საჭიროა თუ არა ალუბლის გასხვლა?
საჭიროა და, ამავე დროს, აუცილებელიიც! გასხვლის პროცესის სწორად წარმართვა, ზრდის სიძლიერის და მსხმოიარობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მცენარის სიცოცხლისუნარიანობას, ზრდის მსხმოიარობას და დიდად ახანგრძლივებს მცენარის პროდუქტიულობის პერიოდს.
გასხვლის დროს მიყენებული ჭრილობების შეხორცება — არასწორია წარმოდგენა, თითქოს გასხვლამ შეიძლება მიყენებული ჭრილობების რთულად შეხორცება — ე.წ. წებოსდენა გამოიწვიოს. ეს მოსაზრება ძირითადად ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ხშირ შემთხვევაში სხლავენ ასაკოვან, უკვე დაავადებულ მცენარეებს, რომლებიც გასხვლის გარეშეც განიცდის წებოსდენას.
საღი ალუბლის ხეებზე, კარგი მოვლის პირობებში, სხვლის დროს სწორად გაკეთებული ჭრები უფრო სწრაფად და უკეთესად ხორცდება, ვიდრე ვაშლის ხეებზე.
ალუბლის ხის გასხვლა დარგვის მომენტში — გაზაფხულზე თუ ნერგის დარგვა დროულად მოხერხდა და ნერგიც საღი, დაუზიანებელი და კარგად ნაზარდია, პირველი გასხვლა დარგვისთანავე უნდა ჩატარდეს. თუ დარგვის პროცესი დაგვიანდა და მცენარის კვირტები დაბერილია, გასხვლის პროცესი უმჯობესია გადავდოთ მომავალი წლისათვის ან ამოვჭრათ მხოლოდ ზედმეტი ყლორტების ნაწილი ისე, რომ არ დავამოკლოთ დარჩენილი ყლორტები. დარგვის პირველ წელს მცენარის ყლორტებზე, თუ მათ შევჭრით, ხშირად იღვიძებს მხოლოდ საზრდელი კვირტები; უმეტეს შემთხვევაში ეს კვირტები ხმებიან, განსაკუთრებით თუ ცხელი, გვალვიანი პერიოდია.
ალუბლის მცენარის გასხვლის საუკეთესო პერიოდი — შესაძლებელია თუ არა ალუბლის გასხვლა კვირტების დაბერვის მომენტში? ალუბალი უნდა გაისხლას გაზაფხულზე (თებერვლის ბოლოს — მარტის დასაწყისში), ყინვების ჩავლის შემდეგ. ახალგაზრდა ნარგაობა აუცილებლად კვირტების დაბერვამდე (გაღვიძებამდე) უნდა გაისხლას. დაგვიანებული გასხვლის შემთხვევაში ყლორტები ხმობას არ იწყებს, მაგრამ იგვიანებს მათი ზრდა-განვითარება. მსხმოიარე მცენარე კარგად იტანს დაგვიანებულ გასხვლასაც კვირტების დაბერვის (გაღვიძების) შემდეგაც თითქმის ყვავილობის პერიოდამდე. მკაცრი ზამთრის პირობებში, როდესაც შეინიშნება მცენარის ნაწილების ყინვით დაზიანება, უმჯობესია გასხვლა გადაიდოს კვირტების დაბერვამდე, როდესაც შესაძლებელია დაზუსტება, მცენარის რომელი ნაწილები დაუზიანებია ზამთრის ყინვებს.
რა ნიშნით შეიძლება განისაზღვროს კვირტების დაბერვა?
— კვირტი მოსვენების პერიოდში დაფარულია მუქი ნაცრისფერი, მუქი ყავისფერი საფარით, კვირტის დაბერვისას მერქნის ქერცლებს შორის ჩნდება ღიამწვანე ფერის ზოლები, შემდეგ კი კვირტის ზემოდან გამოჩნდება ფოთლის მწვანე წვერი.
ალუბლის მცენარის წლიური ნაზარდი კარგი და სტაბილური მოსავლის საწინდარია.
იმისათვის, რომ ალუბლის ხემ რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს უხვი მსხმოიარობა და კარგად დატოტიანდეს, საჭიროა ინტენსიური მოვლა და გასხვლის პროცესის დროულად ჩატარებით წლიური ნაზარდების შენარჩუნება: ბუჩქისებრ ფორმებზე – 35-40 სმ სიგრძეზე, ხე-მცენარეებზე — არანაკლებ 30 სმ სიგრძის. სწორი გასხვლის შედეგად მცენარის ნაზარდებზე უფრო მეტი რაოდენობით ჩაისახება თაიგულის კვირტები, რაც მომავალი წლის მოსავლის გარანტიაა.
როგორ ჩავატაროთ ალუბლის პირველი გასხვლა დარგვის შემდეგ, საჭიროა თუ არა ჩონჩხის ტოტების დამოკლება?
დარგვის შემდეგ, პირველივე გასხვლისას, რომელსაც ატარებენ ხე-მცენარის ფორმირებისათვის, დადგინდება, მიღებული ნაზარდებიდან რომელი უნდა დარჩეს ცენტრალურ გამაგრძელებლად, რათა ჩონჩხის ტოტებისა და მცენარის ფორმა კარგად განვითარდეს.
მცენარის ჩახშირებული ვარჯი რომ გახალვათდეს, მიზანშეწონილია ჩონჩხს მოვაცილოთ ზედმეტი ტოტები არა მეზობელი, არამედ ერთმანეთისაგან 8-15 სმ-ით დაშორებული კვირტებისაგან. მეზობლად განვითარებული კვირტებისაგან ნაზარდის ჯგუფების შერჩევისას, სასურველია სამზე მეტი ყლორტის დატოვება.
ნაზარდები სწორად უნდა იქნეს განლაგებული სივრცეში. პირველ რიგში ამოიჭრება ყველაზე ქვემო განტოტება (ა-1) იმ ვარაუდით, რომ მცენარეს უნდა ჰქონდეს 25-40 სმ სიგრძის შტამბი. შემდეგ შედარებით სუსტი და ნაკლებად საიმედონია განლაგებული (ა-3). განტოტებებისაგან, რომლებიც განლაგებულია ერთმანეთის პარალელურად და ძალზე ახლოს, უნდა დავტოვოთ შედარებით ძლიერი ნაზარდი, რომელიც შტამბს უფრო მცირე კუთხით უკავშირდება და უფრო კარგადაა განლაგებული მეზობელი ტოტების მიმართ. ასევე შტამბის პირველ განტოტვამდე, შტამბზე დარჩენილ ჩონჩხის ზედმეტ ტოტებს ვჭრით რგოლზე (ა-2). დარჩენილი ჩონჩხის ტოტები უნდა დავამოკლოთ, თუ ეს აუცილებელია ზრდაში გათანაბრებისთვის სუსტ ნაზარდთან შედარებით (ბ). გასხვლის შედეგად ყველა ნაზარდის დაბოლოება დაახლოებით ერთ ზომაზე უნდა დადგეს, ხოლო ცენტრალური გამაგრძელებელი ჭარბობდეს მათ 5-10 სმ-ით, მცენარის სიძლიერის მიხედვით. ახალგაზრდა ნარგაობაზე ჩონჩხის ტოტების დამოკლება აუცილებელია. პირველი გასხვლისას მნიშვნელოვანი დამოკლება წინაპირობაა ზედმეტი რაოდენობის ძლიერი 2-წლიანი ნაზარდის მოწესრიგებისა; ამის შეუსრულებლობა იწვევს ვარჯის ჩახშირებას. ამ ტოტების მნიშვნელოვანი ნაწილი შემდეგი სხვლისას მაინც ამოსაჭრელი გახდება.
თუ ნაზარდების უმეტესობა თანაბრადაა გაზრდილი და ნაკლებია ცენტრალურ გამაგრძელებელზე, შემოვიფარგლოთ მხოლოდ ზედმეტი და არასასურველი მიმართულებით განვითარებული ნაზარდების ამოჭრით. თანაბრად განვითარებული ნაზარდები უნდა დავამოკლოთ, თუ ისინი სასურველი სიგრძისაა, მაგრამ საჭიროა მათი გამაგრება. გასხვლის დროს არ უნდა დავტოვოთ ზედმეტი, უნაყოფო ნაწილები, რომლებიც სწრაფად ხმება, ხელს უშლის შეხორცებას და შეიძლება გახდეს წებოს დენადობის მიზეზი.
გოჩა წერეთელი, სოფლის მეურნეობის დოქტორი