დარგებიმემარცვლეობამემცენარეობა

ჭვავის კულტურა და მისი გავრცელების შესაძლებლობები საქართველოში

     ჭვავი (Secale cereale L) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასურსათო კულტურაა, მისი ფქვილისგან მზადდება სხვადასხვა ხარისხის გემრიელი პური, რომელიც შეიცავს სრულფასოვან ცილებსა და ვიტამინებს. კალორიულობით ზოგჭერ ჯობნის ხორბლის პურს მხოლოდ  ჩამორჩება მონელებადობით და შეთვისების მიხედვით. ბოლო დროს ჭვავის პურზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა.

     ჭვავის ნათესი გაზაფხულზე ადრე ივითარებს გამონაზარდს და მას იყენებენ საქონლის საკვებად, მისგან განთავისუფლებული ნაკვეთი კი შეიძლება გამოვიყენოთ განმეორებითი თესვისათვის ან საშემოდგომო კულტურებისათვის. ჭვავის მწვანე მასა შეიძლება გამოვიყენოთ  თივის, სილოსის, სენაჟის დასამზადებლად.

მარცვლის ქიმიური შედგენილობა  იცვლება ნიადაგურ-კლიმატურ პირობებზე,  აგროტექნიკის დონეზე და ჯიშობრივ თვისებებზე  დამოკიდებულებით. ტენიან პირობებში  ცილების შემცველობა მცირდება 7-8%-მდე, გვალვიან პირობებში კი იზრდება  15-16%-მდე. მოსავლიანობით ჩამორჩება საშემოდგომო ხორბალს, საშუალო მოსავალი 2,0-2,5ტ/ჰა, მაღალი მოსავალი კი 3,5-4ტ/ჰა.

      ჭვავი ივითარებს ძლიერ  ფუნჯა ფესვთა სისტემას, რომელიც  1,5 მეტრ სიღრმეზე ჩადის, ღერო 1,5მ სიმაღლეს  აღწევს. მისი მარცვალი ტენიან პირობებში ღივდება ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე, პლიუს 1-2ºC და აღმონაცენს იძლევა 4-5ºC, უთოვლო ზამთრის პირობებში აღმონაცენს შეუძლია გადაიტანოს -20ºC ყინვა, 20-30 სმ თოვლის საფარის ქვეშ 50-55ºC ყინვა.  მცენარეთა ძლიერი ბარტყობა და სწრაფი ზრდა   კარგად თრგუნავს სარეველებს და ამ თვისების გამო ის  შეიძლება გამოვიყენოთ თესლბრუნვაში სარევლიანი ნაკვეთების გასაწმენდად.

საშემოდგომო ჭვავი  შედარებით გვალვაგამძლე კულტურაა, მაგრამ შემოდგომაზე ტენის ნაკლებობა იწვევს ბარტყობის შემცირებას და მოსავლის კლებას. ტენის მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია აღერებიდან დათავთავების   ფაზაში. ნიადაგისადმი შედარებით ნაკლებ მომთხოვნია, მისი ფესვთა სისტემა  ადვილად ითვისებს  საკვები ნივთიერებების ძნელად შესათვისებელ ფორმებს.

საშემოდგომო ჭვავი წინამორბედებისადმი ნაკლებ მომთხოვნია ვიდრე საშემოდგომო  ხორბალი. დაბალნაყოფიერ ნიადაგებზე  ჭვავს თესავენ  სუფთა ანეულზე,  სასილოსე ან მწვანე საკვებად  გამოყენებული სიმინდის  ან ბარდის შემდეგ. ის კარგად ეგუება ორ წელიწადს ერთ და იგივე ნაკვეთზე თესვას, ნაკლებად  ზიანდება ფესვის სიდამპლით.

       სასუქებზე, განსაკუთრებით ფოსფორზე და კალიუმზე მაქსიმალური მოთხოვნა ემთხვევა  აღერება-დათავთავების ფაზას. 1 ტონა მარცვლისა და შესაბამისი ნამჯის  ფორმირებაზე ჭვავი მოიხმარს საშუალოდ აზოტს-31კგ, ფოსფორს-14 და კალიუმს-26 კგ. საშემოდგომო ჭვავისათვის საჭიროა მინერალური სასუქები N-45, P-60, K-45.

თუ ჭვავი ითესება ანეულზე, მაშინ საანეულო კულტურა  უნდა იქნეს აღებული რაც შეიძლება ადრე. თუ წინამორბედი მრავალწლოვანი ბალახების ორწლიანი კორდია, მაშინ კორდი გათიბვისთანავე უნდა დამუშავდეს დისკებიანი კულტივატორით. ერთწლოვანი ბალახების შემთხვევაში უნდა მოიხნას დადისკვის გარეშე. შვრიანარევი პარკოსნების შემდეგ ნიადაგი უნდა მოიხნას სახნავი ფენის სრულ სიღრმეზე. მზესუნზირისა და სიმინდის შემდეგ  ნიადაგი მუშავდება მათი მოსავლის აღების შემდეგ დისკებიანი კულტივატორით და შემდეგ იხვნება სრულ სიღრმეზე. თესვისწინა დამუშავება ტარდება თესლის ჩათესვის  სიღრმეზე კულტივაცია-დაფარცხვით უშუალოდ თესვის წინ.

თესვის წინ თესლი უნდა შეიწამლოს  გუდაფშუტების და  ფესვის სიდამპლის საწინააღმდეგოდ. რადგან ჭვავი ძირითადად ბარტყობს შემოდგომაზე ამიტომ ის ხორბალზე ადრე უნდა დაითესოს, საშუალოდ 20 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე.

       თესვის ნორმა  მერყეობს  5-6 მლნ მარცვლის ფარგლებში ვიწრომწკრივში თესვისას,   დაკავებული ანეულის და ