ნიადაგის ნიმუშის აღების წესი
მცენარისათვის საჭირო საკვები ელემენტების ნორმების განსაზღვრისათვის აუცილებელია ნიადაგში ამ ელემენტების შემცველობის ზუსტი ცოდნა. საკვლევი ნიადაგის ანალიზი ტარდება ლაბორატორიულ პირობებში. ეს საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ საკვები ელემენტების ზუსტი ნორმები და შევადგინოთ მათი გამოყენების წლიური გეგმა.
ნიადაგში საკვები ელემენტებიც შემცველობის ცოდნის გარეშე სასუქების შეტანისას ადგილი აქვს სასუქების არადანიშნულებისამებრ გამოყენებას და გაწეული დანახარჯების მკვეთრად გადიდებას, რის გამოც ამა თუ იმ კულტურის მოვლა-მოყვანა ხშირად არარენტაბელური ხდება.
ნიადაგის შერეული ნიმუშის აღების სიხშირე დამოკიდებულია ნიადაგის სიჭრელეზე, ნაკვეთის რელიეფზე, მოსაყვანი კულტურის ბიოლოგიურ თავისებურებებზე და სხვა ფაქტორებზე. მაგალითად, ერთნაირი რელიეფისა და თანაბარი ნაყოფიერების მქონე სავარგულიდან ერთი შერეული ნიმუშის აღება შესაძლებელია 15-20 ჰექტარი ფართობიდან.
ნიადაგის ნიმუშის აღება უმჯობესია გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, სასუქების შეტანისა და საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების თესვის წინ. სასუქების შეტანისიდან ნიადაგის შერეული ნიმუშის აღება შესაძლებელია 3-4 თვის შემდეგ.
ნიადაგის ნიმუშის ასაღები ხელსაწყოები:
ა) ნიმუშის აღებისას გამოიყენება ბარი, ნიჩაბი ან სპეციალური ნიმუშის ასაღები ხელსაწყო;
ბ) ხელსაწყო უნდა იყოს რკინის ან ქრომირებული. დაუშვებელია სპილენძის, ბრინჯაოს ან გალვანიზირებული რკინის გამოყენება.
ნიადაგის ნიმუშის ასაღები ტერიტორია:
თითოეული ნიმუშისთვის უნდა აიღოთ მხოლოდ ერთი ტიპის ნიადაგი.
მაგალითად: გაზონი, ბოსტანი, მრავალწლიანი ნარგავების ტერიტორიებიდან ცალკეულად უნდა განხორციელდეს ნიმუშების მიღება და შემდგომი ანალიზი;
იმ შემთხვევაში თუ ერთნაირი სტრუქტურის ნიადაგზე მცენარეს აქვს სხვადასხვანაირი შედეგი, რეკომენდებულია ცალკეულად ნიმუშების აღება.
ნიადაგის ნიმუშის აღების წესი:
მჟავე ნიადაგებზე ერთი შერეული ნიადაგის ნიმუშის აღება წარმოებს 2-5 ჰექტარზე (დასავლეთ საქართველო), კარბონატულ ნიადაგზე კი 5-8 ჰა-ზე (აღმოსავლეთ საქართველო). თუმცა ერთნაირი რელიეფისა და თანაბარი ნაყოფიერების მქონე სავარგულიდან ერთი შერეული ნიმუშის აღება შესაძლებელია 15-20 ჰექტარი ფართობიდანაც.
ნიადაგის ნიმუშის აღება ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან მის სწორად აღებაზეა დამოკიდებული ჩატარებული ანალიზის სიზუსტე, რომლის შედეგების საფუძველზეც წარმოებს საკვები ელემენტების ნორმების გაანგარიშება და დაზუსტება, სასუქების ფორმების, მათი შეტანის ვადებისა და ხერხების შერჩევა, მჟავე ნიადაგების მოკირიანება, ბიცობი ნიადაგის მოთაბაშირება. აქედან გამომდინარე, ნიმუშის აღებისას დაშვებული შეცდომა შეიძლება გახდეს არასწორი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.
დაიმახსოვრეთ! საკვები ნივთიერებები მხოლოდ იდეალური ტენიანობის პირობებში მოქმედებს ოპტიმალურად. მშრალ ნიადაგზე შეტანილი სასუქი მხოლოდ მას შემდეგ იწყებს მოქმედებას, როდესაც წყალში გაიხსნება და ფესვამდე მიაღწევს.
სათბურში ერთი შერეული ნიმუში აიღება ერთ სიღრმეზე 0-25 სმ-ზე. ღია გრუნტში ერთწლიანი კულტურებისaთვის აიღება ორი შერეული ნიმუში 0-20 სმ და 20-40 სმ-ზე, ხოლო მრავალწლიანი კულტურებისთვის 0-30; 30-60 სმ-ზე. ნიადაგის შერეული ნიმუშის ასაღებად შევდივართ ნაკვეთში, ვყოფთ მას დიაგონალებით ოთხ ნაწილად და დიაგონალებზე ვიწყებთ ნიადაგის ნიმუშების აღებას.
ნიადაგის ნიმუშის აღების სქემა
ნაკვეთის სიდიდის მიხედვით ნიადაგის ნიმუშები აიღება 5 ან 9 ადგილიდან. ამისათვის საჭიროა ორმოს ამოსაღები ადგილი გავათავისუფლოთ ბალახისაგან და შერჩეულ ადგილას ამოვთხაროთ ორმო, რომლის სიგრძე-სიგანე 40X40 და სიღრმე 60 სმ იქნება. ამოჭრილ ორმოში სახაზავის საშუალებით გამოვყოფთ სიღრმეებს, 0-30 და 30-60 სმ-ს. ორმოს ძირში ჩავუფენთ ცელოფანს და დანის დახმარებით ნიმუშებს ვიღებთ 0-30 და 30-60 სმ-ს ფენიდან.
ლაბორატორიაში გაგზავნამდე ნიადაგის ნიმუშის მარკირება:
ხუთივე ორმოდან ამოღებული ნიადაგის 0-30 სმ-ს ფენას კარგად ვურევთ ერთმანეთში და 350-400 გრამ ნიადაგს ვათავსებთ ერთ პარკში. 20-40 სმ-იან ფენას — მეორე პარკში, 40-60 სმ-ს სიღრმის ფენის იმავე რაოდენობით მესამე პარკში. თითოეულ ნიმუშიან პარკზე ვუკეთებთ ეტიკეტს, რომლეზეც მითითებული უნდა იყოს:
ნიმუშის ნომერი;
- ნიმუშების აღების სიღრმე;
- ნიმუშის აღების თარიღი;
- რაიონის, სოფლისა და ნაკვეთის სახელწოდება;