აგროსიახლეებიდარგებიმემარცვლეობა

ხორბალი ჩვენი საგანძურია

საქართველო ხორბლისა და პურის სამშობლოა და მას აქვს რესურსი გაზარდოს ხორბლის ადილობრივი წარმოება, რაც იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს, გააძლიერებს სასურსათო უსაფრთხოებას, მოსახლეობის ფიზიკური და ეკონომიკური მდგრადობას.

წელს პირველად, ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების ხელშეწყობით დამზადდა და სამეურნეო მიზნით დაითესა „ახალციხის წითელი დოლის“ და „თეთრი დიკის“ 10 ტონამდე სერტიფიცირებული თესლი, აგრეთვე 3 ჰა-მდე ფართობზე დაითესა სერტიფიცირებული შავფხა, მახა და ზანდური (ჩელტა და გვაწა). ეს 3-4-ჯერ გაზრდის ქართული ხორბლის ენდემური სახეობების და ხალხური ჯიშების ნათესებს საქართველოში.    

ინდუსტრიული მეხორბლეებისთვის, რა თქმა უნდა, სასაცილოა ეს რაოდენობა და ფართობი, მაგრამ ჩვენ დაცვისა და აღდგენის რეჟიმში ვართ. როგორც იცით, ხორბლის ენდემური სახეობები და აბორიგენი ჯიშები გადაშენების პირას მივიდა, მას შემდეგ რაც გასული საუკუნის 60-70-იანი წლებიდან  ადგილობრივი ხორბლის თესვა აიკრძალა საქართველოში.

ქართული ხორბლის ადგილობრივი ჯიშების გავრცელების მთავარ ზონად ქართლი და კახეთი რჩება. ვფიქრობ, მესხეთმა აუცილებლად უნდა დაიბრუნოს საქართველოს ბეღლის ფუნქცია, სწორედ ამ მიზნით 2 ტონამდე თეთრი დიკის სერტიფიცირებული თესლი სამცხე- ჯავახეთში გავავრცელეთ. შარშან,  მახას და ზანდურის გამრავლება ლეჩხუმში და თერჯოლაში, საცდელად დავიწყეთ, წელს კი ლანჩხუთში მახა და ზანდურები (ჩელტა და გვაწა) თითქმის 2 ჰა-ზე დაითესა.

წითელი დოლი  213125033_509313333645901_7489803586868983247_n (1)

უძველესი ქართულ ხორბლის ნათესებში რაოდენობით ახალციხის წითელი დოლი ლიდერობს, ეს უწინაც ასე იყო, რადგან დოლის პური საუკეთესო, რბილი (საპურე) ხორბალია, გამორჩეული გემოთი; ნაკლებად მომთხოვნია ნიადაგის და კლიმატის მიმართ, დაავადებების მიმართ მედეგია და სტაბილურ  მოსავალს იძლევა; საქართველოში თითქმის ყველგან ხარობს და მისი მრავალი ფორმა არსებობს, მაგალითად, „კახური დოლი“, „მოკლე ღეროიანი დოლი“, „კორბოულის თეთრი დოლი“ და სხვა.

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სათესლე მეურნეობების ხელშეწყობა ადგილწარმოშობის გეოგრაფიულ არეალში. აუცილებელია ღირებულებათა მთელი ჯაჭვის აწყობა, სათესლე მეურნეობიდან ტრადიციულ პურცხობამდე, ხარისხის კონტროლის და მოთხოვნა-მიწოდების მექანიზმების განვითარება.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ქართულ ხორბალს ნამდვილად აქვს პოტენცია, რომ წარმოებაში თავისი ადგილი დაიკავოს. მსოფლიოში მოთხოვნა ჯანსაღ საკვებზე მზარდია, ხორბალი კი პურია – ადამიანის ზრდისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი საზრდო. 

ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა ხორბლის ადგილობრივი ჯიშების და ენდემური სახეობების ცნობადობა, ინტერესი და მოთხოვნა მათზე. აღსანიშნავია, ახალგაზრდა, წარმატებული მეწარმეების დაინტერესება ქართული ხორბლის გამოყენებით მაკარონის, ლუდის, სპირტიანი სასმელების და სხვა წარმოებისთვის.

აქვე უნდა ითქვას, რომ ქართული ხორბლის საბჭოური იარლიყი „დაბალმოსავლიანია“ აზიანებს მის იმიჯს და აუცილებლად უნდა შეიცვალოს. არ შეიძლება უძველესი ხალხური ჯიშების მოსავლიანობის შედარება თანამდეროვე მეცნიერულ ჯიშებთან, რომელთა მოსავლიანობა ხელოვნურადაა გაზრდილი. დღევანდელი მოთხოვნა არის არა რაოდენობა, არამედ ხარისხი და სარგებელი.

ჩვენი მეორე მთავარი მიმართულებაა, ქართული ხორბლის კულტურის გაცოცხლება ტურისტულ ზონებში, რაც გულისხმობს ხორბალთან და პურთან დაკავშირებული ადგილობრივი სამიწათმოქმედო წეს-ჩვეულებების და ტრადიციების აღდგენას, სოფლის, თემის და საოჯახო ტურიზმით დაკავებული მეურნეების მონაწილეობით სოფლებში პურის ყანების, ქვის წისქვილების და ცხობის აღორძინებას.

პური პური პური ლკაჯდლფჯა

წელს ხორბლის თესვის წინ, „პირველი კვალის (ხნულის) გავლების რიტუალი“ ჩავატარეთ სოფელ ალვანში, ახმეტის მუნიციპალიტეტი და სოფელ ღრელში, ახალციხის მუნიციპალიტეტი, საღვთო ღვინითა და პურით დავლოცეთ მიწა თესვის წინ, ისე როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ.

ლატვიელი ტურისტებისთვის  პირველად ჩავატარეთ პურის გზის ტური, ლაგაზიძეების საოჯახო საცხობში და მარანში, ტრადიციული პურის ცხობის მასტერ კლასით და პრეზენტაციით, „პურისა და ღვინის სამშობლო“.

ვმუშაობთ აგრეთვე დარგში მაღალი კლასის პროფესიული კადრის გაზრდის მიმართულებით, მიგვაჩნია, რომ ეს დასახული მიზნების მიღწევის აუცილებელ პირობაა. ვამზადებთ პროფესიული სწავლების მოკლევადიან პროგრამას და სასწავლო მასალას, რომელიც მომავალ წელს დაინერგება რამდენიმე პროფესიულ სასწავლებელში: „ქართული ხორბლის ენდემური და აბორიგენი ჯიშებისგან ტრადიციული პურეულის და კერძების დამზადება“, „ხორბლის კულტურა საქართველოში, მოვლა-მოყვანის პრაქტიკული რეკომენდაციები გავრცელების ზონების მიხედვით“.

¤¤¤¤¤¤¤

აქვე მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მონაწილესა და პარტნიორს, ვისთან ერთადაც შესაძლებელი გახდა ამ შედეგების მიღწევა. პირველ რიგში მათ ვინც თესავს, ამრავლებს, ერთგულებით და სიყვარულით ინახავს ქართულ ჯიშებს, მონაწილეობს ხორბლისა და პურის უძველესი კულტურის აღდგენაში. მადლობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით სერტიფიცირებული თესლის მიმართულებით, გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP-Georgia), კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრს (REC Caucasus) ბიო მრავალფეროვნების მიზნით ქართული ხორბლის ადგილობრივი ჯიშების გავრცელების მხარდაჭერისთვის, სოფლის მეურნეობის მომსახურების სააგენტოს ახალციხის სამსახურს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია „Eyw • გააფართოვე შენი სამყარო“ სერტიფიცირებული სათესლე მასალის გავრცელებისთვის, „საქართველოს ფერმერთა ასოციაციას“ დარგში პროფესიული სწავლების პროგრამების და მასალის მომზადების კუთხით, თესლის მწარმოებელ კომპანია „ლომთაგორას“, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ყველა მოხალისეს და მონაწილეს რომლებიც ჩართული არიან ქართული ხორბლის დაცვის, გამრავლების და პოპულარიზაციის საქმეში.   

¤¤¤¤¤¤¤

გაერთიანება „ქართული ხორბალი“ 2017 წელს დაფუძნდა, ხორბლის ადგილობრივი ენდემური სახეობებისა და ხალხური სელექციის ჯიშების კონსერვაციის მიზნით, რაც დაცვას, გამრავლებას და მდგრად გამოყენებას გულისხმობს. გაერთიანება მხარს უჭერს ბიო მრავალფეროვნების შენარჩუნებას და მდგრადი სოფლის მეურნეობის პრინციპების გამოყენებას.

ჩვენი ინიციატივით  და ხელშეწყობით:

2018 წელს „ქართული ხორბლის კულტურას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

2019 წელს „ქართული ხორბლის კულტურა“ წარდგენილია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი დაცვის საჭიროების ელემენტების ნუსხაში, დაცვისა და საერთაშორისო აღიარების მიზნით.

2019 წლის დეკემბერში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელსაც დაევალა ქართული ხორბლის კულტურის დაცვისთვის მხარდამჭერი პოლიტიკისა და სტრატეგიული სამოქმედო გეგმის (2021-25 წ.წ.) მომზადება. ამ ჯგუფში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად არასამთავრობო და კერძო სექტორების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.      

2018 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა სხდომა თემაზე „ქართული ხორბლის ენდემური სახეობების და ხალხური სელექციით მიღებული ადგილობრივი ჯიშების კონსერვაცია: დაცვა, გამრავლება და მდგრადი გამოყენება“.

2018 და 2019 წელს ჩატარდა პურის ფესტივალი თბილისის ბოტანიკურ ბაღში, სადაც ქართული ჯიშებით გამომცხვარ ტრადიციულ ქართულ პურს განსაკუთრებული ადგილი ეკავა.

ლალი მესხი,

გაერთიანება „ქართული ხორბლის“ დამფუძნებელი