ბლის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები
ბლის (Prunus avium L.) სახეობა მიეკუთვნება Prunus-ის გვარს და ცერასუსის (Cerasus) ქვეგვარს, რომელიც აერთიანებს ევროპასა და აზიაში წარმოშობილ 30-ზე მეტ სახეობას. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობებია P. avium, P.cerasus, P.fruticosa, P.mahaleb, P.Pseudocerasus, რომლებიც ადვილად ეჯვარებიან ერთმანეთს.
ბლის წარმოშობის ადგილის საკითხის შესახებ არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს, თუმცა მორფოლოგიური, გენეტიკური და არქეობოტანიკური მონაცემების შესაბამისად მკვლევარები ძირითადად თანხმდებიან, რომ ამ კულტურის წარმოშობის ცენტრი მოიცავს წინა აზიის ჩრდილოეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს, თუმცა მონათესავე ველური სახეობების ძირითადი კონცენტრაციის ადგილს სამხრეთ კავკასია წარმოადგენს, სადაც საქართველოც მოიაზრება.
ბალი (Prunus avium L.) წარმოშობილია შავი ზღვის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე, სადაც მოხდა მისი კულტივირება და შემდგომ გავრცელება ზომიერი კლიმატის ქვეყნებში.
ბალის წარმოება ხდება მსოფლიოს ყველა კონტინენტზე,ზომიერი კლიმატის ყველა რეგიონში. მაგრამ ნაკლები ყინვაგამძლეობის გამო მისი სამრეწველო რაიონები შეზღუდულია. ამჟამად მსოფლიოში აწარმოებენ 2 მილიონ ტონამდე ბლის და ალუბლის ნაყოფს. ბლის კულტურის წარმოებაში ლიდერი ქვეყნებია თურქეთი (638 ათასი ტონა) და აშშ (312 ათასი ტონა). ბლის მნიშვნელოვანი მწარმოებელი ქვეყნებია: ირანი, იტალია, გერმანია, ესპანეთი, საბერძნეთი, უკრაინა და სხვა. სამხრეთ ნახევარსფეროდან – ჩილე (FAOstat 2018).
საქართველოში ბალი უძველესი დროიდან მოყავთ. ბლის წარმოებისათვის ხელსაყრელი ნიადაგურ-კლიმატური პირობები არსებობს, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში. იგი საუკეთესო პროდუქციას იძლევა კახეთში, შიდა ქართლში და ქვემო ქართლში. საადრეო სიმწიფის პერიოდის ჯიშების წარმოების მაღალი პოტენციალი გააჩნია იმერეთის ქუთაისის, სამტრედიისა და ვანის რაიონებს. ბლის წარმოება საქართველოში ამ ეტაპზე სტაბილურია და 3700–4000 ტონას შეადგენს (საქსტატი, 2017).
საქართველოს ბლის სორტიმენტი წარმოდგენილია ინტროდუცირებული და ადგილობრივი ჯიშებით. სამრეწველო ბაღებში უპირატესად ინტროდუცირებული ჯიშები გვხვდება, თუმცა ასევე გავრცელებულია ადგილობრივი ქართული ბლების რამდენიმე ჯგუფი – კახა ბალი, ძუძუ ბალი, გოგრა ბალი, ქართული შავი და სხვ. რომლებსაც ახასიათებთ რბილი კონსისტენცია და მცირე ზომის ნაყოფი. ბლის ძირითადი სამრეწველო რეგიონებია კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და იმერეთი.
კვებითი ღირებულება და გამოყენების მიმართულებები
ბალს, როგორც საადრეო ხილის მაღალი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ნაყოფს, სასარგებლო კვებითი ღირებულება და ტექნოლოგიური დანიშნულება გააჩნია, რაც ძირითადად ნაყოფის ბიოქიმიური შედგენილობით აიხსნება. ნაყოფი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ნახშირწყლებით, ორგანული მჟავებით და მინერალური ელემენტებით.
ნაყოფებში ხსნადი მშრალი ნივთიერების შემცველობა 10.8–18.8%-ის ფარგლებში მერყეობს, ორგანული მჟავები-0,3-0,8 %-ია. ბალი ასევე შეიცავს პექტინებს, უჯრედანას, ფართო სპექტრის ვიტამინებს, კაროტინს, კაროტინოიდებს, ანთოციანებს და ა.შ. ნაყოფებში დიდი რაოდენობით აღმოჩენილია მინერალური ნივთიერებებიც-კალიუმი, კალციუმი, ასევე მაგნიუმი. როგორც ცნობილია, ბლის რეგულარული მიღება, ამცირებს ართრიტის წარმოშობის რისკს, ანთებითი პროცესების განვითარებას, ხელს უწყობს ალცჰეიმერის დაავადების, გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობის პროცესს. ბლის ნაყოფი ხასიათდება ძვირფასი სადესერტო თვისებებით. მოიხმარება ნედლად, როგორც სასუფრე ხილი, ასევე მაღალხარისხოვანი კომპოტების, მურაბების და წვენების დასამზადებლად. მსხვილნაყოფა ჯიშებისგან მზადდება მაღალხარისხოვანი ჩირი (კერკი).
გარემო ფაქტორების მიმართ დამოკიდებულება
ნიადაგი. ბლის კულტურა მოსავალს იძლევა თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე. კარგად ხარობს მსუბუქი და საშუალო მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე, კარგი წყალგამტარი ქვედა ფენით. კარგად ეგუება კარბონატულ ნიადაგებს. ნიადაგში ტენის სიჭარბე იწვევს ბლის ფესვის ასფიქსიას და გახმობას.
ტემპერატურული რეჟიმი. ბალი სინათლის და სითბოს მოყვარული მცენარეა, ასევე გარკვეულ მოთხოვნას უყენებს ჰაერის ფარდობით ტენიანობას. ვეგეტაციას იწყებს, როდესაც ჰაერის საშუალო დღე–ღამური ტემპერატურის 7–8 0C უდრის. ჯიშების სხვადასხვა სიმწიფის პერიოდის გამო, აქტიურ ტემპერატურათა ჯამი შეადგენს 1500-26000C. ბლის ჯიშები სასურველია გაშენდეს ისეთ ადგილებში, სადაც ზამთრის მინიმალური ტემპერატურა არ ეცემა –23-250C -ის ქვევით.
ნალექები. ბალი ნახევრად მეზოფიტია. იგი წყლის მიმართ ზომიერი მომთხოვნია. ხანგრძლივი, და ჭარბი ტენიანობა უარყოფით გავლენას ახდენს ჯიშების ზრდა-განვითარებაზე და ნაყოფის ფორმირებაზე, რაც იწვევს ფოთლების და ახალგაზრდა ნაყოფების სიმწიფემდე შეყვითლებას და ჩამოცვენას. სიმწიფის ფაზაში, ნალექების სიჭარბე იწვევს ნაყოფების დასკდომას და გავლენას ახდენს მოსავლის ხარისხზე. ნაყოფის დასკდომის მიმართ მიდრეკილება ცვალებადია ჯიშის და ნალექების რაოდენობის მიხედვით.
მავნებელ–დაავადებები. ბალი ხშირად ზიანდება შემდეგი მავნებელდაავადებებთ: ალუბლის ხერხია, ალუბლის ხვატარი, ალუბლის ბუზი, ალუბლის ბუგრი, რინქიტი, კურკოვანთა ფოთლების დაფაცხავება (კლასტეროსპოროზი), კურკოვანთა ნაადრევი ხმობა. ნაცრისფერი სიდამპლე, ბაქტერიული კიბო. ვერტიცილიოზი. აღნიშნული მავნებლების და დაავადებების წინაღმდეგ შესაბამის აგროვადებში უნდა გატარდეს მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული მეთოდები.
მორფოლოგიური ნიშნები
ხე. ხე იზრდება 8-15 მ. ზოგჯერ 20 მ-ზე მეტი სიმაღლის. ბალს ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ძლიერი ზრდა და სუსტი განტოტვა, რის გამოც იგი ბუნებრივად ღებულობს ლიდერულ-იარუსიან ფორმას.
ვარჯი. ვარჯი კარგად განვითარებული. შედარებით მეჩხერი. ვარჯში ტოტები იარუსებად არის განლაგებული. ჩონჩხის და ნახევრად ჩონჩხის ტოტები შედარებით მცირე რაოდენობის, რომლებიც მკვრივად არის შეზრდილი ცენტრალურ ღეროსთან.
ვეგეტატიური და სანაყოფე ტოტები. ბალი მსხმოიარობს სანაყოფე თაიგულებზე და ასევე ერთწლიან ტოტებზე, სრულ მსხმოიარე ხე ძირითადად ივითარებს სანაყოფე თაიგულებს და მცირე რაოდენობით ერთწლიან ტოტებს. თაიგულის ტიპის ტოტებზე მხოლოდ ერთი კვირტია საზრდელი, საიდანაც ვითარდება 5-6 ფოთოლი, რომელთა უბეში ისახება სანაყოფე კვირტები.
ფოთოლი. ფოთოლი მარტივია, ფირფიტა დიდი ზომის (სიგრძე-10-15 სმ, სიგანე-5 სმ), გულისებრი, ან ოვალური ფორმის. წამახვილებული წვერით. ყუნწი სხვადასხვა სიგრძის (მოკლე, საშუალო, გრძელი). ყუნწთან აქვს ერთი, ან რამდენიმე სხვადასხვა ფორმის და შეფერვის ჯირკლები.
ყვავილი. ყვავილი არის რთული – ყვავილედი, ორ სქესიანი (1 ბუტკო და 16-20 – მტვრიანა) ქოლგის ტიპის, თეთრი ფერის გვირგვინის ფურცლებით. სანაყოფე კვირტები არის მარტივი და შეიცავს მხოლოდ ყვავილის ჩანასახს. კვირტები განლაგებულია ჯგუფურად. ახასიათებს მძინარა და ადვენტური კვირტები.
ნაყოფის სასაქონლო და პომოლოგიური ნიშნები
ნაყოფი – ნამდვილი, მარტივი კურკანა. ნაყოფის შეფერვით და რბილობის კონსისტენციის მიხედვით ჯიშებს აჯგუფებენ მკვრივ რბილობიან – ბიგარო, რომლის რბილობი მკვრივია, კარგად იტანს ტრანსპორტს და შედარებით შენახვისუნარიანია და რბილ რბილობიან ჯიშებად – გინი, რომლის რბილობი ნაზია და წვნიანი, ასეთი ჯიშები ვერ იტანს ტრანსპორტირებას და შენახვის უნარიც დაბალი აქვს.
ბლის ჯიშები ნაყოფები მასის მიხედვით არის ძალიან მსხვილი, მსხვილი, საშუალო და წვრილი. ნაყოფის ფორმა – გულისებრი, მომრგვალო, ელიფსური, შებრტყელებულ ნაყოფიანი ჯიშები (ნაყოფის დიამეტრი 16 – 24 მმ).
ნაყოფს მუცლის მხარეს ხშირად აქვთ საშუალო სიღრმის და სიგანის ღარი, რომელიც ნაყოფს ორ თანაბარ ნაწილად ყოფს. ნაყოფის კანის შეფერვა – ყვითელი, ყვითელი მოვარდისფრო შეფერვით, წითელი, ღია წითელი, მუქი წითელი ფერის. სისქის მიხედვით – თხელი, საშუალო, სქელი. რბილობის ფერი – კრემისფერი, ყვითელი, ვარდისფერი, ღია წითელი, მუქი წითელი, ღია ვარდისფერი. ბლის ჯიშები ყუნწის სიგრძის მიხედვით არის გრძელ ყუნწიანი, საშუალო და მოკლე ყუნწიანი (2.7-5.5სმ).
კურკა სიდიდის მიხედვით შეიძლება იყოს მსხვილი, საშუალო, წვრილი (1.8- 2.2გ). ფორმით – ელიფსური, მრგვალი. მნიშვნელოვანი პომოლოგიური ნიშანია წიბოს მოყვანილობა და რბილობიდან კურკის მოცილების უნარი.
ბიოლოგიური თავისებურებები
ზრდა და მსხმოიარობა. ბალი ცოცხლობს 50-70 წელი. კომერციული ნარგაობის საექსპლოატაციო ხანგრძლივობა – 25-35 წელია. ბალს ახასიათებს ძლიერი ზრდა, თუმცა აღნიშნული მნიშვნელოვნად დამოკიდებულია საძირეების გამოყენებაზე. ჯიშები, ძლიერ საძირეებზე, მოსავალს იძლევა დარგვიდან მე-4-6 წელს, ხოლო ნაგალა საძირეებზზე – მე-2-3 წელს. მეწლეობა არ ახასიათებს.
ბლის ჯიშები ხასიათდება ყლორტების წარმოქმნის სუსტი და კვირტების გაღვიძების კარგი უნარით. მიწისზედა ნაწილის ზომის და ყლორტის წარმოქმნის უნარის მიხედვით ბლის ჯიშები იყოფა შემდეგ ჯგუფებად: სუსტი ზრდის ჯიშები, სუსტი და ზომიერი განტოტვით. მათ ახასიათებთ მეჩხერი ვარჯი და ჩონჩხის და ნახევრად ჩონჩხის ტოტების მკვრივი შეზრდა ცენტრალურ ღეროსთან; საშუალო ზრდის ჯიშები – საშუალო, ან ძლიერი განტოტვით. ამ ჯიშებს ახასიათებთ ვარჯის ჩახშირება და სრულ მსხმოიარობაში შესვლის დროს შემმოსავი ტოტების ხმობა. ძლიერ მოზარდი ჯიშები, რომლების ხასიათდებიან მიწისზედა ნაწილის ძლიერი ზრდით და კარგი განტოტვის უნარით.
დამტვერვა. ბლის ჯიშების უმეტესობა თვითსტერილურია, თუმცა გვხვდება თვითდამტვერავი ჯიშებიც. ნებისმიერ შემთხვევაში მაღალი და მყარი მოსავლის მისაღებად ბლის ჯიშები მოითხოვენ ჯვარედინ დამტვერვას.
სიმწიფის პერიოდი და მოსავალი. ბლის სიმწიფის პერიოდი მოიცავს მაისის დასაწყისიდან ივლისის ბოლოს. საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში 12 – 15 ტ/ჰა-ს შეადგენს, ხოლო თანამედროვე ინტენსიურ ბაღებში – 20 – 25 ტ/ჰა-ს.
ბურლატი/ Burlat
წარმოშობა: ფრანგული ჯიშია. შემთხვევითი თესლნერგის სახით ნაპოვნია მაროკოში 1936 წელს.
სინომიმები და კლონები: ბურლატი ჩ1, ბიგარო ჰატიფ ბურლატი, საადრეო ბურლატი.
გავრცელება: საქართველოში შემოტანილია 2002 წელს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და FAO-ს პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში.
მორფოლოგიური დახასიათება: ხე საშუალოზე ძლიერი ზრდის. ახასიათებს მომრგვალო ფორმის, ნაკლებად ჩახშირებული ვარჯი. ძირითადი ტოტები ნახევრად ვერტიკალური მიმართულების. კანი ღია ყავისფერი ფერის, ხშირი ბურცობებით. ერთწლიანი ყლორტები ნორმალური სიგრძის და სისქის, ოდნავ მოხრილი. კანი – ღია-ყავისფერი. ფოთლის ფირფიტა დიდი ზომის, ოვალური ფორმის, გრძელი, საშუალო სიგანის, მომრგვალო წვერით და კიდე დაკბილული ორმაგხერხკბილად. ყუნწი სუსტი, საშუალო სიგრძის. სანექტრე ჯირკვლები მომრგვალო, მუქი წითელი ფერის. ყვავილი დიდი ზომის გადაშლილი, გვირგვინის ფურცლები საშუალო, ოვალური ფორმის, ერთმანეთის მიმართ თავისუფლად არიან განლაგებული.
ნაყოფის პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი საშუალო, ან საშუალოზე მსხვილი (მასა 7,84 გ). მომრგვალო-მობრტყო ფორმის (2.3X2.4სმ). მუცლის მხარეს მკაფიოდ გამოხატული ღარით. ყუნწი საშუალო (სიგრძე – 3,2-3,6სმ), რომელიც მაგრად ემაგრება ნაყოფს. კანი სრულ სიმწიფეში მუქი წითელი ფერის, თითქმის შავი. საშუალო სისქის. რბილობი წითელი, მკვრივი, წვენი ღია წითელი ფერის. კურკის ზომები – 11.6 X 9.1 მმ, მრგვალი, ბურთისებური ფორმის. გამოხატული ღარით. ადვილად შორდება რბილობს. ნაყოფი ტკბილი, ოდნავ მომჟავო გემოსი. გამოირჩევა კარგი საგემოვნო და სასაქონლო თვისებებით. სადეგუსტაციო შეფასება 4.7 ბალი (5-ბალიანი სისტემით).
მარტივი ბიოქიმიური შედგენილობა: ხსნადი მშრალი ნივთიერება – 13.6 -15.1% (Brix); ტიტრული მჟავიანობა – 0.44-0.62 %.
ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები:
ზრდა და მსხმოიარობა. ჯიშს ახასიათებს ზომიერი განტოტვა. ჩონჩხის და ნახევრად ჩონჩხის ტოტების მკვრივად შეზრდა ცენტრალურ ღეროსთან. ძირითადად მსხმოიარობს, როგორც ერთწლიან ნაზარდებზე, ასევე სანაყოფე თაიგულებზე. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-3-4 წელს (საძირეკოლტი). მოსავლიანობა საშუალო, რეგულარული, მაღალი. კვლევის მიხედვით დადგენილია, რომ საშუალო მოსავალი შეადგენს 19,4 კგ/ხე.
დამტვერვა. ჯიში არის საადრეო პერიოდის მოყვავილე. ყვავილობს აპრილის პირველ დეკადაში. ყვავილობის ხანგრძლივობა 10-11 დღეა. (ს. ჯიღაურას (მცხეთა) პირობებში). თვითსტერილია. საუკეთესო დამამტვერიანებელი ჯიშებია: ლაპინსი, გედელფინგენი, ვანი.
გამძლეობა მავნებელ-დაავადებების მიმართ. ჯიში გამძლეობა ძირითადი სოკოვანი დაავადებების მიმართ არის საშუალო. სიმწიფის ფაზაში, წვიმიანი ამინდების პირობებში, ნაყოფები მიდრეკილია დასკდომისკენ.
სიმწიფის პერიოდი და შენახვის თავისებურებები. საუკეთესო საგემოვნო და ვიზუალური მახასიათებლების მქონე, საადრო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ნაყოფი მწიფდება ივნისის პირველ დეკადაში (ს.ჯიღაურას (მცხეთა) პირობებში).
ჯიშის დადებითი თვისებები. ჯიშს ახასიათებს უხვი და რეგულარული მსხმოიარობა (დამწიფების შემდეგ ნაყოფი ხიდან არ ცვივა). ნაყოფის მაღალი ტრანსპორტაბელობა.
ჯიშის უარყოფითი თვისებები. ზოგჯერ წვრილი ნაყოფები, ნაყოფების დასკდომისკენ მიდრეკილება.
ზოგადი შეფასება. ჯიშს შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია სამრეწველო მიზნით გავრცელდეს აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, როგორც საადრეო სიმწიფის მაღალხარისხოვანი ჯიში.
კორდია /Kordia
წარმოშობა: ჯიში ნაპოვნია ჩეხეთში (ქ. ტეხლოვიცეში) XX საუკუნის 60-იან წლებში თესლნერგის სახით, კომერციულად გავრცელდა ჰოლოვოუსის მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტის მიერ 1981 წლიდან.
სინონიმები: ატიკა, ტეხლო
გავრცელება: საქართველოში შემოტანილია 2002 წელს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და FAO-ს პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში.
მორფოლოგიური დახასიათება: ხე საშუალო, ან ძლიერი ზრდის. ვარჯი ნახევრად ზემოთმიმართული ფორმის. ერთწლიანი ყლორტები სწორი, საშუალო სიგრძის, მოკლე მუხლთშორისებით. კანი მოყავისფრომოწითალო შეფერვის, მცირე რაოდენობის ბურცობებით. ფოთლის ფირფიტა დიდი ზომის, მოგრძო-ოვალური ფორმის, მახვილი გრძელი წვერით. კიდის ორმაგახერხკბილა დაკბილვით. ყუნწი სუსტი, საშუალო სიგრძის. სანექტრე ჯირკვლები მომრგვალო, წითელი ფერის. ყვავილი საშუალო ზომის, მომრგვალო ფორმის ფურცლებით, გვირგვინის ფურცლები ერთმანეთის ეხება.
ნაყოფის პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი მსხვილი (მასა 8,4-10,1 გ), მრგვალი, დამახასიათებელი გულისებრი ფორმის (2.6X2.5სმ). ყუნწი გრძელი (სიგრძე- 4.5 – 4.7 სმ), მშრალი მოწყვეტის, კანი მუქი წითელი, მოშავო ფერში გარდამავალი. კანი არის საშუალო სისქის, ბრწყინავი ელფერის. რბილობი მუქი წითელი, ძალიან მკვრივი, წვნიანი. კურკა ელიფსური ფორმის, საშუალო ზომის (მასა 0.3გ). ნაყოფი მაღალი საგემოვნო თვისებების მქონეა, ძალიან ტკბილი, არომატული. სადეგუსტაციო შეფასება 4.8 ბალი (5-ბალიანი სისტემით).
მარტივი ბიოქიმიური შედგენილობა: ხსნადი მშრალი ნივთიერება – 14.6-16.2% (Bრიხ); ტიტრული მჟავიანობა – 0.62-0.71 %.
ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები:
ზრდა და მსხმოიარობა. ჯიშს ახასიათებს საშუალო განტოტვა და ყლორტების განვითარების საშუალო უნარი. ძირითადად მსხმოიარობს, სანაყოფე თაიგულებზე და ერთწლიან ტოტებზე. მოითხოვს ყოველწლიურ გასხვლას ყლორტების ზრდის სტიმულირებისთვის. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-3-4 წელს (საძირეკოლტი). მოსავლიანობა რეგულარული, საშუალოზე მაღალი. კვლევის მიხედვით დადგენილია, რომ საშუალო მოსავალი შეადგენს 22-25 კგ/ხე.
დამტვერვა. ჯიში არის საშუალო პერიოდის მოყვავილე. ყვავილობას იწყებს აპრილის პირველ დეკადაში. (საკონტროლო ჯიშ ბურლატთან შედარებით 4-5 დღით გვიან). ყვავილობის ხანგრძლივობა 10-12 დღეა. (ს. ჯიღაურას (მცხეთა) პირობებში). თვითსტერილია. საუკეთესო დამამტვერიანებელი ჯიშებია: ფეროვია, ვანი, გედელფინგენი.
გამძლეობა მავნებელ–დაავადებების მიმართ. ჯიში ტოლერანტულია ძირითადი სოკოვანი დაავადებების მიმართ. ნაყოფები ნაკლებად მიდრეკილია დასკდომისკენ.
სიმწიფის პერიოდი და შენახვის თავისებურებები. კარგი სასაქონლო და საგემოვნო თვისებების მქონე, საშუალო-საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ნაყოფი მწიფდება ივნისის მესამე დეკადაში და ივლისის დასაწყისში. არაერთდროულად მწიფდება. კრეფა ტარდება რამდენჯემე. დამწიფების შემდეგ ნაყოფი ხეზე დიდხანს ჩერდება, ხიდან არ ცვივა. სამაცივრო პირობებში (0-1ºC) ინახება 1-2 კვირა. ტრანსპორტაბელობის უნარი მაღალი. უნივერსალური დანიშნულეის ჯიშია. გამოიყენება როგორც ნედლი სახით, ასევე გადასამუშავებლად.
ჯიშის დადებითი თვისებები. უხვი და რეგულარული მსხმოიარობა, კრეფის დროს მშრალი მოწყვეტა, დამწიფების შემდეგ ნაყოფი ხიდან არ ცვივა.
ჯიშის უარყოფითი თვისებები. ნაყოფების არაერთდროული სიმწიფე.
ზოგადი შეფასება. ჯიშს შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია სამრეწველო მიზნით გავრცელდეს აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში.
ლაპინსი /Lapins
წარმოშობა: ჯიში მიღებულია კანადაში ჯიშების სტელას და ვანის Stella X Van შეჯვარების შედეგად.
გავრცელება: საქართველოში შემოტანილია 2010 წელს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის (2014 წლიდან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ს. ჯიღაურას ექსპერიმენტული ბაზა) მიერ.
მორფოლოგიური დახასიათება: ხე საშუალო, ან ძლიერი ზრდის. ივითარებს მომრგვალო ფორმის ვარჯს. ჩონჩხის ტოტები ზემოთ მიმართულია და ღეროდან გამოდიან მახვილი კუთხით. სანაყოფე ტოტები ნორმალური სიგრძის, სწორი მოყავისფერო-რუხი შეფერვის. ფოთოლი მუქი მწვანე, დიდი ზომის. ფირფიტა ოვალური ფორმის, მკვეთრი წვერით. ფირფიტის დაკბილვა ხერხკბილა. ყუნწი გრძელი, ოდნავ მოხრილი. სანექტრე ჯირკვლები მომრგვალო ფორმის, წითელი ფერის. ყვავილი საშუალო ზომის. ოვალური ფორმის გირგვინის ფურცლებით, რომლებიც ერთმანეთის მიმართ თავისუფლად არიან განლაგებული.
ნაყოფის პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი საშუალო ან საშუალოზე მსხვილი მსხვილი (მასა – 7,6-8.8გ). მომრგვალო ფორმის (2.2X2.0სმ). ყუნწი საშუალოზე მოკლე (სიგრძე – 3.0 სმ) რომელიც მაგრად ემაგრება ნაყოფს. კანი მუქი წითელი ფერის, მბრწყინავი. კონსისტენციით – საშუალოო. რბილობი მოწითალო-ვარდისფერი, წვენი ღია წითელი ფერის. კურკა საშუალო ზომის (მასა 0.3გ). მრგვალი, სანახევროდ შორდება რბილობს. ნაყოფი ტკბილი, ოდნავ მომჟავო გემოსი, გამოირჩევა მიმზიდველი სასაქონლო სახით. სადეგუსტაციო შეფასება 4.7 ბალი (5-ბალიანი სისტემით).
მარტივი ბიოქიმიური შედგენილობა: ხსნადი მშრალი ნივთიერება – 12.6 -13.2% (Bრიხ); ტიტრული მჟავიანობა – 0.50-0.63%.
ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები:
ზრდა და მსხმოიარობა. ხე ხასიათდება ზომიერი განტოტვით. კვირტების და ყლორტების განვითარების საშუალო უნარით. ჯიშს ახასიათებთ ვარჯის ჩახშირება და სრულმსხმოიარობაში შესვლისას შემმოსავი ტოტების ხმობა. ვარჯის შიგნითა ნაწილების გაშუქებისათვის საჭიროა ჩატარდეს გამოხშირვა. მსხმოიარობს უმეტესად სანაყოფე თაიგულებზე. ჯიში საკმაოდ მომთხოვნია გარემო პირობების მიმართ. ზამთარგამძლეობა საშუალოზე მაღალი აქვს. საშუალო მოსავალი შეადგენს 16 – 18 კგ/ხე.
დამტვერვა. თვითფერტილური ჯიშია, საადრეო პერიოდის მოყვავილე (საკონტროლო ჯიშ ბურლატთან შედარებით 2-3 დღით ადრე). ყვავილობს აპრილის პირველ დეკადაში. ყვავილობის ხანგრძლივობა 12-14 დღეა. (ს. ჯიღაურას (მცხეთა) პირობებში). ოპტიმალური დამამტვერიანებელი ჯიშებია: ჰედელფინგენი, ვანი.
გამძლეობა მავნებელ–დაავადებების მიმართ. ჯიში მგრძნობიარეა მონილიოზის მიმართ. ზიანდება კოკომიკოზით. ტენიან პირობებში ნაყოფები მიდრეკილია დასკდომისა და ლპობისკენ.
სიმწიფის პერიოდი და შენახვის თავისებურებები. კარგი საგემოვნო თვისებების მქონე საშუალო-საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. მწიფდება ივნისის მესამე დეკადა – ივლისის დასაწყისში. ახასიათებს გახანგრძლივებული კრეფის პერიოდი. უნივერსალური დანიშნულების ჯიშია. ნაყოფი გამოიყენება, როგორც ნედლი სახით, ასევე ტექნიკური გადამუშავებისათვის სხვადასხვა სახის პროდუქციის (კომპოტები, მურაბები, წვენები) დასამზადებლად.
ჯიშის დადებითი თვისებები. მიმზიდველი სასაქონლო სახე.
ჯიშის უარყოფითი თვისებები. ნაყოფების არაერთდროული სიმწიფე, მიდრეკილება დასკდომისკენ.
ზოგადი შეფასება. ჯიში რეკომენდებულია მოყვარული მებაღეებისთვის.
მორო Moreau
წარმოშობა: ფრანგული ჯიშია. ჯიში ნაპოვნია თესლნერგის სახით ქ. ლიონთან ახლოს. სახელი ეწოდა მისი პირველი გამავრცელებლის საპატივცემულოდ.
სინონომები: ბიგარო მორო, სუვენირ დე შარმე, ბიგარო სანდრინი.
გავრცელება: საქართველოში შემოტანილია 2010 წელს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის (2014 წლიდან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ს. ჯიღაურას ექსპერიმენტული ბაზა) მიერ.
