სარეველა მცენარეების გამოყენება შინაური ცხოველების და ფრინველების საკვებად
მცენარეული სამყაროს 300000-მდე წარმომადგენლის გარკვეული ნაწილი სარეველა მცენარეებს მიეკუთვნება, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან და დედამიწის სხვადასხვა კუთხეში იზრდება, მიუხედავად სარეველა მცენარეების მავნეობისა, ისინი მრავალმხრივ გამოიყენება პრაქტიკაში, ზოგიერთი მათგანი გამოყენებულია ცხოველების საკვებად.
ცხოველები საძოვრებზე კვების დროს არჩევენ მათთვის სასარგებლო და შხამიან ბალახებს, მიუხედავად იმისა, რომ შხამა შხამიანი მცენარეა, მას პირუტყვი კარგად ჭამს შემოდგომა – ზამთრის პირზე, რთვილის (ჩაჭკნობის) შემდეგ, ამ პერიოდში იგი უვნებელია.
შალაფა
შალაფა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ცხენებისთვის კარგ საკვებს წარმოადგენს, ზრდასრული მცენარე ყვავილობის დროს საქონლისთვის საშიშია, რადგან ამ პერიოდში ვეგეტატიურ ნაწილში დიდი რაოდენობის შხამიანი ნივთიერებები გროვდება, თუმცა ახალგაზრდა მცენარეებშიც არ არის გამორიცხული მათი დაგროვება, ზოგჯერ ცხოველების მოწამვლასაც აქვს ადგილი.
ქინოა
ჯიჯლაყასებრთა ოჯახის, ნაცარქათამასებრთა გვარის წარმომადგენელი პირველად გამოიყენეს პირუტყვის საკვებად 5.2–7.0 ათასი წლის წინ. ჯიჯლაყას სახეობები ფართოდაა გავრცელებული საძოვრებზე, სხვადასხვა ადგილებზე, ისინი დიდი რაოდენობით ითვისებენ ნიტრატებს და ცხოველებისთვის ერთ – ერთ არასასურველ მცენარედ ითვლება.
ბურჩხა
ერთწლიანი, მარცვლოვანი სარეველა მცენარეა, სიმაღლით 15-100 სმ, ფოთლები ლანცეტისებური, სიგანით 2,5 სმ, ყვავილედი ერთ ყვავილიანი საგველაა. ნიადაგიდან 80% აზოტი გამოაქვს, ერთი მცენარე იძლევა 40 000 თესლს; კილიანი მარცვალი – კვერცხისებურ-ელიფსური, ზემოთ წაწვეტებული, სიგრძე 3-3,5 მმ, სიგანე 2 მმ. მარცვალი ოვალურ-კვერცხისებური, მოყავისფრო, ცვილისებური ზედაპირით, სიგრძე 2 მმ, სიგანე 1,5 მმ.
ბურჩხა შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვის კარგ საკვებ მცენარედ ითვლება, როგორც საძოვრად, ისე თივის სახით. ყვავილობისას შესანიშნავი სასილოსე მცენარეა, მისი მარცვალი ფრინველებისთვის კარგ საკვებს წარმოადგენს. ცხენებისთვის საკვებად დიდი რაოდენობით მიღება მავნებელია.
მხოხავი ჭანგა
მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი, აბეზარი სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან, ფესურა გრძელი, ვრცელდება ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად – 5 -15 სმ – მდე; ღეროს სიმაღლე 40-150 სმ; ფოთოლი – შიშველი, ბრტყელი, ხაზურა; ყვავილედი – რთული თავთავი; თესლი – მარცვალი, ჩალისფერი, სიგრძე – 0,5 სმ.
ყვავილობის და ნაყოფების პერიოდში მხოხავი ჭანგას თივა პირუტყვის მიერ კარგად იჭმევა. კვების მიზნით ცხოველებისთვის მნიშვნელოვანი საკვებია ჭანგას ფესურები, რომელიც შეიძლება დაგროვდეს ნათესების კულტივირების შემდეგ.
მწყერფეხა
ერთწლიანი, მარცვლოვანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა. ღერო სწორმდგომი 10-50 სმ-მდე; ფოთლები – ლანცეტა, მწვანე ან მომწვანო-იასამნისფერი; ყვავილედი თავთავი, სიგრძე – 2,2-2,5 მმ; ყვავილობს ივლისში, თესლს იძლევა აგვისტო-სექტემბერში. ძირითადად გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში; მარცვალი ელიფსური, მოყვითალო-ყავისფერი, სიგრძე 1-2,8 მმ.
მწყერფეხა კარგ სასილოსე მწვანე მასას და თივას იძლევა.
ჭვავისებრი შვრიელა
ერთწლიანი, მარცვლოვანი, საგაზაფხულო სარეველა მცენარეა. ღერო სწორმდგომი 30-100 სმ. ფოთლის ფირფიტა სპირალურად არის დახვეული, შებუსული, სიგანით 2-5 მმ. საგველა ყვავილედის სიგრძე 21 სმ; კილიანი მარცვალი ლანცეტისებურია, სიგრძით 7-8 მმ, სიგანით 1,7-2 მმ, კილი მომწვანო – მოყვითალო ან ჩალისფერია; მარცვალი კილის გარეშე სიგრძით 6-7 მმ, სიგანით 1-1,5 მმ, ლანცეტისებური, მუქი ყავისფერი, აქვს ღარი. ერთ მცენარეზე 5-6 ათასი თესლი ვითარდება.
შვრიელას გაზაფხულიდან დაწყებული ყვავილობამდე მსხვილი რქოსანი პირუტყვი კარგად ჭამს, ძროხებს წველადობას მატებს, კარგად ძოვს ცხენი, ცხვარი და თხა. თესლებს აგროვებენ და ფქვავენ, აჭმევენ მსხვილ რქოსან პირუტყვს, ცხენებს, ღორებს.
ყვითელი ძურწა
ერთწლიანი, მარცვლოვანი, საგაზაფხულო სარეველა მცენარეა, გვალვაგამძლე; ფესვი – ფუნჯა, ღერო – სწორმდგომი, სიმაღლით 10-60 სმ; ფოთლები ლანცეტისებური, მოყვითალო – მომწვანო; ყვავილედი – თავთავი, სიგრძით 4-6 სმ; მარცვალი კვერცხისებურ – ოვალური ფორმის, მოყვითალო – მომწვანო ან მუქი ყავისფერი, სიგრძე 2-2,75 მმ, სიგანე 1,5-1,75 მმ, სიცოცხლისუნარიანობა 30 წელია.
ძურწა დაყვავილებამდე ითვლება პირუტყვის და შინაური ფრინველების კარგ საკვებ მცენარედ, ადრეულ ფაზაში იყენებენ სასილოსედ, მწვანე საკვებად.
გლერტა
მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან 15-50 სმ სიმაღლის; ღერო დატოტვილი, სწორი; ფოთლები ლანცეტისებური, უხეში; ყვავილედი – თავთავი წვრილი; კილიანი მარცვალი მოგრძო-კვერცხისებური, სიგრძე 2,25-2,75 მმ, სიგანე 0,5-0,75 მმ; მარცვალი ოვალურ-კვერცხისებური, ყავისფერი, სიგრძე 1,25-1,75 მმ, ერთი მცენარე იძლევა 10 000 თესლს, რომელიც სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 10 წელიწადს.
გლერტა მსხვილი რქოსანი პირუტყვისთვის და ცხენებისთვის კარგი საკვებია, როგორც თივად, ისე საძოვრად.
ჭინჭარი
მრავალწლიანი, ბალახოვანი, ფესურიანი მცენარეა, 60-200 მმ სიმაღლის; ღერო – სწორმდგომი, შებუსული; ფოთლები – გულისებრი, დაკბილული; ყვავილები -მოყვითალო – მწვანე, წვრილი, ყვავილობს ივნისიდან შემოდგომამდე; თესლი – კვერცხისებური, წვეროსკენ ოდნავ შევიწროებული, ფუძესთან – ფართო, ჭიპი მომრგვალო, მკაფიოდ შესამჩნევი, გლუვი, მონაცრისფრო – ყავისფერი, სიგრძე 1.25 -1.75 მმ, სიგანე 0.75 – 1 მმ, მწიფდება ივლისში.
ჭინჭარს საკვებად იყენებს თითქმის ყველა სახეობის ცხოველი და ფრინველი, ის კარგი სასილოსე ნედლეულია. ჭიჭარს ხშირად უმატებენ ქატოს, კვებავენ ინდაურის, ბატის და იხვის ჭუკებს.
თათრული წიწიბურა
ერთწლიანი, საგაზაფხულო, ბალახოვანი სარეველა მცენარეა წიწიბურასებრთა ოჯახიდან; ფესვი მთავარღერძა; ღერო დატოტვილი, შეუბუსავი, ცილინდრული, მოყვითალო – მწვანე, ზოგჯერ მოწითალო 50-180 სმ სიმაღლის; ფოთოლი გულისებრი ან შუბისებრი, ქვედა – გრძელყუნწიანი, ზედა მჯდომარე; ყვავილი პატარა, მოყვითალო-მწვანე, ყვავილობს ივლის-აგვისტოში; ნაყოფი სამწახნაგიანი კაკლუჭა, ნაცრისფერი, ყავისფერი, ზედაპირი არათანაბარი, ბორცვიანი, სიგრძე 3.5-5 მმ, სიგანე 2.5-3.5 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 1000 თესლი, მწიფდება აგვისტო-სექტემბერში; ასარევლიანებს საგაზაფხულო და საშემოდგომო ნათესებს, განსაკუთრებით კულტურულ წიწიბურას, რომლის თესლისგან რთული გამოსარჩევია.
თათრული წიწიბურას თივას და თესლებს კარგად ჭამს პირუტყვი და შინაური ფრინველი.
ლაკარტია
მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან; ფესურა – მოკლე, მხოხავი; ღერო აღმავალი, 10-50 სმ სიმაღლის; ფოთლები – ხაზურა; ყვავილედი – თავთავი, ყვავილობს აგვისტოდან ოქტომბრის ბოლომდე; კილიანი მარცვალი – კვერცხისებური, გლუვი, მბზინავი, სიგრძეზე სუსტად დაღარული (დანაოჭებული), ღია ყვითელი, ზოგჯერ ღია ნაცრისფერი, სიგრძე 2-2.25 მმ, სიგანე 1.25 მმ; თესლი (მარცვალი) – ოვალურ-კვერცხისებური, ზურგის მხრიდან ამობურცული, მუცლის მხარეს – შეწეული, ყავისფერი. ასარევლიანებს სიმინდს, ჩაის პლანტაციებს, ბრინჯს.
ლაკარტია იძლევა ხარისხიან თივას, ყუათიანი საკვებია მსხვილი რქოსანი პირუტყვისთვის.
ნესტიან პირობებში მცენარე ავადდება სოკოვანი დაავადებით – Claviceps paspali (ჭვავის რქა – Ergot), პირუტყვი დაავადებული ლაკარტიათი ჭამისას ავადდება „ბანდალათი“.
მჟაუნა
მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა წიწიბურასებრთა ოჯახიდან. ფესვი – მთავარღერძა, მოკლე, დატოტვილი; ღერო – სწორი, 1 მ-მდე; ფოთლები – წვნიანი, ხორცოვანი, ყუნწიანი, ლანცეტისებური; ყვავილი – წვრილი, ვარდისფერი ან წითელი, ყვავილობს მაის-ივნისში; ნაყოფი – მუქი ყავისფერი კოლოფი, თესლები სამწახნაგოვანი, მოშავო-ყავისფერი, მბრწყინავი, სიგრძით 1.7 მმ.
მჟაუნას ყველა სასოფლო-სამეურნეო პირუტყვი ჭამს, როგორც საძოვარზე, ისე თივაში შერეულს, ხასიათდება მაღალი კვებითი ღირებულებით.
შვრიუკა
ერთწლიანი ერთლებნიანი სარეველა მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 120 სმ; ფესვი – ფუნჯა; ფოთლები – ლანცეტისებური; კილიანი მარცვალი თითისტარისებური, ფხიანი, გარეთა კილი ტყავისებური, მჭიდროდ ეკვრის მარცვალს, წვეროში გაყოფილია ორად, ფხა მუხლისებური, მაგარი, გამოდის შუა ნაწილიდან, სიგრძით 12-20 მმ; მარცვალი ცილინდრული, ზედაპირი დაფარულია თხელი, მონაცრისფრო – მოყვითალო ზემოთ მიმართული ბუსუსებით, სიგრძე 6-8 მმ. შვრიუკა ძნელი გამოსარჩევია შვრიის, ხორბლის და საშემოდგომო ქერის თესლისგან.
გაზაფხულიდან დაწყებული ყვავილობამდე მსხვილი რქოსანი პირუტყვი კარგად ჭამს, ძროხებს წველადობას მატებს, კარგად ძოვს ცხენი, ცხვარი და თხა; დაყვავილების შემდეგ მცენარე უხეშდება და ცხოველები აღარ ჭამენ, ამიტომ დაყვავილებამდე სათივედ უნდა გაითიბოს.
ღიჭა
მრავალწლიანი ფესვნაყარი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 150-170 სმ; ფესვი – მთავარღერძა, ნიადაგში ვრცელდება 4 მ -ზე, ჰორიზონტალურად – 1 მ -ზე; ღერო – ეკლიანი; ფოთლები – დაკბილული; ივითარებს ყვითელ, ბაბუაწვერას მსგავს ყვავილებს; ნაყოფი – მოგრძო-ოვალური თესლურაა, ნაოჭიანი, ოდნავ მოხრილი, მუქი ყავისფერი, სიგრძე 2.5-3.2 მმ, სიგანე 0.7-1.2 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 6 000-20 000 თესლი, სიცოცხლისუნარიანობა 5 წელი.
ახალგაზრდა ყლორტებს სიმინდის ფქვილთან ან ქატოსთან ერთად იყენებენ შინაური ფრინველების (ინდაურის, ბატების, იხვის ჭუკების) გამოსაკვებად.
ჩიტიფეტვა
მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან; ფესვთა სისტემა – ფუნჯა, ფესურა გრძელი, მხოხავი, მოყვითალო-ყავიფერი; ღერო – სწორმდგომი, შეუბუსავი, გლუვი, სიმაღლით 50-200 სმ; ფოთოლი – მარტივი, ლანცეტისებური ან ხაზურა, ბოლო წვეტიანი, ქვედა მხარეს შებუსული; ყვავილედი – საგველა, ყვავილი პატარა, მომწვანო, იასამნისფერი ელფერით, ყვავილობს ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე; ნაყოფი – ყავისფერი ან მოყვითალო მარცვალა, სიგრძით 1.7-2.5 მმ, მწიფდება ივლის-აგვისტოში; ზამთარგამძლე და ტენის მოყვარულია.
გამოიყენება ცხოველების საკვებად, თივად, სასილოსედ.
ნინო დათუკიშვილი,
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის
დეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის
მთავარი სპეციალისტი,
მაია გიორბელიძე,
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის
დეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის
მთავარი სპეციალისტი