სურსათის უვნებლობის პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს მსგავსი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის სურსათის უვნებლობა განსაკუთრებით რთული და კომპლექსური საკითხია, რომელიც მრავალმხრივ გადაწყვეტას მოითხოვს.
რა არის სურსათის უვნებლობა?
სურსათის უვნებლობა კონცეფციაა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი სურსათი, მისი მიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში ზიანს არ უნდა აყენებდეს ადამიანის ჯანმრთელობას.
საქართველოში ტერმინი „სურსათის უვნებლობა” არცთუ დიდი ხანია, რაც დამკვიდრდა და იგი ძირითადად სურსათის ხარისხსა და უსაფრთხოებასთან იყო გაიგივებული.
გვახსოვდეს! სურსათის უვნებლობა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების — ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა და, შესაბამისად, სურსათის მოხმარებით გამოწვეული რისკებისაგან დაცვას გულისხმობს, ხოლო „სასურსათო უსაფრთხოება — ეს არის ნებისმიერი ქვეყნის ყველა ფენის მოსახლეობის ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრების შენარჩუნებისათვის საჭირო რაოდენობისა და კვებითი ღირებულების მქონე უვნებელ სურსთზე“.
საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, სურსათის უვნებლობის პოლიტიკის შემუშავება ეს არის პროცესი, რომლის საშუალებით ქვეყნის მთავრობა ადგენს სურსათის უვნებლობის კონტროლის ეროვნული სისტემის მიზნებსა და ამოცანებს, ასევე შეიმუშვებს ამ ამოცანების გადაჭრისათვის განსაზღვრულ ვალდებულებებს. ეს პროცესი უნდა მოიცავდეს ასევე ზუსტად განსაზღვრულ მოსალოდნელ შედეგებს. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, სურსათის უვნებლობის სფეროში, მოიცავს ასევე საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მიღებას.
სურსათის უვნებლობა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების — ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა და, შესაბამისად, სურსათის მოხმარებით გამოწვეული რისკებისაგან დაცვას გულისხმობს.
სურსათის უსაფრთხოება ეს არის ნებისმიერი ქვეყნის ყველა ფენის მოსახლეობის ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრების შენარჩუნებისათვის საჭირო რაოდენობისა და კვებითი ღირებულების მქონე უვნებელ სურსათზე.
სურსათის უვნებლობის პოლიტიკამ საქართველოში ძირეული რეფორმები განიცადა 2001 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყნის პოლიტიკურ პრიორიტეტად ევროკავშირში ინტეგრაცია განისაზღვრა.
2004 წელს დამტკიცდა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ეროვნული პროგრამა, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის დეკემბერში მიღებულ კანონს ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ”.
კანონი „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ იყო სიახლე. ამ კანონის თანახმად პირველად ქართულ საკანონმდებლო სივრცეში, შემოვიდა რისკის ანალიზის ცნება და ზოგადად რისკის ანალიზზე დამყარებული მიდგომა, რაც იმას ნიშნავს, რომ სურსათის უვნებლობის სფეროში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება და გატარებული ქმედება რისკებს უნდა ეფუძნებოდეს. აღიარებულ იქნა ინტეგრირებული მიდგომა ,,მინდვრიდან მაგიდამდე”. ეს იმას ნიშნავს, რომ აქცენტი საბოლოო პროდუქტის სერტიფიცირებიდან გადადის სურსათის წარმოების პროცესის კონტროლზე, დამკვიდრდა სურსათის უვნებლობის მართვის თანამედროვე სისტემები, ძირითადი პრინციპები, განისაზღვრა პასუხისმგებლობები სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისათვის და სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები.
ინტეგრირებული მიდგომა „ფერმიდან სუფრამდე“ აქცენტი საბოლოო პროდუქტის სერთიფიცირებიდან გადადის სურსათის წარმოების პროცესის მართვასა და კონტროლზე.
2010 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „ყოვლისმომცველი სტრატეგია სურსათის უვნებლობის სფეროში და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა“, რომელიც მიზნად ისახავდა საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოების განვითარებას სურსათის უვნებლობის სფეროში და ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მდგრადი სურსათის უვნებლობის სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში.
2012 წელს მიიღეს საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ“ რამაც გააუქმა ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონი.
2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს პოლიტიკური ვალდებულებები სურსათის უვნებლობის სფეროში.
გარდა აღნიშნულისა, საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყანაა, რაც შესაბამისად სურსათის უვნებლობის პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს.
წყარო: agriedu.ge