სიღნაღს მარცვლეული კულტურების წარმოების კარგი შესაძლებლობები აქვს
მემარცვლეობა სიღნაღის ზონისათვის ოდითგანვე ტრადიციული დარგი იყო და ამ კულტურებს აქ დღესაც შეძლებისდაგვარად სათანადო ყურადღება ექცევა. თვით აქაური აგროკლიმატური პირობები საშემოდგომო მარცვლულის წარმოების კარგ პირობებს იძლევა.
წლეულს სიღნაღის მუნიციპალიტეტში საშემოდგომო ხორბალი 25 675ჰექტარზე იყო დათესილი და, როგორც სპეციალისტები აფასებენ, საშუალო საჰექტარო მოსავლიანობაც, ურიგო არ გახლდათ, ფერმერებმა საშუალოდ ჰექტარზე 3,5ტონა მარცვალი აიღეს.
რაიონში მთლიანად 89 860 ტონა ხორბლის მოსავალია აღებული და დაბინავებული.
მუნიციპალიტეტში ფერმერები ასევე ინტენსიურად მისდევენ საშემოდგომო ქერის მოყვანას. წლეულს ქერის ნათესების საერთო მოცულობამ 9600 ჰექტარს გადააჭარბა, ხოლო საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა _ 4 ტონას, სულ კი მუნიციპალიტეტის მასშტაბით 35 275 ტონა ქერის მოსავალი.
ახლა კი, ხორბლის მოსავალს კონკრეტულად წარმოგიდგენთ რამდენიმე სოფლის მაგალითზე .
ჩვენ დავუკავშირდით მუნიციპალიტეტის ფერმერებს. სოფელ ბოდბისხევის ფერმერი – გურამ გელაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ხორბალი სულ დათესილი ჰქონდა 400 ჰა-ზე, საშუალოდ მიიღო 1 ჰა-ზე – 4, 5 ტონა ხორბლის მარცვალი. რაც შეეხება ქერის ნათეს ფართობს დათესილი ჰქონდა 120 ჰა-ზე, რომელიც საშუალოდ 1 ჰა-ზე მიიღო 4, 8 ტონა ქერის მარცვალი.
ასევე, ბოდბისხევის ფერმერი, პაატა მილაშვილი რომელსაც ქერი და ხორბალი წლებია მოჰყავს, ამბობს რომ შედარებით მოსავლიანი წელი იყო, ხორბალი 235 ჰექტარზე ეთესა და საშუალოდ ჰექტარზე 5 ტონა მარცვალი აიღო, ხოლო საშემოდგომო ქერს, რომელსაც 65 ჰექტარი ეჭირა საშუალო მოსავალმა 1 ჰა-ზე 5, 5 ტონას გადააჭარბა.
ასევე კმაყოფილია ტიბაანელი ფერმერი თემურ ალავერდაშვილი, მაღაროსკარელი გია ქადაგიშვილი, ნუკრიანელი ფერმერი ირაკლი მჭედლიშვილი და სოსო ჯანგულაშვილი, მათაც ჰექტარზე საშუალოდ 3-4 ტონა ქერი და ხორბალი აიღეს.
2021 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტში ფერმერებმა შარშანდელთან შედარებით მეტი მოსავალი მიიღეს, თუმცა აქ საშემოდგომო მარცვლეულის წარმოების პოტენციალი გაცილებით მეტია, მაღალ აგროტექნიკურ ფონზე, კარგი სათესლე მასალის და სხვა აუცილებელი პირობების დაცვის შედეგად, მოწეული მარცვლის რაოდენობის და საჰექტარო მოსავლიანობის გაზრდაც შესაძლებელია.
თამარ ჯოხარიძე,
სიღნაღი, 2021 წ. სექტემბერი.