დარგებიმეთევზეობა

დინგნიჩაბას საქართველოში მოსაშენებლად

ბევრმა ალბათ არ იცის, რომ  დინგნიჩაბა, ზუთხისებრთა ოჯახში შემავალი ერთადერთი თევზია, რომელიც ზოოფიტოპლანქტონითა და დეტრიტით იკვებება.

დინგნიჩაბას სამშობლო აღმოსავლეთ ამერიკაა. ბინადრობს, როგორც მისისიპიში ისე მის შენაკადებსა და მექსიკის ყურეში ჩამავალ სხვა მდინარეებში. სამი მეტრის სიღრმეზე და ნაპირიდან მოშორებით, გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში ამოდის წყალსატევის ზედა შრეებში და ახასიათებს წყლიდან ამოხტომაც. მდინარეში წყლის დონის მატებისას გადადის ტბაში, ხოლო – დაკლებისას, უბრუნდება მას. კუდის ფარფლი ფართე აქვს, პირის ღრუ მოქცეულია თავის ვენტრალურ ნაწილში. სხეულის დორსალური მხარე მუქი ნაცრისფერია, ხოლო გვერდები და მუცლის არე შედარებით ბაცი. შეინიშნება ერთფეროვანი ეგზემპლარების არსებობაც.

დინგნიჩაბა საქართველოში წარმატებით აკლიმატიზაციის შემთხვევაში, მისი ბიოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე, შეიძლება მნიშვნელოვანი ობიექტი გახდეს  ჩვენი შიდა წყალსატევების დასათევზიანებლად. იგი ყურადსაღებია, როგორც გასტრონომიულ ხარისხობრივი მონაცემების მიხედვით, ასევე, როგორც ერთადერთ თევზი ზუთხისებრთა ოჯახიდან, რომელიც ზოოფიტოპლანქტონითა და დეტრიტით იკვებება.

ჩვენის აზრით თევზი ბიოლოგიურ თავისებურებათა გათვალისწინებით წარმოადგენს საინტერესო ობიექტს, როგორც სიახლის წარმოსადგენად, ისე ფერმერთა შემოსავლიანობის გაზრდის თვალისაზრისით.

დინგნიჩაბას მოზარდის გამოზრდა უნდა ჩატარდეს სამ ეტაპად. პირველი ეტაპი  _ თევზის ლარვობის პერიოდს წარმოადგენს, რომელიც შერეულ კვებაზე გადასვლამდე მისი მასის 200-300 მგ-მდე მისაღწევად საჭირო ავზებში, ნავებში და ჩაკეტილ წყალსამარაგო სისტემაში არსებულ საინკუბაციო დანადგარებში უნდა განხორციელდეს.

მეორე ეტაპი _ მოზარდის 1-3 გრამამდე მიყვანის პერიოდია, რომელიც ავზებში, ჩასადგმელ გალიებში, 0,5-1ჰა ფართის ტბორში თევზისმჭამელი ფრინველისგან (თოლია, ბოლობეჭედა, ყურბი და სხვა) დაცვით უნდა განხორციელდეს.

მესამე ეტაპი _  დინგნიჩაბას ტბორში ჩასასმელი მასალის (ამწლიანი) პოლიკულტურის პირობებში კობრის, ბუფალოს, თეთრი სქელშუბლას, ზუთხისებრის ერთობლივ გამოზრდას გულისხმობს, რომელიც წონით 100გრ-მდე მიყვანას ითვალისწინებს.

დინგნიჩაბას ხელოვნური საკვებით გამოზრდა წყლის 22-24 C პირობებში ხდება. მოზარდის გამოზრდის საწყისი პერიოდი მისი აქტიურ კვებაზე გადასვლამდე წყლის 19-210C უნდა მოიცავდეს, რომელიც თანდათან უნდა იქნეს მიყვანილი ოპტიმუმამდე. ლარვების შერეულ კვებაზე გადასვლამდე ორი დღით ადრე ავზებში შეტანილი უნდა იქნეს ზოოპლანქტონის წვრილი ფორმები, ვინაიდან ლარვების ნაწილი ყვითრის მოცილებამდე გადადის საკვების დამოუკიდებლად მიღებაზე. მოპოვებული ზოოპლანქტონი პირველი სამი დღის განმავლობაში საკვებად მიცემის წინ გატარებული უნდა იქნეს 3-5მმ-იან N7 საცერში. ინკუბატორთან არსებული ცოცხალი საკვების საამქროს არსებობის შემთხვევაში, თევზს უნდა მიეცეს დაფნიის და სტრეპტოცეფალიის წვრილი ფორმები. ამ უკანასკნელის არ ქონის შემთხვევაში შესაძლებელია მათი დაქუცმაცებაც. ხსენებული სახით მოზარდის კვება ზოოპლანქტონით (დანაკარგების მხედველობაში მიღებით) 6-7 ერთეულ საკვებ კოეფიციენტს შეადგენს.

დამოუკიდებელ კვებაზე გადასვლის საწყის პერიოდში დინგნიჩაბა საკვებს ფსკერიდან იღებს, ხოლო როსტრუმის გადიდების შემდეგ წყალსატევის ფსკერზე არსებული ზოოპლანქტონის ამოტანას წყლის ზედა ფენებში სპირალური მოძრაობით ახერხებს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ აუზში საკვები უნდა იყოს მუდმივად. საკვების უქონლობის შემთხვევაში დინგნიჩაბას უვითარდება კანიბალიზმი, რასაც მოყვება დიდი რაოდენობით დანაკარგები.

დინგნიჩაბას მოსაზრდელად სასტარტო საკვების მიცემა რეკომენდებულია წყლის 16-190C პირობებში. კვების ეფექტიანობა ბევრადაა დამოკიდებული საკვების აგრეგატულ მდგომარეობაზე. თევზი უკეთ ღებულობს და ითვისებს საკვებს გრანულის სახით, ვიდრე მისი პასტის ან ფხვნილის სახით მიღებისას. საკვების უნთან და სახეობრივ შემადგენლობასთან წინასწარ ადაპტირებული ლარვები ხალისით ღებულობენ წყლის ზედაპირზე მოტივტივე დანაღერღს, რომელსაც ხშირად აგდებენ პირის ღურდან, მაგრამ შემდეგ ისევ იბრუნებენ მას. მიმზიდველი სუნისა და უკეთ ტივტივისათვის საკვებს რეკომენდებულია დაემატოს თევზის ან მცენარის ზეთი, რომელიც უზრუნველყოფს მოზარდის, როგორც გაზრდას ისე სიცოხლისუნარიანობას. მექანიკური საკვებდამრიგებლით სარგებლობის შემთხვევაში, ლარვებს უვითარდებათ საკვების მიმართ დადებითი რეაქციები. 100გრ-მდე დინგნიჩაბა უნდა იკვებოს 10 წუთში ერთჯერ, რაც უზრუნველყოფს ეკვატორიაში თუ აუზში საკვების მუდმივობას და თევზის დაკმაყოფილებას. აუცილებელად ითხოვსა წყლის ხშირ შეცვლას  (საათში 2-3 ჯერ) და ავზების წმენდას დღეში არანაკლებ  ორჯერ.

ხელოვნურ საკვებზე გაზრდილი მოზარდი გამოსაზრდელ ტბორებში გადასმის წინ, უნდა იკვებოს ცოცხალი საკვებით (ზოოპლანქტონი), ვინაიდან დინგნიჩაბას ძირითად საკვებს ტბორებში ზოოპლანქტონი წარმოადგენს. აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ტბორში ბუნებრივი საკვები ბაზის განვითარებას.

დინგნიჩაბას სასაქონლო კონდიციამდე მიყვანა შეიძლება ტბორებში, კომპლექსური დანიშნულების წყალსატევებში, ენერგო ობიექტებისა და სამაცივრო დანიშნულების წყალსაცავებში.

დინგნიჩაბას და ჭრელი სქელშუბლას საკვების ერთგვაროვანი ხარისხობრივი მაჩვენებლების შემთხვევაში მათი პოლიკულტურის პირობებში ერთობლივი გამოზრდისას სხვა სახეობის თევზებთან ერთად.

დინგნიჩაბას და ჭრელი სქელშუბლას საკვების ერთგვაროვნების ხარისხობრივი სპექტრი და მაჩვენებლები, პოლიკულტურის პირობებში მათი სახვა სახეობის თევზებთან ერთობლივი გამოზრდისას ითვალისწინებს ტბორში ჩასმული თევზის სიმჭიდროვეს, რომელიც შესაბამისი ზონის პირობებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტური მასალის დაცვით უნდა მოხდეს. იმდენად რამდენადაც დინგნიჩაბას სახეობების თევზის ჩასასმელი მასალა (ერთწლიანები) მასით 100 გრამია, გამოსაზრდელად ჩასმული მისი რიცხობრივი რაოდენობა ჭრელ სქელშუბლასთან შედარებით 30%-ით უნდა იქნეს შემაგრებული.

თამაზ გავაშელი,
ვეტერინარიის დოქტორი

თორნიკე ხარგალაძე,
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი სპეციალისტი