მორფოლოგიური დახასიათება: ხე საშუალო ზრდის, ივითარებს, განიერპირამიდულ ფორმის, კარგი განტოტვის, საშუალოდ ჩახშირებულ ვარჯს. ძირითადი ტოტების ღეროდან გამოსვლის კუთხე მკვეთრია. ტოტები მიმართულია ზემოთ. ყლორტები გრძელი საშუალო სისქის, ღია ყავისფერი. კანზე – საშუალო ბურცობებით. დაშვებული. კვირტები საშუალო სიდიდის, კვერცხისებური ფორმის, ყლორტიდან ოდნავ დაცილებული. ფოთოლი საშუალო ზომის, ოვალური ფორმის, მოკლე, მკვეთრი წვერით. ფირფიტის დაკბილვა – ხერხკბილა. ყუნწი საშუალო, მუქი წითელი ფერის თირკმლისებური ფორმის სანექტრეებით. ყვავილი საშუალო ზომის, ფართე ოვალური გვირგვინის ფურცლებით, რომლებიც ერთმანეთს ფარავს.
ნაყოფის პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი საშუალო, ან საშუალოზე მსხვილი (მასა 7.5-8.6გ). მომრგვალო ფორმის (2.6×2.4 სმ). მუცლის მხარეს გასდევს საშუალო სიღრმის ღარი. ყუნწი მოკლე (სიგრძე- 2.9-3.1 სმ), რომელიც მაგრად ემაგრება ნაყოფს.
კანი სიმწიფეში მუქი წითელი ფერის, თითქმის შავი. საშუალო სისქის. რბილობი მოწითალო-ვარდისფერი. ძალიან მკვრივი წვნიანი. კურკა მრგვალი, საშუალო სიდიდის (მასა 0.32გ). გამოხატული ღარით. ადვილად შორდება რბილობს. ნაყოფი ტკბილი, გამოირჩევა კარგი საგემოვნო თვისებებით. სადეგუსტაციო შეფასება 4.7 ბალი (5-ბალიანი სისტემით).
მარტივი ბიოქიმიური შედგენილობა:
ხსნადი მშრალი ნივთიერება – 12.5 -14.2% (Brix); ტიტრული მჟავიანობა – 0.64-0.68 %.
ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები:
ზრდა და მსხმოიარობა. ჯიშისთვის დამახასიათებელია ზომიერი განტოტვის უნარი. ძირითადად მსხმოიარობს, სანაყოფე თაიგულებზე. მსხმოირაობაში შედის დარგვიდან მე-3-4 წელს (საძირე- კოლტი). მოსავლიანობა რეგულარული და მაღალი. კვლევის მიხედვით დადგენილია, რომ საშუალო მოსავალი შეადგენს 20-25კგ/ხე.
დამტვერვა. საშუალო-საადრეო პერიოდის მოყვავილეა. თვითსტერილი. ყვავილობს აპრილის პირველ დეკადაში (საკონტროლო ჯიშ ბურლატთან შედარებით 1-2 დღით ადრე). საუკეთესო დამამტვერიანებელი ჯიშებია: ლაპინსი, ფეროვია, ბურლატი.
გამძლეობა მავნებელ–დაავადებების მიმართ. ჯიშის გამძლეობა ძირითადი სოკოვანი დაავადებების მიმართ არის საშუალო. ნაყოფებს არ ახასიათებს დასკდომა.
სიმწიფის პერიოდი და შენახვის თავისებურებები. კარგი საგემოვნო თვისებების მქონე საუკეთესო სადესერტო ხილია. საადრეო სიმწიფის პერიოდის. ნაყოფი იკრიფება ივნისის პირველ დეკადაში ბურლატზე რამდენიმე დღით ადრე.
ჯიშის დადებითი თვისებები. მკვრივი ნაყოფები, რეგულარული მსხმოიარობა და საადრეო სიმწიფის პერიოდი.
ჯიშის უარყოფითი თვისებები. შედარებით წვრილი ნაყოფები.
ზოგადი შეფასება. ჯიშს შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია შეზღუდულად გასავრცელებლად როგორც საადრეო მოხმარების ბლის ჯიში.
რეგინა (Regina)
წარმოშობა: გერმანული ჯიშია. მიღებულია ჯიშების საგვიანო შნეიდერისა და რუბეს [Schneider Late x Roubaix] ჰიბრიდიზაციით.
გავრცელება: საქართველოში შემოტანილია 2002 წელს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და FAO-ს პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში.
მორფოლოგიური დახასიათება: ხე საშუალო ზრდის, ივითარებს განიერ, ოვალურ ფორმის, საშუალოდ ჩახშირებულ ვარჯს. ძირითადი ტოტები ღეროსთან ქმნიან ფართე კუთხეს. სანაყოფე ტოტები საშუალო სიგრძის და სიგანის, ყავისფერი. ფოთოლი დაშვებული, საშუალო, ან დიდი ზომის მუქი მწვანე ფერის. ფირფიტა ოვალური ფორმის, მკვეთრი წვერით. კიდის დაკბილვა – ორმაგხერხკბილა. ყუნწი საშუალო სისქის, გრძელი. ყვავილი საკმაოდ დიდი ზომის, გვირგვინის ფურცლები მოგრძო ოვალური ფორმის, ერთმანეთს ფარავს.
ნაყოფის პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი საშუალოზე მსხვილი (მასა 8.4-9.5გ). ფართო გულისებრი ფორმის (28×23 მმ ). ნაყოფი კარგად ემაგრება და მშრალად შორდება ყუნწს. ყუნწი საშუალო (სიგრძე – 3.2-3.6 სმ) კანი მუქი წითელი ფერის, ბრწყინავი. რბილობი მკვრივი, წვნიანი, წითელი ფერის. კურკა საშუალო სიდიდის (მასა 0.30გ) ელიფსური ფორმის, ადვილად შორდება რბილობს. ნაყოფი ხასიათდება კარგი საგემოვნო თვისებებით, ტკბილი მომჟაო გემოთი. სადეგუსტაციო შეფასება 4.7 ბალი (5-ბალიანი სისტემით).
მარტივი ბიოქიმიური შედგენილობა: ხსნადი მშრალი ნივთიერება – 15.1 -16.2% (Bრიხ); ტიტრული მჟავიანობა – 0.52-0.60 %.
ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები:
ზრდა და მსხმოიარობა. ჯიშს ახასიათებს კარგი განტოტვა და ყლორტების განვითარების მაღალი უნარი. ძირითადად მსხმოიარობს, სანაყოფე თაიგულებზე და ერთწლიან ტოტებზე. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-3-4 წელს (საძირე კოლტი). მოსავლიანობა რეგულარული და საშუალოზე დაბალი. კვლევის მიხედვით დადგენილია, რომ საშუალო მოსავალი შეადგენს 19-24 კგ/ხე.
დამტვერვა. ჯიში თვითსტერილია, საშუალო-საგვიანო მოყვავილე. ყვავილობს აპრილის მეორე დეკადაში (საკონტროლო ჯიშ ბურლატთან შედარებით 7-8 დღით გვიან). ყვავილობის ხანგრძლივობა 10 -11 დღეა. (ს. ჯიღაურას (მცხეთა) პირობებში). საუკეთესო დამამტვერიანებელი ჯიშებია: ფეროვია და კორდია.
გამძლეობა მავნებელ–დაავადებების მიმართ. ჯიში ტოლერანტულია ძირითადი სოკოვანი დაავადებების მიმართ. ნაყოფებს არ ახასიათებს დასკდომა.
სიმწიფის პერიოდი და შენახვის თავისებურებები. საგემოვნო თვისებების მქონე, საშუალო-საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ნაყოფი მწიფდება ივლისის მეორე დეკადაში. დამწიფების შემდეგ ნაყოფი ხეზე დიდხანს ჩერდება, ხიდან არ ცვივა. სამაცივრო პირობებში (0-1 0ჩ) შეიძლება შეინახოს 2-3 კვირის განმავლობაში. ტრანსპორტაბელობის უნარი მაღალი. უნივერსალური დანიშნულების ჯიშია.
ჯიშის დადებითი თვისებები. ახასიათებს რეგულარული მსხმოიარობა (დამწიფების შემდეგ ნაყოფი ხიდან არ ცვივა), ნაყოფების მაღალი ტრანსპორტაბელობის უნარი.
ჯიშის უარყოფითი თვისებები. ჯიში ხასიათდება შედარებით დაბალი საგემოვნო თვისებებით.
ზოგადი შეფასება. ჯიშს შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია სამრეწველო მიზნით გავრცელდეს ბლის წარმოების აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში.
სამბა /Samba
წარმოშობა: კანადური სელექციის ჯიშია. მიღებულია სამერლენდის კვლევით სადგურში ჰიბრიდიზაციით [13S-36-18 х Stela 16A].
სინონიმი: სამსტე (Sumste) გავრცელება: საქართველოში შემოტანილია 2010 წელს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის (2014 წლიდან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ს. ჯიღაურას ექსპერიმენტული ბაზა) მიერ.
ორფოლოგიური დახასიათება: ხე საშუალო ზრდის. ვარჯი ზემოთ მიმართული ფორმის. ჩონჩხის ტოტები მუქი მწვანე შეფერილობის, ვერტიკალურად მიმართული. კანი მუქი ყავისფერი. ფოთლის ზედა მხარე მკვეთრი წვანე შეფერილობის ფირფიტა მოგრძო, კვერცხისებური ფორმის, მკვეთრი გრძელი წვერით, კიდე – ხერხკბილა. ყუნწი გრძელი, ორი თირკმლისებური ფორმის, მოწითალო ფერის სანექტრე ჯირკვლით. ყვავილი საშუალო სიდიდის. მრგვალი გვირგვინის ფურცლებით, რომლებიც ერთმანეთს ეხება.
ნაყოფის პომოლოგიური ნიშნები: ჯიშისთვის დამახასიათებელია საკმაოდ მსხვილი ნაყოფი (9.0 გ). მოგრძო ოვალური გულისებრი ფორმის (2.4 X 2.6 სმ). ნაყოფი ნახევრად მშრალად შორდება ყუნწს. ყუნწი საშუალო სიგრძის (სიგრძე 32 მმ). კანი მუქი წითელი ფერის. მბრწყინავი. რბილობი მოვარდისფრო, მკვრივი, წვნიანი. კურკა ელიფსური ფორმის, საშუალო სიდიდის (მასა 0.32 გ). ნაყოფი ხასიათდება საუკეთესო საგემოვნო თვისებებით. მომჟავო-მოტკბო გემოსი, არომატული. სადეგუსტაციო შეფასება – 4,8 ბალი (5-ბალიანი სისტემით).
მარტივი ბიოქიმიური შედგენილობა: ხსნადი მშრალი ნივთიერება – 13.5 -13.9% (Bრიხ); ტიტრული მჟავიანობა – 0.71-0.76 %.
ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები:
ზრდა და მსხმოიარობა. ჯიშს ახასიათებს ძლიერი განტოტვა და ყლორტების განვითარების კარგი უნარი. ძირითადად მსხმოიარობს, სანაყოფე თაიგულებზე და ერთწლიან ტოტებზე. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-3-4 წელს (საძირე-კოლტი). მოსავლიანობა რეგულარული, მაღალი. კვლევის მიხედვით დადგენილია, რომ საშუალო მოსავალი შეადგენს 23.6 კგ/ხე.
დამტვერვა. ჯიში ყვავილობს აპრილის პირველ დეკადაში. (საკონტროლო ჯიშ ბურლატთან შედარებით 2-3 დღით გვიან). ყვავილობის ხანგრძლივობა 8-10 დღეა. (ს. ჯიღაურას (მცხეთა) პირობებში) საადრეო-საშუალო პერიოდის მოყვავილეა. თვითფერტილი. ჯიში შეთავსებადობის მიხედვით მიეკუთვნება S1S3 ალელების მქონე გენოტიპების ჯგუფს. საუკეთესო დამამტვერიანებელი ჯიშებია: ლაპინსი, კორდია, გედელფინგენი.
გამძლეობა მავნებელ–დაავადებების მიმართ. ჯიში მავნებელ-დაავადებათა მიმართ შედარებით ტოლერანტულია.
სიმწიფის პერიოდი და შენახვის თავისებურებები. საუკეთესო სასაქონლო და საგემოვნო თვისებების მქონე ჯიშია. საადრეო-საშუალო სიმწიფის პერიოდის. ნაყოფი მწიფდება ივნისის შუა პერიოდში, ნაყოფები მწიფდება ერთდროულად, ხეზე დიდხანს ჩერდება, არ ცვივა და ინარჩუნებს კარგ სასაქონლო სახეს. წვიმიან კლიმატის პირობებში ნაყოფები ნაკლებად მიდრეკილია დასკდომისკენ. ნაყოფები ძირითადად გამოიყენება როგორც სადესერტო ხილი.
ჯიშის დადებითი თვისებები. უხვი და რეგულარული მსხმოიარობა (დამწიფების შემდეგ ნაყოფი ხიდან არ ცვივა). ნაყოფის ტოლერანტობა სოკოვანი დაავადებების მიმართ და ასევე მაღალი ტრანსპორტაბელობის უნარი.
ჯიშის უარყოფითი თვისებები. ზოგჯერ ახასიათებს არაერთგვაროვანი ნაყოფები.
ზოგადი შეფასება. ჯიშს შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია სამრეწველო მიზნით გავრცელდეს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში, როგორც მაღალხარისხიანი საადრეო – საშუალო სიმწიფის ბლის ჯიში.
სვიტ ჰარტი /Sweet Heart
წარმოშობა: კანადური ჯიშია სამერლენდის სასელექციო პროგრამიდან (ორიგინატორები – კ.ო. ლაპინსი და დ.ვ. ლეინი). მიღებულია ჯიშების ვანი და სტელას (Van X Stela) შეჯვარების გზით 1975 წელს.
სინონიმები: სამსტარი (შუმტარე). გავრცელება: საქართველოში შემოტანილია 2002 წელს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და FAO პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში.
მორფოლოგიური დახასიათება: ხე საშუალო, ან ძლიერი ზრდის. ივითარებს ფართოდ გადაშლილ ვარჯს. ყლორტები საშუალო სისქის, გრძელი, ოდნავ დაშვებული. ფოთოლი საშუალო სიდიდის. ფირფიტა ვიწრო, მოგრძო ოვალური ფორმის, ხერხკბილა. ყუნწი საშუალო სიგრძის და სისქის, მუქი ყვითელი ფერის მორგვალო სანექტრე ჯირკვლებით. ყვავილი საშუალო ზომის, ოვალური ფორმის გვირგვინის ფურცლებით.გვირგვინის ფურცლები ერთმანეთ ფარავს.
ნაყოფის პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი საშუალო, ან საშუალოზე მსხვილი (მასა 7,6-9.4 გ), განიერ გულისებრი ფორმის (26 X 22სმ). მუცლის მხარეს გასდევს სუსტი ღარი. ყუნწი საშუალო სიგრძის, ოდნავ მოხრილი (38 – 42 მმ ). კანი წითელი ფერის, მბრწყინავი, საშუალო სისქის. რბილობი წითელი ფერის წვნიანი, მკვრივი. ნაყოფს აქვს მიდრეკილება დასკდომისკენ. კურკა ელიფსური ფორმის, პატარა ზომის, ადვილად შორდება რბილობს (0.27 გ). ნაყოფი მომჟავო-მოტკბო, კარგი გემოსი. სადეგუსტაციო შეფასება 4.7 ბალი (5-ბალიანი სისტემით).
