ხიხვი
ხიხვი – ადგილობრივი მცირედ გავრცელებული სტანდარტული ვაზის ჯიშია. იძლევა მაღალხარისხოვან საფრის თეთრ ღვინოს, ხოლო ზოგიერთ მიკრორაიონში მაღალხარისხოვან სადესერტო ღვინოს.
ლიტერატურულ წყაროებში ხიხვის სინონიმები არ არის ცნობილი. თელავისა და ახმეტის რაიონებში ჯიში ატარებს „ჯანანურას“ სახელოწოდებას, რომელიც მიღებული აქვს მას ახმეტის რაიონის სოფელ ჯანაანიდან, ხოლო გურჯაანისა და სიღნაღის რაიონებში – ხიხვის სახელწოდებას. მათი იგივეობა ჩვენ მიერ დადგენილია ვაზისუბნის საკოლექციო ნაკვეთზე, სოფ. რუისპირიდან (თელავის რ-ნი) და კარდანახიდან (გურჯაანის რ-ნი) ჩამოტანილი ვაზების შედარებით. უცხოეთის ამპელოგრაფიებში ხიხვი აღწერილი და მოკლედ დახასიათებულია ხიხვას (მწვანე) Khikva (Mtswane) სახელწოდებით.
ძირითადი მორფოლოგიური ნიშნების – ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა, მრგვალი მარცვალი და სხვა აგრობიოლოგიური ნიშან-თვისებების შედარებითი შესწავლით მოპოვებული მონაცემების მიხედვით ხიხვი ვაზის ჯიშთა წარმოშობის ადგილობრივი კერიდან არის წარმოქმნილი. თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით ხიხვი Prol. pontica subprol. Georgica Negr.–ის ეკოლოგიურ-გეოგრაფიული ჯგუფის ვაზის ჯიშებს ეკუთვნის.
საქართველოში ვაზის წარმოშობის ორი ძირითადი – კოლხეთისა და ალაზნის ველის კერისაგან წარმოშობილი ჯიშები საგრძნობლად განსხვავდება ურთიერთისაგან, ძირითადად, მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით. კოლხეთის ვაზის ჯიშები ხასიათდება, ძირითადად, ფოთლის ქვედა მხარის სქელი აბლაბუდისებრი ან ქეჩისებრი შებუსვით, პატარა ან საშუალო მტევნებითა და მრგვალი მარცვლით, ხოლო ალაზნის კერის ჯიშები სუსტად შებუსვილი ან შეუბუსავი ფოთლით, საშუალო და საშუალოზე დიდი მტევნებითა და ოვალური მარცვლით.
აღსანიშნავია, რომ ხიხვისა და მისი მსგავსი სახელწოდებით საქართველოში სხვადასხვა ბევრი ჯიშია ცნობილი; კახეთში – ხიხვი, რაჭაში – ხიხვა, ლეჩხუმში – ხიხვი, სამეგრელოში – ხემხუ და გურიაში – ხემხო. კახეთის, რაჭისა და ლეჩხუმის ხიხვის შესახებ მოიპოვება სრული ბოტანიკური აღწერა და სამეურნეო დახასიათება, რომელთა მიხედვით ისინი შებუსვილფოთლიანი, მრგვალი, თეთრმარცვლიანი, მაგრამ ურთიერთისაგან საკმაოდ განსხვავებული ჯიშებია; რაც შეეხება ჯიშ ხემხოსა და ხემხუს ან მათ მსგავსებას დანარჩენ ხიხვად წოდებულ ჯიშებთან, ეს საკითხი ღიად რჩება, რადგან ჯიშები ხემხო და ხემხუ ჯერ აღმოჩენილი არ არის და არც მათი ბოტანიკური აღწერა და სამეურნეო დახასიათებაა შემონახული. აკად. ივ. ჯავახიშვილი სახელწოდებათა – ხიხვი, ხიხვა, ხეხმხუ, ხემხო – ენობრივ ანალიზზე დაყრდნობით, გულისხმობდა ერთი ჯიშის არსებობას და ამ სახელწოდებათა შორის არსებულ განსხვავებას ხსნიდა საუკუნეთა მანძილზე წარმოებული სიტყვის ფონეტიკური ცვალებადობით, მაგრამ ამ ანალიზის მასალები საკმარისი არ აღმოჩნდა საბოლოო დასკვნის გამოსატანად.
სავსებით დასაშვებია, რომ ხიხვი თავდაპირველად წარმოადგენდა ახლო ნათესაურ, მაგრამ საკმაოდ განსხვავებულ წიპწებიდან აღმონაცენების ნარევს. შემდგომში მისი სხვადასხვა რაიონში გავრცელების შედეგად მოხდა მათი დიფერენცირება გარემო პირობებისადმი შესატყვის ფორმებად, პირვანდელი სახელწოდების შენარჩუნებით. ამ გზით შეიძლება წარმოქმნილიყო ერთი სახელწოდების რამდენიმე განსხვავებული ჯიში.
ჯიშის ხნიერების საკითხის განსაზღვრა უფრო გაძნელებულია, რადგან ამ განსაზღვრისათვის საჭირო სამეურნეო ისტორიის ძეგლები არ მოიპოვება. ასეთ შემთხვევაში აკად. ივ. ჯავახიშვილი ჯიშის შედარებით ხნიერების განსაზღვრის ერთ-ერთ საიმედო მეთოდად თვლის ჯიშის სახელწოდებათა ენობრივ ანალიზს. ცალკეული სიტყვის აგებულებისა და დროის მანძილზე მისი ცვალებადობის გათვალისწინებით შესაძლებელია შედარებით სწორად განისაზღვროს ვაზის ჯიშების ხნიერების საკითხი. ამ მოსაზრებებზე დაყრდნობით აკად. ივ. ჯავახიშვილმა ხიხვი რქაწითელზე უფრო ხნიერ ჯიშად მიიჩნია, რომლის წარმოშობა ახალი ერის V და მომდევნო საუკუნეებს მიაკუთვნა.
სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის გამოჩენამდე ხიხვი საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული კახეთში. ახმეტის, რუისპირის, იყალთოს, ბაკურციხის, კოლაგის და სხვა სოფლების ღვინოების მაღალი ხარისხი მიეწერბა, ძირითადად, ხიხვს, რომელიც გავრცელებული ყოფილა როგორც წმინდა ვენახების, ისე ნარევის სახით მწვანესთან და რქაწითელთან ერთად.
ნაცრის მიმართ სუსტი გამძლეობის გამო ამ ჯიშის ახალ ვენახებს არ აშენებდნენ და იგი გადაშენების გზაზე იყო დამდგარი. ამას ადასტურებენ აგრონომები ვ. გეევსკი და გ. შარერი – „მეორე, ძლიერ მოსავლიანი, მაგრამ ნაზი კახური ჯიში ხიხვი ნაცრისაგან უკვე გადაშენდა. მას ჰქონდა ძალიან ტკბილი მარცვალი და იძლეოდა არაჩვეულებრივ ნაზ და სუფთა გემოს ღვინოს, მწიფდებოდა სხვა ჯიშებზე ადრე“.
ამჟამად ხიხვი გავრცელებულია წმინდა ნარგავების სახით ძირითადად სამტრესტის საბჭოთა მეურნეობებში, ნარევის სახით ძირითადად სამტრესტის საბჭოთა მეურნეობებში, ნარევის სახით იგი გვხვდება მწვანესთან და რქაწითელთან ერთად კოლმეურნეობებისა და კოლმეურნეების ძველ ვენახებში.
ვენახების 1940 წლის აღწერის მასალების მიხედვით ხიხვი გავრცელებულია ძირითადად კახეთში – თელავის, გურჯაანის, ახმეტის, სიღნაღისა და ყვარლის რაიონებში დაახლოებით 16 ჰექტარ ფართობზე. უფრო დაწვრილებითი ცნობები ხიხვის გავრცელების შესახებ მოცემულია ქვემოთ, 1953 წლის აღწერის მასალების მიხედვით .
როგორც 1-ლ ცხრილიდან ჩანს, ხიხვს 1953 წლისათვის ძლიერ მცირე ფართობი – 57,5 ჰექტარი ეჭირა, ძირითადად, კახეთისა და მესხეთის საბჭოთა და კოლექტიურ მეურნეობებში. კოლმეურნეთა ვენახებში ნარევის სახით გავრცელებული ხიხვი არ ყოფილა აღრიცხული. საკმაოდ დიდი რაოდენობით ხიხვი გვხვდება თელავის, გურჯაანის, საგარეჯოს და ახმეტის რაიონების ძველ ვენახებში ნარევის სახით. რუისპირის კოლმეურნეობა „ყურძენ-თავთავის“ რქაწითელის ზოგიერთ ძველ ვენახებში ხიხვის ნარევი ერთ მესამედს აღწევს. რაჭა-ლეჩხუმში 1,93 ჰექტარ ფათრობზე გაშენებული ვაზის ადგილობრივი ხიხვია. საბჭოთა კავშირის მევენახეობის სხვა რაიონებში ხიხვი მცირედაა გავრცელებული; იგი გვხვდება სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების საკოლექციო და ჯიშთა გამოცდის ნაკვეთებზე, მაგალითად, უკრაინის მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტში, დაღესტნის, მოლდავეთისა და უზბეკეთის მევენახეობის საცდელ დაწესებულებათა ნაკვეთებზე.
საქართველოში მევენახეობის და ხარისხოვანი მეღვინეობის განვითარებასთან დაკავშირებით გულდასმით იქნა გადასინჯული საქართველოს ვაზის ჯიშობრივი შემადგენლობა და ყველა ძვირფასი, ისტორიულად ცნობილი ვაზის ჯიში, რომელიც ძველად რაიმე მიზეზის გამო (მცირემოსავლიანობა, ავადმყოფობათა მიმართ სუსტი გამძლეობა და სხვ.) არ მრავლდებოდა, შეტანილ იქნა ვაზის სარაიონო სტანდარტულ ასორტიმეტში, მათი აღდგენისა და შემდგომში ფართო გავრცელების მიზნით. ასეთი ბედი ეწვია ხიხვსაც, იგი უკვე შეტანილია სარაიონო სტანდარტულ ასორტიმენტში და დაგეგმილია მისი გავრცელება დიდ ფართობებზე.
უახლოეს დროში ხიხვი დაიკავებს 200 ჰექტარზე მეტ ფართობს. მოწინავე აგროტექნიკის გამოყენებით ხიხვი უფრო სრულად გამოავლენს თავის შესანიშნავ თვისებებს, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფართოდ გავრცელებას.
ჯიშის ბოტანიკური ნიშნები აღწერილია მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის ექსპერიმენტულ ბაზაზე სოფ. ვაზისუბანში (გურჯაანის რ-ნი) საკოლექციო ვენახში, რომელიც მდებარეობს ცივ-გომბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე 565 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.ბოტანიკური აღწერა
ახალგაზრდა ყლორტი
ახალგაზრდა 15-20 სმ სიგრძის მოზარდი ყლორტის წვერი გვირგვინითა და პირველი 2-3 ჯერ გაუშლელი ფოთოლაკით ქეჩისებრ შებუსვილია ორივე მხრივ და შეფერილია თეთრად, მორუხო იერის გადაკვრით. მე-4, მე-5 ფოთლების შებუსვა ზედა მხრიდან მცირდება და მოყვითალო მწვანე ხდება, მოწითალო ან მოღვინისფრო იერით; ფოთლის ქვედა მხარე მოვერცხლისფრო თეთრია და ოდნავ მოვარდისფრო იერი დაჰკრავს ფოთოლაკების ირგვლივ. სუსტი აბლაბუდისებრი შებუსვა შესამჩნევია ახალგაზრდა ფოთლების ზედაპირზედაც.
ერთწლიანი რქა
კარგად შემოსულ ერთწლიან რქებს შემოდგომით ბაცი ყვითელი ფერი აქვს მონაცრისფრო იერით; ეს იერი იმდენად მკაფიოა, რომ შორიდან რქები მონაცრისფრო რუხი ფერისა ჩანს, მუხლთშორისების საშუალო სიგრძე 8-10 სმ უდრის. ზოლები რქის გასწვრივ სუსტად არის გამოსახული. მუხლები ოდნავ უფრო მუქია მუხლთშორისებზე.
ფოთოლი
შუა იარუსის ზრდადამთავრებული ფოთლები თავისი მოხაზულობით მომრგვალოა, დიდი ან საშუალოზე უფრო დიდი ზომისაა (26X26 სმ). ქვედა იარუსის ფოთლები უფრო წაგრძელებულია – ოვალურია. ფოთოლი სამი, იშვიათად ხუთნაკვთიანია, მეორადი დანაკვთვა არ ახასიათებს. ფოთლის ზედაპირი წვრილბურთულებიანია, იშვიათად ბადისებრ დანაოჭებულიცაა, ხოლო ქვედა იარუსის ფოთლები მსხვილბურთულებიანია. ფოთლის ნაკვთები ჩვეულებრივ დახრილია ძირს, რის გამოც ფოთოლი ფინჯანისმაგვარ ფორმას იღებს (დამახასიათებელია ჯიშისათვის).
ფოთლის ზედა ამონაკვეთები უფრო ხშირად ზეზეურია, ან საშუალო სიღრმისაა. ამონაკვეთები ნაპრალისებრი ან ჩანგისებრია შევიწროებული ყელითა და წამახვილებული ფუძით, იშვიათად იგი შეჭრილი კუთხისმაგვარია.
ქვედა ამონაკვეთები, ჩვეულებრივ, ზედა ამონაკვეთებზე უფრო ზეზეურია და იშვიათად საშუალო სიღრმეს აღწევს. ამონაკვეთები ნაპრალისებრია, იშვიათად ჩანგისებრია შევიწროებული ყელით. ზოგჯერ ამონაკვეთები სულ არ არის გამოსახული.
ყუნწის ამონაკვეთის ფორმა მერყეობს – ვიწროფუძიან ჩანგისებრი ამონაკვეთიდან ისრისმაგვარ ღრმა ამონაკვეთამდე. უფრო ხშირად ყუნწის ამონაკვთები ჩანგისმაგვარი, ან ღრმა თაღისებრია, იშვიათად იგი დახურულია, აქვს ვიწრო ელიფსისებრი თვალი ერთი ან ორი დეზით, ზოგჯერ სწორგვერდებიანი და შვილდისებრი ამონაკვეთიც გვხვდება.
ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება გვერდებგამოწეული სამკუთხედისებრი კბილებით ან სამკუთხედისებრი მომრგვალებულ წვერიანი კბილებით. გვერდითი კბილები უფრო ხშირად ხერხის კბილისებრია გამოწეული გვერდითა და მახვილი წვერით.
ფოთლის ქვედა მხარე შებუსვილია საკმაოდ სქელი, აბლაბუდისებრი ბეწვებით. შებუსვის ინტენსივობა მატულობს ზემოდან ქვევით.
ფოთლის ყუნწი ზოგჯერ შებუსვილია აბლაბუდისებრი ბეწვებით და შეფერილია მოღვინისფრო-წითლად. ყუნწის სიგრძე უდრის ფოთლის შუა ძარღვის სიგრძეს ან ოდნავ მასზე მოკლეა. ხშირად ფოთლის ფირფიტა ყუნწთან ქმნის სწორ კუთხეს, რაც ერთგვარ კომპაქტურ შეხედულებას აძლევს ვაზს.
ყვავილი
ნორმალური აგებულების ყვავილი ორსქესიანია. მტვრიანები სწორმდგომია, ყვავილში 5 მტვრიანაა, იშვიათად 6. მტვრიანის ძაფის სიგრძის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან 1,0-1,25, იშვიათად 1,50 უდრის. ბუტკო სწორი კონუსისმაგვარია. აქვს კარგად გამოსახული სვეტი და ორად გაყოფილი დინგი, გვხვდება აგრეთვე ოთხად გაყოფილი დინგიც.
მტევანი
ხიხვის მტევნები საშუალო და საშუალოზე მცირეა. საშუალო მტევნების სიგრძე მერყეობს 12-დან 16 სმ-მდე, სიგანე კი 6-დან 8 სმ-მდე. საშუალო მტევნის სიგრძე-სიგანე შეადგენს 13X7 სმ, ხოლო სრული კარგად განვითარებული მტევნებისა 16,5X8 სმ უდრის. უფრო ხშირად მტევნები ცილინდრული, ან ცილინდრულ-კონუსისებრია, ხოლო ზოგჯერ მხრიანია. მტევნის მხარი ჩვეულებრივ ძირითადი მტევნის ნახევარს აღწევს. მტევნები ხშირად თხელია, იშვიათად საშუალო სიმკვრივის მტევნებიც გვხვდება. მარცვლების რაოდენობა მტევანში მერყეობს 60-დან 160-მდე, საშუალოდ კი 70 უდრის. მტევანში ორი მესამედი მარცვლებისა მსხვილია, დანარჩენი წვრილი და საშუალო ზომისაა. მტევნის საშუალო წონა მერყეობს 80-დან 200 გ-მდე, საშუალოდ კი 100-120 გ უდრის. მტევნის ყუნწის სიგრძე მერყეობს 3,5-დან 6,0 სმ-მდე, ხოლო საშუალოდ 4,5-5 სმ უდრის. ყუნწი ბალახისებრია, ფერად მწვანე. იგი მხოლოდ შუა ნაწილიდან ფუძისაკენ ხევდება და იღებს რქის ფერს. მარცვლის ყუნწი მწვანეა, მისი სიგრძე მერყეობს 0,5-დან 1,0 სმ-მდე. მარცვლის ბალიში ხორკლიანია და განიერი კონუსისებრი ფორმა აქვს.
მარცვალი
მარცვალი საშუალო ზომისაა, მისი სიგრძე მერყეობს 1,4-დან 1,8 სმ-მდე, ხოლო განი 1,35-დან 1,76 სმ-მდე. მარცვლის ზომა საშუალოდ 1,60X1,55 სმ უდრის. მარცვალი მომეტებულ შემთხვევებში მომრგვალოა, იშვიათად გვხვდება ოვალური ფორმის მარცვლებიც. მარცვალი სიმეტრიულია, შუაში განიერი, ბოლო მომრგვალებული აქვს. ფერად მომწვანო-ყვითელია, მზისაკენ მიქცეულ მხარეზე სიდამწვრის ხალები აქვს. კანი თხელია და ადვოილად შორდება რბილობს. რბილობი წვნიანია, მდნარი. ცვილისებრი ფიფქი მარცვლებზე სუსტად არის გამოსახული. წვენი უფერულია, გემო სასიამოვნო აქვს თავისებური ჯიშური არომატით.
წიპწა
წიპწების რაოდენობა მარცვალში 1-დან 3-მდე მერყეობს, საშუალოდ ერთ მარცვალზე 1,6 წიპწა მოდის. წიპწის სხეული მომრგვალო ოვალურია, რომელიც ნისკარტისაკენ თანდათან ვიწროვდება. წიპწის სხეულს აქვს მოყვითალო-რუხი ფერი, ხოლო ნისკარტი ნარინჯისფერია, წიპწის სიგრძე 7-8 მმ, ხოლო განი 5-6 მმ უდრის, ქალაძა წიპწის შუა ნაწილშია მოთავსებული. იგი მომრგვალო ფორმისაა და ოდნავ ჩაზნექილია, წიპწის მუცლის მხარე ქედიანია. ღარები მუცლის მხარეზე ვიწრო და არაღრმაა, რომლებიც ერთი მეორის პარალელურად მიერმათება და იკარგება ნისკარტის არეში. ღარტაფი ქალაძიდან სხეულის ზედა ნაწილისაკენ კარგად არის გამოსახული. წიპწის ნისკარტი ცილინდრულია, ხორკლიანი, წვერში შევიწროებული და ირიბად შეჭრილი.
აგრობიოლოგიური დახასიათება
სავეგეტაციო ფაზების მსვლელობა
დაკვირვებანი სავეგეტაციო პერიოდისა და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში სოფ. კურდღელაურში.
სავეგეტაციო პერიოდისა და მისი ცალკეული ფაზების დასახასიათებლად ქვემოთ მე-2 ცხრილში მოტანილია დაკვირვებების მონაცემები.
როგორც მე-2 ცხრილიდან ჩანს, ხიხვის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა დამოკიედბულია ცალკეული წლის მეტეოროლოგიურ პირობებზე. რაც უფრო მცირეა ნალექები სარეპროდუქციო და სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, მით უფრო მოკლეა სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა და ნაკლებია აქტიურ ტემპერატურათა ჯამიც. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობისა და სრული სიმწიფის დადგომის საშუალო თარიღის მიხედვით ხიხვი მიეკუთვნება სიმწიფის II პერიოდის ჯიშებს. ხიხვი ერთი პერიოდით – 9-10 დღით უფრო ადრე მწიფდება, ვიდრე რქაწითელი და შესაბამისად აქტიურ ტემპერატურათა ნაკლებ ჯიშს მოითხოვს.
ამ მონაცემების საფუძველზე ხიხვი ჩვენ მიერ შეტანილი იყო მესხეთის რაიონში გამოსაცდელად. ახალციხის რაიონის სოფ. ზიქილიაში მისი ყურძენი სრულად მომწიფდა, ხოლო 1946 წელს იმდენად გადამწიფდა, რომ მისგან ბუნებრივად ნახევრადტკბილი ტიპის ღვინო დადგა. აღნიშნულის გამო ხიხვი შეტანილია მესხეთის სარაიონო სტანდარტულ ასორტიმენტში და წრიოხის საბჭოთა მეურნეობაში (ახალციხის რ-ნი) იგი 9 ჰექტარ ფართობზე გაშენდა.
კახურ სტანდარტულ ვაზის ჯიშებს შორის ხიხვი ყველაზე უფრო საადრეოა და ამიტომ მისი ერთწლიანი რქების სრულად მომწიფების საკითხი ეჭვს არ იწვევს. უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია ხიხვის ერთწლიანი რქების მომწიფების საკითხი მევენახეობის ჩრდილო და მაღალმთიან რაიონებში. ასე, მაგალითად, უკრაინაში ხიხვი ოდესის რაიონში დამაკმაყოფილებლად მწიფდება, კარგად მწიფდება იგი აგრეთვე ახალციხის რაიონშიაც. ჩვენი დაკვირვებით ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდისათვის ერწლიანი რქების სავსებით ასწრებს მომწიფებას ერთი მეტრის სიგრძემდე, რომლის ზემოთ ჩვეულებრივ მათ წვერები ეჭრება.
კახეთის პირობებში, სხვა ჯიშებთან შედარებით, ხიხვი საშუალო ზრდის სიძლიერით ხასიათდება, ხოლო უკრაინის (ოდესის რ-ნი) პირობებში იგი ღონიერი ზრდისაა.
მოსავლიანობა
ხიხვი მსგავსად სხვა კახური ჯიშებისა, ნაადრევად იწყებს პირველი მოსავლის მოცემას. თელავში ხიხვის ნამყენებმა სარეპროდუქციო ნაკვეთზე დარგვიდან მეორე წელს გამოიღო პირველი ნიშანი, მესამე წელს კი სრული მოსავლის ერთი მესამედი, ხოლო მეოთხე წელს ნორმალური მოსავალი მოგვცა.
ხიხვის მოსავლიანობა საშუალოზე მცირეა. ხიხვი უკეთეს მოვლას და დამატებით წამლობას მოითხვოს ნაცრის წინააღმდეგ, ალბათ ამით უნდა აიხსნას მისი შედარებით უფრო მაღალი მოსავლიანობა სოკოვან ავადმყოფობის (ნაცრის) შემოჭრამდე. ასე, მაგალითად, ვ. გეევსკი და გ. შარერი წერდნენ „მეორე ძალიან მოსავლიანია, ნაზი კახური ჯიში – ხიხვი ნაცრის გამო უკვე გადაშენდა“.
ჩვენში ნაცრისა და ფილოქსერის შემოჭრამდე ხიხვი კარგი მოსავლიანობით ხასიათდებოდა, რადგან მას არ აზიანებდა ნაცარი და ფილოქსერა. მიუხედავად იმისა, რომ ხიხვი ახლა გამძლე საძირეებზე მყნობით მრავლდება და ნაცრის მიმართ ბრძოლის საშუალებაც ცნობილია, ხიხვის მოსავლიანობა მაინც არადამაკმაყოფილებელია, რაც წამლობის ჩატარების ვადების დარღვევითა და ზოგჯერ უხარისხო წამლობით უნდა აიხსნას. უკანასკნელ წლებში, როცა ვენახების მოვლა-დამუშავება გაუმჯხობესდა, ხიხვის მოსავლიანობამაც იმატა, რაც უფრო ნაზი და გარემო პირობებისადმი მგრძნობიარეა ვაზის ჯიში, მით უფრო მეტ ფაქიზ მოვლა-დამუშავებას მოითხოვს იგი. ხიხვის მსხმოიარობის დასახაისათებლად ქვემოთ მოყვანილია მისი მოსავლიანობის მაჩვენებლები.
მე-3 ცხრილიდან ჩანს, რომ ხიხვის მოსავალი დასახელებულ საბჭოთა მეურნეობებში, ყოველწლიურად მატულობს მეორე მხრივ, აღსანიშნავია სხვადასხვა მეურნეობაში ხიხვის სხვადასხვა ოდენობის მოსავალი რქაწითელთან შედარებით. მაგალითად, წინანდლის და კარდანახის საბჭოთა მეურნეობებში ხიხვის მოსავალი ნაკლებია რქაწითელის მოსავალზე, მუკუზნისა და ალგეთის საბჭოთა მეურნეობებში ხიხვის და რქაწითელის საშუალო მოსავალი თითქმის თანაბარია, ხოლო ყვარლისა და თელავის საბჭოთა მეურნეობებში ხიხვის მოსავალი ოდნავ ჭარბობს რქაწითელისას. ხიხვისაგან ყველაზე მაღალი მოსავალი მიღებულია ხირსის საბჭოთა მეურნეობაში, მაგრამ იქ იგი რქაწითელზე უფრო ნაკლებმოსავლიანია. სამი (1938-1940) წლის განმავლობაში ხიხვი საშუალო მოსავლით ჩამორჩა როგორც მწვანეს, ისე რქაწითელს, თუმცა 1941 წელს მან საგრძნობლად გადააჭარბა მათ.
სამტრესტის ცნობით თელავის საბჭოთა მეურნეობაში 1951 წელს მიღებული იყო 46 ცენტნერი, 1952 წელს – 58 ცენტნერი, 1954 წელს 55 ცენტნერი ყურძენი, ხოლო ყვარლის საბჭოთა მეურნეობაში 1953 წელს 60 ცენტნერი ყურძენი.
სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ გამძლეობა
კახეთის სტანდარტულ ვაზის ჯიშებთან შედარებით ხიხვის ნაცრის მიმართ გამძლეობა სუსტია. მხოლოდ ზოგიერთ (მაგალითად, იყალთოს, რუისპირის და ნაწილობრივ ახმეტის) მიკროუბანში ხიხვი თითქმის არ ზიანდება ნაცრისაგან, რა თქმა უნდა ჩვეულებრივი წამლობის პირობებში. ეს აიხსნება იმით, რომ ამ მიკროუბნებში ნაცრის განვითარებისათვის არ არის ისეთი ხელშემწყობი პირობები, როგორც სხვაგან. ნაწილობრივ ამით შეიძლება აიხსნას ის გარემოება, რომ ხიხვი ძირითადად იყო და არის გავრცელებული თელავისა და ახმეტის ზოლზე მდებარე სოფლებში. ამ ზოლზე ხიხვის მოსავლიანობა უფრო მაღალია, ვიდრე თელავისა და წინანდლის უბანში.
ჭრაქის მიმართ გამძლეობა საშუალოა, ამ მხრივ იგი არ განსხვავდება კახეთის დანარჩენ სტანდარტულ ვაზის ჯიშებისაგან. ფილოქსერის მიმართ მისი გამძლეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია. იყალთო-რუისპირის კოლმეურნეობის ძველ ვენახებში ახლაც გვხვდება ხიხვი საკუთარ ძირზე (უმყენი) საკმაო რაოდენობით. კარგი გამძლეობით ხასიათდება ხიხვი ყურძნის ჭიის მიმართაც, იგი როგორც თხელმტევნიანი ჯიში, მისგან ნაკლებად ზიანდება.
ამრიგად, ხიხვის მყარი და მაღალი მოსავლის მისაღებად საჭიროა ვენახების კარგი მოვლა-დამუშავება და განსაკუთრებული ყურადღებით წამლობა ნაცრის წინააღმდეგ. ერთი-ორი დამატებითი წამლობა და წამლობის ვადების ზუსტი დაცვა აუცილებელია ყურძნის მოსავლის გადასარჩენად.
ტექნოლოგიური დახასიათება
ყურძნის მექანიკური შედგენილობა
მტევნების გარეგნული შეხედულება, ყურძნის მექანიკური შედგენილობა და წვენის ქიმიური შეცულობა ადასტურებს ხიხვის საღვინე ჯიშად გამოყენების მიზანშეწონილებას. ყველა მაჩვენებლების მიხედვით ხიხვი უდავოდ საღვინე ჯიშია და იგი ძველთაგანვე ამ მიმართულებით იყო და ამჟამადაც არის გამოყენებული. მისგან მზადდება მაღალხარისხოვანი როგორც სუფრის მშრალი ღვინო, ისე სადესერტო ტიპის ღვინო „ხიხვის“ სახელწოდებით.
ხიხვი ლაბორატორიულ პირობებში წვენის კარგი გამოსავლიანობით ხასიათდება, წარმოების პირობებში ტკბილის გამოსავლიანობა შედარებით ნაკლებია, რაც ერთი ტონა ყურძნიდან შეადგენს 765,4 კგ ყურძნის წვენს და 234,6 კგ ჭაჭას.
ყურძნის წვენის ქიმიური შედგენილობა
ხიხვი შაქრის დაგროვების კარგი უნარით ხასიათდება და მასთან ერთად მჟავიანობასაც საკმაო რაოდენობით ინარჩუნებს. გურჯაანის რაიონში, სახელდობრ, კარდანახის მიკროუბანში ხიხვის შაქრიანობა საშუალოდ 26-27% შეადგენს, ზოგიერთ წლებში კი 30% და მეტს აღწევს. ბლომად აგროვებს შაქარს ხიხვი უკრაინაშიაც. ქ. ოდესის მიდამოებში ცალკეულ წლებში მისი შაქრიანობა 27% აღწევს. ქვემოთ მოყვანილია ხიხვის შაქრიანობა-მჟავიანობის მაჩვენებლები რაიონებისა და წლების მიხედვით.
ყურძნის გამოყენება და პროდუქციის ხარისხი
ხიხვის ყურძნიდან ძირითადად სუფრისა და სადესერტო ღვინო მზადდება. ხიხვის ყურძნიდან როგორც ევროპული, ისე კახური წესით მაღალი ღირსების ღვინო დგება. ევროპული სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია, გამჭვირვალე, აქვს სასიამოვნო ჯიშური არომატი, ნაზი, სრული და ჰარმონიული გემო. კახურად დაყენებული კი – მუქი ჩალისფერი, საკმაოდ სხეულიანი, სრული და ჰარმონიულია. მთელ რიგ ავტორიტეტულ სადეგუსტაციო კომისიის სხდომებზე ხიხვის ღვინო მუდამ მაღალ შეფასებას იღებდა და იღებს. მაგალითად. ქ, მოსკოვში ცენტრალურ სადეგუსტაციო კომისიის სხდომაზე 1946 წლის 11 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ წარდგენილი ღვინის ნიმუში იყალთოს „ჯანანურა“-1942 წლის მოსავლისა დახასიათებული იყო შემდეგნაირად: „მოოქროსფრო, არომატი დამახასიათებელი, გემო ნაზი ჰარმონიული, საშუალო ბალი 9,1“. იმავე სადეგუსტაციო კომისიის სხდომაზე მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მიერ წარდგენილი ხიხვის ღვინო ზიქილიას საცდელ ნაკვეთიდან (ახალციხის რაიონი) ევროპულად დაყენებული დახასიათებული იყო შემდგენაირად: „ღია მოოქროსფრო, ორიგინალური ჯიშური არომატი, გემო სასიამოვნო, მოტკბო. სასურველია ხიხვიდან დამზადდეს ნახევრად-სადესერტო – სოტერნის ტიპის ღვინო. საშუალო ბალი 7,7 (8 ბალიანი შეფასების დროს). მაღალი შეფასება აქვს მიღებული ხიხვის ღვინოს აგრეთვე თბილისში რესპუბლიკურ სადეგუსტაციო კომისიის სხდომებზე.
ასეთივე მაღალი ღირსების მხოლოდ სხვა ტიპის სადესერტო ღვინოს იძლევა ხიხვი კარდანახის მიკრორაიონში. ეს ღვინო ცნობილია „ხიხვის“ სახელწოდებით. ეს სამარკო ღვინო შექმნა სამტრესტის მთავარმა მეღვინემ ვ. კანდელაკმა, იგი მუქი ქარვისფერია, გემო სრული ჰარმონიული აქვს, ტოკაის ღვინოსათვის დამახასიათებელი ბუკეტით. ღვინო შეიცავს 13º ალკოჰოლს, 5-7‰ საერთო მჟავიანობას და 24% შაქარს. სადესერტო „ხიხვი“ თავისი მაღალი გემური თვისებების გამო მუდამ მაღალ შეფასებას იღებს. ასე, მაგალითად, 1940 წლის მოსავლის ხიხვმა, რომელიც შეიცავდა 14,2º ალკოჰოლს, 4,3‰ საერთო მჟავას, 0,39 მქროლავ მჟავას, 25% შაქარს, ცენტრალურ სადეგუსტაციო კომისიის 1944 წლის 2 იანვრის სხდომაზე მიიღო ბალი 9,1 და დახასიათებული იყო, როგორც მეტად მაღალი ღირსების სადესერტო ღვინო. ასეთივე მაღალი შეფასება აქვს მიღებული მას რესპუბლიკური სადეგუსტაციო კომისიის სხდომებზე. ასე, მაგალითად, 1946 წლის მაისში სადეგუსტაციო კომისიის ხდომაზე 1946 წლის მოსავლის „ხიხვმა“ მიიღო უმაღლესი ნიშანი – ბალი 8, ხოლო 1947 წლის სადეგუსტაციო სხდომაზე 1945 წლის მოსავლის „ხიხვმა“ ბალი 9,5.
ხიხვს ხშირად იყენებდნენ აგრეთვე სხვა ჯიშის ღვინოების გასაუმჯობესებლად. თელავ-ახმეტის ზოლის ღვინის მაღალი ხარისხი (განსაკუთრებით იყალთო-რუისპირის, გორგორების, არტოზანის, ალექსაურების და სხვა ადგილებისა) აიხსნება მწვანისა და, ამ რაიონში ჯანანურად წოდებულ, ხიხვის მონაწილეობით. ახლაც ამ ადგილების ძველ ვენახებში. ზოგჯერ ახლებშიაც საკმაო რაოდენობით (ერთ მესამედამდე) გვხვდება ხიხვი ნარევის სახით. ასეთივე გამოყენება ჰქონდა ხიხვს გურჯაანის რაიონშიაც – ბაკურციხის, კარდანახის, კოლაგის, ვეჯინის და სხვა სოფლების რქაწითელის თეთრი ღვინოების მაღალი ღირსება – განსაკუთრებული არომატულობა და სინაზე – მწვანისა და ხიხვის მონაწილეობით აიხსნება, სადაც ხიხვი და მწვანე საკმაო რაოდენობით გვხვდებოდა ნარევის სახით. ნაწილობრივი გამოყენება აქვს ხიხვს აგრეთვე, როგორც ადგილზე მოსახმარ საადრეო სიმწიფის სასუფრე ყურძენს.
ხიხვის ალკოჰოლიანობა სუფრის ღვინის ნიმუშებში 10,2-დან 14%-მდე აღწევს, ხოლო მჟავიანობა 5,9‰-დან – 8,3‰-მდე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ხიხვის ღვინის ნიმუში ახალციხიდან, იგი მაღალ მჟავიანობასთან ერთად (7,5‰) საკმაოდ დიდი ალკოჰოლიანობით (12,1%) ხასიათდება და მასთან საკმაო რაოდენობის დაუდუღარი შაქრით (2,87%). ასევე მაღალი ალკოჰოლიანობითა და მჟავიანობით ხასიათდება ოდესის ნიმუში 1925 წლის მოსავლისა, იგი 13,6% ალკოჰოლთან 1,2% შაქარს შეიცავს. შაქრის ასე დიდი რაოდენობით დაგროვება ისეთ გრილ რაიონში, როგორიც ოდესისა და ახალციხის რაიონებია, უდავოდ დიდი პერსპექტივის მაჩვენებელია ჯიშისათვის. ყველაზე მეტ შაქარს ხიხვი კარდანახის მიკრორაიონში აგროვებს, სადაც ყველა პირობაა საშუალოდ 27-28% შაქრის მისაღებად, ზოგიერთ წლებში კი 30%-ზე მეტიც, რასაც შეუძლია ღვინის ალკოჰოლიანობა, შაქრის სრული დადუღების შემთხვევაში, 18%-მდე აიყვანოს.
ვარიაციები და კლონები
ხიხვის ვარიაციები ჯერ არ არის გამოვლენილი. ჯიშის, ძირითადად, ნარევის სახით გავრცელების გამო ფართო სელექციური მუშაობა არ წარმოებულა. სოფ. კარდანახის ნაკვთებზე, გამოვლენილია უხვმოსავლიანი მოდგმები, რომელთა შესასწავლად მუშაობა გრძელდება. პირველ რიგში, საჭიროა ფართოდ გაიშალოს მუშაობა ხიხვის გავრცელების მთავარ რაიონებში – თელავისა და გურჯაანის ვენახებში – ნაცრის მიმართ უფრო გამძლე და უხვმოსავლიანი მოდგმების გამოსავლენად.
საერთო შეფასება და დარაიონება
ხიხვი კახეთის სტანდარტული ვაზის ჯიშია, იგი იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის ევროპულ, კახურ და სადესერტო ტიპის ღვინოს. ხიხვს ძველთაგანვე იყენებდნენ აგრეთვე რქაწითელის ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ხიხვის ნარევის სახით ხშირად შედიოდა მწვანესთან ერთად თელავისა და გურჯაანის რქაწითელის ვენახებში განსაზღვრული რაოდენობით (ზოგჯერ ერთ მესამედამდე) და აუმჯობესებდა მისი ღვინის ხარისხს. ახმეტა-ქისტაურის, იყალთო-რუისპირის, ბაკურციხე-კარდანახის, კოლაგი-ვეჯინის და სხვა სოფლების ღვინის მაღალი ხარისხი – განსაკუთრებული არომატულობა და სინაზე აიხსნება რქაწითელის ვენახში ხიხვისა და მწვანის, ან კიდევ ორივეს ერთად არსებობით.
ხიხვის დადებით თვისებებს შეადგენს პროდუქციის მაღალი ხარისხი, მისი ფართო გამოყენება – სუფრის ევროპული, კახური ბუნებრივად ნახევრადტკბილი და სადესერტო ტიპის ღვინოების დასამზადებლად; ჯიშის შედარებით კარგი გამძლეობა – ზამთრის ყინვების, მილდიუმისა და ფილოქსერის მიმართ, აგრეთვე ნაადრევი მწიფობა, რაც იძლევა მისი უფრო ფართო გავრცელების შესაძლებლობას.
ხიხვის უარყოფითი მხარეებია – ნაცრის მიმართ სუსტი გამძლეობა, საშუალოზე მცირე მოსავლიანობა და გარემო პირობებისადმი შედარებით ზედმეტი მგრძნობიარობა.
აღნიშნული ნაკლი ჯიშის მაღალ სამეურნეო ღირსებებთან შედარებით არ არის არსებითი და ადვილი დასაძლევია. ხიხვი თავისი ბუნებით უხვმოსავლიანია, მაგრამ იგი, როგორც უფრო ნაზი ჯიში, განსაკუთრებულ მოვლა-დამუშავებას მოითხოვს. პირველ რიგში, საჭიროა ძლიერ ნაცრიან წლებში ერთი ან ორი დამატებითი წამლობა გოგირდით და ყველა სამუშაოების დროულად და ხარისხოვნად შესრულება, აგრეთვე წინასწარ მისთვის შესაფერი რაიონებისა და ადგილმდებარეობის შერჩევა.
ხიხვი, პირველ რიგში, უნდა გავრცელდეს ახმეტის, თელავის, საგარეჯოს და გურჯაანის იმ ნაცად ადგილებში, სადაც ხელშემწყობი მიკროკლიმატური პირობების გამო იგი მაღალი ღირსების ღვინოს იძლევა და მასთან ნაკლებად ზიანდება ნაცრისაგან. იგი უნდა გავრცელდეს აგრეთვე კახეთის დანარჩენ რაიონებში ჯიშისათვის შესაფერ შემალებული ადგილმდებარეობის ნაკვეთებზე და მაღლა მთებში, განსაკუთრებით კი ისეთ ადგილებში, სადაც რქაწითელი წლების განმავლობაში იშვიათად აღწევს სრულ სიმწიფეს.
წყარო: www.nplg.gov.ge