„უკვდავი“ ცხოველები და მცენარეები
ცხოველთა უმეტესობა რაღაც ეტაპზე ბერდება და საბოლოოდ კვდება. თუმცა ზოგიერთ იღბლიან სახეობაზე დროის მსვლელობა გავლენას არ ახდენს და არსებობას ჩვეულებრივად აგრძელებენ.
უკვდავება შეიძლება წყევლა უფრო მეტად იყოს, ვიდრე ნეტარება – ტითონმა ეს მწარე გაკვეთილი საკუთარ თავზე იწვნია.
ტროას მითიური პრინცი ისეთი მიმზიდველი იყო, რომ განთიადის ქალღმერთი ეოსი მონუსხა. ეოსმა დაარწმუნა ზევსი, ტითონისთვის უკვდავება ებოძებინა, რათა სამუდამოდ ერთად ყოფილიყვნენ.
მაგრამ ზევსმა მისი თხოვნა პირდაპირ გაიგო. ტითონი არ კვდებოდა, თუმცა ასაკი მუდმივად ემატებოდა. მისი კარგი გარეგნობა და ნიჭები წარსულს ჩაბარდა, რის გამოც ეოსმა მისდამი ინტერესი დაკარგა. საბოლოოდ მან ტითონი ერთ ოთახში გამოამწყვდია, სადაც ის უსასრულოდ დაბერებას აგრძელებდა. საბოლოოდ ეოსს შეეცოდა თავისი ყოფილი საყვარელი და ჭიჭინობელად აქცია.
ეს მხოლოდ მითიური ამბავია. თუმცა როგორც ხშირად ხდება, რეალობა გამოგონილ ამბებზე უფრო უცნაურია. მრავალი სახეობა ფორმალურად უკვდავია. და ტითონისგან განსხვავებით, ბევრი მათგანი ახალგაზრდობასაც ინარჩუნებს.
საუბარია „ბიოლოგიურ უკვდავებაზე“, თუმცა ბევრი ბიოლოგი ამჯობინებს, ეს ფრაზა არ გამოვიყენოთ.
„უკვდავი ნიშნავს, რომ საერთოდ არ კვდები, რაც სისულელეა“, ამბობს კილის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი თომას ბოში.
რაოდენ პარადოქსულადაც გინდა ჟღერდეს, ბიოლოგიურად უკვდავი ორგანიზმი ნამდვილად მოკვდავია. ისინი შეიძლება შეეწირონ მტაცებელს, დაავადებას ან გარემოს კატასტროფულ ცვლილებას, როგორიცაა ვულკანის ამოფრქვევა. მაგრამ ადამიანებისგან განსხვავებით, ისინი იშვიათად კვდებიან სიბერით.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბიოლოგიურად უკვდავი ორგანიზმები იხოცებიან, მაგრამ დაბერება არ ეტყობათ. ისინი არსებითად ტითონის საპირისპირო შემთხვევას წარმოადგენენ.
ფხიანი ფიჭვი ამის კარგი მაგალითია. ეს ჩრდილოამერიკული ხეები საკმაოდ ხნიერები არიან – ზოგიერთმა მათგანმა 5000 წლის წინ დაიწყო ზრდა. ეს ის დროა, როცა ქალაქი ტროა დაარსდა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე.
გარეგნული შესახედაობით თუ ვიმსჯელებთ, ჟამთასვლა ისევე ულმობლად მოეპყრა ფხიან ფიჭვებს, როგორც ტითონს. „ხეები საკმაოდ შელახულია“, ამბობს აბერისტუითის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი ჰოვარდ თომასი. „მათ მეხი დაეცათ, დიდთოვლობისგან დეფორმირდნენ, ტოტები ჩამოტყდათ.“
სხვა სიტყვებით, ბებერ ფხიან ფიჭვს ბებრის შესახედაობა აქვს. მაგრამ უფრო გულდასმით შესწავლისას სხვა სურათი გადაგვეშლება.
2001 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ერთმანეთს შეადარეს 4700 წლამდე სხვადასხვა ასაკის ფხიანი ფიჭვების მტვერი და თესლები და აღმოაჩინეს, რომ ასაკთან ერთად მუტაციების წარმოქმნის ტემპი მნიშვნელოვნად არ იზრდება. უფრო მეტიც, ჭურჭლოვანი ქსოვილები ასაკოვან ხეებში ისევე კარგად ფუნქციონირებდნენ, როგორც ახალგაზრდებში.
ბებერი ხეები ამინდისგან შელახულები და კოჟრიანები არიან, მაგრამ უჯრედულ დონეზე ისევე ახალგაზრდულად გამოიყურებიან, როგორც ტროას შენების პერიოდში. როგორც ჩანს, მათ ქსოვილებს ასეთი ხანგრძლივი პერიოდი ვერაფერს აკლებს.
ზუსტად არავინ იცის, როგორ ახერხებენ ამას ფხიანი ფიჭვები. მათი დღეგრძელობის საიდუმლო ისე კარგად არ არის გამოკვლეული, როგორც გგონიათ. თუმცა, თომასის აზრით, ეს საკითხი დადის ხეების განსაკუთრებულ თვისებაზე, რომელსაც „მერისტემას“ (წარმომშობი ქსოვილი) უწოდებენ.
მერისტემა გახლავთ ფესვებისა და ყლორტების ნაწილი, სადაც ღეროვანი უჯრედების პოპულაციებს შეხვდებით. ეს უჯრედები ზრდას განაპირობებენ და ათასწლეულების მანძილზე ინარჩუნებენ ახალგაზრდულობას და ენერგიულობას.
„მუტაციები შეიძლება მოხდეს და სიტუაცია გაუარესდეს“, ამბობს თომასი. „მაგრამ ბაქტერიული კულტურების მსგავსად, არამუტირებული უჯრედები დაზიანებულზე უკეთ ფუნქციონირებენ“.
არსებობს სხვა შესაძლებლობაც, ამბობს გენტის უნივერსიტეტის (ბელგია) პროფესორი ლივენ დე ვეილდერი. მისი აზრით, მთავარი ფაქტორი შეიძლება იყოს მცენარის მერისტემებში არსებული უჯრედების მცირე პოპულაციები, სახელად „უძრავი ცენტრი“.
აქ უჯრედები ბევრად ნელი ტემპით იყოფიან, რაც შეიძლება მერისტემის ღეროვანი უჯრედების დაყოფასაც ანელებდეს. ეს შეიძლება სასარგებლო იყოს, რადგან ყოველთვის, როცა უჯრედი იყოფა, დგება დნმ-ში საშიში მუტაციის წარმოქმნის რისკის წინაშე. „ღეროვანი უჯრედების იმ ქვეპოპულაციის ქონა, რომელშიც დაყოფა იშვიათად ხდება, გენომის თითქმის სრულყოფილი რეზერვის შენარჩუნების გზაა“, ამბობს დე ვეილდერი.
2013 წელს მისმა გუნდმა ამოიცნო ცილა, რომელიც, როგორც ჩანს, წიწმატის უძრავ ცენტრში აქტივობას აკონტროლებს. მსგავსი ცილები შეიძლება ეხმარებოდეს ფხიანი ფიჭვის მსგავს მცენარეებს, თავიდან აიცილონ უჯრედული დაბერება და შედეგად ათასობით წელი იცოცხლონ.
თუმცა მერისტემის საიდუმლო ხრიკები მცენარეთა უმეტესობას უკვდავების მიღწევაში ვერ ეხმარება. ეს იმის გამოა, რომ ძალიან სწრაფად ვითარდებიან.
„ფიზიოლოგიური დაბერების ტალღამ შეიძლება მერისტემის ქცევა დაჯაბნოს და შედეგად იღებთ ერთწლოვან ან ორწლოვან მცენარეს“, ამბობს თომასი. წიწმატის მსგავსი მცენარეების უჯრედები ისე სწრაფად მუშაობენ და იყოფიან, რომ მათი ორგანოები მანამ გადაიწვება, ვიდრე მერისტემა დაზიანებული ქსოვილის აღდგენას მოახერხებს.
ამის საპირისპიროდ, ბიოლოგიურად უკვდავი მცენარეები უფრო მოზომილი ტემპით ცხოვრობენ.
როცა ხანმოკლე სიცოცხლეს ეხება საქმე, მცენარეებს ამ საქმეში, როგორც წესი, ცხოველები ჯობნიან. ცხოველები იშვიათად ახერხებენ, რამდენიმე საუკუნე იცხოვრონ. არსებობს ერთი გამონაკლისი: კოლონიური ცხოველები, როგორიცაა მარჯანი, 4000 წელზე მეტხანს ძლებენ. თუმცა ინდივიდუალური მარჯნის პოლიპები შეიძლება მხოლოდ რამდენიმე წლის იყვნენ.
მოლუსკი სახელად მინგი ყველაზე ასაკოვანი დამოუკიდებელი ცხოველია. ეს ატლანტის ოკეანის მოლუსკი 507 წლის იყო, როცა ბიოლოგებმა ისლანდიის სანაპიროსთან დაიჭირეს 2006 წელს და მალევე მოკლეს ასაკის დასადგენად.
მინგი მოკვდა, მაგრამ შესაძლოა ბიოლოგიურად უკვდავი ყოფილიყო. ბევრ ცხოველურ უჯრედში ჟანგბადის შემცველი მოლეკულები რეაქციაში შედიან მემბრანასთან და წარმოქმნიან პატარა მოლეკულებს, რომლებიც თავის მხრივ უჯრედის სხვა ნაწილებს აზიანებენ.
მაგრამ 2012 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ნაჩვენებია, რომ ატლანტის ოკეანის მოლუსკის უჯრედებს ისეთი მემბრანები აქვთ, რომ ასეთ დაზიანებას უძლებენ. მინგმა იმიტომ იცოცხლა ამდენ ხანს, რომ მისი უჯრედები, მსგავსად ფხიანი ფიჭვის უჯრედებისა, ძალიან ნელი ტემპით ბერდებოდა.
მინგი ყველაზე მხცოვანი ცხოველია მათ შორის, რომელთა ასაკიც მეცნიერულად დადასტურდა. მინგი მოლუსკია, ამიტომ ბიოლოგებს შეუძლიათ მის ნიჟარაზე წლიური რგოლები დათვალონ, როგორც ბოტანიკოსები აკეთებენ ხოლმე ხის დათარიღებისას შტამბზე რგოლების დათვლით.
ყველა ცხოველის ასაკი ასე კარგად არ არის გამოკვლეული. ზოგი მათგანი შეიძლება მინგზე უფრო ხნიერიც კი იყოს.
მაგალითად ავიღოთ ჰიდრა, პატარა რბილსხეულიანი ცხოველების გვარი, რომელიც მედუზას ენათესავება. როგორც წესი, პატარა ცხოველები დიდების მსგავსად დიდხანს ვერ ცოცხლობენ, მაგრამ ერთ ბიოლოგს ინდივიდუალური ჰიდრა 4 წლის მანძილზე ჰყავდა ლაბორატორიაში. ეს საოცრად დიდი დროა ორგანიზმისთვის, რომელიც საშუალოდ 15 მმ ზომისაა.
უფრო მეტიც, ოთხწლიანი ექსპერიმენტის ბოლოს ჰიდრა ისევე ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, როგორც პირველ დღეს. ეს ჰიდრას ბიოლოგიური უკვდავების მორიგ ნიმუშად აქცევს.
ზუსტად არავინ იცის, რამდენ ხანს ცოცხლობს ინდივიდუალური ჰიდრა. შეიძლება ეს მაჩვენებელი მხოლოდ რამდენიმე წელია, ვიდრე რამე სახის საფრთხე, მაგალითად დაავადება, ბოლოს არ მოუღებთ. ასევე დასაშვებია, რომ ჰიდრა 10 000 წელს ცოცხლობდეს.
რამდენიმე წლის წინ ბოშმა და მისმა კოლეგებმა ჰიდრას უჯრედული დაბერების არარსებობის ახსნა წამოაყენეს. მარტივად რომ ვთქვათ, საქმე ისევ ღეროვან უჯრედებს ეხება.
ჰიდრას თავის პატარა სხეულში საოცრად ძლიერმოქმედი ღეროვანი უჯრედები აქვს. ისინი იმდენად ძლიერია, რომ შეუძლიათ, ჰიდრას სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილი აღადგინონ. ამის გამო ეწოდება ჰიდრას ეს სახელი, მითიური ლერნეს ჭაობის ბინადრის ჰიდრას მიხედვით, რომელსაც მოჭრილი თავის ხელახლა გამოზრდა შეეძლო.
რეალური ჰიდრას რეგენერაციული უნარები სანახაობრივ ხრიკზე ბევრად მეტია: მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ გამრავლებისას. ჰიდრა სქესობრივი გზით არ მრავლდება და ამის ნაცვლად თავის პატარა კლონებს ქმნის.
ჰიდრა ღეროვანი უჯრედების 3 სხვადასხვა პოპულაციას იყენებს ყველა იმ განსხვავებული ქსოვილის რეპროდუცირებისთვის, რომლებიც ერთობლივად სრულად ფუნქციონირებად ცხოველს ქმნიან. ბოშმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ სამივე პოპულაციას ერთი საერთო ცილა აქვს: FoxO. მისი აზრით, ეს ცილა დაბერების საწინააღმდეგო მთავარი ფაქტორია.
„თუკი FoxO-ს გენს ამოაცლით, ჰიდრა დაბერდება“, ამბობს ის.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ ახერხებს FoxO ცილა ჰიდრას და კერძოდ მისი ღეროვანი უჯრედების დაბერების პროცესის შეჩერებას.
სამაგიეროდ ვიცით, რომ უჯრედში ის თვლის მორგვივით მოქმედებს და სხვადასხვა მოლეკულურ სიგნალებს აერთიანებს, მათ შორის უჯრედის გარე რეგიონიდან წამოსულსაც. „ახლა იმის გარკვევაზე ვმუშაობთ, ეს გარე სიგნალები როგორ უკავშირდება FoxO-ს“, ამბობს ბოში.
FoxO შეიძლება დაბერების საწინააღმდეგო უნივერსალური მექანიზმი იყოს ცხოველთა სამყაროში. ამ ცილის გარკვეული ვარიანტები ადამიანებსაც აქვთ და უფრო მეტად არის გავრცელებული მათში, ვინც 100 წელზე მეტხანს ცოცხლობს.
თუმცა ასი წლის ადამიანებიც კი არ არიან ბიოლოგიურად უკვდავები: ყოველ შემთხვევაში არა იმ ფორმით, როგორც ჰიდრა.
მეორე მხრივ, უკვდავ მედუზასაც არ აქვს იმ ფორმის ბიოლოგიური უკვდავება, როგორიც ჰიდრას. თუმცა მაინც უკვდავია. მიზეზის გასაგებად უკეთ გავეცნოთ ამ მედუზას ჩახლართულ ცხოვრების ციკლს.
როცა მედუზას სპერმა და კვერცხუჯრედი ერთიანდება, პატარა ლარვას ქმნიან. მაგრამ ეს ლარვა პირდაპირ ზრდასრულ მედუზად არ ვითარდება. ამის ნაცვლად მყარ ზედაპირზე დაებერტყება და რბილსხეულოვან განტოტვილ სტრუქტურად, პოლიპად იქცევა.
უმეტეს შემთხვევაში ეს პოლიპები თავიანთ პატარა კლონებს ქმნიან – ჰიდრას მსგავსად, რომელიც ასევე პოლიპს წარმოადგენს – მაგრამ ზოგიერთ სახეობაში პოლიპი სხვა რამესაც აკეთებს. ის პატარა, თავისუფლად მოცურავე დედალ ან მამალ მედუზად ყალიბდება, რომელიც ვითარდება ზრდასრულ ორგანიზმად და მედუზას სპერმასა და კვერცხუჯრედებს წარმოქმნის. შემდეგ ციკლი თავიდან იწყება.
მედუზების უმეტესობას შეუძლია, სიცოცხლის ამ რთული ციკლის ეტაპებზე განვითარება საპირისპირო მიმართულებით წაიყვანოს. მაგრამ როგორც კი სექსუალურ მომწიფებას მიაღწევენ, ბიოლოგიური საათის შებრუნება აღარ შეუძლიათ.
უკვდავი მედუზა ამ ფუნდამენტურ კანონს არღვევს. ამ უნიკალურ არსებებს სექსუალური მომწიფების შემდეგაც კი შეუძლიათ, მოუმწიფებელი პოლიპის ეტაპზე დაბრუნდნენ, შედეგად გაექცნენ სიკვდილს და პოტენციურ უკვდავებას მიაღწიონ. ეს იგივეა, პეპელა რომ მოულოდნელად მუხლუხად იქცეს.
როგორც ბიოლოგიური უკვდავების შემთხვევების უმეტესობაში, აქაც გამოცანად რჩება, როგორ ახერხებს ამას უკვდავი მედუზა. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს მუხლუხის პეპლად გარდაქმნის პროცესის შებრუნებულ უცნაურ ვარიანტთან.
მედუზებს სხვა ცხოველებთან ბევრი საერთო არ აქვთ, ამიტომაც გვეჩვენება უჩვეულოდ მათი ასექსუალური გამრავლების სტრატეგია და მათი უკვდავება.
ეს ორი შტრიხი შეიძლება ერთმანეთთან კავშირში იყოს, ამბობს ბოში. თუკი ღეროვანი უჯრედები სასიცოცხლო როლს თამაშობენ ცხოველის ბიოლოგიურ უკვდავებაში, მაშინ ის ცხოველები, რომლებსაც ძლიერმოქმედი ღეროვანი უჯრედები აქვთ საკუთარი თავის კლონირებისთვის, შეიძლება ხშირად უკვდავებიც იყვნენ.
მეორე მხრივ, სექსზე დაფუძნებული გამრავლების სტრატეგია თითქმის გარდაუვლად სრულდება ნაადრევი სიკვდილით.
„არგუმენტად შეიძლება ის მოვიყვანოთ, რომ გამეტების (კვერცხუჯრედები და სპერმა) შესაქმნელად ბევრი ენერგიაა საჭირო, რაც ცხოველს კლავს“, ამბობს ბოში. ეს ნამდვილად მიესადაგება მამრ ჩანთოსან თაგვს, რომელიც ფაქტობრივად შეწყვილებისგან კვდება.
მაგრამ სქესობრივად გამრავლებად ცხოველებშიც კი ბიოლოგიური უკვდავება ზოგჯერ უცხო ხილი არ არის. ამის კარგი მაგალითია ამერიკული ომარი.
ცხოველთა უმეტესობა სექსუალური მომწიფების მიღწევის შემდეგ მეტნაკლებად წყვეტს ზრდას, მაგრამ ამერიკული ომარი გამონაკლისია. უფრო მეტიც, ზრდასრულ ასაკშიც კი ამ კიბორჩხალას შეუძლია კიდური ხელახლა გამოიზარდოს, თუკი რაღაც მიზეზით დაკარგა.
ეს ორივე მახასიათებელი გვამცნობს, რომ ამერიკულ ომარს აქვს რეგენერაციის შთამბეჭდავი უნარი, მათ შორის ღრმა მომწიფების ასაკში. შეიძლება ეს იყოს იმის მიზეზი, რომ დიდი ზომის ეგზემპლარები მინიმუმ 140 წლის არიან.
ომარის დღეგრძელობა შეიძლება მათი დნმ-ის თავისებურებებს უკავშირდებოდეს. ცხოველის უჯრედებში არსებულ გრძელ ქრომოსომებს ბოლოებში აქვთ განსაკუთრებული წვერი, ე.წ. ტელომერები, რომლებიც დნმ-ს იცავენ.
მაგრამ როცა უჯრედი იყოფა და ქრომოსომები მრავლდება, ტელომერები ცოტათი მოკლდება, რადგან ასლწარმოქმნის პროცესი ქრომოსომის დაბოლოებამდე ვერ აღწევს.
უფრო მოკლე ტელომერი უფრო ხანმოკლე სიცოცხლეს ნიშნავს. მაგრამ ამერიკული ომარი გარდაუვალი დასასრულის თავიდან აცილებას ახერხებს ტელომერის დამაგრძელებელი ფერმენტის, ტელომერაზას მეშვეობით. 1998 წლის კვლევამ გამოავლინა, რომ ამ ფერმენტს მათი ყველა ორგანო შეიცავს და სავარაუდოდ მათი უჯრედების გაახალგაზრდავებაში ეხმარება.
სხვა სიტყვებით, ამერიკული ომარის უჯრედები ჩვეულებრივი გზით არ ბერდება, რაც ამ კიბორჩხალას ბიოლოგიურად უკვდავად აქცევს.
ეს ტელომერის ხრიკი სასარგებლო რამე ჩანს იმისთვის, რომ ორგანიზმმა დაბერების პროცესი შეაჩეროს. თუმცა რეალურად ძალიან მცირეა იმის მტკიცებულება, რომ ეს სტრატეგია გამოიყენება უკვდავ მცენარეებში ან უკვდავ „დაბალი კლასის“ ცხოველებში, როგორიცაა მედუზა. ბოშის თქმით, შესაძლოა, ის უფრო მეტად იყოს გავრცელებული „მაღალი კლასის“ ცხოველებში.
ფაქტია, რომ ტელომერაზები ძუძუმწოვრების ორგანიზმშიც არსებობს. ადამიანების შემთხვევაში ისინი აქტიურობენ HeLa-ს ტიპის უჯრედებში: ეს გახლავთ პირველი „უკვდავი“ უჯრედები, რომლებიც ადამიანში აღმოაჩინეს.
მაგრამ ამ შემთხვევაში უკვდავება უარყოფითი შედეგის მომტანია. HeLa-ს უჯრედებს სახელი ეწოდათ ჰენრიეტა ლაქსის პატივსაცემად, რომელიც 1951 წელს გარდაიცვალა საშვილოსნოს ყელის კიბოთი და მისგან უნებართვოდ აიღეს ეს უჯრედები.
როგორც ჩანს, ტელომერაზის ფერმენტები ხელს უწყობენ სიმსივნის ზრდასა და გავრცელებას. შეიძლება ამის გამოა, რომ ძუძუმწოვრები მათ მხოლოდ რამდენიმე ტიპის უჯრედებში იყენებენ. HeLa-ს სიმსივნური უჯრედები შეიძლება უკვდავი იყოს, მაგრამ მათი გამოჩენა ჰენრიეტა ლაქსს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
სიმსივნური უჯრედები ადამიანის სხეულში არსებულ ერთადერთ უკვდავ უჯრედებს არ წარმოადგენს. ჩვენი „ჩანასახოვანი ხაზის“ უჯრედებიც უბერებელია. ეს უჯრედები ქმნიან კვერცხუჯრედებსა და სპერმას, და სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ დროის სვლას გაუძლონ, რათა ბავშვები ახალგაზრდებად იბადებოდნენ.
ახალგაზრდა ბავშვის ცნება შეიძლება ტავტოლოგიად ჟღერდეს: განა ყველა ბავშვი ახალგაზრდა არ არის? საქმე რომ სხვანაირადაა, ამას ცხვრის, სახელად დოლის შემთხვევა აჩვენებს.
დოლის კლონირება მოხდა ცხვრის სარძევე ჯირკვლის უჯრედებიდან, რომლებიც დაბერებისგან არ არიან დაცული, ამიტომ დოლი შედარებით „ასაკოვანი“ იყო. დოლის უჯრედებში არსებული ტელომერები მოკლე იყო ბატკნობის პერიოდშიც კი, და არაკლონირებულ ცხვრებთან შედარებით მან ბევრად სწრაფად დაიწყო დაბერება. საბოლოოდ 6 წლის ასაკში ევთანაზია გაუკეთეს, რადგან ფილტვის კიბო დაემართა (ცხვარი საშუალოდ ორჯერ მეტს ცოცხლობს).
„ჩვენნაირი ორგანიზმებისთვის უკვდავება იქნება მექანიზმი, რომელიც პერიოდულად ბიოლოგიურ საათს საპირისპირო მიმართულებით წაიყვანს“, ამბობს თომასი.
გასაკვირი არ არის, რომ ამ მომენტში ჯერ კიდევ არ ვიცით, ჩვენს სასქესო უჯრედებში ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს. ტელომერაზის ფერმენტები შესაძლო ფაქტორია, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. თავის მხრივ, ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ ჩვენი დაბერების პროცესის შეჩერებისგან, მიუხედავად იმისა, რას გეუბნებიან კანის კრემის რეკლამებში.
მათთვის, ვისაც სიკვდილის ეშინია, შეიძლება გარკვეულწილად ნუგეშისმომცემი იყოს იმის გააზრება, რომ ჩვენი დაბერების პროცესი ინდივიდუალურია, მაგრამ სასქესო უჯრედების განსაკუთრებული თვისებების გამო ჩვენი საგვარეულო ხაზი არსებობას აგრძელებს. ამ გაგებით კაცობრიობა უკვდავია.
წყარო: charlius.com