ბლოგირუბრიკებისტატიები

სასურსათო უზრუნველყოფა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების ქვაკუთხედი

ბოლო ოთხი ათწლეულის წლის მანძილზე მსოფლიოს მოსახლეობა 77.5%-ით გაიზარდა,  მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მშპ შესადარ ფასებში _70.7 პროცენტით, მაშინ როდესაც მარცვლეულის წარმოება _ მხოლოდ 8.7 პროცენტით. მსოფლიოში, განსაკუთრებით შედარებით ნაკლებგანვითარებულ და ღარიბ ქვეყნებში, შიმშილისა და პურზე წვდომის პრობლემამ კლების ნაცვლად მეტი სიმწვავე შეიძინა. 

აღნიშნულის გამო მსოფლიოში ბოლო ათწლეულებში გამოიკვეთა მარცვლეულის  ფასების პერმანენტული ზრდის ტენდენცია.

– 1980-იანი წლების დასაწყისთან შედარებით 1 ტონა ხორბლის საერთაშორისო ფასი 2.6-ჯერ გაიზარდა -113.5 აშშ დოლარიდან 299.3 აშშ დოლარამდე და ეს ზღვარი არ არის. შეიძლება უკვე თამამად ითქვას, რომ მსოფლიოში იაფი საკვების ეპოქა, მათ შორის იაფი პურის ეპოქა, დასრულდა.

მარცვალი, როგორც სტრატეგიული საქონელი, მარ­ტო თითოეული ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნების მთავარ გარანტად, კი არა, არამედ მარცვლის იმპორტიორ ქვეყნებზე პოლიტიკური ზემოქმედების მძლავრ იარაღადაც ითვლება. არასასურველი კლიმატური პირობები, აგრეთვე ომი რუსეთ-უკრაინას შორის, რომლებზეც მოდიოდა მსოფლიო მარცვლეულის ექსპორტის 25 პროცენტზე მეტი, ნეგატიურად აისახება მარცვლეულის მსოფლიო ვაჭრობაზე, მის რეზერვებსა და ფასებზე.

მარცვლეულის მსოფლიო მარაგების თანაფარდობა გლობალურ მოხმარებასთან 2022 წლისთვის 2017 წელთან შედარებით შემცირდა 2.3 პუნქტით (31.9%-დან 29.6%-მდე).

სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით, სასურსათო პროდუქციის მსხვილი მწარმოებლებისა და ექსპორტიორების მიერ იზღუდება მარცვლეულის და ზოგიერთი სხვა სასურსათო პროდუქციის (მაგ., შაქრის) ექსპორტი. ეს შეზღუდვები ჯერჯერობით უფრო კონიუნქტურულია, ვიდრე სისტემური,  თუმცა მათი უგულვებელყოფა ნამდვილად არ შეიძლება.

თანამედროვე მსოფლიოში სასურსათო უშიშროების ორი ძირითადი კრიტერიუ­მია აღიარებული და ორივე მათგანი მარცვლეულს უკავშირდება. ესენია – მარცვლეუ­ლის გადაუდებელი მარაგები და მარცვლის წარმოების მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით. პირველი ქმნის აუცილებელ გარანტიასა და სიმყარეს საგანგებო სიტუაციების დროს, ხოლო მეორე აჩვენებს მარცვლეულის იმპორტზე ამა თუ იმ ქვეყნის დამოკიდებულების ხარისხსა და დონეს (ქვეყანაში პურპროდუქტების მოხმარე­ბის ფიზიოლოგიური ნორმებიდან გამომდინარე).

სამწუხაროდ, საქართველომ, როგორც მწარმოებელმა ქვეყანამ, ბოლო ათწლეულებში პოზიციები მკვეთრად დათმო. მარცვლეულის წარმოება შემცირდა მოსახლეობის 1 სულზე 1950 წლის 223 კგ-დან 1980 წლის  121 კგ-მდე და 2021 წლისთვის – 116  კგ-მდე. მოსახლეო­ბის ერთ სულზე გაანგარიშებით, 2021 წელს ხორბლის წარმოებით 6.1-ჯერ ჩამორჩება 1950 წლის მაჩვენებელს, 3.3-ჯერ – 1980 წლის მაჩვენებელს და 4.2 ჯერ – 2003 წლის მაჩვენებელს.

საქართველო, როგორც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, პოტენციურად დგას სასურსათო საფრთხის წინაშე. უდავოა, რომ ხორბლის წარმოებისა და მოხმარების ბალანსში არსებობს მწვავე დეფიციტი. რის გამოც მასზე გადახდისუნარიანი მოთხოვნა იმპორტის ხარჯზე ივსება. 2021 წლის ფასებით, 2000-2021 წლებში  საქართველოში აგროსასურსათო საქონლის ექსპორტმა შეადგინა 13022.336 მლნ. აშშ დოლარი, იმპორტმა – 23523.903 მლნ. აშშ დოლარი,  უარყოფითმა სავაჭრო სალდომ – -10501.566 მლნ. აშშ დოლარი.  ფაქტობრივად, ოცდამეერთე საუკუნეში არასაკმარისად განვითარებული აგრარული სექტორის გამო საქართველო იძულებული გახდა ყოველწლიურად დაახლოებით 1.2 მლრდ. აშშ დოლარის აგროსასურსათო საქონლის იმპორტი განეხორციელებინა, ხოლო ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ამ კატეგორიის უარყოფითმა საგარეო სავაჭრო სალდომ 2-ჯერ გადააჭარბა საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობას. თუმცა ამით სრულებითაც არ მოხსნილა ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის პრობლემა. მაგალითად, ხორცითა და ხორცპროდუქტებით მოსახლეობის უზრუნველყოფა რაციონალური დონის მხოლოდ 60 პროცენტია.

ამასთან, ბოლო წლებში გარკვეული პოზიტიური ცვლილებები აშკარად შეინიშნება სასურსათო უსაფრთხოების მხრივ, კერძოდ, მცირდება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდო: ჯერ კიდევ 2012 წელს იგი  შეადგენდა 758.8 მლნ. აშშ დოლარს, 2021 წლისთვის კი შემცირდა 212.0 მლნ. აშშ დოლარამდე, ანუ 3.6-ჯერ, ეს მაშინ, როდესაც იმავე პერიოდში აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი კი არ შემცირებულა, არამედ გაიზარდა 1.4-ჯერ – 1780.0 მლნ. დოლარიდან 2496.0 მლნ. დოლარამდე. ამ პერიოდში – 2012 წლიდან 2021 წლამდე – აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტით იმპორტის გადაფარვა გაიზარდა 40.2%-დან 84.3 პროცენტამდე.

მაგრამ, ესეც ვერ უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის სურსათის ძირითადი სახეობებით მოსახლეობის სრულ უზრუნველყოფას. მაგალითად, ქვეყანაში მოხმარებული ხორცის ნახევარიც კი არ არის ადგილობრივი წარმოების, დანარჩენი – იმპორტირებულია. – 2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში წარმოებული იქნა 72.6 ათასი ტონა ხორცი, იმპორტმა კი შეადგინა 84.8 ათასი ტონა, ანუ ადგილობრივად წარმოებულზე 16.8 პროცენტით მეტი, მიუხედავად ამისა, ხორცისა და ხორცპროდუქტებით მოსახლეობის უზრუნველყოფის დონე, როგორც ზემოთ აღინიშნა, 60 პროცენტს არ აღემატება.

მარტო 2021 წელს საქართველომ მოახდინა 110 მლნ. აშშ დოლარის ხორცის იმპორტი, 65 მლნ. აშშ დოლარის – რძის პროდუქტების, 52 მლნ. დოლარის – შაქრის, 46 მლნ. აშშ დოლარის – ზეთისა და ა.შ.

მხოლოდ მარცვლეულის იმპორტი საქართველოში, ფქვილის ჩათვლით, ბოლო წლებში 140-150 მლნ. აშშ დოლარს აღწევს. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში ამ პროდუქციის მომწოდებელ ძირითად ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, თანამედროვე საერთაშორისო ვითარებისა და ამ ქვეყნისადმი დაწესებული საერთაშორისო სანქციების გათვალისწინებით, აღნიშნული ასპექტით გამოწვევებისა და რისკების დონე მნიშვნელოვნად იზრდება.  შესაბამისად, აუცილებელია მარცვლეულის მოწოდების ერთ რომელიმე წყაროზე დამოკიდებულების შემცირება და შესაბამისი საგარეო ბაზრების დივერსიფიცირება. – ყოველივე ეს ქვეყანაში მარცვლეულის ნათესი ფართობებისა და მოსავლიანობის მკვეთრი ზრდის აუცილებლობის ფონზე.

გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ გვიხდება ყოველწლიურად დაახლოებით 1.3 მლრდ. აშშ დოლარის ენერგორესურსების იმპორტი, ანუ ქვეყნის ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის უზრუნველმყოფი ორი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი – სურსათი და ენერგორესურსები – დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული, რაც  ჩვენი სახელმწიფოს მდგრადობისა და უსაფრთხოების მხრივ სერიოზული დაფიქრების და განსჯის, კომპლექსური ზომების მიღების აუცილებლობას გვკარნახობს.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს, ეს არის აშკარა ასიმეტრია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შორის, ერთი მხრივ, აგრარულ სექტორში  და მეორე მხრივ – უძრავ ქონებაში  – ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. 2010 წლის შემდეგ საქართველოს აგრარულ სექტორში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა მხოლოდ 105 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო საქართველოს უძრავ ქონებაში – 1108 მლნ. აშშ დოლარი (10.6-ჯერ მეტი). იმის გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონებაში ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილის აფილირება ხდება მიწასთან, როგორც საკუთრების ობიექტთან, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის, მისი მიწის, სავარგულებისა შეზღუდულობის გათვალისწინებით – ქართული სახელმწიფოს მდგრადობისა და უსაფრთხოებისათვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს…

იოსებ არჩვაძე,

ეკონომიკის დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი