ყურძნის ჭია (Lobesia botrana Schiff), ბრძოლის ღონისძიებები /ვიდეო/
ყურძნის ჭია მთელ საქართველოში ფართოდ გავრცელებული მავნებელია, იგი დიდ ზიანს აყენებს ვენახს.
პირველი გენერაციის მატლი აზიანებს ყვავილედებს, ყვავილებს მატლი თხელ ძაფებში ახვევს, შიგ ექცევა და ისე იკვებება, დაყვავილების შემდეგ მატლი ახალ გამონასკულ ნაყოფს და კლერტს აზიანებს, რის გამოც მტევანი მთლიანად ან ნაწილობრივ ხმება.
ივლისის დასაწყისში მეორე გენერაციის მატლი ვითარდება და მწვანე მარცვლით იკვებება, ერთ მატლს შეუძლია ათამდე მარცვლის დაზიანება, ძლიერ დაზიანებული მარცვალი ცვივა. მესამე გენერაციის მატლი მწიფე მარცვლის რბილობით იკვებება, ნაწილობრივ დაზიანებული მარცვლები მიუხედავად იმისა, რომ აღწევს სიმწიფემდე, მასზე სახლდებიან სოკოვანი ორგანიზმები და იწვევენ ლპობას, რაშიც გამოიხატება მისი მეორადი მავნეობა.
პეპელა ზედა მხრიდან მურა ნაცრისფერია, ქვედა მხარესა და გვერდებზე კი ღია ნაცრისფერი. ფრთებგაშლილი პეპელა 4-5 მმ-ია, სიგანით 10-13 მმ. კვერცხი ჯერ მოთეთროა, შემდეგ კი მოყვითალო-მომწვანო ფერს ღებულობს. ზრდასრული მატლის სიგრძე 10 მმ-ია, ჭუპრი მურა ყვითელია მომწვანო ელფერით ბოლოში, მას მთელი სხეული დაფარული აქვს მოკლე ჯაგრებით, იგი მოთავსებულია თეთრ პარკში.
მავნებელი იზამთრებს თეთრი აბლაბუდას თხელ პარკში ჭუპრის ფაზაში ვაზის შტამბზე, ქერქის ქვეშ და ნაპრალებში, ზამთარში გარკვეული ნაწილი იღუპება ყინვების ზემოქმედებით, გაზაფხულზე ჭუპრიდან პეპლის გამოფრენა მაშინ იწყება, როდესაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა 15° აღწევს, მავნებლის ფრენა თითქმის ერთ თვემდე გრძელდება, ისინი ფრენენ დილის რიჟრაჟზე და საღამოს საათებში, დღისით იმალებიან ფოთლებში. ჭუპრიდან გამოფრენილი პეპლები სქესობრივად მოუმწიფებელია და მოითხოვს კვებას. ამის შემდეგ წყვილდებიან და 1-2 დღის შემდეგ დებენ კვერცხებს (30-90 ც) კოკრებზე, ფოთლის ყუნწზე ან ყლორტებზე, 8-10 დღის შემდეგ იჩეკებიან მატლები, რომლებიც გადადიან კოკრებზე. მატლის სრულ განვითარებას სჭირდება 38 დღე, ამის შემდეგ ოთხჯერ იცვლის კანს და ჭუპრდება ფოთლებს შუა ან მტევნებში. ჭუპრის ფაზას სჭირდება 12-15 დღე. აქედან გამოსული პეპლები კვერცხებს დებენ მარცვლებზე, საიდანაც გამოდიან მეორე თაობის მატლები, ისინი შედიან მარცვალში და იწყებენ მათ დაზიანებას, ამ პეპლაების კვერცხდებას ვხვდებით სიმწიფის პერიოდში აგვისტოს მეორე ნახევარსა და სექტემბრის დასაწყისში, სწორედ აქ არის ყურადსაღები, მათ მიერ მიყენებული არაპირდაპირი ზიანი, რადგან მათ მიერ დაზიანებული მარცვალი იწყებს ლპობას.
ბრძოლის ღონისძიებების ჩატარების დროს ვსარგებლობთ ვაზის ფენოფაზებით, ყურძნის ჭიის პირველი გენერაციის მატლი ყვავილედებს აზიანებს, ამიტომ პირველი წამლობა ტარდება ყვავილობის წინა დღეებში, მომდევნო წამლობა უნდა მოხდეს ისრიმის ფაზაში, ვიდრე მატლები მარცვალში ღრმად შეჭრას მოასწრებდეს, მესამე წამლობა ტარდება მარცვლების შეთვალებისას.
- მნიშვნელოვანია ვაზის დროული გაფურჩქვნა, რადგან მავნებლის კვერცხების დიდი ნაწილი მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებით კვდება;
- მცენარეული ნარჩენების შეგროვება და განადგურება;
- შესაბამისი ქიმიური ან ბიოლოგიურ მეთოდით წამლობების დროულად და ხარისხიანად ჩატარება.
- სასურველია, კონსულტაცია გაიაროთ სპეციალისტთან!