ალადასტური
ალადასტური – გურიაში გავრცელებულ წითელყურძნიან ვაზის ჯიშთა შორის ალადასტურს ყოველთვის თვალსაჩინო ადგილი ეკავა, როგორც უხვმოსავლიან საღვინე და ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნის ჯიშს.
წერილობითი ცნობები ალადასტურის წარმოშობის შესახებ არ მოგვეპოვება. მისი მეტად მოკლე აღწერილობა მოცემული აქვთ ე. ნაკაშიძეს და გ. შარაშიძეს (6,7). ამათგან პირველი ავტორის მიხედვით ალადასტური მდარე ღვინის მოცემ ვაზთა ჯგუფს მიეკუთვნება, ხოლო მეორე ამ ჯიშს ათავსებს გურიის ექვს საუკეთესო ვაზის ჯიშთა სიაში.
ალადასტური, როგორც ბოტანიკური ნიშნებით, ისე აგრობიოლოგიური თვისებებით კოლხეთის ვაზის კერის ტიპიური წარმომადგენელია. ამის დამადასტურებელია ვაზის ძლიერი ზრდა და მაღალ ხეებზე ახოხების დიდი უნარი, ფოთლის დანაკვთულობა და შებუსვის ინტენსივობა, მარცვლის კანის სისქე და კონსისტენცია, ყურძნის გვიან დამწიფება და სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა.
ალადასტური ჩამოყალიბებულია კოლხეთის ეკოლოგიურ პირობებში და იგი გავრცელდა ძირითადად ზემო გურიისა და მისი მოსაზღვრე ქვემო იმერეთის ტერიტორიაზე. როგორც ისტორიულად, ისე ამჟამადაც იგი ფართო ნარგავების სახით მხოლოდ ამ მხარეშია წარმოდგენილი. ამის გამო იგი შეიძლება მოთავსებულ იქნეს გურიის ადგილობრივ ვაზის ჯიშთა ჯგუფში. ალადასტურის მცირეოდენი ნარგავები გვხვდება აგრეთვე შუა იმერეთსა და სამეგრელოს მთიან რაიონებშიაც.
გურიის ვაზის აბორიგენულ ჯიშთა შორის ალადასტური წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული. განსაკუთრებით დიდ მასივებად იყო იგი წარმოდგენილი გურიის აღმოსავლეთ ნაწილში – იმერეთის მოსაზღვრე ტერიტორიაზე. ვაზები გაშენებული იყო მაღლარად საკუთარ ძირზე და მიუხედავად მოუვლელობისა ვაზის ზრდა-განვითარება, მოსავალი და პროდუქციის ხარისხიც სავსებით დამაკმაყოფილებელი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა მის პროდუქციას ძირითადად იყენებდა ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრის ღვინის დასამზადებლად ან საკუპაჟე მასალად, აგრეთვე ინახავდა ყურძნად მთელი ზამთრის განმავლობაში. გურული გლეხკაცის ოჯახში საჭმელ ყურძნად ზამთარში ძირითადად ალადასტურს იყენებდნენ.
ალადასტური ფართოდ იყო გავრცელებული აგრეთვე ქვემო იმერეთის ზონაში, კერძოდ ვანის რაიონის მთისპირა სოფლებში, სადაც მისგან ამზადებდნენ ადგილობრივი მნიშვნელობის საკმაოდ კარგ სუფრის წითელ ღვინოს.
სოკოვან ავადმყოფობათა და შემდეგ ფილოქსერის მავნე მოქმედების შედეგად ალადასტურის მაღლარები მასობრივად განადგურდა. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით იგი უფრო მეტი რაოდენობით შემორჩა გურიისა და ქვემო იმერეთის რაიონებში.
როგორც წარსულში, ისე ამჟამადაც ადგილობრივი მოსახლეობა ალადასტურის გავრცელებას ყურადღებით ეპყრობა. დასახელებულ რაიონებში ეს ჯიში საკმაოდაა წარმოდგენილი როგორც მაღლარად, საკუთარ ძირზე, ისე დაბლარად, ნამყენების სახით. ადგილობრივი მოსახლეობა ამჟამად მის ყურძენს იყენებს როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის წითელი სუფრის ღვინის დასამზადებლად, ისე საკუპაჟე მასალად, იზაბელასთან შესარევად ამ უკანასკნელის საგემოვნო თვისებების გასაუმჯობესებლად. აგრეთვე მის ყურძენს ინახავენ აკიდოებად საზამთროდ.
