მშრალი ყურძნის (ქიშმიში) წარმოება
მშრალი ყურძნის, როგორც საკვები პროდუქტის, წარმოების ისტორია საუკუნეებს მოიცავს.
ქიშმიშის (ვაზის) რამდენიმე სახესხვაობა არსებობდა კახეთსა და ქვემო ქართლში. ყურძნის გამოშრობას ახდენდნენ თონეებში (ჯავახიშვილი, 1934).
ქიშმიშს ძირითადად აწარმოებენ სამხრეთ ევროპაში, აზიაში, სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში და აშშ-ში. დსთ-ს ქვეყნებიდან იგი ყველაზე მეტი იწარმოება უზბეკეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და აზერბაიჯანში.
საქართველოში ქიშმიში, სამწუხაროდ, არ იწარმოება. იგი სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს. სწორედ ამით აიხსნება მასზე ბაზრის მეტისმეტად მაღალი ფასები, რაც გვაფიქრებინებს მისი წარმოების გზების ძიების აუცილებლობაზე.
ქიშმიშსა და ჩვეულებრივ გამომშრალ ყურძენს (ჩამიჩი) შორის არსებობს განსხვავება. ქიშმიში უწიპწოა, ჩამიჩი წიპწიანი. საქიშმიშე ჯიშების ყურძენი ხასიათდება რბილი სტრუქტურით, სასიამოვნო არომატით, მსხვილი ან ძალიან წვრილი მარცვლებით და შენახვისას მცირე წებოვნებით. საერთოდ, როგორც ქიშმიშის, ასევე ჩამიჩის მისაღებად საჭიროა ყურძნის გამოშრობა.
საქიშმიშე ყურძნის გამოშრობა კი ხორციელდება როგორც ხელოვნური, ასევე ბუნებრივი გზით. ბუნებრივი შრობა წარმოებს ღიად, მზეზე. ეს წესი მიღებულია იქ, სადაც იცის ცხელი ზაფხული, ხანგრძლივი თბილი უნალექო შემოდგომა და შედარებით დაბალი შეფარდებითი სინოტივე.
ხელოვნური შრობა ხორციელდება სპეციალურ ფარდულებში, რომლებიც კეთდება იმ ანგარიშით, რომ 100 ტ ყურძენს ესაჭიროება 0,6 ჰა ფართობის სათავსო.
გამომშრალი პროდუქციის გამოსავლიანობის გადიდებისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად, მორწყვას წყვეტენ ყურძნის დაკრეფამდე ორი კვირით ადრე. კრეფენ, როცა საქიშმიშე ჯიშების ყურძნის შაქრიანობა მიაღწევს 23-25%-ს, ხოლო საჩამიჩე ჯიშებისა _ 22-23%-ს.
მსოფლიო ბაზარზე გამავალი ქიშმიში ძირითადად ვაზის სამი ჯიშისაგან მიიღება: თეთრი ოვალური ქიშმიში, შავი კორინკა და ალექსანდრიული მუსკატი.
გარდა აღნიშნული ჯიშებისა არსებობს: მოლდოვური ქიშმიში, მეჩტა, წითელი თურქმენული, პერლეტი (საადრეო მომწიფების პერიოდის ჯიშები); ხიშრაუ, სირანუში, ასკერი, ქიშმიში შავი, ქიშმიში ვირა, ქიშმიში ზარაფშანი, ქიშმიში ირტიშარი (საშუალო მომწიფების პერიოდის ჯიშები).
საქართველოში გავრცელებული იყო ოთხი ადგილობრივი საჩამიჩე ჯიში: მჟღრია, მხარგრძელი, ქიშური თეთრი და ცხენის ძუძუ (ბიბილაშვილი, 1971).
ზემოჩამოთვლილი საქიშმიშე ჯიშების მთელი სიმრავლიდან საქართველოში გასავრცელებლად შესაძლებელია შეირჩეს ჩვენი ქვეყნის აგროკლიმატური პირობებისათვის უფრო მისაღები ჯიში.
საქიშმიშე ჯიში ადრე უნდა მწიფდებოდეს, რომ შესაძლებელი იყოს ყურძნის კარგად გამოშრობა, რადგან შემოდგომაზე დღის ხანგრძლივობა მოკლდება, ჰაერის ტემპერატურა ეცემა და წვიმები ხშირია.
შესასწავლად შევარჩიეთ თეთრი ოვალური ქიშმიშის ჯიში, რადგან იგი აკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტს და ამასთან, მომწიფების საშუალო პერიოდისაა. თუ ჩვენი ქვეყნის აგროკლიმატური მაჩვენებლები დააკმაყოფილებენ საშუალო მომწიფების პერიოდის საქიშმიშე ჯიშს, მით უფრო ხელსაყრელი იქნება საადრეო ჯიშებისათვის.
ჩვენი გამოკვლევის თანახმად, კვირტის დაბერვიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე პერიოდში, აღნიშნულ ჯიშს ესაჭიროება 160-მდე დღე და 30000 -მდე აქტიურ ტემპერატურათა ჯამი.
ყურძენში 18% შაქრიანობის მისაღწევად საჭიროა ყვავილობის შემდგომ პერიოდში დაგროვდეს 11500, 23%-ის მისაღწევად _ 14000 , ხოლო 25%- სთვის კი _ 17000 -მდე, აქტიურ ტემპერატურათა ჯამი.
თეთრი ოვალური ქიშმიშის ყურძენს, სპეციალურ ხსნარში წინასწარი დამუშავების გარეშე, მზეზე საშრობად 26,70 ჰაერის საშუალო ტემპერატურის პირობებში ესაჭიროება 12 დღე, 21,10-ის საშუალო ტემპერატურისას _ 20 დღე, 15,60-ის პირობებში კი 40 დღე.
მზეზე გასაშრობად ყურძენი სექტემბრის შუა რიცხვებამდე მაინც უნდა იკრიფებოდეს. საზიანოა წვიმები სექტემბერში, განსაკუთრებით მაშინ თუ ნალექების რაოდენობა აღემატება 2,5 მმ-ს ან მოდის ზედიზედ სამი დღის განმავლობაში.
ქვემოთ მოგვაქვს ცხრილი 1, სადაც მოცემულია ქიშმიშის აღნიშნული ჯიშის მწარმოებელი ზოგიერთი ქვეყნის (ესპანეთი, საბერძნეთი, აშშ) მეტეოროლოგიური სადგურების მაჩვენებლები.
იქვე წარმოდგენილია აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზონის მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემები ქიშმიშის წარმოების აგროკლიმატური ანალოგების ძიების მიზნით.
როგორც ცხრილიდან ჩანს, ვაზის ყვავილობა, რომელიც ემთხვევა საშუალო დღეღამური ტემპერატურის 200-ზე გადასვლის თარიღს, აღინიშნება მაისის მეორე ნახევრიდან (მალაგა, კორინთო) ივნისის პირველ დეკადაში (საკრამენტო და საქართველოს პირობები).
როგორც ცნობილია, ყურძნის საკრეფი სიმწიფე მალაგაში, კორინთოსა და საკრამენტოში აღინიშნება აგვისტოს შუა რიცხვებში; იგივე საკვლევი ჯიშის მომწიფებას საქართველოს პირობებში უნდა მოველოდეთ სექტემბრის დასაწყისში. ე.ი. ყვავილობიდან ყურძნის მომწიფებამდე პერიოდში ჩვენთან დაგროვდება აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 20000 და მეტი.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ თეთრი ოვალური ჯიშის ქიშმიშის ყურძენში 23% შაქრიანობის მისაღწევად, საჭიროა ყვავილობის შემდგომ პერიოდში დაგროვდეს 14000 ტემპერატურათა ჯამი, ხოლო 25%-თვის კი 17000-მდე.
საქართველოს პირობებში ყვავილობიდან მომწიფებამდე პერიოდში დაგროვილი სითბოს ჯამი (20000) 3000-ით აღემატება 25% ყურძნის შაქრიანობის მისაღწევად საჭირო ტემპერატურათა ჯამს.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ მომწიფების პერიოდში საქიშმიშე ყურძენს ესაჭიროება ჰაერის მაღალი საშუალო დღეღამური ტემპერატურა. ჩვენს პირობებში ივლის-აგვისტოს საშუალო დღეღამური ტემპერატურები 250-ის ფარგლებშია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზონის აგროკლიმატური მაჩვენებლები სრულიად დამაკმაყოფილებელია ვაზის საშუალო მომწიფების პერიოდის საქიშმიშე ჯიშების წარმატებით გასავრცელებლად; მით უფრო, იგი სავსებით ხელსაყრელი იქნება მისი საადრეო ჯიშებისათვის (გაგუა, გოგიტიძე. 1999).
საყურადღებოა, აგრეთვე, საქიშმიშე ყურძნის გამოშრობის პრობლემა. ყურძნის მოკრეფა-გამოშრობა საქართველოს პირობებში უნდა მოხდეს სექტემბერში და აღნიშნული თვის კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული ყურძნის შრობის ნორმალური წარმართვა.
ამ მიზნით ცხრილ 1-ში მოტანილი გვაქვს სექტემბრის თვის კლიმატური მახასიათებლები. საქართველოს ჩვენს მიერ წარმოდგენილ პუნქტებზე სექტემბერში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 200-ზე მაღალია (მარნეულსა და ელდარში კი 190).
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქიშმიშე ყურძნის ბუნებრივი წესით, ღიად-მზეზე, გამოსაშრობად საჭირო მოთხოვნაა, რომ შრობის პერიოდში მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობა 2,5 მმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
საზღვარგარეთის ჩვენს მიერ მოტანილი მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, აგვისტოში, როცა იქ წარმოებს ქიშმიშის მზეზე გამოშრობა, მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობა შეადგენს: მალაგაში _ 1 მმ-ს, კორინთოში_ 6 მმ-ს, ხოლო საკრამენტოში _ 0-ს; სექტემბერში კი (ჯამი), შესაბამისად, 22, 27 და 8 მმ-ს. ამასთან, 2,5 მმ-ზე მეტი ნალექიან დღეთა რიცხვი საერთოდ არ აღინიშნება.
საქართველოს პირობებში კი სექტემბერში, როცა უნდა ჩატარდეს საქიშმიშე ყურძნის მოკრეფა-გამოშრობა, ატმოსფერული ნალექების საშუალო ჯამი ყველგან 30 მმ-ზე მაღალია; ამასთან, 2,5 მმ და მეტი ნალექიან დღეთა რიცხვი 3-ზე მეტია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზონაში საქიშმიშე ყურძნის ბუნებრივი წესით, ღიად _ მზეზე, გამოშრობა არ შეიძლება.
საქართველოს პირობებში ამ მიზნით უნდა იქნას გამოყენებული ჰელიოსაკნები _ მარტივი, სპეციალურად მოწყობილი ფარდულები. ყურძნის გამოსაშრობად, აგრეთვე, ვთავაზობთ სათბურების გამოყენებას, რომლებიც სექტემბრის თვეში დანიშნულების მიხედვით ჯერ კიდევ დაკავებული არ არის.
ამრიგად, საბოლოოდ შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზონაში ვაზის საადრეო და საშუალო მომწიფების პერიოდის საქიშმიშე ჯიშების გავრცელება და მიღებული მოსავლის ხელოვნური წესით _ ჰელიოსაკნებში ან სათბურებში გამოშრობა მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ, ადგილობრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მაინც, ვაწარმოოთ სასუფრე ყურძნის ეს ძვირფასი პროდუქტი _ ქიშმიში.
გივი გაგუა,
საქართველოს აგროკლიმატური რესურსები