მედია

საქართველო მენტალურად და ემოციურად ევროპის ნაწილია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს

ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს

ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ქალბატონ რობერტა მეცოლას

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს და უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ბატონ ჟოზეფ ბორელს

მიმართვა

ქალბატონებო და ბატონებო, წინამდებარე მიმართვის ავტორები გახლავართ საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატები, რომლებმაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოვაცხადეთ და საქართველოს მომავლად დასავლეთთან ინტეგრაცია ვაღიარეთ.

ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ გადამწყვეტ მომენტში მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ შემდეგი:

საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ათასწლეულთა მანძილზე საქართველოს უწყვეტი მისწრაფებაა დასავლეთის სამყაროს ორგანულ წევრად ფუნქციონირება, იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთ სამყაროს სულისკვეთების მატარებელნი ვართ და შესაბამისად მთელი ჩვენი დღევანდელი ისტორიის მანძილზე ჩვენი ერი მენტალურად და ემოციურად დასავლეთის ნაწილია. ღირებულებათა დასავლური სისტემა საქართველოში უალტერნატივოა, ყოველთვის იყო და არის შემდეგ პარამეტრებში:

ქართული ფეოდალიზმი ფსიქოლოგიურად და ორგანიზაციულად არის დასავლური ტიპისა, დამყარებულია კანონზე და არა დესპოტიის ტიპისა.

შესაბამისად დასავლური ტიპის საზოგადოებასთან ეძებს კავშირს.

ჩრდილო კავკასიის მოსახლეობა, რომელიც შემადგენლობით ძირთადად კავკასიურ მოდგმას ეკუთვნის, საქართველოში უწყვეტი და შეუვალი ტრადიციით განიხილება, როგორც საქართველოს ბუნებითი მოკავშირე. კავკასიის მოსახლეობა თითქმის უგამონაკლისოდ შედგება 4 ეთნიკური ჯგუფისგან: ა) ქართველური ტომები, ბ) ვაინახური ეთნოსისგან, გ) აფხაზურ-ადიღური ტომებისგან, დ) დაღესტნური ეთნოსი.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის ის შანსი, რომელიც ქართველ ხალხს მისცემს საშუალებას პოლიტიკური რეფორმის განხორციელებისა და სამართლიანი საარჩევნო სისტემის დახვეწა-სრულყოფისათვის, დასავლური ტიპის მართლმსაჯულების განვითარებისთვის, მედიის ხელშეუხებლობისთვის, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს თავისუფლება, სამართლიანობა, დემოკრატია და კეთილდღეობა.

დიდი პატივისცემით,

ნ. ნათაძე, ა. ასათიანი, რ. მეტრეველი, გ. ხოშტარია, ა. იმნაძე, არქიმანდრიტი ილია (კავსაძე), დეკანოზი როსტომი (ლორთქიფანიძე), თ. ყურაშვილი, მ. ნათაძე, თ. მჟავია, ნ. მგალობლიშვილი, ჯ. საჯაია, გ. პაპუნიძე, რ. ცხომელიძე,  ნ. მამულიძე, ა. კუდბა, თ. დიასამიძე, ს. ზვიადაზე, გ. თალაკვაძე, თ. შაშიაშვილი, დ. ფიროსმანაშვილი, ნ. სანებლიძე, პ. ჩხეიძე, ზ. ბოკუჩავა, თ. დიხამინჯია, გ. ჩორგოლაშვილი, დ. კუპრეიშვილი, გ. ურიათმყოფელი, პ. ბარათაშვილი, თ. გველესიანი, გ. ლობჟანიძე,   ა. სიჭინავა,  პ.  კოღუაშვილი.