1953 წ. ვენახების აღწერის მასალების მიხედვით ალადასტურის ფართობი დასავლეთ საქართველოში შეადგენდა სულ 60,81 ჰექტარს. აქედან მაღლარია 45,22 ჰექტარი, ხოლო დაბლარი 15,59 ჰექტარი. აღნიშნული ფართობი ცალკეული რაიონების მიხედვით შემდგენაირადა განაწილებული (იხ. ცხრ. 1).
ცხრილი 1.
ალადასტურის გავრცელების რაიონები საქართველოში (1953 წ. აღწერის მასალების მიხედვით)
№№ | რაიონების დასახელება | ფართობი ჰექტრობით მაღლარი |
ფართობი ჰექტრობით დაბლარი |
ფართობი ჰექტრობით სულ |
---|---|---|---|---|
1 | ჩოხატაურის | 9,39 | 0,03 | 9,42 |
2 | ვანის | 8,54 | 12,50 | 21,04 |
3 | სამტრედიის | 27,24 | 0,40 | 27,64 |
4 | ქუთაისის | 0,05 | 1,19 | 1,24 |
5 | ქ. ქუთაისი | – | 0,01 | 0,01 |
6 | წყალტუბო | – | 0,10 | 0,10 |
7 | მაიაკოვსკის | – | 1,17 | 1,17 |
8 | ზესტაფონის | – | 0,06 | 0,06 |
9 | ცხაკაიას | – | 0,02 | 0,02 |
10 | ცხოროწყუს | – | 0,04 | 0,04 |
11 | მახარაძის | – | 0,04 | 0,04 |
12 | ბათუმის | – | 0,02 | 0,02 |
13 | ქედის | – | 0,01 | 0,01 |
სულ | 45,22 | 15,59 | 60,81 |
შუა იმერეთის რაიონებში ალადასტური ძირითადად წარმოდგენილია ღია მარნების დასაჩრდილებლად ან საკარმიდამო ნაკვეთებზე ხეივნების სახით ეზოების გასალამაზებლად.
საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ალადასტური გვხვდება მხოლოდ კოლექციებში – მუხრანის სასწავლო მეურნეობის ვაზიანის განყოფილებაში (მცხეთის რაიონი), მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის თელავის საცდელი სადგურის ექსპერიმენტულ ბაზაზე ქ. თელავში და დიღმის სასწავლო მეურნეობის კოლექციაში (თბილისის გარეუბანი).
ალადასტურს ზოგ სოფელში ეძახიან “შავ კამურს”, მაგრამ გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ შავი კამური არსებითად განსხვავდება ალადასტურისაგან, როგორც მკვეთრად გამოსახული სპეციფიკური გემოთი, ისე ამპელოგრაფიული ნიშან-თვისებებითაც.
ალადასტური ბოტანიკურად აღწერილ იქნა სოფ. კალაგონსა და სოფ. ზემო ფარცხმაში (ჩოხატაურის რაიონი). დასახელებულ სოფლებში ეს ჯიში ფორჩხებზეა გაფორმებული. ვაზები უმყნობია, მიცემული აქვს ამაღლებული შტამბი და, როგორც ძლიერი ზრდის ვაზი გაფორმებულია 5-6 სანაყოფითა და ამდენივე სამამულით. სოფ. კალაგონში ალადასტურის ნაკვეთი დახრილია სამხრეთ-აღმოსავლეთით. ნიადაგი წითელმიწა-ქვეთიხნარია და საკმაო რაოდენობით შეიცავს კალციუმის კარბონატებს. სოფ. ზემო ფარცხმაში ალადასტურის ნაკვეთი მცირედ დახრილია სამხრეთისაკენ, ნიადაგი წითელმიწა-ქვეთიხნარია და მეტად მცირე რაოდენობით შეიცავს კალციუმის კარბონატებს.ბოტანიკური აღწერა
ახალგაზრდა ყლორტი
კვირტების გაშლის პერიოდში მოთეთრო-მოჟანგისფეროა. ზრდის კონუსი თეთრია, მოწითალო ელფერი აქვს და ქეჩისებრად ბეწვისმაგვარი თეთრი ბუსუსით არის დაფარული. ახლად გაშლილი პირველი ფოთოლი ზემო მხრიდან ღია მწვანეა, მოყვითალო ელფერი აქვს და საკმაოდ სქლადაა დაფარული მოთეთრო-მონაცრისფრო ბუსუსით. ქვემო მხრიდან იგი ქეჩისებრი ბუსუსითაა დაფარული, რომელსაც ფირფიტაზე წითელი ელფერი გადაჰკრავს. ფოთლის ყუნწი მოთეთრო-ნაცრისფერი ბუსუსით არის დაფარული და წითელი გადაჰკრავს. მომდევნო მეორე და მესამე ნორჩი ფოთოლი ღია მწვანეა და მოიისფრო ელფერი აქვს. ზემო მხრიდან შესუსულობა თანდათანობით მცირდება, ქვემო მხრიდან შებუსულობა ქეჩისებრია. ბუსუსი მეორე ფოთოლზე მოთეთრო-ნაცრისფერია, მესამეზე კი ნაცრისფერი. ორივე შემთხვევაში ბუსუსი ბეწვისებრია და ხშირად სიწითლე ემჩნევა.
ახალგაზრდა ყლორტი მრგვალია, ღია მწვანე ფერისაა და ძლიერ მცირედაა დაფარული ბეწვისებრი მონაცრისფრო ბუსუსით. შებუსულობა თანდათანობით ძლიერდება ყლორტის წვერისაკენ, რომელსაც ხშირად მოწითალო ელფერი გადაჰკრავს.
ერთწლიანი რქა
შემოსული რქა საშუალო სიმსხოსია და მუქი წაბლისფერია. მუხლთშორისის სიგრძე 10-18 სმ აღწევს. მუხლები უფრო მუქია. რქას დასდევს სუსტი ყავისფერი ზოლები. ვაზზე ცალკეული რქები ძლიერადაა განვითარებული.
ფოთოლი
ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალოზე დიდია და მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია. მისი სიგრძე 16,6-20,3 სმ, ხოლო სიგანე 16,6-16,2 სმ აღწევს.
ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ჩანგისებრია და კიდურები ოთხი ან სამი ძარღვისაგანაა შემდგარი; იგი მახვილფუძიანია. ზოგ შემთხვევაში ფუძეზე ერთი ან ორი უბრალო კბილია განვითარებული.
ზემო ამონაკვეთი საკმაოდ ჩაჭრილია და აქვს მიახლოებული ნაპირები და ვიწრო ნასვრეტები, რომლის ფუძე მახვილია. გვხვდება აგრეთვე კვერცხისებრი ფორმის ამონაკვეთიც, ფუძეზე განვითარებული ერთი კბილით. ფოთლის ქვემო ამონაკვეთი ღია და საკმაოდ ჩაჭრილია.
ძირითადი ნაკვთები სამია, იშვიათად ხუთი. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან მახვილ კუთხეს ქმნის. ნაკვთების წვერის კბილები სამკუთხედისებრია. მათი გვერდები ამოზნექილია, ხოლო წვერი კი წამახვილებული ან მომრგვალო სამკუთხედისებრია. ფოთლის დანარჩენი კბილები უფრო ხშირად მომრგვალო სამკუთხედისებრია, ამოზნექილგვერდებიანი და მახვილწვერიანი.
ფოთლის ქვემო მხარე ქეჩისებრია; ზემო მხარე გლუვია, ბრტყელი მოყვანილობისაა ან ძაბრმაგვარ ღარისებრ მოხრილი. მთავარი ძარღვები საკმაოდ შებუსვილია და ღია მწვანე ფერისაა.
ფოთლის ყუნწის შეფარდება მთავარ შუა ძარღვთან უდრის 0,6-1; იგი მცირედაა შებუსვილი და ალუბლის ფერია.
ყვავილი
ყვავილი ორსქესიანია და ნორმალურად განვითარებული ბუტკო და მტვრიანები აქვს. მტვრიანები ნორმალურადაა გადახრილი ბუტკოდან და თითქმის ორჯერ უფრო გრძელია ბუტკოზე. ყვავილში ხუთი მტვრიანაა; გვხვდება 4, 6 და იშვიათად 7 მტვრიანაც. ყვავილების რაოდენობა ყვავილედში 300-900 ცალს უდრის.
მტევანი
დიდი მტევნის ყუნწის სიგრძე 8-11 სმ, მტევნის სიგრძე 18-20 სმ, ხოლო სიგანე 9-11სმ აღწევს; საშუალო მტევნის ყუნწის სიგრძე აღწევს 7-10 სმ-ს, მტევნის სიგრძე 12-16 სმ-ს, სიგანე კი 6-9 სმ-ს.
მტევნის საერთო ფორმა ცილინდრულ-კონუსისებრი ან ცილინდრულია. იგი საკმაოდ კუმსია. მტევნის ყუნწი ბალახმაგვარია, მომწვანო ფერისაა და მუხლამდე გახევებულია. მტევანი რქას ძნელად სცილდება.
მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ აღწევს 6-9 მმ-ს. იგი მწვანე ფერისაა. საჯდომი ბალიში დამეჭეჭებულია და განიერ კონუსისებრი ფორმა აქვს. მარცვალი საჯდომ ბალიშზე მტკიცედაა მიმაგრებული.
მარცვალი
მარცვალი შავია, ზომით საშუალოა ან საშუალოზე მსხვილი. მისი საშუალო სიგრძე აღწევს 17,6 მმ-ს, ხოლო სიგანე 14,9 მმ-ს. ფორმით ოვალურია ან მოგრძო, შუა წელში განიერია, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრულია. იგი საკმაოდ სქელკანიანია. კანი ადვილად სცილდება რბილობს. საღებავი ნივთიერება რბილობში არ არის. რბილობი საკმაოდ ხორციანი და წვნიანია; ჩვეულებრივი უბრალო მოტკბო გემო აქვს. მარცვლის კანი მცირედაა დაფარული ფიფქით (ცვილით).
წიპწა
წიპწების რაოდენობა მარცვალში 1-4 ცალს უდრის. სჭარბობს ორწიპწიანი მარცვლები. წიპწის სიგრძე 6-7,5 მმ-ს, ხოლო სიგანე 2,5-3,5 მმ-ს აღწევს. წიპწა ღია ყავისფერია, ხოლო მუცლის მხრიდან ღარებში მოყვითალო ფერისაა, ქალაძა ნაკლებადაა გამოსახული და მოთავსებულია ზურგის მხარის თითქმის შუა ნაწილში; იგი მოგრძო-ოვალურია, ხოლო იშვიათად სამკუთხედისებრი მოყვანილობისაც გვხვდება. ზურგის მხარე გლუვია. ნისკარტი მოყავისფროა; მისი სიგრძე 1,5-2,0 მმ აღწევს.
აგრობიოლოგიური დახასიათება
სავეგეტაციო ფაზების მსვლელობა
დაკვირვება წარმოებდა ჩოხატაურის რაიონში, სოფ. კალაგონისა და ზემო ფარცხმის ნაკვეთებზე.
აქვე მოგვყავს ცნობები ალადასტურის სავეგეტაციო ფაზების მსვლელობის შესახებ. ცხრილში წარმოდგენილია ხუთი წლის საშუალო მონაცემები (იხ, ცხრ. 2).
ცხრილი 2
-
-
-
-
-
-
-
-
-
- ალადასტურის სავეგეტაციო პერიოდი და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობა
-
-
-
-
-
-
-
-
მევენახეობის რაიონი და დაკვირვების წარმოების ადგილი |
დაკვირვების წლები |
კვირტების გაშლის დასაწყისი |
ყვავილობის დასაწყისი |
სიმწიფის დასაწყისი |
სრული სიმწიფე |
სავეგეტ. პერიოდის ხანგრძლიობა კვირტის გაშლიდან ყურძნის სიმწიფემდე (დღეები) |
ფოთოლ-ცვენის დამთავრება |
სავეგეტ. პერიოდის ხანგრძლიობა კვირტის გაშლიდან ფოთოლცვენამდე (დღეები) |
აქტიურ ტემპერატ. ჯამი გრადუსობით |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სოფ. კალაგონი (ჩოხატაურის რ-ნი) |
ხუთი წლის საშუალო მონაცემები |
6.IV | 1.VI | 2.IX | 28.X | 205 | 1.XII | 239 | 3795 |
სოფ. ზემო ფარცხმა (ჩოხატაურის რ-ნი) |
ხუთი წლის საშუალო მონაცემები |
8.IV | 30.V | 28.VIII | 25.X | 201 | 3.XII | 240 | 3840 |
ალადასტურის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე ჩოხატაურის რაიონში უდრის 201-205 დღეს, ხოლო საერთო ხანგრძლიობა ფოთლების დაცვენამდე 239-240 დღეს. ვაზის გამოღვიძება იწყება აპრილის პირველი რიცხვებიდან, კვირტების გამოფურჩქვნა 6-8 აპრილიდან. ყვავილობა იწყება ივნისის პირველი რიცხვებიდან და 15 ივნისადმე მთავრდება. ყურძენი შეთვალებას იწყებს აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დამდეგს და მწიფდება ოქტომბრის ბოლოდან. ფოთოლცვენა იწყება ნოემბრის შუა რიცხვებიდან და მთავრდება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის პირველ რიცხვებში.
შემოდგომის ხანგრძლივი თბილი და ტენიანი ამინდების მოქმედების შედეგად ალადასტურის ვეგეტაცია მნიშვნელოვნად განაგრძლივებულია. მიუხედავად ამისა, ვაზის რქები გარდა ყლორტების მზარდი წვეროებისა სრულ მომწიფებას ასწრებს ყურძნის მასობრივად დამწიფების პერიოდისათვის და ამ დროისათვის ღებულობს ჯიშისათვის დამახასიათებელ ელფერს.
ალადასტური თავისი ვეგეტაციური ნაწილების განვითარებით ძლიერ მოზარდ ვაზთა ჯგუფს მიეკუთვნება. სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის ცალკეული რქების სიგრძე ხშირად 3,5-4 მეტრს აღწევს.
მოსავლიანობა
წარმოებული დაკვირვების მიხედვით ალადასტური პირველ ნიშანს იძლევა დარგვიდან მესამე წელს, ზოგჯერ მეორე წელსაც, მაგრამ პირველადი განვითარების ფაზაში არატიპიური მტევნები უვითარდება. სრულ მოსავალს იძლევა მეხუთე წლიდან. ალადასტურმა უხვი მოსავალი იცის.
ქვემოთ მოყვანილ მე-3 ცხრილში მოცემულია ცნობები ალადასტურის მოსავლიანობის შესახებ (ხუთი წლის საშუალო მონაცემები).
ოლიხნარად ან ფორჩხისებურად ფორმირებულ ვაზზე კვირტების საერთო რაოდენობა 40-45-მდე აღწევს. ნაყოფის მომცემი ყლორტები საშუალოდ 75-77%-მდეა, ხოლო მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,7-1,8 არ აღემატება. რქაზე ხშირად 2 მტევანია, ზოგჯერ ერთი. ერთი ძირის მოსავალი ოლიხნარისებრი ფორმირებისას (40-45 კვირტის დატოვების შემთხვევაში) 8,0-9,5 კილოგრამს აღწევს, ხოლო ჰექტარზე გადაყვანილი მოსავალი 90-105 ცენტნერით განისაზღვრება. ეჭვს გარეშეა, რომ აგროტექნიკური ოპერაციების დროულად და წესიერად ჩატარებით კიდევ შეიძლება გადიდდეს ალადასტურის მოსავალი და იგი აყვანილი იქნეს 150 ცენტნერამდე.
ყვავილცვენა ჯიშმა თითქმის არ იცის, ყვავილცვენა ემჩნევა არახელსაყრელი ამინდის დროს.
ვაზის ძველი ნაწილებიდან წარმოშობილი ყლორტები ჩვეულებრივ უმოსავლოა.
ჯიშის გამძლეობა მავნებელთა და ავადმყოფობათა მიმართ
მრავალი წლის განმავლობაში წარმოებული დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ალადასტური ფილოქსერას უკეთ უძლებს, ვიდრე სხვა ადგილობრივი ჯიშები (ჩხავერი, ჯანი, მტევანდიდი, სხილათუბანი და სხვ.). სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ალადასტური საკუთარ ძირზე მაღლარად საკმაოდ დიდი რაოდენობითაა შემორჩენილი გურიასა და ქვემო იმერეთში.
სოკოვან ავადმყოფობათაგან ალადასტური საკმაოდ კარგად უძლებს ჭრაქს, ხოლო ადვილად ზიანდება ნაცრისაგან. ამიტომ აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ნაცრის საწინააღმდეგოდ ჩატარდეს დამატებითი შეფრქვევა გოგირდისა, განსაკუთრებით ყვავილობისას და მარცვლის გამოხორბვლის პერიოდში.
ჯიშის დამოკიდებულება გარემო პირობების მიმართ
გურიისა და ქვემო იმერეთის რაიონებში სითბოს დიდი ჯამი და უხვი ნალექები ხელისშემწყობ პირობებს ქმნის მავნებელთა და სოკოვან ავადმყოფობათა ფართოდ გავრცელებისათვის. ალადასტური რომ არ დაავადდდეს და მაღლხარისხოვანი მოსავალი მოგვცეს, იგი მზვარე ადგილებზე უნდა გაშენდეს. ამგვარ ნაკვეთებზე მზის სხივებისა და აერაციის გაძლიერებული მოქმედების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება ვაზის როგორც ნორმალური ზრდა-განვითარება, ისე უხვი და კარგი მოსავალი. კირის საკმაო რაოდენობის შემცველ თიხნარ-ქვიშნარ ნიადაგებზე ალადასტური გაცილებით მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლევა, ვიდრე უკირო ეწერი ტიპის ნიადაგებზე.
გურიისა და ქვემო იმერეთის რაიონებში ზამთრის ყინვების მოქმედება უმნიშვნელობა. ჩვეულებრივ იგი -6º, -8º არ აღემატება და მხოლოდ ზოგ წელს აღწევს -10º. ასეთი მცირე ყინვები ვაზის ნაწილებზე თითქმის არ ახდენს უარყოფით გავლენას, ვაზი ნორმალურად იღვიძებს და ვეგეტატიური ნაწილების განვითარება სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში სავსებით ნორმალურად მიმდინარეობს.
ალადასტურის დაბლარად და ქართული წესით ფორმირების შემთხვევაში (8-10 კვირტის დატოვებისას) ერთი ძირის მოსავალი 2 კგ არ აღემატება, მაგრამ თუ მას გადავიყვანთ ამაღლებულ ფორმირებაზე ოლიხნარის სახით, მისი მოსავალი მნიშვნელოვნად შეიძლება გაიზარდოს. ამ წესით ფორმირებისას საჭიროა შტამბის სიმაღლე განისაზღვროს ერთ მეტრამდე და თანდათანობით წესიერად სხვლის შედეგად ვაზზე შეიქმნას რამდენიმე მხარი და მათზე გამოყვანილ იქნეს 5-6 საფორმო ელემენტი.
მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული აგრეთვე ალადასტურის ფორმირება კორდონისებრი წესით (შტამბის სიმაღლით 65-70 სმ-მდე) ორ მხარზე, თითოეულზე ორ-ორი საფორმო ელემენტის შექმნით. ამ შემთხვევაში ვაზი 36-40 კვირტით შეიძლება დაიტვირთოს და კვების არე 3 მეტრით განისაზღვროს, რაც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ჰექტარზე (ერთ ძირზე საშუალოდ 4-4,5 კილო ყურძნის მიღებისას) 130-150 ცენტნერამდე ყურძენი. ალადასტურის დიდ მასივებად გაშენების შემთხვევაში ვაზების კორდონისებური წესით ფორმირება, მოსავლის გადიდებასთან ერთად უზრუნველყოფს მექანიზაციის ფართოდ გამოყენების შესაძლებლობას და სამუშაო ოპერაციების რაციონალურად ჩატარებას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს დანახარჯებს მევენახეობაში და ამის შედეგად საგრძნობლად გააიაფებს პროდუქციის თვითღირებულებას.
სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება
ყურძნის მექანიკური შედგენილობა
სამეურნეო დანიშნულების მხრივ ალადასტური საღვინე ჯიშია. მისი პროდუქცია წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული აგრეთვე ადგილობრივ მოსახმარებელ სუფრის ყურძნად, რამდენადაც ტრანსპორტაბელური და ამავე დროს კარგი შენახვის უნარიანია.
ყურძნის მექანიკურ-ქიმიური ანალიზისათვის ალადასტურის ყურძნის ნიმუშები აღებულ იქნა სოფ. კალაგონსა და ზემო ფარცხმაში 1949, 1950 და 1951 წლებში. აქვე მოგვყავს ყურძნის მექანიკური ანალიზის შედეგები (იხ. ცხრ. 4).
100 მარცვლის საშუალო წონა 207 გრამამდე აღწევს. 100 მარცვალში 259 ცალამდე წიპწაა და მათი წონა 15 გრამს უდრის. აქედან, ერთწიპწიანი მარცვლები შეადგენს 7%-ს, ორწიპწიანი – 41%-ს, სამწიპწიანი – 39%-ს, ოთხწიპწიანი – 12%-ს და ხუთწიპწიანი – 1%-ს.
ამინდის პირობების მიხედვით მტევანში წვრილი მარცვლების რაოდენობა 5%-მდე აღწევს და ყურძნის დამწიფებისას ეს წვრილი მარცვლებიც ნორმალურად მწიფდება.
ტკბილის ქიმიური ანალიზისათვის ყურძნის ნიმუშები ამავე ადგილებიდან იქნა აღებული. ანალიზის შედეგები მოცემულია ქვემოთ მოყვანილ მე-5 ცხრილში.
ცხრილი 5
ალადასტურის ტკბილის ქიმიური ანალიზის მონაცემები
რაიონი და ნიმუშის აღების ადგილი |
მოსავლის წელი |
მოკრეფის თარიღი |
ტკბილის ხვედრითი წონა |
შაქრიანობა %-ით |
საერთო მჟავიანობა ‰-ით |
---|---|---|---|---|---|
სოფ. კალაგონი (ჩოხატაურის რ-ნი) |
1949 1950 1951 |
26.X 29.X 30.X |
– 1,089 1,092 |
19,8 21,0 21,3 |
8,5 8,8 9,4 |
სოფ. ზემო ფარცხმა (ჩოხატაურის რ-ნი) |
1949 1950 1951 |
25.X 29.X 27.X |
1,091 1,105 1,97 |
20,7 20,9 20,4 |
9,2 8,9 9,3 |
ალადასტურს ჩვეულებრივ ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში კრეფენ. მიუხედავად ასე დაგვიანებით მოკრეფისა, შაქრიანობა მასში 21,5% არ აღემატება, უფრო ხშირად კი 19,9-20%-ია, ხოლო საერთო მჟავიანობა 8,5-9,4‰-მდეა. შაქრის შედარებით არა დიდი რაოდენობით დაგროვება გამოწვეულია ყურძნის სიმწიფის პერიოდში მოჭარბებული ნალექებით და ამის შედეგად მარცვალში წყლის რაოდენობის გაზრდით. მიუხედავად ამისა, დამზადებული ტკბილის ნიმუშებიდან შაქარმჟავიანობის ამგვარი თანაფარდობის შედეგად შესაძლებელი გახდა საკმაოდ ხარისხოვანი ღვინის დამზადება.
აქვე მოგვყავს დამზადებული ღვინის ნიმუშების ქიმიური ანალიზის შედეგები (იხ. ცხრ. 6).
როგორც ქიმიური ანალიზის შედეგებიდან ჩანს, ალადასტურის ღვინოში ალკოჰოლი 10,4-10,8º არ აღემატება, რაც გამოწვეულია ტკბილში შაქრების არა დიდი რაოდენობით დაგროვებით (19,8-20,9%). შემცირებულ ალკოჰოლიანობასთან ერერთად საანალიზო მასალაში წარმოდგენილია საერთო მჟავიანობის ცოტა მეტი რაოდენობა (7,1-7,8). მქროლავი მჟავების შემცირებული რაოდენობა (0,59-0,66) ღვინის სისაღის მაჩვენებელია. ნიმუშში ნორმალური რაოდენობითაა წარმოდგენილი ექსტრაქტი (24,15-28,40). შაქრების მცირე რაოდენობა (0,30-0,33) ღვინის დადუღების მაჩვენებელია. ალადასტურის ღვინომ დაჭაშნიკების შედეგად შემდეგი შეფასება მიიღო: ღია წითელი ფერისა, საკმაოდ მრგვალი და საკმაოდ ჰარმონიული, სპეციფიკური ჯიშური გემოსი და ოდნავ მომეტებული მჟავიანობის მქონე.
ალადასტურის ღვინო ახლო მანძილზე ტრანსპორტს კარგად იტანს და 3-5 წლამდე უცვლელად ინარჩუნებს თავის დამახასიათებელ გემურ თვისებებს.
საერთო შეფასება და დარაიონება
გურიის წითელყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის ალადასტური ერთ-ერთ საპატიო ადგილს იჭერს, რამდენადაც საკმაოდ ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიშია. მის პროდუქციას წარმატებით იყენებენ ადგილობრივ მოსახმარი წითელი სუფრის ღვინის დასამზადებლად და ძირითად საკუპაჟე მასალად ზოგიერთი დაბალხარისხოვანი ღვინის თვისების გაუმჯობესების მიზნით. მაგალითად, იგი წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული იზაბელას („ადესა“) ღვინის გასაკეთიშობილებლად. დაკვირვება ცხადყოფს, რომ მათი კუპაჟი უნდა იქნეს წარმოებული ყურძნად (ერთი ნაწილი ალადასტური და ორი ნაწილი იზაბელა) და ტკბილი უნდა დადუღდეს მთელ ჭაჭაზე. ამ წესით დამზადებულ ღვინოს, იზაბელას სპეციფიკური არასასიამოვნო გემური თვისებები და სუნი უქრება და იგი ტიპიური ორდინარული ღვინის თვისებებს იძენს.
ჭარბტენიან პირობებშიაც კი ალადასტურის ყურძენი სრულებით არ ლპება და არ ზიანდება. მაღალი გემური თვისებებისა და შენახვის უნარის შედეგად მისი პროდუქცია წარმატებით გამოიყენება ადგილობრივ მოსახმარ სუფრის ყურძნად.
ამრიგად, ალადასტური თავისი სამეურნეო დანიშნულებით მიეკუთვნება ადგილობრივი მნიშვნელობის საღვინე და სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს, რომელსაც პროდუქციის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებთან ერთად ახასიათებს ღონიერი ზრდა-განვითარება, ეკოლოგიური პირობების მიმართ ადვილად შეგუების უნარი და უხვი მოსავლიანობა.
უარყოფითი მხარეებიდან აღსანიშნავია ნაცრისადმი სუსტი გამძლეობა, მაგრამ ამ ნაკლის გამოსწორება წარმატებით შეიძლება ვეგეტაციის პერიოდში გოგირდის დამატებითი შეფრქვევით, განსაკუთრებით ყვავილობისა და მარცვლის გამოხორბვლის პერიოდში.
ალადასტურისაგან ხარისხოვანი პროდუქციის მიღების მიზნით მისი შემდგომი გავრცელება უნდა წარმოებდეს ნამყენების სახით აღმოსავლეთ გურიისა და ქვემო იმერეთის მთისპირა მიკრორაიონებში მზით უხვად განათებულ და სამხრეთით მიქცეულ ფერდობ ადგილზე, სადაც ნიადაგში ამავე დროს კალციუმის კარბონატების საკმაო რაოდენობაც იქნება წარმოდგენილი. უხვი მოსავლის მიღების მიზნით ფართოდ უნდა იქნეს რეკომენდებული დიდი დატვირთვის ფორმები (მრავალსაკავებლიანი, ოლიხნარი, კორდონი, ხეივანი). ალადასტური ორდინარული ღვინოების მისაღებად წარმატებით შეიძლება გავაშენოთ აგრეთვე დასავლეთ საქართველოს მევენახეობის დანარჩენ რაიონებშიაც.
წყარო: საქართველოს ამპელოგრაფია / ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე