უცუნა (Colchicum)
ლეგენდის თანახმად, გაბრაზებული ზევსის ბრძანებით, კავკასიონის ერთ-ერთ კლდეზე მიჯაჭვულ პრომეთესთან ყოველდღე მიფრინდებოდა არწივი და გოლიათ გმირს ღვიძლს უძიძგნიდა. პრომეთეს სისხლის წვეთებზე აღმოცენდა მეტად საოცარი მცენარე უცუნა – Colchicum.
გვარი სათოვლია, უცუნა (Colchicum) სათოვლიასებრთა (Colchicaceae) ოჯახს მიეკუთვნება და 90-მდე სახეობას აერთიანებს. ბუნებრივად ხმელთაშუაზღვაში, სამხრეთ ევროპაში, კავკასიაში და აზიაშია გავრცელებული.
საქართველოში ველურად 5 სახეობა იზრდება.
აჭარის ფლორისტულ რაიონში 2 სახეობა გვხვდება: Colchicum speciosum Stev. – უცუნა და Colchicum umbrosum Stev. – სათოვლია.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში შეგიძლიათ იხილოთ უცუნა.
უცუნა საოცარი მცენარეა, რაც სასიცოცხლო ციკლის თავისებურებაში მდგომარეობს. ის შემოდგომაზე ყვავილობს, ყინვებამდე ასწრებს დამტვერვას, ნაყოფის და თესლის წარმოქმნის პროცესები უკვე ნიადაგში გრძელდება. გაზაფხულზე, დათბობისთანავე, მიწის ზედაპირზე ჩნდება უცუნას ფოთლები და ნაყოფი-სამ ბუდიანი კოლოფი, რომლებიც ზაფხულში ხმებიან და შემოდგომაზე, სექტემბერ-ოქტომბერში, მიწის ზედაპირზე ჩნდება ულამაზესი, მკვეთრი ვარდისფერი ყვავილები.
მცენარის ბოლქვები და თესლი შეიცავს ალკალოიდებს (კოლხიცინს), შაქარს, ფლავონოიდებს და ეთერზეთებს. მათგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება ხალხურ და ტრადიციულ მედიცინაში, როგორც საანესთეზიო, შარდმდენი, დამამშვიდებელი საშუალება. ალკალოიდები ხელს უწყობენ არტერიული წნევის შემცირებას და ხელს უშლიან სიმსივნეების განვითარებას.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მცენარის ყველა ნაწილი ძალიან შხამიანია და ძლიერ მოქმედი ტოქსინების შემცველობის გამო, თვითმკურნალობა გამოცდილი ფიტოთერაპევტის მეთვალყურეობის გარეშე, დაუშვებელია!
უცუნა მაღალდეკორატიული, 15-30 სმ სიმაღლის, მრავალწლოვანი, ტუბერბოლქვიანი მცენარეა. თუ ამ ულამაზესი, შემოდგომაზე მოყვავილე მცენარით თქვენი გაზონების გალამაზებას გადაწყვეტთ, გვინდა გითხრათ, რომ ის ადვილად მრავლდება თესლით და შვილეული ბოლქვებით.