დარგებიმეცხოველეობა

ფერმიდან საკვების ნარჩენების გატანა, გადამუშავება და გამოყენება

 ჩვეულებრივ, დარიგებული საკვების ნაწილი ცხოველებს რჩებათ შეუჭმელი. ანარჩენის რაოდენობა დამოკიდებულია საკვების სახეზე, მის ხარისხზე და კვების ინტენსივობაზე.

როგორც წესი, ცხოველები მიცემული უხეში საკვების 85-90%-სჭამენ , მაშინ, როდესაც კონცენტრირებულ საკვებს, თითქმის მთლიანად ითვისებენ.

რაც უფრო მსხვილღეროიანია უხეში საკვები, აგრეთვე რაც უფრო მაღალია ამ სახის საკვების ხვედრითი წილი ულუფაში და რაც უფრო ინტენსიურია კვების დონე, მით მეტია ანარჩენების ხვედრითი წილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ულუფის ყოველი ახალი წილის დარიგებისას საკვებურები უნდა დასუფთავდეს ანარჩენებისაგან და ისინი გატანილი უნდა იქნას სადგომიდან. როგორც წესი, მცირე ფერმებში საკვების ანარჩენებისაგან საკვებურებს ასუფთავებენ ცოცხით, ფიწლით და სხვა სამარჯვებით, ხოლო სადგომიდან გააქვთ ხელის ურიკებით; მსხვილ ფერმებში ამ მიზნით გამოიყენება ამღებ-მტვირთავი ბულდოზერი, რომლის საშუალებით აგროვებენ საკვების ანარჩენებს და ტვირთავენ სხვადასხვა თვითმცლელი მისაბმელის ძარაზე, გადააქვთ და ყრიან სანაკელე ორმოებში.

სადგომებიდან ნაკელის გატანა და გაუვნებლობა

სადგომებიდან ცხოველთა გამონაყოფების სკორეს (ნაკელის) და შარდის გატანა ერთ-ერთი ყველაზე რთული და შრომატევადი პროცესია.

ცხოველთა გამონაყოფების სადგომებიდან გატანის ერთ-ერთი პროგრესული მეთოდია ცხაურიანი იატაკის მოწყობა, რა დროსაც შარდი და სკორე ცხაურიდან ჩადის სადგომის ქვეშ გაკეთებულ მიმღებში და აქედან თვითდინებით გადადის ნაკელსაცავში.

ცხოველის სათანადოდ მომწიფებულ სკორეს, შერეულს ქვეშსაფენთან ან მის გარეშე, ჰქვია ნაკელი. ის ძვირფასი ორგანული სასუქია ნიადაგისთვის.

ძროხისა და ღორის ტრადიციულ სადგომებში ბაგასთან და დოლფარასთან აწყობენ სანაკელე ღარს. სადგომის იატაკი ღარისაკენ 2-30-ით არის დახრილი და შარდი თვითდინებით ჩაედინება მასში, ხოლო ნაკელს ჩახვეტავენ თოხით ან სხვა სამარჯვით.

ღარის სიგანეა 20-30 სმ, ხოლო სიღრმე 10-20 სმ. მასში ჩახვეტილი ნაკელის, შარდისა და ქვეშსაფენის ნარევი სადგომთან მოწყობილ მცირე ტევადობის ნაკელმიმღებში გააქვთ წრიულად გადაადგილებადი ხვეტია ტრანსპორტიორით, რომელიც მოძრაობაში მოდის ელექტროამძრავით.

მოდიფიცირებულ სადგომებში ბაგას უკანა მხარე, ე.წ. ნაკელგასასვლელი ასრულებს სანაკელე ღარის ფუნქციას და აქედან მიმღებში ნაკელის გასატანად გამოიყენება ძელაკიანი ხვეტია ტრანსპორტიორი.

თავის მხრივ, ნაკელმიმღებიდან ნაკელი დახრილი ხვეტია ტრანსპორტიორით იტვირთება თვითმცლელი სატრანსპორტო საშუალების ძარაზე ან მისაბმელზე და გადააქვთ ნაკელსაცავში.

