პომიდვრის მავნებლები და დაავადებები
როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში წარმოებისას პომიდორს აზიანებს მრავალი მავნებელი და დაავადება.
მახრა – გავრცელებულია თითქმის ყველგან. იგი აზიანებს მცენარეთა ფესვებს, რაც მას ნიადაგში მოძრაობის დროს ხვდება და ანადგურებს თესლს. ზრდასრული მახრა სხეულის ზედა მხრიდან მუქი ყავისფერია, ქვედა მხრიდან მოყვითალო ყავისფერი, სიგრძით 35-57 მმ.
ბრძოლის ღონისძიებები: საბრძოლველად იყენებენ მისატყუებელ მასალას, როგორიცაა ინსექტიციდ გარეული ხორბალი, დაღერღილი სიმინდი, ქატო, კომბინირებული საკვები და ა.შ. 5 ლიტრ წყალში იხსნება 50 გრამი ბი-58, დაემატება მცენარეული ზეთი და იმდენი კომბინირებული საკვები რამდენსაც მიღებული ხსნარი შეირევს, მიღებულ მასას მოაბნევენ საჩითილის ან ნაკვეთის ზედაპირზე. აღნიშნული ღონისძიება სასურველია, ჩატარდეს 2-3 ჯერ.
პომიდვრის ჟანგა ტკიპა – იგი წუწნით აზიანებს ფოთლებს, ღეროს და ნაყოფს. დაზიანებული ფოთლები ჭკნება, ნაყოფზე ჩნდება კორპის ქსოვილები. ნაყოფი წყვეტს ზრდას და ცვივა. ტკიპა ღია-ყვითელი, ჟანგისფერია, სიგრძით 0,1-0,2 მმ. ზამთრობს სათბურში და მინდორში. მაღალი ტენი მაღალ ტემპერატურასთან ერთად ერთგვარად აფერხებს მის განვითარებას, ხოლო მაღალი ტენი და დაბალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტკიპას განვითარებას. ერთი ტკიპა დებს 50-მდე კვერცხს. ბრძოლის ღონისძიებები: დაზიანებული მცენარეების მოშორება ნაკვეთიდან და მათი განადგურება. ნაკვეთის დროული გაწმენდა ყოველგვარი მცენარეული ნარჩენებისაგან. პომიდვრის ტკიპას წინაამღდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნას აკარიციდები: მასაი 0,5 კგ/ ჰა, ენვიდორი 0,5-0,6 ლ/ჰა; ომაიტი 1,2 ლ/ჰა; ობერონი 0,6 ლ/ჰა; ნეორონი და სხვა.
ხვატარები – დიდი ზიანი მოაქვს ხვატარს და მდელოს ხვატარს. გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ ასევე დასავლეთ საქართველოში. აზიანებს ბოსტნეულ კულტურებს, ზამთრობს მცენარეულ ნარჩენებში. იძლევა 3 სრულ და ნაწილობრივ მეოთხე თაობას. ბრძოლის ღონისძიებები: მოსავლის აღების შემდეგ ნარჩენების სრული განადგურება. ნიადაგის მზრალად ხვნა. მცენარეთა დაცვის პრეპარატების გამოყენება: კარატე 0,15 ლ/ჰა; პროკლეიმი 0,3 კგ/ჰა; დეცისი 0,3 ლ/ჰა; კორაგენი 0,2 ლ/ჰა.
დაავადებები
პომიდვრის ფიტოფტოროზი-დაავადება აზიანებს ძირითადად ფოთლებს, ზოგჯერ ნაყოფსაც. ფოთლებზე წარმოიქმნება მუქი რუხი უფორმო ლაქები. ტენიან ამინდში დაზიანებული ფოთლების ქვედა მხარეს წარმოიქმნება თეთრი ნაფიფქი. ფოთლის და ნაყოფის დაავადებული ადგილები მუქდება და ლპება. ჰაერის მაღალი ტენიანობა დაავადების გაჩენისა და გავრცელების ძირითადი პირობაა.
ბრძოლის მეთოდები-თესლბრუნვის დაცვა: დაავადების პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე ქიმიური პრეპარატებით შესხურება: ბორდოულის ხსნარი 1%, სპილენძის ქლორჟანგი 0,5 %, რიდომილი მც ან რიდომილ გოლდი 0,25%, იტერალი 0,4%, კოსაიდი 0,4%, ანტრაკოლი 0,4%, ტატუ 0,5%, კურზატი 2-2,5 კგ/ჰა.
პომიდვრის ალტერნარიოზი – დაავადების დაწყებისას ფოთლების ქვედა მხარეს ჩნდება მუქი რუხი ფერის კონცენტრირებული ლაქები. პატარა, მუქი, წაგრძელებული ლაქები ჩნდება აგრეთვე ახალგაზრდა მცენარის ღეროს ქვედა ნაწილშიც. მუქი ლაქები, შავი ნაფიფქით წარმოიქმნება ნაყოფზეც. სოკო ვრცელდება კონიდიუმებით, როგორც ნიადაგიდან ასევე მცენარეული ნარჩენებიდან.
ბრძოლის მეთოდები-თესლბრუნვის დაცვა: დაავადების პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე ქიმიური პრეპარატების შესხურება: ბორდოულის ხსნარი 1%, სპილენძის ქლორჟანგი 0,5 %, რიდომილი მც ან რიდომილ გოლდი 0,25%, იტერალი 0.4%, კოსაიდი 0.4%, ანტრაკოლი 0.4%, ტატუ 0.5% და სხვა.
პომიდვრის ფოთლების მურა ლაქიანობა (კლადოსპოროზი) – აღნიშნული სოკო იწვევს ფოთლების დაავადებას. იშვიათად ყლორტებზეც გადადის. ნაყოფის დაავადება ძალზე იშვიათია. სოკო პომიდვრის ქვედა ფოთლებზე ჯერ მოყვითალო ლაქებს აჩენს, როლმებიც შემდეგში ყავისფერი ხავერდოვანი ფიფქით იფარება. სილაქავე ძალზე სწრაფად გადადის მცენარის ახალ ორგანოებზე და ხშირად მცენარის ნაწილის გახმობას იწვევს. სოკოს განვითარება ხდება მაღალი ტენიანობის შემთხვევაში.
ოპტიმალურ ტენიანობად ითვლება – 95 %. 80% სინოტივის ქვევით სოკო განვითარებას ანელებს, ხოლო 50-60% დროს სრულიად არ ვითარდება. დაავადებისთვის ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 22-25°C, თუმცა მას შეუძლია გამოიწვიოს დაავადება 6-34°C ფარგლებში.