ჭიაყელები – მიზეზი რატომ არ ვხნავთ მიწას!
ჭიაყელები არიან დედამიწაზე მცხოვრები უნიკალური არსებები. ისინი არიან დაუღლელი და სუპერეფექტიანი ნიადაგის მთხრელები, რომელთა შრომის გამეორება, მიუხედავად ჩვენ ხელთ არსებული ტექნოლოგიებისა ადამიანებს არ შეგვიძლია.
ბუნება აკეთებს უკეთესად იმას, რაც ჩვენ ოდესმე შეგვეძლო ან დღეს შეგვიძლია. ამას მოწმობს შემდეგი მტკიცებულებები:
ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთს შეუძლია უზრუნველყოს 7 მილიონამდე ჭიაყელის სიცოცხლე, რომელთა საერთო წონაა 2,4 ტონა, ხოლო ხელსაყრელ პირობებში მათ შეუძლიათ 50 ტონა ნიადაგის დამუშავება, რაც საკმარისია 5 მმ სიღრმის ზედა ფენის შესაქმნელად. დადასტურებულია რომ ერთმა საცდელმა ჭიაყელამ 30 წლის განმავლობაში წარმოქმნა 18 სმ-ის ფენა.
ჭიაყელების გათხრილი ხვრელები ახდენს ნიადაგის აერაციას და ხელს უწყობს წყლის 10-ჯერ უფრო სწრაფად გადინებას, ვიდრე მათ გარშემო მყოფი ნიადაგი. მთლიანობაში კი ამ არსებებით სავსე ნიადაგს აქვს 6-ჯერ უფრო მეტი შეღწევადობა კულტივირებულ მიწასთან შედარებით, რომელშიც რათქმაუნდა მათი რაოდენობა შემცირებულია.
ჭიაყელები ხელს უწყობენ მცენარეების უკეთ ზრდას. მათი გადამუშავებული მასა შეიცავს ბევრ საკვებ ნივთიერებას, ფოსფორის გაოთხმაგებულ დოზას და მცენარეებისთვის ადვილად მისაწვდომ აზოტს. სწორედ მათ მიერ წარმოქმნილი ხვრელით გადაეცემა ფესვს ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტები.
ჭიაყელები აუმჯობესებენ ნიადაგის ნაყოფიერებას _ ახალ ზელანდიასა და ტასმანიაში ჩატარებულ კვლევაში, მრავალწლოვან საძოვრებში ჭიაყელების დამატებამ (სადაც მანამდე არ არსებობდნენ) თავდაპირველად მოახდინა საძოვრების 70-80%-იანი ზრდა, ხოლო გრძელვადიან პერიოდში – 25%-იანი.
ნიდერლანდებში იგივე მეთოდით დაფიქსირდა მატება 20%-ით, ხოლო ირლანდიაში 10%-ით. CSIRO-ს ორგანიზებით ჩატარებულ ხორბლის წარმოების კვლევაში, სათბურის პირობებში მიიღეს 35%-იანი ზრდა.
წყარო: პერმაკულტურა