ძროხის შენახვის სისტემები _ სადგომების შიდა მოწყობილობები და ზოოჰიგიენური პარამეტრები
ძროხის შენახვის ექსტენსიური სისტემა ჩვენში ეფუძნება საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებულ ტრადიციებს.
სასაქონლო პროდუქციის წარმოების ინტენსიფიკაციის დონით განასხვავებენ ძროხის შენახვის ინტენსიურ და ექსტენსიურ სისტემას.
მისი დამახასიათებელი ნიშნებია:
- პროდუქციის საწარმოებლად, აგრეთვე ცოცხალ გამწევ ძალად ძროხის აბორიგენული და/ან ენდემური ჯიშების მოშენება;
- ნახირის სტრუქტურაში ფურების დაბალი ხვერდითი წილი და მათი დაბალი მონაწველი;
- სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ერთეულ ფართობზე წარმოებული პროდუქციის მცირე რაოდენობა;
- ხბოს სეზონურად მოგება და, აქედან გამომდინარე, რძისა და ცოცხალი მასის ნამატის ძირითადი ნაწილის საძოვრულ პერიოდში წარმოება, ზამთარში კი, არცთუ იშვიათად, ცოცხალი მასის შემცირება.
- ცხოველების უბინაოდ ან მარტივი ტიპის სადგომებში შენახვა; ამასთან, ყველა სამუშაო, დაკავშირებული ცხოველთა მოვლასთან, კვებასთან, რძის წარმოებასთან და ა.შ. სრულდება ხელით ან/და პრიმიტიული იარაღებით.
- სანაშენე მუშაობის დაბალი დონე, ფურების თავისუფალი დაგრილება და ხბოების “წველა-წოვების” წესით გამოზრდა.
- ცხოველების საკვების ძირითადად ბუნებრივი საკვებ-სავარგულებიდან მიღებას, ხოლო ამ სავარგულების გაუმჯობესების ღონისძიებები არ ტარდება, ან/და მას არა აქვს მიზანმიმართული და სისტემატური ხასიათი.
ასეთი მდგომარეობის გამო ზამთარში ძროხის ულუფა დაბალყუათიანი და ერთგვაროვანია, ის წვნიან საკვებს საერთოდ არ შეიცავს, ხოლო კომბინირებული ან მარცვლოვანი საკვები წარმოდგენილია მცირე ხვედრითი წილით.
ამდენად, ფერმერის შრომითი წარმატება დამოკიდებულია ამა თუ იმ ზონის კლიმატურ პირობებზე და კონკრეტული წლის ავკარგიანობაზე.
ექსტენსიურისაგან განსხვავებით ძროხის შენახვის ინტენსიური სისტემა ითვალისწინებს:
- ნახირის მაღალპროდუქტიული ჯიშებით დაკომპლექტებას და სანაშენე მუშაობის ყველა ელემენტის განხორციელებას;
- ცხოველების კაპიტალურ ბინებში შენახვას, სადაც ძირითადი საწარმოო პროცესები მექანიზებულია და უზრუნველყოფილია სადგომის მიკროკლიმატის რეგულირების პირობები;
- წლის ნებისმიერ პერიოდში ცხოველების ყველა კომპონენტით დაბალანსებული ულუფებით კვებას, რომლის შედგენილობა და სტრუქტურა შეესაბამება კონკრეტული ცხოველის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას;
- სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ინტენსიურად გამოყენებას, ბუნებრივი სავარგულების ძირეულ გაუმჯობესებას, ხელოვნურ (ნათეს) სავარგულებზე სათიბებისა და საძოვრების მოწყობას და ერთეულ ფართობზე რძისა და ძროხის ხორცის წარმოების მაღალ დონეს.
შენახვის ინტენსიური სისტემისას, მუხედავად ცხოველთა მოვლა-შენახვაზე გაწეული დიდი ხარჯისა და საკვების მაღალი თვითღირებულებისა, სარძეო პროდუქტიულობისა და ცოცხალი მასის ნამატის დონე უზრუნველყოფენ ერთეული სასაქონლო პროდუქციის დაბალ თვითღირებულებას და, ამდენად, წარმოება არა მარტო მომგებიანი, არამედ კონკურენტუნარიანიცაა.
დ ა ი მ ა ხ ს ო ვ რ ე ! შენახვის ინტენსიური და ექსტენსიური სისტემა თავისთავად გულისხმობს ძროხის სტაციონარულად და მომთაბარეობის პირობებში შენახვას.
მომთაბარე მეძროხეობას საქართველოს რიგ რეგიონებში უძველესი ტრადიციები აქვს. აღმოსავლეთ საქართველოში ბარის ზონის მეჯოგეები სარგებლობდნენ ცივგომბორის, მთიანი თუშეთის და სამცხე-ჯავახეთის ზეგანის საძოვრებით. დასავლეთში ძროხის ზამთრის საძოვრებად გამოყენებული იყო კოლხეთის დაბლობი, ხოლო ზაფხულის – სამეგრელოს, გურიის და სვანეთის მთის კალთები. არცთუ იშვიათად მათ ზაფხულობით პირუტყვი გადაჰყავდათ ჩრდილოეთ კავკასიის საძოვრებზეც.
მთის უხვი საძოვრების გამოყენებით ხერხდებოდა მცირემიწიანობით გამოწვეული საკვების დეფიციტის შევსება და მიღწეული იქნა მეორე, არა ნაკლებ მნიშვნელოვანი ეფექტი _ პირუტყვი განერიდა ბარის ზონაში გაზაფხულზაფხულის ექსტრემალურ ეკოლოგიურ გარემოს.
სტაციონარულ პირობებში გამოიყენება ცხოველების ბაგურად, ბაგურსაძოვრულად, ბაგურ-ბანაკურად და საძოვრულად შენახვის სისტემები. ამ თვალასაზრისით, მეურნეობის ამა თუ იმ სისტემაზე მიკუთვნებისას ძირითადი ნიშანია ნახირის სააღმწარმოებლო ბირთვის, ანუ ფურების შენახვის პირობებში განსხვავება.
ბაგური შენახვის სისტემა გულისხმობს მთელი წლის განმავლობაში ცხოველების განთავსებას რეგულირებული მიკროკლიმატის მქონე ბინებში, ხოლო თბილ დღეებში მათ უშვებენ სეირანზე. ბაგური სისტემის გამოყენებისას ფურები შეიძლება შევინახოთ როგორც დაბმულად, ასევე დაუბმელი წესით.
დაბმულად შენახვისას ცხოველი საბელით არის დაფიქსირებული ბაგაზე და მხოლოდ საჭიროებისას (მაგ. სასეირნოდ გაყვანისას ან/და ხელოვნურად დათესვლისას და ა.შ.) აუშვებენ მას. ამისათვის აშენებენ კაპიტალურ ბოსელს, რომელშიც მოწყობილია განსაკუთრებული კონსტრუქციის სადგომი – ბაგა საკვებურით, საწყურვებელით, დასაბმელი მოწყობილობით ვაკუმგამტარით, რძის გამტარი სისტემითა და სხვ. საკვების დარიგების, წველის, ნაკელის გატანისა და ფერმაში შესასრულებელი სხვა ოპერაციების გაიოლების მიზნით ბოსელში ცხოველები განლაგებულია ორ ან ოთხ რიგში, თავით ერთმანეთისაკენ.
დაუბმელად შენახვისას ბოსელს ყოფენ გალიებად, ბოქსებად ან/და სექციებად. დაუბმელად ბოქსებში შენახვა ითვალისწინებს სადგომში ჯგუფური სექციების მოწყობას, რომელშიც თოთოეული ფურის დასასვენებლად გამოყოფილია ბოქსი. ბოქსის საწინააღმდეგო მხარეზე მოწყობილია საკვებურები, ხოლო მათ შორის დატოვებული გასასვლელიდან ხდება ცხოველებზე საკვების დარიგება და ნაკელის გატანა. საკვებურების რაოდენობა (სიგრძე) უნდა შეესაბამებოდეს სექციაში ბოქსების რაოდენობას.
ერთ სადგომში (სექციაში) ათავსებენ ერთნაირი სარძეო პროდუქტიულობისა და ფიზიოლოგიური მდგომარეობის ფურების ჯგუფს. კერძოდ, ჯგუფის დაკომპლექტებისას ითვალისწინებენ ფურის მოგების ასაკს (ლაქტაციის პერიოდს), დღიურ მონაწველს, ცოცხალ მასას, რძის გაცემის სისწრაფეს და ზოგიერთ სხვა მაჩვენებელს. ამას მნიშვნელობა აქვს ნორმირებული კვების, აგრეთვე სხვა საწარმოო პროცესების (მაგ. დარბაზებში წველის) რიტმულობის უზრუნველსაყოფად.
ორივე ამ ხერხს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები: დაუბმელი ხერხის დადებითი მხარეა ყველა საწარმოო პროცესის მექანიზაციის დანერგვის დიდი შესაძლებლობები. თავის მხრივ, დაბმულად შენახვისას სიცოცხლის უმეტეს პერიოდში ცხოველს შეზღუდული აქვს მოძრაობის შესაძლებლობა, რაც მისი ორგანიზმის ბიოლოგიური მოთხოვნილების დიამეტრალურად საწინააღმდეგოა. გარდა ამისა, დაბმულად შენახვისას მაღალია ხელით შრომის ხვედრითი წილი და, მიუხედავად ამისა, შენახვის ეს წესი საკმაოდ ფართოდ გამოიყენება.
დაბმულად შენახვისას მაქსიმალურად ვლინდება ფურის სარძეო პროდუქტიულობის გენეტიკური პოტენციალი, ხოლო ერთეული პროდუქციის წარმოებაზე დახარჯული საკვების რაოდენობა მცირდება 8-10%-ით.
ბაგურ-საძოვრული შენახვისას ცხოველები წლის ცივ პერიოდში იმყოფებიან ბაგაზე, ხოლო გაზაფხულ-ზაფხულში ძირითადად ფერმისპირა საძოვარზე. ჩვენში, გამომდინარე ბუნებრივ-ეკონომიკური პირობებიდან, ამ სისტემის გამოყენების დიდი შესაძლებლობება, ვინაიდან საკმაოდ დიდია ბუნებრივი საძოვრების ფართობები, ხოლო ბარის რაიონების კლიმატური პირობები შესაძლებლობას იძლევა ცხოველები 180-210 დღის მანძილზე ვკვებოთ იაფი საკვებით.
აღნიშნული სისტემით ფურების შენახვისას ძირითადი საწარმოო პროცესები (წველა, დამატებითი კვება და სხვ.), წლის მთელი პერიოდის მანძილზე ხორციელდება ძირითად სადგომში (ბოსელში), ხოლო დღისით ცხოველები იმყოფებიან ფერმისპირა საძოვარზე. ცალკეულ შემთხვევაში, საძოვრული შენახვისას, ფერმერები მიმართავენ ცხოველების ღამით ძოვებას. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ზაფხულის ცხელ დღეებში, როდესაც პაპანაქება სიცხისა და მზის გადიდებული ინსილაციის უარყოფითი მოქმედების გამო ცხოველები წყვეტენ ძოვას და ვერ ასწრებენ საჭირო რაოდენობით საძოვრული ბალახის ჭამას.
ბაგურ-ბანაკური შენახვის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საძოვრული პერიოდის დასაწყისიდანვე ცხოველები გადაჰყავთ სპეციალურად მოწყობილ ბანაკებში, სადაც სრულდება ყველა აუცილებელი საწარმოო ოპერაცია. ეს აუცილებელი ხდება მაშინ, როდესაც საძოვრები ფერმიდან შორს მდებარეობენ, ბაგურ-ბანაკური სისტემა გვაძლევს საშუალებას ეფექტურად გამოვიყენოთ საძოვრები, მთელი დღე-ღამის მანძილზე უბინაოდ ყოფნა დადებითად მოქმედებს ცხოველის ორგანიზმზე და გაიოლებულია ძირითად სადგომში სარემონტო, სადეზინფექციო და სხვა სამუშაოების განხორციელება.
საძოვრული შენახვა შესაძლებელია მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც ზამთარი თბილია და ბალახის ვეგეტაცია მთელი წლის მანძილზე გრძელდება, ან კიდევ არის საზამთრო საძოვრების საკმაო ფართობები. შენახვის ასეთ სისტემას მიმართავენ თბილი კლიმატის ქვეყნებში, ძირითადად კი სპეციალიზებული სახორცე მეძროხეობის ფერმებში.
ძროხის მთელი წლის მანძილზე უბინაოდ, საძოვარზე შენახვის სისტემას მეგრელი მეჯოგეები იყენებდნენ.
შენახვის ასეთი ტექნოლოგია 1975-1991 წ.წ. დაინერგა სიღნაღის რაიონის წნორის სახორცე მეძროხეობის კომპლექსში. აქ 10 ათას ჰა ფართობზე მოწყობილი იყო საკვებწარმოების ნაკვეთები, მათ შორის 4 ათას ჰა- ზე ნათესი საძოვრები; ცხოველები წლის უმეტეს პერიოდში იკვებებოდნენ საძოვრული საკვებით, ხოლო გვიან შემოდგომაზამთარში მათ საძოვარზე მოწყობილ საკვებურებში დამატებით ეძლეოდათ თივა, კონცენტრატები, ნამჯა, ჩალა.
გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი,
/ლევან თორთლაძე/, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი