ცხვრის და თხის შენახვის სისტემები და მისი გავლენა პროდუქტიულობას და კეთილდღეობაზე
მეცხვარეობაში, ცხვრის მოვლა-შენახვისა და კვების პირობების მიხედვით გამოიყენება სამი ტიპი: მომთაბარე, სტაციონარული და ნახევრად სტაციონარული. მომთაბარე მეცხვარეობა ძირითადად განვითარებულია კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში. სტაციონარული — სამცხე-ჯავახეთში, ხოლო ნახევრად სტაციონარული შიდა ქართლის და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში.
ცხვრის მოვლა-შენახვის სამივე ტიპის გამოყენებისას, საკვებით დაკმაყოფილების 85-88% მოდის ბუნებრივ საძოვრებზე, დანარჩენი 12-15% წინასწარ დამზადებული საკვები საშუალებებია: თივა, მარცვლის მარცვლეულის გადამუშავების ანარჩენები და კონცენტრატული საკვები.
ცხვრის მოვლა-შენახვის ოპერაციების გაიოლების მიზნით ხის მასალისაგან შეკრული 0,9-1,2 მ-ის სიმაღლის და 1-1,5 მ სიგრძის ტიხარებით/ფარებით ფარეხს შიგნით ყოფენ სექციებად/დოლფარებად.
სექციაში ათავსებენ სხვადასხვა სქესობრივ-ასაკობრივი და ფიზიოლოგიური მდგომარეობის ცხოველს — მაკე ნერბებს, მოსაგებ სულადობას, მაწოვარა ნერბებს, ბატკნებს, ყოჩებს და სხვ.
საბატკნეს, როგორც წესი, აწყობენ ფარეხის უფრო თბილ ადგილზე — სამხრეთის კედელთან ან ცენტრში, მაწოვარა ნერბების შესანახი სექციის გვერდით. საბატკნეში ასევე მოწყობილია რამდენიმე კორაკანი — ისეთი ნერბების შესაჩვევად, რომლებიც არ აწოვებენ ბატკნებს. გადასატანი ტიხრები საშუალებას იძლევა, საჭიროებისამებრ, ჯგუფში ცხოველთა სულადობის ცვლილების შესაბამისად, გავზარდოთ ან შევამციროთ სექციების ფართობი, აგრეთვე დაინერგოს ნაკელის გატანის მექანიზაცია. საშუალოდ ერთ სულზე ფარეხის იატაკის ფართობის ნორმები ცხვრის სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფების და პროდუქტიული მიმართულების (მატყლის სიმსხოს) გათვალისწინებით მოცემულია ცხრილში 1.
ფანჯრები ფარეხის იატაკიდან 1მ სიმაღლეზეა განლაგებული. ჰაერის ტემპერატურის მინიმალურად დასაშვები ზღვარია +4…+6°C, ხოლო სამშობიაროსა და ახალშობილი ბატკნების შესანახ სექციაში უნდა იყოს +10…+16°C.
ფარეხში იატაკის ფართობის ნორმები (საშუალოდ 1 სულზე)
სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფი | შენახვის წესი | მ2 |
ვერძი-მწარმოებელი | ჯგუფური | 2 |
ინდივიდუალური | 3 | |
მაწოვარი ნერბი | ჯგუფური | 0,6 |
მაკე ნერბი | ჯგუფური | 0,7 |
ბატკანი 45 დღემდე | ჯგუფური | 0,3 |
ბატკანი 45 დღეზე უხნესი | ჯგუფური | 0,4 |
სარემონტო მოზარდი | ჯგუფური | 0,8 |
აქ ნორმალური ტემპერატურა მიიღწევა ღრმა საფენში (ნაკელში) მიმდინარე ბიოლოგიური პროცესებისა და ცხოველის ორგანიზმიდან გამოყოფილი სითბოს წყალობით.
მიუხედავად გარემო პირობებისადმი საკმაოდ კარგი შემგუებლობისა, ცხვრის უმეტესი ჯიშები, და მათ შორის საქართველოში გავრცელებულები, ცუდად იტანენ მაღალ ტენიანობას და ორპირ ქარს. ამის გამო ფარეხში ჰაერის ფარდობითი ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 70-75%-ს.
დაიმახსოვრეთ! ცხვარი ნაკლებად მგრძნობიარეა სიცივისდმი, ამიტომ წლის უმეტეს პერიოდში მას ინახავენ ღია ან ნახევრადდახურულ სადგომში (ბაკში) და მხოლოდ განსაკუთრებულად ცივ და ნალექიან დღეებში და ღამეებში ცხოველებს ათავსებენ სადგომში.
დაიმახსოვრეთ! წყლის ცივ პერიოდში ფარეხს გამათბობლებით არ ათბობენ.
ნორმალური ტემპერატურულ-ტენიანობის რეჟიმის მისაღწევად, აგრეთვე ჰაერცვლის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად ფარეხის სახურავზე აწყობენ მექანიკურ შემწოვ-გამწოვ ვენტილაციას.
ხანძრის შემთხვევაში ცხვრების დროულად ევაკუაციისათვის ფარეხს განივ კედლებზე აქვს ორი, 2,5-3 მ სიგანის კარი, ხოლო სექციებად დაყოფილ ფარეხში — ყველა სექციას არა ნაკლებ ერთი გასასვლელი. გარდა ამისა, ფარეხს გრძივ კედლებში დატანებული აქვს 1,2-1,4 მ სიგანის შესასვლელები მომსახურე პერსონალისათვის.
დაიმახსოვრეთ! როგორც წესი, ფარეხში საკვებურები და საწყურვებლები არ არის.
ცხოველებს დამატებით საკვებს აძლევენ ფარეხის გრძივ კედელთან მოწყობილ ბაკში (უმჯობესია სამრეთის მხარეზე), ან კიდევ ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე დადგმულ გადასატან საკვებურებში. აქვეა მოწყობილი საწყურვებლები. ბაკის ფართობი ფარეხის ფართობზე 2-3 ჯერ უფრო დიდი უნდა იყოს, ისე, რომ 1 სულ ცხვარზე საშუალოდ მოდიოდეს არა ნაკლებ 5 მ2.
კონცენტრირებული საკვების მისაცემი საკვებურის ფსკერი და გვერდითი კედლები ყრუა, ხოლო მოცულობიანი საკვების მისაცემს აქვს ბადისმაგვარი კონსტრუქცია ისინი შეიძლება დამზადდეს როგორც მეტალისაგან, ასევე ხის მერქნისაგან.
კონცენტრირებული საკვების დასარიგებელი საკვებურის საორიენტაციო ზომებია: სიგანე 300-400 მმ, სიღრმე 200-300 მმ, სიმაღლე მიწიდან გვერდითი კედლის ზედა ნაწილამდის 400-500 მმ. საკვებურის საერთო სიგრძეს ადგენენ ცხოველთა სულადობიდან და საშუალოდ 1 სულზე საჭირო კვების ფრონტიდან გამომდინარე, რომელიც ვერძ-მწარმოებლისათვის შეადგენს 400-500 მმ-ს, ნერბისათვის — 300-400 მმ-ს, ხოლო შიშაქებისათვის — 200- 300 მმ-ს.
მეცხვარეობაში უპირატესად გამოიყენება ჯგუფური საწყურვებლები. ის მზადდება როგორც მეტალის, ასევე ნებისმიერი სხვა მასალისაგან. საწყურვებლის საერთო სიგრძეს ადგენენ ყოველი 50 სულისათვის ერთი ადგილის გათვალისწინებით. სათანადო რესურსის არსებობისას უმჯობესია წყალი იყოს გამდინარე.
სასმელი წყლის წყაროს ფერმიდან სიშორის შემთხვევაში გამოიყენება ნებისმიერი გადასატანი რეზერვუარი, ან ავტოცისტერნა, რომელზეც წყლის ეკონომიურად ხარჯვისათვის მოწყობილია საწყურვებლები.
მომთაბარე მეცხვარეობის ფერმებში ფარეხიდან ნაკელი გააქვთ წელიწადში ერთხელ, ცხვრის მთის საძოვრებზე ყოფნისას, ხოლო სტაციონარულებში 1-2 ჯერ. ცხვრის შენახვისას მნიშვნელოვანია ფარის ნოტებად დაყოფა ფარის ნოტოებად დაჯგუფების კრიტერიუმია ბატკნის ასაკი და განვითარება (ცოცხალი მასა). ცალკე ნოტოდ აჯგუფებენ ტყუპში მოგებულ ბატკნებს და მათ დედებს, ვინაიდან მათ მოვლა-შენახვას მეტი ყურადღება სჭირდება.
ბატკნის ასაკის ზრდასთან ერთად ნოტოებს აერთიანებენ (ამსხვილებენ). ახლად დაბადებული ბატკნებისა და მათი დედების ნოტოში შეიძლება იყოს 10-12 სული, 20-25 დღიდან 50-80 სული, ხოლო 1 თვეზე უხნესებში 120- 150 სული ნერბი მონაშენით. ასე რომ, გაზაფხულის პარსვის წინ ფარა ერთიანდება.
მნიშვნელოვანია! ცხოველებს სასმელი წყალი მუდმივად უნდა ჰქონდეთ.
მნიშვნელოვანია! მოვლა-შენახვის გაიოლების მიზნით მაწოვარა ნერბებსა და მათ ბატკნებს ინახავენ პატარა ჯგუფებად-ნოტოებად.
წყარო: agriedu. ge