სასეირნო და სასუქი მოედნის იატაკიდან, აგრეთვე ცხოველების ღრმა საფენზე შენახვის ტიპის სადგომებიდან ნაკელი გააქვთ მხვეტავ-ამღები ან მრავალპროფილიანი ბულდოზერით, ხოლო სანაკელე ორმოში გადააქვთ ტრაქტორის მისაბმელ-თვითმცლელით.

სეირანის და სასუქი მოედნის ბაკის დაგეგმარებისას გასათვალისწინებელია ის, რომ იატაკი სანაკელე ორმოს მიმართულებით დახრილი იყოს 3-5º-ით და მასთან დაკავშირებული იყოს საწუნწუხე ღარით. ასეთ შემთხვევაში თავიდან ავიცილებთ მოედანზე ნაკელის თხიერი მასის, წვიმის წყლის, ან კიდევ წუნწუხის დაგროვებას.

ახალი ნაკელი შეიძლება შეიცავდეს ჰელმინთების კვერცხებს და პათოგენურ მიკროფლორას, აგრეთვე სარეველა ბალახების თესლს. ასეთი სახით მისი სავარგულებზე გატანა დაკავშირებულია გარკვეულ საშიშროებასთან. ამიტომ ბიოლოგიური პროცესების გავლენით გაუვნებლობის მიზნით ნაკელს აჩერებენ გარკვეული პერიოდის მანძილზე.

საქმე ის არის, რომ შენახვისას ნაკელში მიმდინარეობს მიკრობიოლოგიური პროცესები, რომლებსაც თან სდევს ტემპერატურის +70°C-მდე მატება. ასეთ მაღალ ტემპერატურაზე კი მიკრობების უმეტესი ფორმები, ჰელმინთები (ან მათი კვერცხები) იხოცებიან, სარეველების თესლის მნიშვნელოვანი ნაწილი კი კარგავს აღმოცენების უნარს.

ნაკელსაცავს ჩვეულებრივად აკეთებენ ორმოს სახით, მაგრამ ის შეიძლება მოეწყოს ნიადაგის ძედაპირზეც. იმ შემთხვევაში, როდესაც გრუნტის წყლები ნიადაგის ზედაპირთან ახლოსაა და/ან არსებობს წუნწუხის გარემოში (მდინარე, წყალსაცავი და სხვ.) მოხვედრის საშიშროება, აუცილებელია ნაკელსაცავის შიგნითა ზედაპირი ბეტონის ფილებით მოპირკეთდეს, ხოლო ფილების შეერთების ადგილები. შეივსოს წყალსაიზოლაციო საშუალებით.

გარემოს დაბინძურებისაგან დასაცავად ნაკელსაცავი მაქსიმალურად იზოლირებული უნდა იყოს.

ნაკელი მაღალი ხარისხის ორგანული სასუქია. დადგენილია, რომ ყოველი 1 ტონა ნაკელი სხვა მნიშვნელოვან ნივთიერებებთან ერთად შეიცავს 5 კგ-მდე აზოტს და 1 კგ-მდე ფოსფორს.

აკვეთში გასატანად გაუვნებულ ნაკელს ტვირთავენ მისაბმელ-გამანაწილებელზე და 1 ჰა ფართობზე შეაქვთ 30-40 ტონის რაოდენობით. მეფრინველეობაში უკანასკნელ წლებში ნაკელის გადამუშავების უახლესი ტექნოლოგია დაინერგა უშუალოდ საფრინველეში.

ერმანული ფირმა „ბიგ-დაჩმენი“ უშვებს ისეთ ბატარეა-გალიებს, სადაც ნაკელის გამოშრობა მავთულბადიანი იატაკის ქვემოთ მოთავსებულ მოძრავ ლენტურ ტრანსპორტიორზე ხდება ნაკელი მავთულბადიანი იატაკიდან ცვივა პოლიპროპილენის ლენტურ ტრანსპორტიორზე. სადაც შესაძლებელია 7დღემდე გაჩერება იმ მიზნით, რომ მოხდეს ნაკელის ერთდროულად გამოშრობა სავენტილაციო კამერიდან, გაცხელებული ჰაერი ხვდება გალიის მავთულბადიანი იატაკის ქვემოთ მოთავსებულ ლენტურ ტრანსპორტიორზე და ხდება ნაკელის გამოშრობა, რაც ხელს უშლის ამიაკის წარმოშობას. გალიის ყველა იარუსიდან გამომშრალი ნაკელი ხვდება ლენტურ ტრანსპორტიორზე და მიდის ნაკელსაცავში.

 ნაკელის გადასროლისას სპეციალური შახტა ხელს უშლის მტვრის წარმოშობას. თვითოეულ იარუსზე მოთავსებული ხვეტია ტრანსპორტიორი ასუფთავებს ნაკელის შემაგროვებელ ლენტას სურშედარებით ეფექტური მეთოდი ნაკელის გადამუშავებისა არის მისი გაუვნებლობა და გამოშრობა.

გამოშრობის შემდეგ ნაკელი ღებულობს ფხვიერ, გრანულირებულ ფორმას (შენარჩუნებულია ქიმიური შედგენილობა), რის გამოც მისი ტრანსპორტირება და გადატანა ადვილად მოსახერხებელია, ასევე შესაძლებელია მისი დიდი ხნით შენახვა.

ნაკელის ტექნოლოგიური შრობა მოიცავს შემდეგ ოპერაციებს: მობილური ტრანსპორტიორის საშუალებით ნედლეულის მიწოდება საშრობ დანადგარში, მისი ჩატვირტვა ბუნკერში, დოზირება საშრობ კამერაში და თერმული გადამუშავება და ფრინველის ნაკელის მშრალი და გრანულირებული სახით მიღება, რომელიც საუკეთესო ორგანული სასუქია.

მეცხოველეობის საწარმოს ანარჩენებიდან: ნაკელის, შეუჭმელი საკვების და ფერმის სხვა ანარჩენების, ანუ ბიომასის გაუვნებლობა და ეფექტიანად გამოყენება შესაძლებელია ერთის მხრივ ბიოგაზის წარმოებით და მეორეს მხრივ სასუქად გამოყენებით.

ანაერობულ პირობებში მიკრობული ზემოქმედებით ბიომასიდან შესაძლებელია ბიოგაზის მიღება.

დადგენილია, რომ 1 ტონა მეძროხეობის ფერმის ანარჩენებიდან მიიღება 50-65 მ3 ბიოგაზი, რომელიც შეიცავს 60%-მდე ბიომეთანს. თავის მხრივ ბიომეთანი ბუნებრივი აირისაგან არ განსხვავდება. მისი 1 მ3 ექვივალენტურია 0,6 მ3 ბუნებრივი გაზის.

ასეთი თვისების წყალობით 1 მ3 ბიოგაზიდან შესაძლებელია 2,4 კვტ/სთ ელექტროენერგიის მიღება; გარდა ამისა ბიოგაზი შეიძლება გამოვიყენოთ საწვავად საკვებ საამქროში, სადგომის გასათბობად და სხვ. მეორე მხრივ, ბიოგაზის წარმოების ანარჩენი საკმაო რაოდენობით შეიცავს ამონიუმის მარილის სახის ადვილად ათვისებად მინერალიზებულ აზოტს, ფოსფორს, კალიუმს, სხვა მიკრო და მაკროელემენტებს, აგრეთვე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ამინმჟავებს და ჰუმუსის მსგავს ნაერთებს. ეს უკანასკნელი დადებითად მოქმედებს ნიადაგის სტრუქტურაზე.

საველე ცდებით დადგენილია, რომ 1 ტონა ასეთი სასუქი ტრადიციული წესით დამუშავებული 80-100 ტონა ნაკელის ექვივალენტურია.

წყარო: agriedu.ge