დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ვაზის ტირილი, კვირტის გაშლა,  ვაზის ყვავილობა

ვაზის განვითარების წლიური ციკლი, მევენახეობის ძირითად ქვეყნებში, ე.ი. ზონაში, სადაც გაბატონებულია ზომიერი და თბილი კლიმატი, მათ შორის საქართველოში, ორ პერიოდად იყოფა:

1) სავეგეტაციო პერიოდი და 2) მოსვენების პერიოდი.

საქართველოს პირობებში ვეგეტაცია იწყება გაზაფხულზე, როდესაც ფესვთა სისტემა ამოქმედდება, კვირტები გაიშლება და ჰაერის საშუალო დღეღამური ტემპერატურა 10°C-ს აღწევს; ვეგეტაცია მთავრდება შემოდგომაზე, როდესაც საშუალო დღეღამური ტემპერატურა 10°C-ზე დაბლა იწევს. მაშინ ზემოქმედების ძალით ყლორტები წყვეტს ზრდას და იწყება ფოთოლცვენა.

საერთოდ კი ვაზის სავეგეტაციო პერიოდი შემდეგი ფაზებისგან შედგება.

I. ფაზა – წვენის მოძრაობა (ვაზის ტირილი) – იწყება „ვაზის ტირილით” კვირტის გაშლის დასაწყისამდე;

II. ფაზა – კვირტების გაშლა და ყლორტების ზრდა, იწყება კვირტების გაშლიდან და მთავრდება ყვავილობის დასაწყისში;

III. ფაზა – ყვავილობა, ყვავილობის დაწყებიდან დამთავრებამდე;

IV. ფაზა – მარცვლების ზრდა;

V. ფაზა – მარცვლების მომწიფება – ყურძნის შეთვალებიდან მათ სრულ სიმწიფემდე;

VI. ფაზა – ყურძნის სრული სიმწიფიდან ფოთოლცვენამდე.

ვაზის ტირილი

ვაზის ტირილის ფაზა იწყება გამჭვირვალე სითხის ჭარბად გამოყოფით რქის გადანაჭერ ადგილზე. ვაზის ტირილი აიხსნება ფესვთა სისტემის შემწოვი ფუნქციის ამოქმედებით. ფესვური წნევით სითხე გადადის ჭურჭელბოჭკოვან კონებში და იღვრება სხვლის დროს მიყენებული ჭრილობის ადგილზე.

ვაზის ტირილის დაწყება დამოკიდებულია ნიადაგის ტემპერატურასა და ტენიანობაზე. ვიტის ვინიფერას (v. vinifera) სახეობის ჯიშებს, მათ შორის ქართულ ჯიშებს, ტირილის ფაზა ეწყებათ, როცა ნიადაგის 40-60 სმ სიღრმეზე ტემპერატურა აღწევს 7-9°C–ს. ეს ფაზა, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, იწყება მარტის ბოლოს და მთავრდება აპრილის შუა რიცხვებში. ტირილის ფაზა შეიძლება გაგრძელდეს 9-50 დღემდე. წვენის გამონადენი ერთ ძირ ვაზზე საშუალოდ შეადგენს 1,5-3 ლიტრს.

ვაზის წვენი (ცრემლი) წარმოადგენს თითქმის სუფთა წყალს. ერთ ლიტრ წვენში არის მხოლოდ 1-2 გრ. მშრალი ნივთიერება, რომელთა შორის არის ორგანული ნაერთები (შაქრები, აზოტი) და მინერალური ნივთიერებები (კალიუმი, კალციუმი, ფოსფორის მჟავა). წვენთა მოძრაობა წყდება კვირტის გაშლის შემდეგ, როცა ახალგაზრდა ფოთლები დაიწყებენ წყლის აორთქლებას. ტენის სიმცირის გამო შეიძლება ვაზის ტირილი შემცირდეს, ან საერთოდ არ ჩატარდეს (გვალვის პირობებში).

კვირტის გაშლა

კვირტის გაშლა გაზაფხულის დასაწყისში, როცა ჰაერის სადღეღამისო ტემპერატურა 10°C მიაღწევს, იწყება წყლისა და საკვები ნივთიერებების მიწოდება ზრდის წერტილებში. ზრდის წერტილები იწყებენ აქტიურ დაყოფას და ამით იწყება შემოდგომაზე შეწყვეტილი კვირტების ჩამოყალიბების პროცესის განახლება – თავიდან იბერება კვირტები, შემდგომ კვირტის საფარი ქერტლი სკდება და გამოჩნდება ყლორტის წვერი, შემდგომ კი – მთლიანი ყლორტი თავისი ნაწილებით.

მრავალგვარ ეკოლოგიურ პირობებში კვირტების გაშლა სხვადასხვა დროს ხდება. ეს პროცესი, გარდა კლიმატური პირობებისა, დამოკიდებულია ჯიშის ბიოლოგიურ თავისებურებებზე. საადრეო სიმწიფის პერიოდის ჯიშები კვირტის გაშლას ადრე იწყებენ.

უმრავლესი ჯიშის კვირტი აპრილში იშლება, ხოლო დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზონაში – მარტის ბოლოსაც მიმდინარეობს. კვირტების დაბერვა და გაშლა არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პერიოდი ვაზის განვითარებაში, რადგან ამ პერიოდში მიმდინარეობს ყვავილედის დიფერენციაცია, ხდება კლერტის ნაწილების სწრაფი წარმოშობა, რის გამოც ყვავილედები იზრდება უფრო ჩქარა, ვიდრე ყლორტის წვერი. არასაკმარისი კვების დროს ყვავილედის ჩანასახი ნელა დიფერენცირდება, წარმოიშობა პწკალიანი, დაუმთავრებელი ყვავილედი და ზოგჯერ სულ იღუპება. კვირტის გაშლიდან ყვავილობის დაწყებამდე პერიოდში მიმდინარეობს ყლორტების სწრაფი ზრდა, ფოთლის იღლიაში კი წარმოიშობა ნამხრის კვირტები, რომლისგანაც წარმოიქმნება ნამხარი, აქტიური ზრდის პერიოდში ყლორტი დღეღამეში 10 სმ-მდე იზრდება.

ყლორტები და ფესვები იზრდებიან შტამბში ძველ ფესვებში არსებული სამარაგო ნივთიერებების ხარჯზე, ხოლო ფოთლების ჩამოყალიბების და მწვანე ბიომასის ზრდის კვალობაზე, ზრდა ხდება ფოტოსინთეზის შედეგად შექმნილი ნივთიერებების გამოყენებით. ფოთლებში მიმდინარეობს ტრანსპირაციის, სუნთქვის და ასიმილაციის პროცესები. ორგანული ნივთიერებების მთელი რაოდენობა, რომლებიც იქმნება ამ პერიოდში, მთელი დღის განმავლობაში იხარჯება ახალი ქსოვილების შესაქმნელად, ე. ი. ზრდაზე.

ყლორტები ზრდის პროცესში წვნიანია და შეიცავს 70-80% წყალს. კვირტების გაშლა და ყლორტების აქტიური ზრდის ფაზა გრძელდება 25-55 დღე. ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად, ე.ი., რაც უფრო მაღლა მივიწევთ მთებისკენ, ეს ფაზა მოკლდება.
ვაზის ყვავილობა

ვაზის ყვავილობის ფაზა იწყება ყვავილის ჩაჩის მოხსნით და ჩამოცვენით. პირველად აყვავილდება საშუალო მდებარეობის ყვავილედი და ყვავილედის ყუნწთან ახლომდებარე ყვავილები. ერთ რქაზე არსებული ორი ყვავილედიდან ქვედა მუხლზე არსებული უფრო ადრე ყვავილობს.

ყვავილობის ფაზა გრძელდება 5-14 დღემდე. თითოეულ ჯიშს ყვავილობის პერიოდი განსხვავებული აქვს. ყვავილობის პერიოდის თანხვედრას განსკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როცა ფუნქციონალურად მდედრობითი ჯიშებისათვის (თავკვერი, ასურეთული შავი) გამანაყოფიერებელი ჯიშების შერჩევა ხდება. 
ყვავილედის ყველა ნასკვი როდი ვითარდება. ყველა ჯიშს გამონასკვის თავისი მაჩვენებელი აქვს. ამის მიხედვით მტევანი შეიძლება იყოს მეჩხერი, კუმში, ძლიერ კუმში.

ნასკვების მაქსიმალური ცვენა იწყება განაყოფიერების მე-9 დღეს. დაბალ ტემპერატურაზე, გრილ, ხანგრძლივ წვიმიან ამინდში შეიძლება ჩამოცვივდეს მთლიანი ნასკვები და მოსავალი განადგურდეს.

40-60% ყვავილთცვენა ვაზისათვის ითვლება ნორამლურ მოვლენად. ვაზის ყვავილობა საქართველოს პირობებში მიმდინარეობს 20-25 მაისიდან 10-12 ივნისამდე.

ვაჟა გოცირიძე,

ანა გოდაბრელიძე