დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

 ქვევრის ნაწილები და მათი დასახელება (ქვევრის ტერმინოლოგია)

როგორც ცნობილია, ვაზი, ღვინო და ქვევრი საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე იყო და არის გავრცელებული. ისიც ცნობილია, რომ, მიუხედავად სახელმწიფოებრიობის რამდენიმე ათასი წლის ისტორიისა, ერთიანი დამოუკიდებელი საქართველო მხოლოდ ორიოდე საუკუნის განმავლობაში გვქონდა, ამიტომ ქვეყანაში ქვევრისა და მევენახეობა-მეღვინეობის ტერმინოლოგია ერთიანი არასდროს გვქონია.

ქვევრს, მის ნაწილებს და მევენახეობა-მეღვინეობის იარაღ-ჭურჭელს, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ყოველთვის სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ. ეს ნაკლი დღემდე შეუმჩნეველი იყო და მუშაობაში ხელს არავის უშლიდა, ახლო მომავალში კი ქვევრი ევროპული და მსოფლიო მეღვინეობის ჭურჭელი უნდა გახდეს, ამიტომ აუცილებელია ერთიანი ტერმინოლოგიის შექმნა.

ცნობილია, რომ საკუთარი სახელისა და სახელწოდების თარგმნა არ შეიძლება და არც უნდა დავუშვათ ეს, როცა მეღვინეობის ქართული ტერმინოლოგიის ინგლისურ ენაზე ჩაწერა მოხდება. მართალია, ქართულ ენაში ბევრი ისეთი ასოა, რომელთა შესატყვისი ასო, ინგლისურ დამწერლობას არ აქვს, მაგრამ ინგლისურ ენას აქვს ისეთი ჟღერადობის ასოები, რომელთა გამოყენებით ქვევრის ნაწილთა დასახელება ქართულ ჟღერადობას  მიიღებს და ინგლისურენოვან მკითხველსაც არ გაუჭირდება მისი გამოთქმა. მაგ. „ქვევრი“ ინგლისურად უპრიანი იქნება ჩაიწეროს „Qvevri” და არა „Kvevri”, როგორც ამას ზოგიერთი სპეციალისტი გვთავაზობს. ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმის მოსაგვარებლად უნდა შეიქმნას მეღვინე-სპეციალისტთა და ევროპული ენების ლინგვისტთა სახელმწიფო კომისია, რომელიც დაადგენს ასეთ ტერმინოლოგიას და ევროპულ ენებზე ჩაწერს.

ის ფაქტი, რომ საქართველოს ყველა რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის სხვადასხვა ტერმინოლოგია აქვთ, დადებითად უნდა წაადგეს ერთიანი ქართული ტერმინოლოგიის შექმნის საქმეს, რადგან საერთო ტერმინოლოგიაში შესატანად და ინგლისურ ენაზე ჩასაწერად, შესაფერისი ტერმინი ან აღმოსავლეთ საქართველოს მეღვინეობის ტერმინებში მოიძებნება, ან იმერულ-რაჭულში, ან გურულ-მეგრულში. რაც მთავარია, ყველა მათგანი ძირძველი ქართული იქნება.

ქვემოთ წარმოდგენილი ტერმინოლოგია იმ მასალების მიხედვითაა შედგენილი, რომელი სახელებიც პრაქტიკულ საქმიანობაში შემხვედრია ან ქართველ ეთნოგრაფთა და მეღვინეობის სპეციალისტთა წიგნებში ამომიკითხავს. ამ ტერმინოლოგიას, რა თქმა უნდა, დედნის პრეტენზია არ აქვს. ის ერთ-ერთი იმათთაგანი უნდა იყოს, რომელთაგანაც ერთიანი ქართული ტერმინოლოგია უნდა შედგეს და ქართულ და მსოფლიო მეღვინეობაში დამკვიდრდეს:

ქვევრს აქვს შემდეგი განზომილებები: იხ. ნახ. 

ნახაზი ოოოორიილაკდლფკჯ

 

 

              1.   ფიზიკური H სიმაღლე, ესაა სიმაღლე ქვევრის ფარფლის გარე კიდიდან ქვევრის ქუსლის ფუძემდე.
              2.  ქვევრის შიდა სიმაღლე AB – რომელიც მისი შიდა სიმაღლის ღერძიცაა, ესაა სიმაღლე, ქვევრის პირის შიდა კიდიდან ქვევრის ძირამდე.
              3.  ქვევრი, როგორც მის განსაზღვრებაშია ნათქვამი, წარმოადგენს სფეროს, ეს სფერო, ქვევრის მუცელიცაა, ამიტომ CD ქვევრის მუცლის დიამეტრია, რომელსაც აქვს O ცენტრი.
              4.  ქვევრის შიდა АВ სიმაღლეს აქვს ფიზიკური K ცენტრს.
              5.  ქვევრს აქვს ყელის ef დიამეტრი, რომელიც ქვევრის მუცლის დიამეტრის ოქროს კვეთის პროპორციის მცირე მონაკვეთის ტოლი უნდა იყოს. ბრტყელძირიანი ქვევრების აშენების შემთხვევაში საჭირო იქნება ქვევრის ძირის დიამეტრის განსაზღვრა, რომელიც ოქროს კვეთის პროპორციად დაყოფილი ქვევრის ყელის დიამეტრის დიდი მხარის ტოლი უნდა იყოს.

 ქვევრს, გარდა განზომილებებისა, აქვს ნაწილები, რომელთა დასახელებებია:

  1. ქობა, ანუ ქვევრის ფარფლი – როცა ქვევრი, დასადგმელი ჭურჭელი იყო, მას ჰქონდა ქობა, ანუ პირის რკალს გამაგრების მიზნით, მის გარშემო, გამრგვალებულ თიხის რკალს უკეთებდნენ. ქობას გაფართოება-გაბრტყელება საჭირო გახდა ქვევრის მიწაში ჩადგმის კულტურის დამკვიდრების შემდეგ. ანუ ქვევრის ფარფლი ქვევრის პირის გარშემო მოქვაბული თიხის ბრტყელი რკალია.
  2. ქვევრის პირი – ქვევრის ფარფლით მოქვაბული ბრტყელი სიცარიელე, რომელიც ქვევრის ყელისა და ფარფლის შიდა კიდის კვეთის წრეწირს წარმოადგენს.
  3. ქვევრის ყელი – ქვევრის პირსა და ბეჭებს შორის მოთავსებული ცილინდრის ფორმის შიდა მონაკვეთი.
  4. ქვევრის სარტყელი – ქვევრის ფარფლს მოპირდაპირე მხრიდან მასიური თიხით ასქელებენ, რომელიც ფარფლის სიმტკიცის ამაღლების მიზნით კეთდება.
  5. ქვევრის კისერი – ქვევრის ყელის გარე მხარე, სარტყელიდან ბეჭებთან მიერთების რკალამდე.
  6. ქვევრის ბეჭები – ქვევრის კისრის ცილინდრის ბოლოდან დაწყებული კედლის გაფართოება, ქვევრის მუცლის ზედა რკალთან მიერთებამდე.
  7. ქვევრის მუცელი – ქვევრის მუცლის სფეროს მონაკვეთი ბეჭებთან მიერთების რკალიდან ქვევრის კალთის დავიწროვების დასაწყისამდე.
  8. ქვევრის კალთა (მუჯურო) – ქვევრის კედლის კონუსური დავიწროვება, მუცელთან მიერთების რკალიდან ქვევრის ქუსლამდე.
  9. ქვევრის ქუსლი – ცილინდრის ფორმის მქონე მასიური თიხის 6-8 სმ. სიმაღლის ძირი, რომელზედაც დგას ქვევრი. ქვევრის ქუსლს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ბევრი სახელით იცნობენ, მაგრამ სახელწოდება ქუსლი ზუსტად გამოხატავს მისი სამსახურის აზრს, რადგან ის ქვევრისთვის ისეთივე საყრდენს წარმოადგენს, როგორსაც ადამიანის ტანისთვის ფეხის ქუსლი (ტერფი კი წონასწორობის შენარჩუნებას ემსახურება).
  10. მიწაში თავმდაბლად ჩადგმულ ქვევრს აქვს „ქვევრის თავის ორმო“, რომელიც წარმოადგენს სიცარიელეს, მიწაში ჩდგმული ქვევრის ფარფლიდან მარნის სოხანემდე.

როგორც ხედავთ, აქ მოყვანილი ქვევრის განზომილებები და ნაწილთა  დასახელებები ზოგად წარმოდგენას იძლევა ქვევრზე და მის ტერმინოლოგიაზე.

ჟორა გაბრიჭიძე