არაქისი/მიწის თხილი_ წარმოების და გამოყენების წესები
არაქისი – მიწის თხილი (Arachis) — პარკოსანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარის გვარია. ცნობილია მისი 15 სახეობა. კულტურული სახეობებიდან გამორჩეულია Arachis hypogaea. ის გავრცელებულია ამერიკაში, ევროპაში, საქართველოში, შუა აზიაში, უკრაინაში, კრასნოდარის მხარეში, ჩინეთში, ინდოეთში. მის სამშობლოდ სამხრეთ ამერიკას მიიჩნევენ.
იყო დრო, საქართველოში არაქისი დიდი რაოდენობით მოჰყავდათ, დღეს კი მისი სამეურნეო მნიშვნელობა შემცირებულია.
არაქისი ერთწლოვანი მცენარეა და ფართოდ გამოიყენება. მცენარეს აქვს 50-60 სმ სიმაღლის სწორად მდგომი ღერო, უხვად დატოტვილი და შეფოთლილი. მიწის თხილს თვითგანაყოფიერებისა და ხანგრძლივი ყვავილობის უნარი აქვს. არაქისის მარცვალი 50%-მდე ზეთს შეიცავს, მას სასურსათო დანიშნულება აქვს და გამოიყენება საკონსერვო და საშაქარლამო, ასევე – საკონდიტრო წარმოებაში.
საქართველოში მიწის თხილი მე-19 საუკუნეში შემოიტანეს. საბჭოთა პერიოდში ბევრი არაქისი მოჰყავდათ, მისი ნათესების ფართობი 4 ათას ჰექტარს აღემატებოდა, ახლა კი ეს ფართობი ძალიან შემცირებულია და ძირითადად, საკარმიდამო ნაკვეთებში.
მიწის თხილის ყვავილობა 3-3,5 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს. განაყოფიერების შემდეგ ნასკვი თანდათან დაგრძელებას იწყებს, მიწისკენ იხრება, ნიადაგში ჩადის 10-12 სმ-ის სიღრმეზე და ზრდას აჩერებს. ამის მერე იწყებს პარკების წარმოქმნას, სადაც არაქისის მარცვლებია მოთავსებული. ჩვეულებრივი თხილის ნაყოფი ჩვენთვის ხილულია, ხოლო მიწის თხილის პარკები მიწაშია ჩამალული. ამიტომ, მოსავალი რომ არ დაიკარგოს, მისი დროული აღებაა საჭირო. არაქისს უხეში პარკი აქვს, რომელიც ძნელად იხლიჩება. პარკებში 1-დან 6-მდე მარცვალია. არსებობს მსხვილმარცვლიანი, საშუალომარცვლიანი და წვრილმარცვლიანი ჯიშები.
არაქისი სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეა და ყინვას ვერ იტანს – ერთგრადუსიანი ყინვაც კი აზიანებს. ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის ამ მცენარეს 25-30 გრადუსი სითბო მაინც სჭირდება.
მიწის თხილის სავეგეტაციო პერიოდი (დათესვიდან მოსავლის აღებამდე) 130-დან 200 დღემდე გრძელდება. მეტად მნიშვნელოვანია, რა ტიპის ნიადაგზე მოიყვანენ ამ კულტურას – ის ნოყიერი უნდა იყოს. კარგ შედეგს იძლევა შავმიწა, ყავისფერი და ალუვიური ნიადაგები.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიწის თხილისთვის დაჭაობებული ადგილები არ არის მიზანშეწონილი, ასევე ვერ ხარობს გამოფიტულ და გამომშრალ ნიადაგზე. ნიადაგის დამუშავება ადრე გაზაფხულზე იწყება. არაქისის დათესვამდე მიწა უნდა იყოს გაწმენდილი და მომზადებული, რათა მცენარემ დაუბრკოლებლად გაიხაროს. ადრე გაზაფხულზე აუცილებელია ღრმა ხვნა, 25-დან 30 სანტიმეტრამდე. სასურველია ნიადაგში ორგანული და მინერალური სასუქების შეტანა.
არაქისი გარჩეული მარცვლებით ითესება, თუმცა ზოგჯერ მთელი და გატეხილი პარკებითაც თესავენ. დათესვა შეიძლება მწკრივად ან კვადრატულ-ბუდობრივად.
კვადრატულ-ბუდობრივად თესვის დროს მანძილი 60-70 სმ უნდა იყოს, ან უფრო მცირე – 60-60 სმ. ბუდნაში დაახლოებით 5-6 მარცვალი უნდა ჩავაგდოთ. ხოლო თუ მწკრივად დავთესავთ, მწკრივებს შორის მანძილი 60-70 სმ უნდა იყოს, მწკრივში მცენარეთა შორის მანძილი კი – 15-20 სანტიმეტრი. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დათესვის სიღრმე: მარცვალი 6 სმ სიღრმეზე უნდა დაითესოს, ხოლო პარკიანად – 8-10 სმ-ზე. ნიადაგის დაფარცხვა ნათესის აღმოცენების შემდეგაც შეიძლება, მერე კი მიწის სისტემატური გაფხვიერება და გასუფთავებაა საჭირო. მცენარემ კარგად რომ გაიხაროს, ირგვლივ მიწა უნდა შემოვაყაროთ. ეს ყვავილობის დაწყებისას უნდა გავაკეთოთ, თუ უხვი ნალექი მოვა, შეიძლება 2-3-ჯერაც გავიმეოროთ. გვალვის შემთხვევაში არაქისის ნაკვეთის მორწყვა აუცილებელია, თუმცა დიდი რაოდენობით წყალიც არ ვარგა – ეს მცენარის განვითარებას ხელს უშლის. არაქისს წყალი ზომიერად სჭირდება.
მიწის თხილის ჯიშები ორ ჯგუფად იყოფა: არის ჯიშები, რომლებიც მიწაზეა გართხმული და არის ჯიშები, რომლებსაც სწორი ბუჩქი აქვს და და არაქისის ნათესების მექანიზებულად დამუშავება კარგ ეფექტს იძლევა.
მოსავალს იღებენ, როცა მცენარის ფოთლები გაყვითლდება და თესლი პარკს ადვილად სცილდება. ეს მშრალ ამინდში უნდა მოვასწროთ. მცენარეს მთლიანად იღებენ, მერე ბუჩქს მიწისგან ბერტყავენ და გასაშრობად აწყობენ. ახლად მოკრეფილ პარკებში ტენიანობა 18-20%-ია და 8-10%-მდე მაინც უნდა შევამციროთ, თორემ არაქისი ადვილად დაობდება.
მიწის თხილის მოყვანა შემოსავლიანი საქმეა. საქართველოში, ძირითადად, იმპორტირებული მიწის თხილი შემოდის და ჩვენი მაღაზიები სავსეა სხვადასხვა სახის არაქისით. სამწუხაროდ, ჩვენ საკადრო დეფიციტიც გვაქვს, თორემ არაქისის ნათესების მომრავლება კარგი საქმე იქნებოდა. ყველა კულტურას სჭირდება სპეციალისტი, რომელიც მას ხელს მოჰკიდებს. ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მხოლოდ სამი წლის წინ შეიქმნა და ცხადია, ყველა მცენარის მოვლასა და აღდგენას ერთდროულად ვერ მოახერხებს, ამას დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება.
მიწის თხილი დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმებსა და ცილებს, მისი კალორიულობაა 100 გრამზე 552 კკალორია, ხოლო არაქისის ზეთის – 884 კ/კალორიაა. მისი დიდი რაოდენობით მიღება სიმსუქნის მიზეზი შეიძლება გახდეს.
ცილები – 26,4 გ;
ცხიმები – 45,3 გ;
ნახშირწყლები – 9,8 გ;
ნაცარი – 2,7 გ;
წყალი – 8 გ;
კალორიულობა – 500–800 კკალორია.
მიწის თხილი შეიცავს უნიკალურ ამინომჟავებს, ვიტამინებს – A, D, E, В1, В2, РР, Е, ბიოტინს, ფოლიუმის მჟავას, მცენარეულ ზეთებსა და სხვა მიკროელემენტებს. ის შეიცავს 35%-ზე მეტ ცილებსა და დაახლოებით 50% ცხიმებს, ქოლესტერინი მასში საერთოდ არ არის.
• არაქისი სასარგებლოა გულისთვის. მასში შემავალ ცხიმებს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნების უნარი აქვს. ასევე, მის შემცველობაში არსებული ოლეინმჟავა ამცირებს ცუდ ქოლესტერინს და ზრდის კარგ ქოლესტერინს.
• არაქისი ზრდის ენერგიას. მიწის თხილი ფართოდაა ცნობილი, როგორც მცენარე, რომელიც ადამიანის ენერგიულობას ზრდის. ეს მასში არსებული უზარმაზარი რაოდენობის ვიტამინების, მინერალების, ანტიოქსიდანტებისა და საკვები ნივთიერებების წყალობითაა.
• არაქისის ზომიერი მიღება ხელს არ უშლის წონაში დაკლებას.
• არაქისის რეგულარულად მიღება ხელს უშლის ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნასა და არსებულის შემცირებას. კვლევებით დადასტურდა, რომ დღეში სულ 30 გრამი მიწის თხილი ქვების წარმოქმნას 25%-ით ამცირებს.
• არაქისი აუმჯობესებს მეხსიერებას. არაქისს ტვინის საკვებს უწოდებენ, რადგან მასში შედის ვიტამინი B3, რომელიც ტვინს მუშაობაში ეხმარება და ასევე კარგია მეხსიერების გაუმჯობესებისთვის.
• არაქისი ებრძვის დეპრესიას. სეროტონინი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც მნიშვნელოვანია ტვინისთვის და რომელსაც განწყობის რეგულირებაში დახმარება შეუძლია. მიწის თხილში არსებული ტრიპტოფანის ამინომჟავა სეროტონინის გამომუშავებას ეხმარება.
• არაქისი ეხმარება ორსულობის შენარჩუნებაში და იცავს ნაყოფს. ორსულობის დროს მიწის თხილის მიღებას შეუძლია შეამციროს ზოგიერთი ალერგიული დაავადების (მაგალითად, ასთმა) შანსი ბავშვებში.
• არაქისი ხელს უშლის ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას. მრავალი კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ისეთი პროდუქტების გამოყენებას, რომლებიც ნიაცინის დიდ რაოდენობას შეიცავს, როგორიცაა არაქისი, შეუძლია ალცჰეიმერის დაავადების გავითარების ალბათობის, სულ ცოტა, 70%–მდე შემცირება.
• არაქისი ებრძვის ნაოჭების გაჩენასა და დაბერებას – ის შეიცავს დიდი რაოდენობით С–ვიტამინს, რაც მნიშვნელოვანია კოლაგენის წარმოებისთვის.
არაქისის მიღება არ შეიძლება, როდესაც ადამიანს აქვს ალერგია მასზე, განსაკუთრებით ალერგია ვითარდება არაქისის ზეთზე.
მისი მიღება არ არის რეკომენდებული პოდაგრის, ართროზისა და ართრიტის დროს.ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს წონაში მატებას.
მიწის თხილის არასწორად შენახვისას (ნესტიან ადგილებში) მას უჩნდება სოკო, რომელიც ტოქსინებს გამოყოფს, რაც, თავის მხრივ, ორგანიზმში მოხვედრისას დასუსტებულ ორგანოებს აზიანებს. ამიტომ არაქისის შეძენის დროს ყურადღებით იყავით.