დრაცენა (Cordyline australis)
დრაცენა მარადმწვანე ხემცენარეა, სიმაღლით 6-9 მეტრამდე იზრდება, ღეროს დიამეტრი 20-30 სმ-მდეა. დრაცენა ეკუთვნის აგავისებრთა ოჯახს და კორდილინეს გვარს. ეს გვარი ოცამდე სახეობას შეიცავს და ველურად გავრცელებულია ზოგიერთ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 35-40 წლამდე აღწევს.
დრაცენას ნედლი და გამხმარი ფოთოლი საუკეთესო ასაკრავ მასალას წარმოადგენს ბაღებსა, ვენახებსა და ბოსტნებში, რადგან რბილი და საკმაოდ გამძლეა.
დრაცენას ფოთლებს იყენებენ აგრეთვე სხვადასხვა შინამოხმარების ინვენტარის: კალათების, ჩელტებისა და სხვათა დასამზადებლად. დრაცენას ფოთლის ბოჭკოს გამოყენება შეიძლება ჯაგრისა და ძუის მრეწველობაში, როგორც ძვირფასიანი ნედლეულის შემცვლელი.
დრაცენას მსუბუქი და ფუყე აგებულების მერქანი აქვს. სხვა ერთლებნიანი მცენარეებისაგან განსხვავებით მის ღეროს თავისებური მუდმივი ზრდა ახასიათებს სიმსხოზე, დრაცენას ღეროს ნორმალური დატოტვა ასაკში შესვლისას იწყება და ისიც მხოლოდ ღეროს ზემო ნაწილში, ამასთან მას, როგორც ერთლებლიან მცენარეს, ჩვეულებრივი ხემცენარის დატოტვა არ ახასიათებს.
დრაცენას ფოთლები ხაზისებურია, მჯდომარე, ფუძესთან განიერი, წვეროსკენ ვიწრო, ღეროს ახალგაზრდა ნაწილზე მჭიდრო კონებად შეკრებილი. ფოთლის სიგრძე 0,5-1 მეტრამდე აღწევს, სიგანე კი 3-8 სმ-მდე. ფოთლების კონის პერიფერიაზე ასაკში შესული ფოთლებია, ხოლო მისი ცენტრისაკენ-ახალგაზრდა. ახალგაზრდა ფოთლის ფირფიტა თითქმის ვერტიკალურად არის აღმართული, ხოლო ასაკში შესული ფოთოლი დაქინდრულია.
დრაცენა ყვავილობას იწყებს 7-8 წლის ასაკში. ყვავილობა მიმდინარეობს მაისსა და ივნისის პირველ ნახევარში. ყვავილები წვრილი და სურნელოვანია, რომლებიც შეკრებილია საგველასებრ ყვავილედში, ღეროს ან ტოტების ბოლოებში, თითოეულ ყვავილედში რამდენიმე ათასი ყვავილია. დრაცენას ნაყოფი სამბუდიანი კოლოფია. თითოეულ ბუდეში 1-3-მდე წვრილი და შავი მარცვლისებური თესლია მოთავსებული.
დრაცენა უმეტესად მრავლდება თესლით, აგრეთვე ღეროს გამონაზარდებითა და ფესვის ამონაყრებით. სამეურნეო მიზნისათვის ყველაზე მეტად მიღებულია თესლით გამრავლება. დრაცენას თესლი მალე კარგავს აღმოცენების უნარს და დაგვიანებულ აღმონაცენს იძლევა. მაღალ ტემპერატურაზე (20-300C) თესლის აღმოცენება ჩქარდება. აღმოცენებას აჩქარებს აგრეთვე თესლის ნაჭუჭის ხელოვნურად მექანიკური დაზიანება, თესავენ დახურულ ან ღია გრუნტში, როდესაც ახალგაზრდა ნათესარები მიაღწევს 5-6 სმ სიმაღლეს, მათ აპიკირებენ 10-15 სმ კვების ფართით. დაპიკირებული ნათესარები პირველ ხანებში ნელი ზრდით ხასიათდება, შემდეგ კი ზრდის ინტენსივობა საგრძნობლად მატულობს, რის გამოც საჭირო ხდება მათი მეორეჯერ გადარგვა 40×40 სმ კვების არით. მუდმივ ადგილზე დასარგავად იყენებენ 2-3 წლიან ნერგებს.
დრაცენის პლანტაციისათვის მიღებულია კვების არე 1×1 მეტრზე. ნაკვეთს გეგმავენ და ნერგის დარგვის ადგილზე იღებენ ორმოებს 30 სმ სიგანით და 30 სმ სიღრმით, სადაც მიწას აერევა ორი-სამი კილოგრამი ნაკელი. ბელტიანად ამოღებული ნერგი ჩაიშვება ორმოს ცენტრში და დაირგვება იმ სიღრმეზე, რა სიღრმეზედაც მცენარე იყო დარგული სანერგეში. დარგვისთანავე ნიადაგი კარგად მოირწყვება და ფოთლების ერთი მესამედი შეეჭრება. დარგვის საუკეთესო დროა ადრე გაზაფხული, სანამ მცენარე ჯერ კიდევ შესვენების პერიოდშია.
სავეგეტაციო პერიოდში, რიგთაშორისები უნდა გაფხვიერდეს და სარეველებთან ბრძოლა უნდა ჩატარდეს ჩვეულებრივად.
შემოდგომაზე, ვეგეტაციის შეწყვეტის შემდეგ, მცენარე ზამთრისათვის უნდა მომზადდეს, რისთვისაც საჭიროა ფოთლების აკვრა, საწრეტი სისტემის გაწმენდა.
დრაცენა ყოველწლიურად იძლევა მოსავალს ფოთლების მასის სახით, რის გამოც მას გაძლიერებული კვება ესაჭიროება. მაღალი მოსავლიანობისათვის საჭიროა, ყოველწლიურად, ნიადაგში ორგანული და მინერალური სასუქების შეტანა _ ჰექტარზე 15-20 ტონა გადამწვარი ნაკელი ან კომპოსტი. ნაკელის შეტანა უნდა ხდებოდეს ზამთრის პერიოდში ჩაბარვით.
დრაცენას ფოთლის მოსავლის აღებას აწარმოებენ ყოველ წელს, გვიან შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე, სანამ მცენარე ვეგეტაციას დაიწყებდეს. ჭრიან მომწიფებულ ფოთლებს, რომლებიც ფოთლების კონის გარე ნაწილშია და გარეგნული ნიშნითაც ადვილად შესამჩნევია: მომწიფებული ფოთოლი ოდნავ შეყვითლებულია, წვერშემხმარი და ქვემოთ დახრილი.
ფოთლებს ჭრიან ფუძესთან ძლიერ ახლოს დანით ან ბაღის მაკრატლით. მოჭრილი ფოთლები კონებად უნდა შეიკრას და გასაშრობად ფარდულქვეშ დაიკიდოს.
ფოთლის მოსავლიანობის გადიდების მიზნით, საყვავილე ისარი გამოჩენისთანავე უნდა შეაჭრან. საყვავილე ისარი მხოლოდ სათესლედ შერჩეულ ეგზემპლარებზე უნდა დატოვონ. სათესლედ მიზანშეწონილია ძირითადში შეარჩიონ უხვად შეფოთლილი, ბოჭკოთი მდიდარი, ყინვაგამძლე, ჯანსაღი მცენარეები.
დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ დრაცენას სხვადასხვა სახეობის და ფორმის ნედლი ფოთლიდან ბოჭკოს გამოსავალი 17-დან 19%-ს შორის მერყეობს. პლანტაცია სრულმოსავლიანია 8-10 წლის ასაკში. 1 ჰა-ზე შეიძლება მიიღონ 7-10 ტონა ნედლი ფოთლის მწვანე მასა.
რეზო ჯაბნიძე,
ს.ს.მ.მ. აკადემიის აკადემიკოსი