კოლხეთის დაბლობზე მინდვრის კულტურების აგროტექნიკური ღონისძიებების აღდგენისათვის
კოლხეთის დაბლობის ბუნებრივი პირობები სპეციფიკურია და მას ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოში. ამიტომ ამ პირობებში სოფლის მეურნეობის გაძღოლის სისტემა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის აგროტექნიკური ღონისძიებების კომპლექსიც სპეციფიკური უნდა იყოს.ამ პირობებში უნდა განხორციელდეს ისეთი ტექნოლოგიები, რომელიც გამორიცხავს დამშრალი მიწების ისევ დაჭაობებას, უზრუნველყოფს ნიადაგის გაკულტურებას, მისი ნაყოფიერების ამაღლებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გადიდებას და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.
ეს ტექნოლოგიები თავის დროზე დამუშავებულია ი. ლომოურის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აჯამეთის, ნოსირის და ხობის საცდელ სადგურებში (დღეს ინსტიტუტიც და საცდელი სადგურებიც გაუქმებულია). შედეგი გამოქვეყნებულია და დანერგილია წარმოებაში, მაგრამ სამწუხაროდ დღეისათვის წარმოებაში მათ განხორციელებას ნაკლები ყურადღება აქვს დათმობილი, რამაც განაპირობა ამ წერილის თქვენ ჟურნალში გამოქვეყნება.
ქვემოთ წარმოგიდგენთ კოლხეთის დაბლობზე ჩასატარებელი ღონისძებების მოკლე ანოტაციებს.
1. პერიოდულად უნდა მოსწორდეს ძირითადი მაგისტრალური არხების ნაპირებთან არხიდან ამონაწმენდი მიწით წარმოქმნილი შემაღლებები, რომლებიც ფართობიდან არხში წყლის ჩადინებას აფერხებს. მოჭრილი მიწა გადატანილი უნდა იქნას ფართობის ცენტრალური ნაწილისაკენ იმ ვარაუდით, რომ შეიქმნას ფართობის შუა ნაწილიდან მთავარი საწრეტი არხისკენ ორმხრივი თანაბარი დაქანება.
2. ნიადაგის ზედაპირი უნდა მოსწორდეს, მოისპოს ჩადაბლებული ადგილები, სადაც წყალი დიდხანს დგება და აფერხებს სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების მუშაობას, ხელს უშლის სამუშაოების ოპტიმალურ ვადებში ჩატარებას, მაშინ როცა ფართობის დიდი ნაწილი გამშრალია.
3. ნიადაგში არსებული და აკუმულირებული საკვები ნივთიერებების მობილიზაციისა და ამოქმედებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის ჰაერაციის გაუმჯობესების ღონისძიებების განხორციელებას, როგორიცაა სხვადასხვა მიმართულებით ხვნა, სახნავი ფენის თანდათანობით დაღრმავება, სათოხნი კულტურების ხშირი და ღრმა კულტივაცია და სხვა.
4. გარდა ზღვისპირა და რიონისპირა სილნარ-ქვიშნარი და ხირხატიანი ნიადაგებისა, ნიადაგის მოხვნა უნდა ჩატარდეს ზამთრის ბოლოს (რაც ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება წვიმების გამო), ან ადრე გაზაფხულზე, პირველი შესაძლებლობისთანავე, რადგან შემოდგომის ხნული გაზაფხულზე ისევ მოსახნავი ხდება, რაც აგვიანებს თესვას.
5. იქ, სადაც საჭირო არ არის თავი უნდა შევიკავოთ ნახევრადსფერული კვლების მოწყობაზე, რადგან იგი გამორიცხავს მექანიზაციის სრულყოფილად გამოყენების შესაძლებლობას, გვაიძულებს ხვნა და სხვა სამუშაოები ჩავატაროთ ყოველთვის ერთი მიმართულებით. შემაღლებულ კვლებს შორის არსებული საწრეტი კვალი მოითხოვს მიწისა და სარეველებისაგან სისტემატურ წმენდას, რაც დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან. გარდა ამისა კვლის გაკეთების დროს, მის დაბალ ნაწილში მთლიანად იჭრება სახნავი ფენა და დედა ქანი შიშვლდება, რომლის გაკულტურებას დიდი დრო სჭირდება. კვლების აუცილებლობის შემთხვევაში უმჯობესია მისი მუშა-სასარგებლო განი რაც შეიძლება გადიდდეს (50 მეტრამდე)
6. ბელტიდან ხნულის თესვის წინა დამუშავება ითვალისწინებს ხნულის შეშრობისთანავე ბელტის დაჭრას უფრო წვრილ ნაწილებად დისკოებიანი იარაღის ერთჯერადი ან ორჯერადი გატარებით. მცირე ზომის ბელტები ხანმოკლე გამოამინდების შემთხვევაშიც კი ადვილად შრება და შემდეგ მცირე დასველებითაც ადვილად იშლება და თესვის წინა კულტივაციის შემდეგ მიიღება სწორი ზედაპირის მქონე ფხვიერი ხნული, რაც თესლის თანაბარ სიღრმეზე ჩათესვისა და თანაბარი აღმოცენების მიღების ძირითადი პირობააა.
7. კოლხეთის ჭარბ ტენიან პირობებში სიმინდის ყველაზე კარგი წინამორბედია მრავალ წლიანი ბალახები და მათი ნარევები (კორდი) და სოია, იონჯა, კოინდრისა და სამყურა კოინდრის ორწლიან კორდზე სიმინდის მარცვლის თითქმის ისეთივე მოსავალი მიიღება, როგორიც მინერალური სასუქების სრული დოზის გამოყენების შემთხვევაში. მოსავალი იზრდება ნასიმინდართან შედარებით კორდზე 20-25% -ით, ხოლო ნასოიარზე 25-30%-ით. მოსავლის მატება ხდება ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების გაუმჯობესებისა და ბიოლოგიური აზოტის დაგროვების ხარჯზე. ე.ი. აღნიშნული წინამორბედების შემდეგ სიმინდის თესვა მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით.
8. ამავე პირობებში სიმინდის, როგორც მარცვლის, ისე სასილოსე მწვანე მასის მაღალი მოსავლის მიღებისათვის მინერალური სასუქების ოპტიმალური დოზებია №120-150 P90-100K60. ფოსფორ-კალიუმიანი სასუქები შეტანილი უნდა იქნეს ნიადაგის მოხვნის წინ, ან თესვის დროს, ხოლო აზოტის დოზის ერთი მესამედი თესვის, ხოლო ორი მესამედი ნათესის პირველი და მეორე კულტივაციის დროს, სოიას კულტურის ქვეშ აზოტიანი სასუქის შეტანა საჭირო არ არის, რადგან აზოტზე მოთხოვნილებას მცენარე იკმაყოფილებს ნიადაგში არსებული მარაგის და ჰაერიდან ფიქსირებული ბიოლოგიური აზოტის ხარჯზე. სიმინდის კულტურის ქვეშ ეფექტურია სიდერაციის გამოყენებაც. ღონისძიების არსი იმაში მდგომარეობს, რომ წინა წლის შემოდგომაზე (ოქტომბერი) 120-130 კმ/ჰა ნორმით ნათესი ცერცველას მწვანე მასა (200-250ც) უნდა ჩაიხნას ნიადაგში აპრილის ბოლოს, ან მაისის დასაწყისში. ეს ღონისძიება სიმინდის მარცვლის მოსავლის ზრდის პირველ წელს 12-15 ცენტნერით, ხოლო მეორე წელს 4-6 ცენტნერით ჰექტარზე.
9. სიმინდის ჯიშები და ჰიბრიდები უნდა დაითესოს შემდეგი სიშორით აჯამეთის თეთრი, აბაშის ყვითელი, გეგუთის ყვითელი, ადგილობრივი თეთრი ნახევარკბილა, იმერული ჰიბრიდი 44-46 ათასი, თანამედროვე ჰიბრიდები -75-80 ათასი ჰექტარზე. სამარცვლე სოიას თესვის ოპტიმალური ნორმაა 250-300 ათასი ჰექტარზე, ხოლო მწვანე მასის მისაღებად 500-600 ათასი გაღივების უნარის მქონე თესვის თესვა ჰექტარზე, რაც წონითი ნორმით უდრის შესაბამისად 60-70 და 120-140 კმ-ს.
10. კოლხეთის დაბლობის მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგის გაფხვიერების და სტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სიმინდის, სოიას და შუალედურ კულტურად ნათესი ტურნეფსის ნათესის თესვის შემდგომი გაფხვიერება მსუბუქი კბილებიანი ფარცხით. დაფარცხვა ტარდება ნათესის განივად. გარდა აღნიშნულისა მყოფ სარეველებს და თავიდან აგვაცილებს ტურნეფსის ნათესის გამოხშრივას. ზოგ შემთხვევაში იგი ერთი თოხნის მოვალეობასაც კი ასრულებს.
11. სიმინდის ნათესში მრავალწლიანი ფესურიანი და ფესვთნაყარი სარეველების (შალაფა, ჭანგა, გლერტა) წინააღმდეგ, გარდა ქიმიური ღონისძიების შეიძლება გამოვიყენოთ აგროტექნიკური ღონისძიებაც. ღონისძიების არსი მდგომარეობს შემდეგში: შემოგდომაზე (ოქტომბერი) შვრიისა (60-80 კგ/ჰა) და რომელიმე ერთწლიანი პარკოსანი კულტური ნარევი ცერცველა 80-100 კგ/ჰა, ბარდა 140-160კგ/ჰა ან ცულისპირა (100-120 კგ/ჰა). მაისის შუა რიცხვებში მწვანე მასის აღების შემდეგ ნიადაგი იხვნება სრულ სიღრმეზე, მუშავდება დისკოებიანი იარაღით, თანმიყოლებული სიმინდის ნარები (სუდანურა 15-20 კგ, სოია 30-40 კგ, სიმინდი 30-35 კგ/ჰა) სასილოსედ ან მწვანე საკვებად. მისი გათიბისთანავე ტარდება ხვნა 18-20 სმ-ის სიღრმეზე ცხელი ამინდის პირობებში როგორც ვხედავთ ამ შემთხვევაში სარეველა მცენარეები ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაფარულია მთლიან მოთესილი კულტურების მწვანე მასით და განიცდიან სინთეზის პროცესი, მცენარეები სუსტდება და იღუპებიან. ამასთან ერთად მიიღება სილოსის ან მწვანე მასის ორი მოსავალი.
12. მრავალწლიანი ბალახების და მისი ნარევების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კოლხეთის დაბლობების აღმოსავლეთ ნაწილში უმჯობესია ვთესოთ იონჯისა და კოინდრის ნარევი, ტიპიურ კოლხეთის დაბლობზე კი სამყურასა და კოინდრის ნარევი. მეტ მოსავალს იძლევა. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ სამყურა კოლხეთის პირობებში ძნელად შრება, ღერო და ფოთლები შავდება და თივა უხარისხო გამოდის, ამ პირობებში თივის მისაღებად იონჯის და კოინდრის ნარევის თესვა დასაშევაბდ უნდა ჩაითვალოს. სამყურა უმჯობესია ვთესოთ მწვანე მასის, სენაჟის და ვიტამინოვანი ფქვილის მისაღებად.
კოლხეთის დაშრობილ მიწებზე მრავაწლიანი ბალახები ითესება 2-3 წლის სარგებლობის ვადით, ვინაიდან შემდეგ ნათესი მეჩხერდება და შესაბამისად მცირდება მოსავალი-კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში კი იონჯის სარგებლობის ვადა 5-6 წლით განისაზღვრება.
13. ბალახნარევების ქვეშ საჭიროა მინერალური სასუქების ერთხელ თესვის წინ და ისიც აზოტის მცირე დოზის (N60 P120 K60) შეტანა.
სხვა რეგიონებთან შედარებით კოლხეთის პირობებში მრავალწლიანი ბალახების თესვის ნორმა უნდა გაიზარდოს. სუფთად თესვის დროს იონჯა და სამყურა ითესება 20კგ/ჰა, კოინდარი 40 კგ/ჰა, ხოლო ნარევში თესვისას როგორც პარკოსნები, ისე კოინდარი 16 კგ/ჰა. თესვის ოპტიმალური ვადაა სექტემბერი. რაიმე მიზეზის გამო შემოდგომაზე თესვა თუ ვერ მოხერხდა შეიძლება გაზაფხულზე თესვაც, მაგრამ გაზაფხულზე თესვას ის ნაკლი აქვს, რომ ნათესი პირველ წელს მწვანე მასის და თივის შედარებით დაბალი მოსავალს იძლევა, მავე დროს გაზაფხულზე ნათესი ძლიერ სარევლიანდება და საჭირო ხდება მისი ნაადრევად გათიბვა.
14. პირუტყვის საკვებით უზრუნველყოფის მიზნით მეცხოველეობის მსხვილ კომპლექსებთან და ფერმებთან უნდა მოეწყოს მწვანე კონვეიერი. იგი ითვალისწინებს მთელი წლის განმავლობაში მათ შორის ზამთარშიც საკვები კულტურების სამი მოსავლის მიღების მწვანე და წვნიანი საკვების სახით.
ი.ლომოურის მიწათმოქმედების სამეცნიერო ინსტიტუტის მონაცემებით კოლხეთის დაბლობზე, მწვანე კონვეიერის მოწყობისას რეკომენდებულია კულტურათა შემდეგი მორიგეობა.
♦პირველი მოსავლის მისაღებად ძირითადი საგაზაფხულო კულტურის მოსავლის აღების შემდეგ (ოქტომბერი) შუალედურ კულტურად ითესება შვრიანარევი ცერცველა, ცულისპირა 100-120 კგ/ჰა ან ბარდა 140-160 კგ/ჰა, რომლის მწვანე მასის მოსავლის აღების შემდეგ (მაისი), მეორე მოსავლის მისაღებად ითესება სოია ან სიმინდი სასილოსედ, ხოლო მისი აღების შემდეგ (აგვისტო) მესამე მოსავლის მისაღებად დაითესება შუალედური კულტურები რაფსი (10-12 კგ/ჰა) და ტურნეფსი (2-3 კგ/ჰა). რაფსი მწვანე მასის პირველი მოსავლის იძლევა ნოემბერში, ხოლო ტურნეფსი მწვანე საკვებად შეიძლება გამოვიყენოთ საჭიროების მიხედვით მთელი ზამთრის განმავლობაში.
მწვანე კონვეიერის მოსაწყობად უნდა შეირჩეს ფერმის ახლოს მდებარე სარეველებისაგან სუფთა შედარებით ნაყოფიერი ნაკვეთი. რაფსი ითესება მთლიანმოთესვით, ტურნეფსი მწკრივად.
კახა ლაშხი, ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,
/ზაურ ჯულუხიძე/, სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი,
/ზურაბ ჯინჯიხაძე/, სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი