აღმოსავლეთ საქართველოში ქარსაფარ ზოლებში გასაშენებლად რეკომენდებული ხისა და ბუჩქის სახეობები
I ჯგუფი, ქვედა სარტყელი – 500-1000 მ.ზ.დ რაიონები – ხაშური, ქარელი, გორი, ცხინვალი, კასპი.
მდინარეების მტკვრის, არაგვის, ქსნის, ფრონასა და ლიახვის აუზში დასარწყავ ფართობებზე ძირითადი ზოლების წამყვანი სახეობებია: ალვის ხე, კანადური ვერხვი, ევროპული ნაძვი, გრძელყუნწა მუხა, თელა, ნეკერჩხალი, მინდვრის ცაცხვი, იფანი. განივი ზოლებისთვის დამატებით – თუთა, კაკალი, პანტა, ქვეტყის შემქმნელი სახეობებიდან – შინდი, ჯონჯოლი, ტყემალი, ხოლო განაპირა ზოლებისთვის ფშატი.
ურწყავ ფართობზე ძირითადი ზოლების წამყვანი სახეობებია: ქართული მუხა, თელა, მინდვრის ნეკერჩხალი. განივი ზოლებისთვის დამატებით თუთა, და პანტა; ქვეტყის შემქმნელი სახეობებიდან როგორც ძირითად ასევე განივ ზოლებში დასაშვებია – შინდი, ზღმარტლი, ტყემალი; ნაპირებზე – ფშატი და ბერყენა.
II ჯგუფის რაიონები: მცხეთა, სამგორი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყარო, მარნეული, ბოლნისი
სარწყავი ფართობები და პირველი ტერასა მდინარეების მტკვარი, არაგვი, ხრამი, ალგეთი, ალაზნის აუზებში ძირითადი ზოლების წამყვანი სახეობებია: ალვის ხე, კანადური ვერხვი, კვიპაროსი, ქართული მუხა, გრძელყუნწა მუხა, თელა, მინდვრის ნეკერჩხალი, ცაცხვი, იფანი. განივი ზოლებისათვის დამატებით თუთა, კაკალი, პანტა. ქვეტყის სახეობებიდან როგორც ძირითადი ისე განივი ზოლებისთვის: შინდი, ჯონჯოლი, ტყემალი, თხილი, ნაპირებზე ბროწეული, ფშატი.
ურწყავი ფართობები ა) 300-500 მ ზ.დ. ძირითადი ზოლების წამყვანი სახეობებია აკაკი, კევის ხე, ქართული ნეკერჩხალი, კვიპაროსები. განივი ზოლებისთვის დამატებით ნუში.
500-1000 მზ.დ. ძირითადი ზოლების წამყვანი სახეობებია: ქართული მუხა, შავი ფიჭვი, მინდვრის ნეკერჩხალი, თელა, კვიპაროსი, იაპონური სოფორა. განივი ზოლებისათვის დამატებით თუთა და პანტა. ქვეტყის სახეობებიდან ძირითადსა და განივ ზოლებში – შინდი, ზღმარტლი, ტყემალი, განაპირა ზოლებში – ფშატი და კვრინჩხი.
III ჯგუფის რაიონებში – წალკა, ბოგდანოვკა, ახალქალაქი, ყაზბეგი
სარწყავ ფართობებსა და მდინარეების ფარავანისა და ხრამის აუზების პირველ ტერასებზე ძირითადი ზოლების წამყვანი მცენარეებია – აღმოსავლური მუხა, კანადური ვერხვი, არყი, კავკასიური ფიჭვი, ევროპული ნაძვი, მაღალმთის ნეკერჩხალი. განივი ზოლებისთვის 1800-1900 მ-ზე დამატებით პანტა. ქვეტყიდან – თხილი.
ურწყავი ფართობებისთვის ძირითადი ზოლების წამყვანი მცენარეებია – აღმოსავლური მუხა, მაღალმთის ნეკერჩხალი, არყი, კავკასიური ფიჭვი. განივი ზოლებისთვის – პანტა, ქვეტყიდან – თხილი.
აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში დამლაშებული ნიადაგებისათვის რეკომენდებულია შემდეგი სახეობები: ძირითადი ზოლებისათვის: ელდარის ფიჭვი, თელა, გლედიჩია, იაპონური სოფორა, აკაცია. განივი ზოლებისათვის დამატებით: თუთა, ჭერამი. ქვეტყიდან – ჭალაფშატა, ბროწეული, ამორფა, ხეპილპილა, იალღუნი, კურდღლისცოცხა.