დარგებიმედიამეთევზეობა

მეთევზეობის მთავარი პრობლემა საკვების ინდუსტრიული წარმოების უქონლობაა

საქართველოში თევზის საკვები ინდუსტრიულ დონეზე არ იწარმოება. მართალია, სულ რამდენიმე საწარმოა, რომელიც ამ მიმართულებით ოპერირებს, თუმცა, როგორც დარგის წარმომადგენლები ამბობენ, ამინდს ვერ ქმნიან და მათი წარმოება მცირე სეგმენტზეა გათვლილი. ამ დროს, იმპორტირებული კომბინირებული საკვები იმდენად ძვირია, რომ ხშირ შემთხვევაში წარმოებული თევზის გასაყიდი ფასი თვითღებულებასაც ვერ პასუხობს, რის გამოც თევზის მეურნეობებს ძალიან უჭირს. 

თევზის კომბინირებულ საკვებში ძირითადი ინგრედიენტი ისევ თევზია – ქაფშიაა, რომელსაც შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში საკმაოდ დიდი მოცულობით მოიპოვებენ. ამ დროს, როგორც ცნობილია, საქართველოდან თურქეთში ნედლეულის სახით გატანილი ქაფშია იქ გადამუშავდება და შემდეგ ძვირად ღირებულ მზა კომბინირებულ საკვებად შემოდის საქართველოში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტის ელდარ კაშიას თქმით, საკვები ძირითადად უცხოეთიდან გრანულებად შემოდის, უმეტესწილად, თურქეთიდან.

,,წლიურად 80-90 ათას ტონა ქაფშიას მოვიპოვებთ,  რომელიც თითქმის მთლიანად გააქვთ თურქებს და საკვებად გადაამუშავებენ. შემდეგ ჩვენ ამას 3-ჯერ ძვირად ვყიდულობთ, – ამბობს კაშია და დასძენს, რომ მნიშვნელოვანია, გადამამუშავებელი წარმოება განვავითაროთ, რა მიმართულებითაც მუშაობა მიმდინარეობს. 

,,აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონში თევზის ყველაზე მაღალი ფასი საქართველოშია, მარტო კალმახი რომ ავიღოთ, დახალოებით 13 ლარი ღირს. 1 კგ. კალმახის გასაზრდელად, მინიმუმ-6-7 ლარის ხარჯია გასაწევი. ჩვენ ნედლეული თუ გვექნება, ამ ხარჯის შემცირება 2 ლარამდე შეგვეძლება“, – ამბობს კაშია.

,,ქაფშიას მოვიპოვებთ, გადავამუშავებთ და ექსპორტზე გაგვაქვს, მათ შორის, ფქვილის სახითაც. ეს პროდუქტი გადამუშავდება, როგორც საკვები და აქტიურად გამოიყენება დანამატის სახით. თითზე ჩამოსათვლელია საწარმოები, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებული. ცხადია, ბევრი რომ გაიხსნას, ადგილზე რეალზიაციის შესაძლებლობაც გაჩნდება და ექსპორტთან ერთად, შევძლებთ, გამომუშავებული პროდუქცია შიდა ბაზარსაც მოვახმაროთ. ჩვენ ვფლობთ  ლიცენზიას, გვაქვს  20 ათასი ტონის მოპოვების კვოტა, მაგრამ ამდენს რეალურად ვერ ვითვსიებთ, თევზის ნაკლებობაა. საექსპორტო თევზე ფაქტობრივად აღარ არის“, – ამბობს ,,კომერსანტთან“  თამარ ბერაია, კომპანია ,,მბმ“-ის წარმომადგენელი.

კომპანია ,,ნუტრიმაქსის“ ტექნიკური დირექტორი რევაზ ლაფაჩი ადასტურებს, რომ თევზის საკვების პრობლემა ნამდვილად არის ქვეყანაში, რადგან ძვირია კომბინირებული მზა საკვები, განსაკუთრებით ევროპიდან შემოტანილი პროდუქტი, რის გამოც განსაკუთრებით კალმახის წარმოებაში უჭირთ.

,,დღესდღეობით თევზის ქვირითი ნედლეულის სახით არ გამოიყენება. ის წარმოადგენს პროტეინის წყაროს და საკვებდანამატის ფუნქცია აქვს. მის მისაღებად, როგორც წესი, ქაფშიას იჭერენ და ხდება თერმული დამუშავება, რის შემდეგაც ცხიმს აცალკევებენ ცილოვანი  ნაწილისგან, რაც პროტეინის წყაროა. საკვებწარმოებაში ქვირითი არ გამოიყენება, რომც იყოს, კარგია, მაგრამ ძალიან ძვირი იქნებოდა. საქართველოში სულ 5 ქარხანა არსებობს ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც რეწვასა და თევზის ფქვილის დამზადებაზე ლიცენზიებს ფლობენ. მათი პროდუქცია გადის ექსპორტზე, ადგილზე ვერც ეყოლებათ  მომხმარებელი, რადგან  ინდუისტრია, რომელიც შექმნის თევზის საკვებს, რომელშიც იქნება ინგრედიენტი თევზის ფქვილი – თევზის ნარჩენწარმოება, არც არის საქართველოში. ჩვენს გვაქვს ამბიცია, შევქმნათ ასეთი წარმოება, რაზეც მუშაობა დაწყებულია და მოსამზადებელ ეტაპს გავდივართ“, – აცხადებს ლაფაჩი ,,კომერსანტთან“ საუბარში.

სპეციალისტების განმარტებით, ცილა თევზის საკვებში წარმოადგენს ყველაზე ძვირადღირებულ საკვებ ნივთიერებას და ჩვეულებრივ შეადგენს საკვები ღირებულების 50-60%-ს. ჭარბი ცილა, რომელიც არ ხმარდება ზრდას, იხარჯება ენერგიაზე. ცილების ერთნაირი რაოდენობის გამოყენებით მატულობს თევზის ზრდის ინტენსიურობა.

თურქეთიდან, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, 23 ქვეყანაში 2 852 503 დოლარის ქაფშიას ექსპორტი განხორციელდა.

ავტორი: მარი ჩიტაია,

წყარო: commersant.ge