმატსა და გამოყენებულ აგროტექნიკაზე.
ერთწლიანი ბოსტნეულის მეთესლეობის აგროტექნიკა
ერთწლიან ბოსტნეულს ეკუთვნის ის მცენარეები, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ციკლს _ აღმოცენებიდან თესლის მომწიფებამდე, ერთი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ამთავრებენ. ასეთებია: პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, კიტრი, ნესვი, საზამთრო, გოგრა, ყაბაყი, სალათა, ისპანახი, ლობიო, ქინძი, ცერეცო, ქონდარი, რეჰანი და სხვა.
ილია მჭედლიძე