მიწა და სიღარიბის დაძლევის პრობლემა
მიხედეთ მიწას: მიწა დაგაპურებთ და გაგათბობთ თქვენ!
ილია II
დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის ნიადაგურ-კლიმატური მახასიათებლები მეტად მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურების საწარმოებლად.
გასული საუკუნის მეორე ნახევარში აღნიშნული ზონის ნიადაგურ-კლიმატური რესურსები მაქსიმალურად გამოიყენებოდა, რაც დადებითად აისახებოდა ამ ზონაში დასაქმებული ადამიანების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
უკანასკნელი 20-30 წლის მანძილზე პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში, საქართველო ერთ-ერთ ღარიბ ქვეყნად გვევლინება. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 50%-ზე მეტი უმუშევარია და ვინც მუშაობს, მცირედი ხელფასით ვერ აკმაყოფილებს საარსებო მოთხოვნილებასაც კი. კომპეტენტური ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სიღარიბის შემცირება უნდა მოხდეს არა იმდენად შემოსავლების გადანაწილებით, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზით. საბაზრო ეკონომიკურ პირობებში კი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება კერძო სექტორის განვითარების გარეშე შეუძლებელია. სწორედ კერძო სექტორის განვითარება უწყობს ხელს დასაქმების ზრდას, დასაქმებულთა შემოსავლების ამაღლებას და ამ გზით სიღარიბის შემცირებას.
ნებისმიერი ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას საფუძვლად უდევს იმ ბუნებრივ-რესურსული პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენება, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ბუნებრივ რესურსებს წარმოადგენს მიწა, წყალი, ტყე, სასარგებლო წიაღისეული და სხვა. თანამედროვე პირობებში ცალკეული ქვეყნისათვის აღნიშნულ ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნები უპირატესობით სარგებლობენ.
მიწას, როგორც წარმოების ძირითად საშუალებას, კაცობრიობა თავისი არსებობის შესანარჩუნებლად იყენებს. მიწის მოსავლიანობა დამოკიდებულია ნიადაგის ნაყოფიერებაზე, ნიადაგი ქვეყნის, ერის სიმდიდრეა. აკადემიკოსი ვ.ვ. დოკუჩაევის აზრით, ნიადაგი უფრო ძვირფასია, ვიდრე წიაღისეული _ ქვანახშირი, ოქროც კი. ადამიანს შეუძლია იარსებოს ოქროს გარეშე, ნიადაგის გარეშე კი არა. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა ვერ იკმაყოფილებს ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს ადგილობრივი სამამულო წარმოების საკვებით, საშუალოდ, 50%-ითაც კი. ეს მაშინ, როდესაც ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგად დადგენილია, რომ ქვეყანაში არსებობს საკმაო სასურსათო პოტენციალი, რომლის რეალიზაცია დამოკიდებულია ადგილობრივი ნიადაგურ-კლიმატური პირობების რაციონალურად გამოყენებისა და აგრარული პოლიტიკის სწორ მიზან-მიმართულ გატარებაზე, რაც, სამწუხაროდ, განვლილი სამი ათეული წლის მანძილზე არასრულყოფილად იქნა გამოყენებული. ამ პერიოდში სამამულო სასურსათო პროდუქციის წარმოების მკვეთრად შემცირებამ, იმპორტით მისი ჩანაცვლება გამოიწვია, რის შედეგად სასურსათო ბაზრის 50%-ზე მეტი იმპორტულმა საეჭვო ხარისხისა და წარმომავლობის პროდუქციამ დაიკავა. ბოლო მონაცემებით საქართველოში უმუშევრობის დონე 12%-ია. ეკონომიკურ დარგთა შორის უმუშევრობის მაღალი დონით განსაკუთრებით გამოირჩევა სოფლის მეურნეობა, რაც განპირობებულია მთელი რიგი ნეგატიური ფაქტორებით. ძირითად ფაქტორად, რომელმაც უარყოფითად იმოქმედა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებასა და უმუშევრობაზე, აგრარული რეფორმების პირობებში ხარვეზებით გატარებული მიწის პრივატიზაციაა (პ. კოღუაშვილი 2015წ.). უმუშევრობა განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვა დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის მოსახლეობამ. ამ რეგიონში მოსახლეობის ძირითადი დამსაქმებელი ჩაი, ციტრუსები და სხვა კულტურები იყო. ჩაის პლანტაციების მასობრივმა ამოძირკვამ, ციტრუსოვანთა ფართობების მკვეთრმა შემცირებამ და სხვა ალტერნატიული კულტურების გაშენებამ (თხილი, კენკროვნები და სხვა) მაინც ვერ უზრუნველყო სოფლად მოსახლეობის მაქსიმალური დასაქმება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. მიტოვებული საკარმიდამო ნაკვეთები, პრივატიზებული მიწები წლების მანძილზე დაუმუშავებელი და სარეველებით არის დაფარული. აქტიური მუშახელის ძირითადი ნაწილი მეზობელ თურქეთსა და სხვა ქვეყნებშია წასული სეზონური სამუშაოების პერიოდში.
სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების წინაპირობაა მეცნიერებისა და წარმოების ურთიერთკავშირი, რაც, სამწუხაროდ, ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების გამო მოიშალა. 2012 წლიდან საქართველოში სოფლის მეურნეობა გამოცხადდა ეკონომიკის პრიორიტეტულ მიმართულებად. ქვეყანაში მიმდინარეობს მთელი რიგი რეფორმები, რომლებიც გრძელვადიან პერიოდში პოზიტიურ გავლენას მოახდენენ აგრარული სექტორის მდგრად განვითარებაზე.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის N162 დადგენილების საფუძველზე აგრარულ სექტორში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის აღდგენის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნა ,,სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი“, რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა მცხეთის მუნიციპალიტეტის ჯიღაურას ტერიტორიაზე სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემული ა(ა)იპ ,,აგრო“-სა და შპს ,,აგრო ქართუ“-ს კუთვნილი სასოფლო სამეურნეო ბაზები, ლაბორატორიები და სხვა ინფრასტრუქტურა.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ძირითად მიზნებად განისაზღვრა: მეცნიერული ინოვაციები, ტექნოლოგიური სიახლე, მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსების მოძიება-დაცვა, აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებები, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესების გზების კვლევა, სასელექციო და სანაშენე, საქმიანობის მეცნიერული უზრუნველყოფა, მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემების კვლევა, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკის შეფასების უზრუნველყოფა. აგრარულ სექტორში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ეფექტიანი თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით.
ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ სერიოზული ყურადღება მიაქცია ქვეყნის აგროსფეროში შექმნილ მძიმე სიტუაციას და მდგომარეობის გამოსასწორებლად განახორციელა მთელი რიგი ღონისძიებები. ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში სოფლად შემოიტანეს მძიმე ტექნიკა, მოსახლეობას დაურიგეს ვაუჩერი _ ერთჯერადი დახმარება ხვნა-თესვის ჩასატარებლად, ასევე, გლეხის მიერ მოყვანილ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოიხსნა დღგ-ს გადასახადი. შემდგომ წლებში საერთაშორისო ორგანიზაციებს (USAID, NPRD და სხვა) დახმარებით საქართველოს სოფლის მეურნეობაში მრავალი საინტერესო პროექტი განხორციელდა. მათ შორის, აღსანიშნავია ამ ორგანიზაციების გრანტებითა და სუბსიდირებით ჩაის, თხილის და სხვა კულტურების კოოპერატივებზე გაწეული დახმარებები. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2016 წლიდან ინიცირებული პროექტი „დანერგე მომავალი“, რომელსაც ახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო. პროექტის მიზანია საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანობის ამაღლება. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის ჩანაცვლების ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. სანერგე მეურნეობის შექმნისა და მრავალწლიანი ბაღების სტიმულირება სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური და ტექნიკური დახმარების საშუალებით. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 17-მდე დასახელების მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენება, მათ შორის, სუბტროპიკული კულტურებიდან: ხურმა, ბროწეული, კივი (აქტინიდია), კაკალი, ნუში, თხილი, ლურჯი მოცვი, მოცხარი.
ბაღების გაშენების პროცესში ბენეფიციარი სახელმწიფოსაგან ფინანსდება შესასყიდი ნერგების 70%-ით, წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ით, ასევე, პროექტში ჩართული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები დამატებით საჩუქრად მიიღებენ შესაწამლ აპარატებს. ანალოგიური შეღავათებია სანერგე მეურნეობის მოწყობა-ორგანიზაციის საკითხებში. აღნიშნული პროექტის წარმოებაში უკეთ განხორციელების მიზნით, როგორც ვიუწყებოდით, საქართველოს მთავრობამ 2014 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში დააფუძნა მრავალფუნქციური სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ქვეყნის ყველა რეგიონში გააჩნია სადემონსტრაციო-საცდელ-საჩვენებელი ნაკვეთები. ამ მიზნით 2016 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ანასეულის ტერიტორიაზე ორგანიზებული იქნა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახური, აქვე ფუნქციონირებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სისტემაში შემავალი შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი ,,ანასეული“. სწორედ, ამ ორგანიზაციას და სამსახურს დაევალა პროექტ ,,დანერგე მომავლის“ ბენეფიციარების მომსახურება, რომელიც ითვალისწინებდა თითოეულ კულტურაზე სათანადო აგროტექნოლოგიური ღონისძიებების მომზადებას, ასევე, განაცხადით გათვალისწინებული ყველა მრავალწლიანი კულტურებისათვის ნაკვეთის ნიადაგის ვარგისიანობის და შესაბამისობის შესახებ ცნობის გაცემას.
გასული წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციების მიერ გაწეული მაღალკვალიფიციური დასკვნების და რეკომენდაციების საფუძველზე, პროექტ ,,დანერგე მომავლის“ ფარგლებში საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში გაშენებულია ასეული ჰექტრობით თხილის, კაკლის, ლურჯი მოცვის, ჟოლოს, კივის ასეულობით ჰექტარი სამრეწველო ბაღები.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა საქართველოს მთავრობის მიერ (2016წ. N20, 16 იანვარი) მიღებული დადგენილება ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა ,,ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ. პროგრამა ითვალისწინებდა: ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა ,,ქართული ჩაის“ დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. აქვე დადგენილებით ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დაევალა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა ,,ქართული ჩაის“ განხორციელება, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კი _ ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. დადგენილებით სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით განისაზღვრა 2500 ლარის ფარგლებში, ამასთან, თანადაფინანსება განისაზღვრა ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 60%-ის ოდენობით, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში არსებული პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 80%-ის ოდენობით. ამავე დადგენილებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაის რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებს, სახელმწიფოსაგან საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ ჩაის პირველადი დამუშავების მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები და ინვენტარი. ამავე დადგენილებით, პროგრამის ფარგლებში, ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის მიზანშეწონილობასა და ბენეფიციარის მიერ წარდგენილი აგროტექნოლოგიური გეგმის რეაბილიტაციისათვის საჭირო სამუშაოებთან ურთიერთ-შესაბამისობას ადასტურებს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ამ მიზნით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახურს უშუალოდ დაევალა სარეაბილიტაციო პლანტაციების დათვალიერება, ნიადაგის საანალიზო ნიმუშების აღება წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით, მიღებული მონაცემების საფუძველზე ჩაის ნარგავობის რეაბილიტაციის ტექნოლოგიური გეგმის შედგენა და სამუშაოების მიმდინარეობაზე მონიტორინგი. ნიადაგის ნიმუშების აღებისა და მათში ქიმიური ელემენტების განსაზღვრის პროცესში აქტიურად ჩაება ნიადაგის და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი ,,ანასეული“. სამეცნიერო-კვლევითი სამსახურისა და ლაბორატორიის თანამშრომელთა აქტიური თანამშრომლობის შედეგად 2016-2021 წლებში შემოწმდა 2500 ჰექტარზე მეტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განლაგებული ჩაის ნარგაობა, საიდანაც 2000 ჰექტარზე მეტ პლანტაციაზე გაიცა დოკუმენტი მის რეაბილიტაციაზე.
უკანასკნელ წლებში დაფნის პროდუქციაზე საექსპორტო მოთხოვნილების გაზრდამ მოსახლეობას ამ კულტურის მიმართ სერიოზული ინტერესი გაუჩინა. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელზე გაიზარდა მომართვიანობა, რათა დაფნის კულტურა შევიდეს პროგრამა ,,დანერგე მომავლის“ მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის ჩამონათვალში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაითვალისწინა, რა მოსახლეობის მოთხოვნილება და თვით ამ კულტურის მაღალი საექსპორტო ღირებულება 2021 წლიდან დაფნის პლანტაციების გაშენების თანადაფინანსების კომპონენტის მაჩვენებლები შეტანილი იქნა ,,დანერგე მომავლის“ პროგრამაში. 2021-22 წლებში გაცემულია გაშენების რეკომენდაციები 600 ჰექტარზე. ასევე ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სახელმწიფო პროგრამებმაც. ,,აწარმოე საქართველოში“ ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“ ,,აგროდაზღვევა“ „საექსტენციო მომსახურება“ და სხვა, თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
P.S. ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ საკითხებთან ერთად აუცილებელია შევეხოთ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებსაც, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მსოფლიო პანდემიის და მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ყოველდღიურად მძიმდება ყველა ქვეყნის და მათ შორის საქართველოს მოსახლეობის სურსათით დაკმაყოფილების პრობლემა. თუ დღემდე საქართველოს ხორბლის 84% საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოაქვს, ასევე ზეთი, ხორცი, ფქვილი და სხვა პროდუქტების 80% იმპორტირებულია, შესაძლებელია ქვეყანას შიმშილობის პანდემია დაემართოს.
სრულიად ვიზიარებთ ცნობილი მეცნიერებისა და ექსპერტების (პ. კოღუაშვილი, ც. სამადაშვილი, ლ. უჯმაჯურიძე, გ. ცოფურაშვილი და სხვა.) მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ დღეს, როგორც არასდროს მკვეთრი რევოლუციური ხასიათის რეფორმები უნდა გატარდეს ქვეყანაში მარცვლეული კულტურებისა და მეცხოველეობის დარგების სწრაფი განვითარებისაკენ.
,,ქვეყანას რომელსაც გააჩნია ხელსაყრელი ბიოგეოკლიმატური პირობები მარცვლეულის წარმოების გაზრდისთვის მისი მოყვანის უნარ-ჩვევები და ტრადიციები, მარცვლეულის გადამამუშავებელი საწარმო სიმძლავრეები და წარმოებული პროდუქციის გასაღების ადგილობრივი ბაზარი, არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული სხვა სახელმწიფოებიდან მარცვლეულის იმპორტზე“ (პ. კოღუაშვილი, აგრარული საქართველო №4. 2022.) აქვე ავტორი განსაზღვრავს, რომ მიმდინარე 2022 წელს ხორბალი უნდა დაითესოს სულ ცოტა 70 ათას, ხოლო სიმინდი 130 ათას ჰექტარზე, იმ ვარაუდით, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში ეს ციფრები შესაბამისად გაიზარდოს ხორბლისთვის 100 ათას, ხოლო სიმინდისთვის 170 ათას ჰექტრამდე.
დასახული ამოცანის გადაწყვეტის აუცილებლობა მოითხოვს ქვეყანაში არსებული აგრარული პოლიტიკის შეცვლას და მის გლობალურ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანას.
ისედაც მცირე მიწიან ქვეყანაში, როგორც საქართველოა არსებობს თუ არა მარცვლეული კულტურების გადიდების რეზერვები? სამწუხაროდ ყოველწლიურად მარცვლეულის იმპორტით განებივრებული ქვეყანა, ხელაღებით იკავებდა ან ახდენდა სამარცვლე ფართობების ჩანაცვლებას და სხვა ხეხილოვანი კულტურების ან ვაზის გაშენებას, დღეისათვის ქვეყანაში არსებული მრავალწლიანი კულტურები სავსებით საკმარისია საექსპორტო და შიდა მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის. ჯერ კიდევ აუთვისებელი ვარგისიანი ფართობები მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს მარცვლეულის წარმოებაში. ამის რეზერვები აღმოსავლეთ საქართველოს, სამცხე ჯავახეთს ყველაზე მეტად გააჩნია, რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ამ რეგიონში ძირითადი აქცენტი სიმინდის კულტურაზეა გაკეთებული.
ბოლო 30 წელია სრულყოფილად არ განხორციელებულა კოლხეთის დაბლობზე მელიორირებულ მიწებზე სიმინდის ყოველწლიური თესვის კამპანია. მიტოვებულია ვანის, აბაშის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ხობის, სამტრედიის, სენაკის მუნიციპალიტეტებში ერთ დროს სიმინდის ქვეშ არსებული ფართობები უყურადღებოდ, ზოგიერთი მათგანი უკვე გატყევებული და მეორად დაჭაობებას განიცდის. აქვე სპეციალისტები დასავლეთ საქართველოს რიგ რაიონებში რეკომენდაციას აძლევენ ხორბლის თესვას, რასაც ისტორიული წარსულიც ადასტურებს. მაგალითად გასული საუკუნის 40-50-იან წლებში ხორბალი ითესებოდა იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის გორაკ-ბორცვიან ზონაშიც კი.
საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანას გააჩნია ხორბლისა და სიმინდის ქართული ჯიშები, რომლებიც თავისი მოსავლიანობითა და ყუათიანობით არ ჩამოუვარდებიან მსოფლიოს სხვა ანალოგებს.
ამრიგად საქართველოში მარცვლეულის წარმოების არსებითი გაზრდა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მოხდება მისი წარმოების ეკონომიკური სტიმულირების ყველა არსებული ბერკეტის და საშუალების გამოყენება. მარცვლეულის ზრდის კვალობაზე სურსათის უზრუნველყოფის პარალელურად მტკიცე საფუძველი შეექმნება მეცხოველეობის დარგის განვითარებისა და პროდუქტიულობის გაზრდას.
/ზ. გაბრიჩიძე/,
ი. ბასილია,
რ. ტაკიძე,
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი