არახელსაყრელი ტემპერატურით გამოწვეული მცენარეთა დაავადებები
ტემპერატურა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს მცენარის ზრდაზე, მის გავრცელებასა და საერთოდ მის არსებობაზე.
დაბალი და მაღალი ტემპერატურა მომაკვდინებლად მოქმედებს მცენარეზე, იწვევს პათოლოგიურ მოვლენას, რომლებიც ვლინდება სხვადასხვა ფორმით, ნიადაგისა და ჰაერის დაბალი ტემპერატურის მოქმედებით მცენარეზე და მის ქსოვილებზე წარმოიქმნება პათოლოგიური პროცესი, რომელიც დაკავშირებულია პლაზმის კოლოიდური ნივთიერებების მდგომარეობის შეცვლასთან, რომელიც ვლინდება გაყინვის ფორმით.
მცენარის გაყინვის პროცესზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს უჯრედში არსებული თავისუფალი წყლისა და შაქრების რაოდენობა. რაც მეტი რაოდენობითაა წყალი, მით მეტად ხდება გაყინვის პროცესი.
დაბალი ტემპერატურისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მცენარის ნაზი წვნიანი ნაწილები, როგორებიცაა ყვავილები, ახალგაზრდა ფოთლები და ყლორტები. დაბალი ტემპერატურისადმი უფრო გამძლეა მცენარის ის ნაწილები, რომლებიც იმყოფებიან მოსვენებულ მდგომარეობაში ან აქვთ ხსნადი ნახშირწყლების შემცველი მაღალკონცენტრირებული უჯრედის წვენი.
მერქანი, ქერქი და კვირტები ზამთარში წყალს შეიცავენ მცირე რაოდენობით, ამიტომ გამძლეობას იჩენენ ყინვის მიმართ.
ყინვისაგან დაზიანებული ქსოვილი დასაწყისში ხდება გამჭვირვალე, შემდეგ შავდება და შრება. ასეთ ქსოვილებზე თავისუფლად სახლდება პათოგენური სოკო – Botritis cinerea. მცენარის ყინვისადმი მგრძნობიარობაში მნიშვნელობა აქვს მისი განვითარების ფაზას.
გაზაფხულზე სუსტი წაყინვებით ძლიერ ზიანდებიან ახალგაზრდა ფოთლები და ყვავილები. ზამთარში, როცა მცენარე იმყოფება მოსვენებულ მდგომარეობაში, შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს ყინვისაგან. დაბალი ტემპერატურებით ზიანდება მცენარის არა მარტო მიწის ზედა ორგანოები, არამედ ფესვებიც, თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებ დაზიანებას განიცდის.
სათბურის პირობებში დაბალი ტემპერატურის (70C-ზე ქვევით) მოქმედების შედეგად პამიდორი გაფერმკრთალებულია, ხოლო კიდეები ნეკროზირებული, რამაც შეიძლება მცენარის ჭკნობა გამოიწვიოს.
მაღალმა ტემპერატურამაც შეიძლება გამოიწვიოს მცენარეული ქსოვილის კვდომა. ამ დროს ძნელია ზღვრის გავლება მაღალ ტემპერატურასა და ინტენსიურ განათებას შორის, რადგან ორივე ფაქტორი მოქმედებს ერთდროულად.
თუ ზომიერად თბილი კლიმატის მცენარეები განიცდიან ხანგრძლივად მაღალი ტემპერატურის (40-500C) მოქმედებას, მაშინ ხშირად ხდება მათი დაზიანება. დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია მცენარის ზომასა და მის ხნოვანობაზე. გადახურების მავნე მოქმედება მცენარეზე მცირდება აორთქლებით. სანამ მცენარეს აქვს საკმარისი რაოდენობის წყალი, ის უძლებს გადახურებას, მაგრამ მაღალი ტემპერატურის (მაქსიმალურთან ახლოს) გავლენით მცენარეში წარმოიშვება პათოლოგიური მოვლენები, რომლებიც ვლინდება სხვადასხვა ფორმით.
ხეხილოვანი კულტურების ქერქი შეიძლება დაიწვას მზის სხივებით მისი არათანაბარი გახურების გამო. ეს აღინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც ტოტების ქერქი თხელია, ასევე თუ ტენის მოყვარული მცენარეები შემთხვევით მოხვდნენ ძლიერი განათების პირობებში. დაავადების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მზის მხარეზე ქერქი შრება, სიგრძეზე სკდება, ხოლო ჭრილობის კიდეები სცილდებიან მერქანს.
მაღალი ტემპერატურის მოქმედებით ხდება ხეხილის ფოთლების ლაქოვანი დაწვა, რომელიც ვლინდება ფოთლის ფირფიტის ორივე მხარეს ყვითელი ან მუქი ლაქების სახით. ასეთი ლაქები შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიებით ან სოკოებით, მაგრამ ამ უკანასკნელ შემთხვევაში მასზე აღინიშნება სოკოს ნაყოფიანობა, რომელიც კარგად ჩანს ლუპით. მაღალი ტემპერატურის მოქმედებით ხდება აგრეთვე ხეხილის ფოთლების ინტესიური გაყვითლება.
მზის სხივებით ძლიერი გახურება ვლინდება არამარტო მშრალი ლაქების და სიყვითლის სახით ფოთლებზე, არამედ მას შეუძლია ფოთლების ცვენაც გამოიწვიოს. ეს უკანასკნელი ხშირად აღინიშნება მცენარის ვარჯის ცენტრში. მზის სხივებით გამოწვეული დაზიანებები ხშირად ჰგავს ფუნგიციდებით გამოწვეულ დაზიანებებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც გამოყენებულია არასათანადო კონცენტრაციის სამუშაო ხსნარები.
ავტორი: შაქრო ყანჩაველი,
„მცენარეთა პათოლოგიის საფუძვლები“