მარცვლეულის მზარდი წარმოება – გადაუდებელი სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა!
სასურსათო უშიშროების პრობლემის გადაწყვეტა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნების ტოლფასია. როგორც დასავლეთის გამოცდილება გვიჩვენებს, საკუთარი წარმოების სასურსათო უზრუნველყოფა უნდა გახდეს საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა, რასაც შეუძლია მულტიპლიკაციური ეფექტის მოცემა და გაძლიერებული მიგრაციის პროცესში მყოფი სოფლის გადარჩენა.
ჩვენ ჯერ კიდევ შემოგვაქვს საჭირო სურსათის 70%-ზე მეტი. თუ გვსურს 2027 წლისათვის მივაღწიოთ გაწონასწორებულ სავაჭრო ბალანსს, მნიშვნელოვნად უნდა გავადიდოთ სასოფლო-სამეურნეო წარმოება, რათა შემცირდეს სურსათის იმპორტისთვის ვალუტის ზედმეტი ხარჯვა.
სურსათის ადგილობრივი რესურსების წარმოების გადიდება, ობიექტურად მოითხოვს სოფლის მეურნეობის ისეთი დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელშიც წამყვანი და პრიორიტეტული ადგილი დაეთმობა სასურსათო ბალანსის ფორმირებისთვის საჭირო პროდუქტების წარმოებას. უნდა გვახსოვდეს 1990-ანი წლების აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოციალისტური ქვეყნების ვალუტის მოპოვების მცდარი სტრატეგია, როდესაც ყურადღების მიღმა დარჩა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აგრარული სექტორი. ვალუტის მოპოვება ქვეყნისთვის ე.წ. მეორადი ამოცანაა და ასეც უნდა იყოს. ქვეყნის ეკონომიკაც და მათ შორის სოფლის მეურნეობაც, ისე უნდა წარიმართოს, რომ იგი უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.
2018 წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 1,359 მლრდ. აშშ დოლარის სურსათი, ხოლო ექსპორტმა 959,3 მლნ დოლარი შეადგინა. 2019 წელს სურსათის იმპორტმა 980,9 მლნ. დოლარი (მთლიანი იმპორტის 10,6%), ხოლო ექსპორტმა 244,6 მლნ. დოლარი შეადგინა. 2020 წელს სურსათის იმპორტმა შეადგინა 1,212 მლრდ დოლარი, ექსპორტმა 942,3 მლნ დოლარი. 2021 წელს იმპორტმა 1,354 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტმა 1,142 მლრდ დოლარი. მთლიანად, 2010 წლის შემდეგ პერიოდში საქართველოში იმპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციის ჯამურმა ღირებულებამ შესაბამისი პერიოდისა და პროფილის ექსპორტს 6.12 მლრდ დოლარით გადააჭარბა. (საქსტატი, 2021წ.).
რაც შეეხება ხორბლის ფქვილსა და ხორბალს, მათზე მოთხოვნილებას ძირითადად იმპორტით ვიკმაყოფილებთ (90%) .
ხორბლის ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან (2019-2021 წწ.):
2019 წელი – $3,5 მლნ – (12,913 ათასი ტონა);
2020 წელი – $2,6 მლნ – (9. 437 ათასი ტონა);
2021 წელი – $11,5 მლნ -(36,517 ათასი ტონა).
ხორბლის იმპორტი (რ.ფ) (2019-2021 წწ.):
2019 წელი – $105 მლნ – (493 ათასი ტონა);
2020 წელი – $107მლნ – (488 ათასი ტონა);
2021 წელი – $ 87 მლნ -(337 ათასი ტონა).
ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ხელსაყრელი ბიოგეოკლიმატური პირობები მარცვლეულის წარმოების გადიდებისათვის, მისი მოყვანის უნარ–ჩვევები და ტრადიციები, მარცვლეულის გადამმუშავებელი საწარმოო სიმძლავრეები და წარმოებული პროდუქციის გასაღების ადგილობრივი ბაზარი, არ უნდა იყოს აბსოლუტურად დამოკიდებული სხვა სახელმწიფოებიდან მარცვლეულის იმპორტზე.
გასათვალისწინებელია ამ მხრივ FAO-ს განცხადება მოსალოდნელი სასურსათო კრიზისის შესახებ 2022-2025 წლებში და რომ იაფი საკვების ეპოქა დასრულდა დედამიწაზე.
შიმშილის ძირითად მიზეზს მრავალ ქვეყანაში წარმოადგენს არა მოსახლეობის სიჭარბე ან მიწის რესურსების ნაკლებობა, არამედ სოფლის მეურნეობის მართვის სისტემების არასრულყოფილება. ნებისმიერი ეკონომიკური სისტემა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, რესურსების ოპტიმალურ და ეფექტიან გამოყენებას, მათი სპეციფიკის მიხედვით.
მარცვლეულის წარმოების არსებითი გადიდება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მოხდება მისი წარმოების მატერიალურ-ეკონომიკური სტიმულირების ყველა არსებული ბერკეტის და საშუალების გამოყენება.
მარცვლის წარმოების სტიმულირება მრავალი მიმართულებით შეიძლება. კერძოდ, მარცვლეული ნათესის გათავისუფლება გადასახადისგან. შესაძლოა გამოყენებულ იქნეს აგრეთვე წარმოებული მარცვლის სახელმწიფო გარანტირებული შესყიდვის, შეღავათიანი საკრედიტო, სადაზღვევო სისტემები, პირდაპირი სუბსიდიები (ეს არ იქნება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევა, რადგან, ამ ორგანიზაციის წესდების თანახმად, ქვეყანას შეუძლია საექსპორტო შემოსავლების 5% წარმართოს მნიშვნელოვანი დარგების სუბსიდირებაზე) და სხვ.
აღნიშნული მიზნების რეალიზაციაში თვალსაჩინო როლი ენიჭება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჯიშთა გამოცდის სამსახურის აღდგენას.
ეკონომიკური გათვლების შედეგად გამოვლინდა, რომ 2027 წლისათვის, თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და ბიოსტიმულიატორების გამოყენების საფუძველზე ხორბლის ფართობის ოპტიმალურ ზღვრად შეიძლება მივიჩნიოთ: 110,0 ათასი ჰა, მოსავალი – 440.0 ათასი ტონა, სამარცვლე სიმინდის, შესაბამისად – 120,0 ათასი ჰა და 720,0 ათასი ტონა, საფურაჟე სიმინდის 50 ათასი ჰა და 300 ათსი ტონა. ქერის – 50,0 ათასი ჰა და 175,0 ათასი ტონა, შვრიის – 20,0 ათასი ჰა და 60,0 ათასი ტონა. 2025 წელს ხორბალის ნათესმა ფართობმა უნდა შეადგინოს 90 ათასი ჰა, მოსავალი 330 ათასი ტონა. სიმინდისამ შესაბამისად 150 ათასი ჰა, მოსავალი 750 ათასი ტონა. ეს იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფისკენ, ადგილობრივი წარმოების მარცვლეულით თვითუზრუნველყოფის დონის 60-65%-მდე გაზრდისათვის, ამჟამინდელი 15 პროცენტის ნაცვლად.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ მხრივ ხორბლისა და სიმინდის წარმოების ზრდას ენიჭება, რომლებზეც მოდის საქართველოში წარმოებული მარცვლეულის თითქმის 9/10 (88.2%).
ხორბლისა და სიმინდის ოპტიმიზებული ნათესი ფართობები 2027 წლისთვის
რაც შეეხება მიმდინარე 2022 წელს, ხორბალი უნდა დაითესოს, სულ ცოტა, 70 ათას ჰა-ზე, მოსავალი -230 ათასი ტონა. სიმინდის (სამარცვლე, საფურაჟე) ნათესი ფართობი უნდა გაიზარდოს 80 ათასი ჰა-დან 130 ათას ჰა-მდე, მოსავალი- 520 ათასი ტონა. პარალელურად, გადაუდებელ ამოცანად მესახება, რომ საქართველოს მთავრობამ თხოვნით მიმართოს მეგობარ სახელმწიფოებს (საფრანგეთი, აშშ, კანადა…) ჩვენი ქვეყნისთვის მაღალხარისხიანი სათესლე მარცვლეულის გამოყოფის თაობაზე.
პრობლემის კიდევ უფრო გამძაფრების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ქვეყნის შიგნით მარცვლეულის წარმოების გადიდების ყველა რეზერვის ამოქმედება, რისთვისაც, უპირველეს ყოვლისა, მისაღებია ფინანსურად, ტექნიკურ-ტექნოლოგიურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფილი მარცვლეულის მწარმოებელთა მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა – „მარცვალი“, რომელშიც ასევე გათვალისწინებული იქნება საკუთარი მაღალი რეპროდუქციის თესლის წარმოების ორგანიზაციული ღონისძიებები.
მარცვლეულის, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის სურსათის წარმოება, ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებად იქნეს მიჩნეული, როგორც მოკლე და საშუალო, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. აღნიშნულს მოითხოვს მსოფლიო სურსათის წარმოებაში შექმნილი ობიექტური რეალობა, საქართველოს საერთო ეკონომიკური ინტერესები და სურსათით უზრუნველყოფის ამოცანა.
დასახული ამოცანის გადაწყვეტის აუცილებლობა მოითხოვს ქვეყანაში არსებული აგრარული პოლიტიკის შეცვლას და მის გლობალურ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანას.
საქმე ეხება ეროვნული ეკონომიკის სფეროს, რომელიც მიუხედავად ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებებისა, ჯერაც დეპრესიულ მდგომარეობაშია და აგრომეურნეს, რომლის სტიმულირების დონე კრიტიკულზე დაბალია. არადა, სწორედ ის ქმნის ადამიანთა საარსებო საკვებს და სწორედ მის მიერ შექმნილი პროდუქციის დეფიციტის გამო არის კრიზისი. ამასთან,მისაღებია რიგი კანონები, კერძოდ, „საქართველოს სასურსათო უშიშროების შესახებ“, „მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის დაცვისა და სურსათით ვაჭრობის შესახებ“ და სხვა, რომლებიც გახდებიან გარკვეული ორიენტირები აგროწარმოების აღორძინებისა და სასურსათო პრობლემის გადაწყვეტის საქმეში.
პრობლემის დაძლევა არსებითად ხელისუფლების ძალისხმევასა და პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. კატეგორიულად ხაზს ვუსვამ, რომ:
– სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტული ამოცანაა;
– მთავრობის კომპეტენტურობა და აგროსასურსათო პროცესებში მისი ჩარევის ხარისხი და მიმართულება გადამწყვეტი ფაქტორია ქვეყნის შიმშილისგან გადარჩენისთვის.
დაუშვებელია ისეთი პოტენციალის მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა ხელგაწვდილ მდგომარეობაში იმყოფებოდეს, როცა ხორბლის წარმოების გაზრდის ყოველგვარი საშუალება არსებობს. პრობლემის უმოკლეს ვადებში გადაჭრის ამოცანა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს არსებული რეალობის და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
P.S. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორად მიჩნეულია ახალი თაობის ბიოსტიმულატორების -ბიოენერგოაქტივატორების გამოყენება, რომლებიც პრინციპულად განსხვავდებიან ცნობილი ქიმიური პრეპარატებისაგან და მცენარეთა ენდოგენური (საკუთარი) რეგულატორული სისტემების მართვის საშუალებას იძლევიან.
ისინი მნიშვნელოვნად აძლიერებენ მცენარეთა ფოტოსინთეზურ აპარატს. მათი გამოყენებით შესაძლებელია მცენარეთა ადაპტაცია სხვადასხვა პირობებთან, მცენარეები დაბალნაყოფიერ ნიადაგებზეც კი უფრო მდგრადნი არიან დაავადებებისა და მავნებლების მიმართ და იოლად ეგუებიან ამინდის არახელსაყრელ ზემოქმედებას. ამასთან, გარემოს დაბინძურების გარეშე, ბიოლოგიურად სუფთა მაღალი ხარისხის მოსავლის მიღების საშუალებას გვაძლევენ.
საქართველოში მრავალწლიანი კვლევის შედეგად მიღებულია ბიოსტიმულატორი ,,ბიოაქტივი“ (ბიოლოგიის დოქტორები – ნ, ზაზაშვილი, მ. ჭიჭაყუა, ნ. მინდიაშვილი) და ბიოენერგოაქტივატორი ,,ბიორაგი“ (პროფ. რ.გახოკიძე).
,,ბიოაქტივი“ მცენარეთა ზრდისა და ნაყოფიერების სტიმულატორია. იგი გამოიყენება ფესვგარეშე გამოკვების, თესლის და ტუბერის დამუშავებისთვის. ზრდის მცენარეთა პროდუქტიულობას, აძლიერებს მათ იმუნურ სისტემას (რეზისტენტობას), ააქტიურებს დამცავ ბიოლოგიურ პროცესებს, ხსნის მავნე დაავადებებით, ჰერბიციდებითა და კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ სტრეს-ფაქტორებს, უნარჩუნებს და აუმჯობესებს ჯიშისთვის დამახასიათებელ საგემოვნო თვისებებს,ზრდის მოსავლის ხარისხს და ახანგრძლივებს პროდუქციის შენახვის ვადას.
,,ბიორაგი“ უზრუნველყოფს მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების პროდუქტიულობისა და მდგრადობის არსებით გაზრდას და გარემოს დაბინძურების შემცირებას, სამკურნალო-პროფილაქტიკური საკვების მიღებას და შესაბამისად, სიცოცხლის ხარისხის გადიდებას. ააქტიურებს მიკრო-მაკრო ელემენტების მიგრაციას და ორგანული ნივთიერების წარმოქნას ნიადაგში, რაც აუმჯობესებს მცენარის მიერ მათ ბიოლოგიურ ათვისებას. ხელს უწყობს კოჟრის ბაქტერიების მიერ ჰაერიდან მოლეკულური აზოტის ათვისებას. ყოველივე ეს კი, დადებითად აისახება ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებების გაუმჯობესებაზე (რესტრუქტურიზაცია). იგი აძლიერებს მცენარეთა რეზისტენტობას გარე ფაქტორებისა და დაავადებების მიმართ, რაც წარმოადგენს ბიოპროდუქციის მიღების საშუალებას, ნიადაგების შხამებით გაბინძურების გარეშე. ის იჭრება მცენარეთა უჯრედში, ასრულებს ზოგადი არასპეციფიკური გამძლეობის ინდუქტორის როლს და სარეზერვო მექანიზმის გააქტიურებით აძლიერებს მცენარეთა დაცვის ფუნქციას. მცენარე სწრაფად გამოდის სტრესული მდგომარეობიდან. ფოტოსინთეზის და სუნთქვის პროცესების გააქტიურებით ჩქარდება მცენარეთა აღდგენა და ცვლადი გარემო პირობებისადმი მისი აკლიმატიზაცია (შეგუება).
მარცვლეულ კულტურებში (ხორბალი, სიმინდი) „ბიორაგის“ გამოყენების 40 წლიანი პრაქტიკა შედეგიანობით (საშუალო საჰექტარო მოსავლიანობით) ადასტურებს მის აშკარა (2-3-ჯერად) უპირატესობას ამავე კულტურათა საშუალო ქვეყნისმიერ მაჩვენებლებთან. მაგალითად, „ბიორაგის“ გამოყენების საფუძველზე, საქართველოს სხვადასხვა მხარეში (კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, გურია), ხორბლის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 4,5-5 ტონაა, ნამჯა 250-300 ტუკი (შედარებისათვის: ბოლო წლებში ხორბლის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა საქართველოში მხოლოდ 1,5-2,2 ტონაა), სიმინდისა 10-12 ტონა, ჩალის – 90-100 ტონა (ქვეყნის საშუალო-საჰექტარო მოსავლიანობა კი – 2,8-3,1 ტონას შორის მერყეობს) (საქსტატი, 2020).
ამასთან, ცალსახა სამეწარმეო ეფექტი მიღწეული იქნება ხვნის (30-40%-ით), სათესლე მასალის (სულ ცოტა 50%-ით), მინერალური სასუქების (50-60 %-ით) და პესტიციდების გამოყენების პრაქტიკულად მინიმუმამდე შემცირების ხარჯზე.
პაატა კოღუაშვილი, პროფესორი