დარგებიმედიამევენახეობა-მეღვინეობასტატიები

ქვევრი _ გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პირველი არასასურსათო პროდუქტი

საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ დოკუმენტებში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდაა, ამ მხრივ, სხვა ღონისძიებებთან ერთად, მთავრობა მხარს უჭერს აგრარული პროდუქტების ექსპორტის ზრდისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისაკენ მიმართულ ღონისძიებებს, მათ შორის გეოგრაფიული აღნიშვნებით და ადგილწარმოშობის დასახელებების სქემების გაფართოებას და ქართული ბრენდ-სახელების შემდგომ განვითარებას.

ევროპული გამოცდილება ცხადყოფს, რომ გეოგრაფიული დასახელებები, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, განსაკუთრებული ინსტრუმენტია უნიკალური ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ეფექტური ბრენდირებისთვის, მათი გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებისა და ქვეყნის რეგიონალური განვითარებისთვის. ბრენდინგი და მის საფუძველზე შექმნილი რეპუტაცია ნებისმიერი პროდუქტის წარმატებული მარკეტინგისთვის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს. წარმატებული მარკეტინგი კი დამატებით ღირებულებას ქმნის. ამდენად, ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემა აგროპროდუქტების ხარისხის უზრუნველსაყოფად, მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად და მწარმოებლებისათვის კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობების უზრუნველყოფისათვის არის შექმნილი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში, რომელიც 2015-2020 წლებს მოიცავდა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას სწორედ „სტრატეგიული მიმართულება – 3.4 წარმოადგენდა: „რეგიონული და დარგობრივი განვითარება – დამატებული ღირებულების შემქმნელი სრული ციკლის წარმოების განვითარების ხელშეწყობა“, რომელიც ქართული პროდუქციის მხარდაჭერის მიზნით, მოიცავდა გეოგრაფიული აღნიშვნების სქემების განვითარებისა და პროდუქტის ბრენდინგის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას.

ამ მიზნით, 2018 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მინისტრის, ბატონ ლევან დავითაშვილის ბრძანებით, შეიქმნა მარკეტინგული საბჭო. საბჭოს საქმიანობის ძირითადი ამოცანაა სურსათთან დაკავშირებული ხარისხის სქემების განვითარება, პროდუქტის ბრენდინგი, მარკეტინგის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა, მათი დაცვის სამართლებრივი და ინსტიტუციონალური მექანიზმების სრულყოფა, ხარისხის ნიშნის მიხედვით ნიშანდებული პროდუქტის პოპულარიზაცია და საქართველოში წარმოებული პროდუქტების მიმართ მომხმარებელთა ნდობის ამაღლება.

სწორედ მარკეტინგული საბჭოს ინიცირებითა და ორგანიზებით, 2019 წელს სამინისტროში გაიმართა გაფართოებული შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ქვევრის, როგორც საღვინე ჭურჭლის სამართლებრივი რეგულირების შესაძლებლობების განხილვა და განსაზღვრა. შეხვედრას ხელმძღვანელობდა ბატონი ლევანი, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უწყებების – ჩვენი სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, ღვინის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა, პრაქტიკოსმა მეღვინეებმა, მეცნიერებმა, როგორც ქვევრის, ასევე ქვევრის ღვინის მკვლევარებმა, შეხვედრას 40-მდე მონაწილე ესწრებოდა. სწორედ ამ შეხვედრაზე დაისვა საკითხი, რომ მიუხედავად 2016 წელს, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებისა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ტერმინი „ქვევრის ღვინო“, რასაც წინ უსწრებდა „ღვინის კლუბის“, „ქვევრის ფონდის“, ევროპელი მეღვინეების მიერ შექმნილი „ქვევრის საერთაშორისო კლუბის“ აქტივობები. საკანონმდებლო სივრცეში არ არსებობდა ქვევრის, როგორც საღვინე ჭურჭლის განმარტება, მისი სპეციფიკაციები, ფორმა და აღწერილობა, გამოყენებული ნედლეული, დამზადების ტექნოლოგია და ეტაპები და ა.შ.

განიხილებოდა საკითხი, ქვევრის სტანდარტის ან ქვევრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების თაობაზე, თუმცა, ეს ვერ დაიცავდა ქვევრს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამასთანავე, ამ დოკუმენტების მომზადება მხოლოდ ხანგრძლივი მეცნიერული კვლევების საფუძველზეა შესაძლებელი.

„საქპატენტის“ წარმომადგენლის წინადადებით შეხვედრაზე განხილული იქნა ამ ეტაპზე ქვევრის რეპუტაციის გეოგრაფიული აღნიშვნით დაცვის უპირატესობა. შეხვედრაზე მარკეტინგულ საბჭოს დაევალა, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ქვევრის რეპუტაციის გეოგრაფიული აღნიშვნით დაცვისათვის ტექსტის მომზადება.

 ასე დაიწყო პროცესი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. მარკეტინგული საბჭო კოორდინაციას უწევდა ტექსტის მომზადებას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო​ მრავალპროფილურმა გუნდმა.

პროდუქტის დახასიათება, რომელიც მოიცავს განმარტებას, ქვევრის ფორმასა და აღწერილობას, ქვევრის მოცულობას და ზომებს, მზა ქვევრის მახასიათებლებს, მომზადდა სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული სტანდარტის პროექტის მიხედვით.

ქვევრის დასამზადებელი ძირითადი ნედლეულის ზოგადი მახასიათებლების შესახებ მასალები მოგვაწოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტმა.

ასევე მოძიებული  და შეჯამებული იქნა აქამდე არსებული ლიტერატურული, სამეცნიერო და ისტორიული ტექსტები, ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მონაცემები და მომზადდა ქვევრის რეპუტაციასთან და ადამიანურ ფაქტორებთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებიდან გამომდინარე, განისაზღვრა ქვევრის, როგორც სურსათთან შეხებაში მყოფი მასალის, ნიშანდების, რეგისტრაციის, მიკვლევადობის მოთხოვნები და მაკონტროლებელი ორგანოები, შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც შესათანხმებლად გადაიგზავნა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრის, სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს, სსიპ – ღვინის ლაბორატორიის სპეციალისტებთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტთან, შეხვედრაში მონაწილე პრაქტიკოს მეღვინეებთან, როგორც ქვევრის, ასევე ქვევრის ღვინის მკვლევარებთან, მეცნიერებთან, მათი შენიშვნებისა საფუძველზე მომზადდა სრული ტექსტი, რომელიც გადაგზავნილი იქნა „საქპატენტში“.

ქვევრის გეოგრაფიულ აღნიშვნის სრულ ტექსტს საბოლოო ექსპერტიზა ჩაუტარდა „საპქტენტის“ დარგობრივი ექსპერტის მიერ, მისი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით „საქპატენტის“ სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენის სპეციალური გამოშვებაში (2020.12.08) გამოქვეყნდა ყველასთან შეთანხმებული ტექსტი.

გამოქვეყნებიდან რეგისტრაციამდე, ექვსი თვის განმავლობაში, შენიშვნებისა და წინადადებებისათვის ტექსტი ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული მხარისთვის. 2021 წლის 24 ივნისს, ღვინის ეროვნულ მუზეუმში, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარემ ხელი მოაწერა „ქვევრის“ გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოწმობას, რომელიც საზეიმო ვითარებაში გადაეცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს – ლევან დავითაშვილს.

რა თქმა უნდა, ქვევრი, როგორც საღვინე ჭურჭელი, შემდგომ სრულყოფილ მეცნიერული კვლევებს საჭიროებს და ახალი მონაცემებისა და გარემოებების შესაბამისად, შესაძლებელი გახდება ქვევრის რეპუტაციასთან ერთად მისი სრულყოფილი სპეციფიკაციების შემუშავებაც, რაც სამომავლოდ აისახება უკვე არსებულ დოკუმენტში.

დღეისათვის „ქვევრი“ პირველი არასასურსათო პროდუქტია, რომელიც გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს დაემატა. მისი გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაცია ეფუძნება მისი, როგორც ქართული წარმოშობის საღვინე ჭურჭლის რეპუტაციას და იგი საქართველოს თვითმყოფადობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის განსაკუთრებულ კავშირს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და იდენტობასთან. ქვევრის გეოგრაფიულ აღნიშვნად დარეგისტრირება კი ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესისა, რომელიც ბოლო წლებია ვხედავთ – ქვევრის აღორძინება და ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია საქართველოში და მსოფლიო მეღვინეობაში.

თენგიზ კალანდაძე,

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარკეტინგული საბჭოს თავმჯდომარე,

ქეთევან ლაფერაშვილი,

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი