დარგებიმეფუტკრეობაფერმერი ფერმერს

ძირითადი სეზონური სამუშაოები საფუტკრეში

გაგაცნობთ იმ ძირითად სამუშაოებს, რომლებიც სასურველია,  საფუტკრეში მთელი წლის განმავლობაში შესრულდეს.

მეფუტკრეობის აქტიური სეზონი  ზათარის ან გაზაფხულის პირველი გამომღერებიდან ბოლო – დაზამთრებისწინა -გამოფრენამდე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ფუტკრის ოჯახი, როგორც ვნახეთ პირველ თავში, განვითარების სხვადასხვა სტადიას გაივლის. ფუტკრის ოჯახის წლიური განვითარების ბოლო სტადია არის ზამთრობა, რომელსაც გუნდად შეკრული ფუტკრის ოჯახი უბარტყოდ ატარებს. ფუტკრის ოჯახისთვის ეს არის რთულად გადასატანი პერიოდი. ძირითადად სწორედ ამ დროს იღუპებიან და სუსტდებიან ფუტკრის ოჯახები.

ზამთრობის პირობებში მეფუტკრე, ფაქტობრივად, უძლურია შეცვალოს და გამოასწოროს ზამთრობისათვის მზადების დროს დაშვებული შეცდომები. ცუდად მომზადებული გამოზამთრების შედეგს შემდეგ გაზაფხულზე ვიწვნევთ. მომავალი ზაფხულის ბოლომდე ამ შეცდომის გამოსწორება შეუძლებელია. ზამთრისთვის ცუდად მომზადებული ფუტკრის ოჯახების ნაწილი ამ პერიოდში იღუპება. მეორე ნაწილი დასუსტებული გამოდის ზამთრობიდან. ოჯახებს ეს დასუსტება, როგორც წინა თავში იყო ნაჩვენები, თითქმის მთელ შემდეგ სეზონზე გასდევს და ამცირებს ფუტკრის ოჯახის პროდუქტიულობას. ხშირად ფუტკრის ოჯახების ზამთარში დასუსტებით გამოწვეული ზარალი გაცილებით მეტია დაღუპული ოჯახებით გამოწვეულ ზარალზე (ფარარი). ამიტომაც მიგვაჩნია, რომ მეფუტკრეობაში ფუტკრის ოჯახების დასაზამთრებლად მზადება ყველაზე მნიშვნელოვანია. მეფუტკრეობა ხშირად ისეთ ზარალს ნახულობს ზამთრის პერიოდში, რომ სოფლის მეურნეობის სხვა ვერც ერთი დარგი ასეთ ზარალს ვერ გაუძლებდა. ჩვენი აზრით, აუცილებელი სეზონური სამუშაოების შესწავლა სწორედ ფუტკრის ოჯახების დასაზამთრებლად მზადებით უნდა დავიწყოთ.

გვინდა მკითხველის ყურადღება მივაპყროთ კიდევ ერთ მცდარ ტერმინს, რომელსაც ჩვეულებრივად ვხვდებით მეფუტკრეობის რუსულ და ქართულენოვან ლიტერატურაში. ეს არის „ფუტკრის საშემოდგომო გამრავლება”.

შემოდგომაზე (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) ფუტკრის რაოდენობას ოჯახში საქართველოს ვერც ერთ რეგიონში და, მით უმეტეს, რუსეთში ვერ გაზრდით. ამაზე უფრო ადრე – ზაფულის ბოლოს – უნდა იზრუნოთ, რათა დაზამთრებამდე ფუტკრის თითოეულ ოჯახში იყოს:

  1. ბევრი, ხარისხიანი და ჯანმრთელი ფუტკარი;
  2. კარგი კვერცხისმდებელი დედა;
  3. საკვების დიდი მარაგი;
  4. კარგი ხარისხის ფიჭები.

შემოდგომაზე უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ ზაფხულის ბოლოს დაგროვებული ფუტკრის დიდი მასა. დაზამთრებისწინა სამუშაოების სწორად შესრულებას სამეწარმეო მეფუტკრეობაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ზაფხულის ბოლოს ეყრება სფუძველი მომავალი წლის მოსავალს.

მეფუტკრეობა

თემურ ღოღობერიძე, გოგი მაძღარაშვილი, მაია ფეიქრიშვილი, ცირა ნაფეტვარიძე, ლიზა ბალიაშვილი, ალექსანდრე კორძახია, შალვა კვეზერელი