რა ხდება სოფლის მეურნეობაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი შემცირდა 6.3%-ით;
სურსათის ფასები გაიზარდა 6.2%-ით;
აგროექსპორტი გაიზარდა 20%-ით;
აგროიმპორტი შემცირდა 13%-ით.
2020 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტით დამტკიცებული 18.3 მლრდ. ლარიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 451.6 მლნ ლარს (მთლიანი ბიუჯეტის 2.5%-ს) მიიღებს. სამინისტრო მისთვის გამოყოფილი თანხიდან 10 მლნ ლარს (სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტის 2.2%-ს) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაზე, 389.6 მლნ ლარს (სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტის 86.3%-ს) სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, დაახლოებით 51.9 მლნ ლარს (11%) კი გარემოს დაცვაზე დახარჯავს.
2020 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ბიუჯეტი დაახლოებით 6.3%-ით შემცირდება. შემცირების მიუხედავად, დამატებით სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს ახალი დაარსებული მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო. 2020 წელთან შედარებით, ამ სააგენტოს ბიუჯეტი 85.8%, საქართველოს მელიორაციის ბიუჯეტი კი 19.8%-ით გაიზრდება. ბიუჯეტი შემცირდება ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის 37.7%-ით, სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის – 15.2%-ით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისთვის – 11%-ით, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოსთვის – 2.4%-ით. 2020 წელთან შედარებით, სამინისტრო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ერთობლივ პროგრამაზე 9.9%-ით ნაკლებ თანხას დახარჯავს.
მიუხედავად იმისა, რომ თანხების გადანაწილება მცირედით შეიცვალა, წინა წლების მსგავსად, სამინისტროს ბიუჯეტის უდიდესი წილი სოფლის განვითარების სააგენტოზე (53%), საქართველოს მელიორაციასა (23.3%) და ღვინის ეროვნულ სააგენტოზე (12.8%) დაიხარჯება. სოფლის განვითარების სააგენტო გააგრძელებს 16 პროგრამის დაფინანსებას. ამ პროგრამებს შორის იქნება „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამაც, რომელზეც 2021 წელს 115 მლნ ლარი (მთლიანი ბიუჯეტის 55%) დაიხარჯება. „დანერგე მომავალი“ 18 მლნ ლარით (8.7%), „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტი კი 12 მლნ ლარით (5.8%) დაფინანსდება.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განსაზღვრავს სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტებსაც. ესენია:
• ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება;
• ფერმერებისა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაუმჯობესება;
• კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.
მიმოხილვა ვრცლად იხილეთ თანდართულ ბმულზე: https://iset-pi.ge/images/AGRIndex/Agri_Review/2021_AgriReview_March_GEO.pdf
წყბარო: iset-pi.ge