მარტივი ბიოქიმიური შედგენილობა: ხსნადი მშრალი ნივთიერება – 14.2 -16.0% (Bრიხ); ტიტრული მჟავიანობა – 0.64-0.70 %.
ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები:
ზრდა და მსხმოიარობა. ჯიშს ახასიათებს საშუალო განტოტვა და ყლორტების განვითარების საშუალო უნარი. ძირითადად მსხმოიარობს, სანაყოფე თაიგულებზე და ერთ-წლიან ტოტებზე. მსხმოიაობაში შედის ადრე, დარგვიდან მე-2-3 წელს (საძირეკოლტი). მოსავლიანობა რეგულარული, მაღალი. კვლევის მიხედვით დადგენილია, რომ საშუალო მოსავალი შეადგენს 19 – 23 კგ/ხე.
დამტვერვა. ჯიში არის თვითფერტილი. საშუალო პერიოდის მოყვავილეა. ყვავილობს აპრილის შუა რიცხვებში, ყვავილობის ხანგრძლივობა 8-11 დღეა (ს. ჯიღაურას (მცხეთა) პირობებში). (საკონტროლო ჯიშ ბურლატთან შედარებით 3-4 დღით გვიან).
გამძლეობა მავნებელ–დაავადებების მიმართ. მავნებელ-დაავადებათა მიმართ შედარებით გამძლეა.
სიმწიფის პერიოდი და შენახვის თავისებურებები. კარგი საგემოვნო თვისებების მქონე ჯიშია. საშუალო-საგვიანო სიმწიფის პერიოდის. ნაყოფი მწიფდება ივლისის პირველ დეკადაში. დამწიფების შემდეგ ნაყოფი ხეზე დიდხანს ჩერდება, ხიდან არ ცვივა. გამოიყენება ნედლი სახით.
ჯიშის დადებითი თვისებები. დამწიფების შემდეგ ნაყოფი ხიდან არ ცვივა, მაღალი ტრანსპორტაბელობის უნარი.
ჯიშის უარყოფითი თვისებები. ნაყოფების დაწვრილებისკენ მიდრეკილება, ნაკლებ ეფექტური სასაქონლო სახე.
ზოგადი შეფასება. ჯიში რეკომენდებულია მოყვარული მებაღეებისთვის.
ტეჩლოვანი /Techlovan
წარმოშობა: ჯიში მიღებულია ჩეხეთში, ჰიბრიდიზაციის გზით. ჯიშების ვანის და კორდიას [Van X Kordia] შეჯვარების შედეგად.
სინონიმები: ტეხლოვანი.
გავრცელება: საქართველოში შემოტანილია 2010 წელს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის (2014 წლიდან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ს. ჯიღაურას ექსპერიმენტული ბაზა) მიერ.
მორფოლოგიური დახასიათება:
ხე საშუალო ზრდის, მომრგვალო ფორმის, საშუალოდ ჩახშირებული ვარჯით. ყლორტები გრძელი, კანზე საშუალო რაოდენობის ბურცობებით. ფოთოლი, დიდი ზომის, ფირფიტა მოგრძო ოვალური ფორმის, მუქი მწვანე ფერის, ხერხკბილა. სანექტრე ჯირკვლები ყვითელი, თირკმლისებური ფორმის. ყვავილი დიდი ზომის, გვირგვინის ფურცლები ფართე ოვალური ფორმის, ერთმანეთს ეხებიან.
ნაყოფის პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი მსხვილი ან ძალიან მსხვილი (მასა 8,7-11.0 გ). მომრგვალო ფორმის (24X28სმ). მუცლის მხარეს გასდევს საშუალო სიღრმის ღარი. ყუნწი საშუალოზე გრძელი (სიგრძე- 4.8- 5.2 სმ). კანი მუქი წითელი ფერის, მბრწყინავი. რბილობი წითელი, მკვრივი. წვენი უფერული. კურკა საშუალო ზომის (მასა 0.32 გ). ელიფსური ფორმის ადვილად შორდება რბილობს. ნაყოფი მომჟავო-მოტკბო, საუკეთესო გემოსი. სადეგუსტაციო შეფასება 4.8 ბალი (5-ბალიანი სისტემით).
მარტივი ბიოქიმიური შედგენილობა: ხსნადი მშრალი ნივთიერება – 12.6 -14.0% (Brix); ტიტრული მჟავიანობა – 1.12-1.15%.
ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები:
ზრდა და მსხმოიარობა. ჯიშისთვის დამახასიათებელია საშუალო სიხშირის დატოტვა. ხასიათდება ყლორტების წარმოქმნის სუსტი და კვირტების გაღვიძების კარგი უნარით. მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მე-3-4 წელს (საძირეკოლტი). ახასიათებს რეგულარული და უხვი მსხმოიარობა. კვლევის მიხედვით დადგენილია, რომ საშუალო მოსავალი შეადგენს 22-26 კგ/ხე.
დამტვერვა. ჯიში არის საშუალო პერიოდის მოყვავილე. ყვავილობს აპრილის პირველ -მეორე დეკადაში. (საკონტროლო ჯიშ ბურლატთან შედარებით 3-4 დღით გვიან). ყვავილობის ხანგრძლივობა 9-10 დღეა. (ს. ჯიღაურას (მცხეთა) პირობებში). თვითსტერილია. საუკეთესო დამამტვერიანებელი ჯიშებია: ლაპინსი, ვანი.
გამძლეობა მავნებელ–დაავადებების მიმართ. ჯიში ტოლერანტულია ძირითადი სოკოვანი დაავადებების მიმართ.
სიმწიფის პერიოდი და შენახვის თავისებურებები. მაღალი სასაქონლო თვისებების მქონე, საშუალო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ნაყოფი მწიფდება ივნისის მეორე დეკადაში. ნაყოფები ნაკლებად მიდრეკილია დასკდომისკენ. ძირითადად გამოიყენება ნედლი სახით, სადესერტოდ.
ჯიშის დადებითი თვისებები. მიმზიდველი სასაქონლო სახის ნაყოფები, მაღალი და რეგულარული მსხმოიარობა.
ჯიშის უარყოფითი თვისებები. არაერთგვაროვანი სიმწიფე, გადამწიფებისას დარბილება.
ოგადი შეფასება. ჯიშს შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია სამრეწველო მიზნით გავრცელდეს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში, როგორც მაღალხარისხიანი საშუალო სიმწიფის ბლის ჯიში.
ფეროვია/ Ferrovia
წარმოშობა: იტალიური ჯიშია. ნაპოვნია შემთხვევითი თესლნერგის სახით ქალაქ ტურის (ბარი, აპულია) მიდამოებში რკინიგზასთან ახლოს 1930 -იან წლებში.
სინონიმები: სილეჯია დელა ფეროვია, ფეროვია დი ტური, რკინიგზის ბალი.
გავრცელება: საქართველოში შემოტანილია 2002 წელს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და FAO პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში.
მორფოლოგიური დახასიათება: ხე საშუალო, ან საშუალოზე ძლიერი ზრდის. ივითარებს გადაშლილ ვარჯს. ძირითადი ტოტები ღეროდან გამოსვლის კუთხე სწორ კუთხესთან ახლოა. ყლორტები გრძელი, მოყავისფერო, ოდნავ დაშვებული. ფოთოლი მწვანე, საშუალო, განიერ ოვალური ფორმის, მოკლე და მკვეთრი წვერით. ფირფიტის დაკბილვა – ხერხკბილა. ყუნწი გრძელი, პატარა, მუქი წითელი ფერის სანექტრეებით. ყვავილი დიდი ზომის. გვირგვინის ფურცლები ერთმანეთის მიმართ თავისუფლად არიან განლაგებული.
ნაყოფის პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი მსხვილი (მასა 8.2-9.3გ). მომრგვალო გულისებური ფორმის (25X23 მმ). ყუნწი საშუალოზე გრძელი (სიგრძე- 4.8-5.1 სმ), კანი მუქი წითელი ფერის, თითქმის შავი. საშუალო სისქის. რბილობი წითელი, მკვრივი, წვენი წითელი ფერის. კურკა მრგვალი საშუალოზე მსხვილი (მასა 0.58 გ). ნაყოფი ტკბილი, წვნიანი, არომატული სადესერტო გემოსი. სადეგუსტაციო შეფასება 4.7 ბალი (5-ბალიანი სისტემით).
მარტივი ბიოქიმიური შედგენილობა: ხსნადი მშრალი ნივთიერება – 14.3 -15.6% (Bრიხ); ტიტრული მჟავიანობა – 0.54-0.62 %.
ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები:
ზრდა და მსხმოიარობა. ჯიშს ახასიათებს კარგი განტოტვა და ყლორტების განვითარების მაღალი უნარი. ძირითადად მსხმოიარობს, სანაყოფე თაიგულებზე და ერთწლიან ტოტებზე. გვალვაგამძლეობა მაღალი აქვს, ზამთარგამძლეობა საშუალო. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-3-4 წელს (საძირე-კოლტი). მოსავლიანობა საშუალო, რეგულარული. კვლევის მიხედვით დადგენილია, რომ საშუალო მოსავალი შეადგენს 20-24 კგ/ხე.
დამტვერვა. ჯიში არის საშუალო პერიოდის მოყვავილე. ყვავილობას იწყებს აპრილის დასაწყისში (საკონტროლო ჯიშ ბურლატთან შედარებით 3-4 დღით გვიან). ყვავილობის ხანგრძლივობა 10 -12 დღეა. (ს. ჯიღაურას (მცხეთა) პირობებში). თვითსტერილია. საუკეთესო დამამტვერიანებელი ჯიშებია: რეგინა, კორდია, დურონე.
გამძლეობა მავნებელ–დაავადებების მიმართ. ჯიში ტოლერანტულია ძირითადი სოკოვანი დაავადებების მიმართ.
სიმწიფის პერიოდი და შენახვის თავისებურებები. მაღალი საგემოვნო თვისებების მქონე, საშუალო-საგვიანო სიმწიფის პერიოდის ბლის ჯიშია. ნაყოფი მწიფდება ივნისის მესამე დეკადაში. ტრანსპორტაბელობის უნარი კარგი აქვს. მაღალი სასაქონლო დანიშნულების ჯიშია. გამოიყენება როგორც ნედლი სახით, ასევე გადამუშავებისთვის.
ჯიშის დადებითი თვისებები. რეგულარული მსხმოიარობა, მიმზიდველი ნაყოფები, დამწიფების შემდეგ ნაყოფი ხიდან არ ცვივა.
ჯიშის უარყოფითი თვისებები. მიდრეკილება სიწვრილისკენ, წვიმიან ამინდებში ახასიათებს დასკდომა.
ზოგადი შეფასება. ჯიში რეკომენდებულია მოყვარული მებაღეებისთვის.
ცელესტე/ Celeste
წარმოშობა: კანადური ჯიშია. გამოყვანილია კანადაში სამერლედის სამეცნიერო ცენტრში (სელექციონერი დ.ვ ლეინი) 1970-იან წლებში.
სინონიმი: სამპაკა გავრცელება: საქართველოში შემოტანილია 2010 წელს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის (2014 წლიდან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ს. ჯიღაურას ექსპერიმენტული ბაზა) მიერ.
მორფოლოგიური დახასიათება: ხე ძლიერი ზრდის. ივითარებს პირამიდალური ფორმის ვარჯს. ძირითადი ტოტები ოდნავ დაშვებული. ყლორტები გრძელი საშუალო სიქის სიგრძის და სიგანის. ფოთოლი მწვანე, ფირფიტა – საშუალო ზომის, ვიწროოვალური ფორმის, მოკლე და მკვეთრი წვერით. ფირფიტის დაკბილვა – ორმაგხერხკბილა. ყუნწი საშუალო სიგრძის. წითელი ფერის, ოვალური ფორმის სანექტრეებით. ყვავილი საშუალო ზომის. გვირგვინის ფურცლები ერთმანეთის მიმართ თავისუფლად არიან განლაგებული.
ნაყოფის პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი მსხვილი (მასა 9.5-10.8 გ), გულისებრი ფორმის (27X24 მმ), მკვეთრი წითელი ფერის. ყუნწი მოკლე (სიგრძე 28 – 32 მმ). საშუალო სისქის. რბილობი წითელი, საშუალო სიმკვრივის. კურკა მრგვალი, საშუალო ზომის (0.3გ). ადვილად შორდება რბლობს. ნაყოფის გემო ტკბილი, არომატული. სადეგუსტაციო შეფასება 4.7 ბალი (5-ბალიანი სისტემით).
მარტივი ბიოქიმიური შედგენილობა: ხსნადი მშრალი ნივთიე-რება – 12.0-13.2% (Bრიხ); ტიტრული მჟავიანობა – 0.48-0.58 %.
ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები:
ზრდა და მსხმოიარობა. ჯიშს ახასიათებს საშუალო განტოტვა და კომპაქტური ვარჯი, ასევე ყლორტების განვითარების საშუალო უნარი. ძირითადად მსხმოიარობს, სანაყოფე თაიგულებზე და ერთწლიან ტოტებზე. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-3-4 წელს (საძირე – კოლტი). მოსავლიანობა რეგულარული, მაღალი. კვლევის მიხედვით დადგენილია, რომ საშუალო მოსავალი შეადგენს 22 – 25კგ/ხე.
დამტვერვა. ჯიში არის თვითფერტილი. საშუალო პერიოდის მოყვავილე. ყვავილობს აპრილის პირველ – მეორე დეკადაში. (საკონტროლო ჯიშ ბურლატთან შედარებით 2-3 დღით გვიან). ყვავილობის ხანგრძლივობა 9-12 დღეა. (ს. ჯიღაურას (მცხეთა) პირობებში).
გამძლეობა მავნებელ–დაავადებების მიმართ. ჯიში გამძლეობა ვაშლის ძირითადი სოკოვანი დაავადებების მიმართ არის საშუალო.
სიმწიფის პერიოდი და შენახვის თავისებურებები. კარგი საგემოვნო თვისებების მქონე ჯიშია. საადრეო-საშუალო სიმწიფის პერიოდის. ნაყოფი მწიფდება ივნისის მეორე დეკადაში. ძირითადად გამოიყენება ნედლი სახით სადესერტოდ.
ჯიშის დადებითი თვისებები. მიმზიდველი სასაქონლო სახე და მსხვილი ნაყოფები.
ჯიშის უარყოფითი თვისებები. ნაკლებ ტრანსპორტაბელური ჯიშია, მიდრეკილება აქვს დარბილებისა და დასკდომისკენ.
ზოგადი შეფასება. ჯიში რეკომენდებულია მოყვარული მებაღეებისთვის.
„საქართველოს ხეხილი: ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები“
ზვიად ბობქაშვილი,
ელენე მაღლაკელიძე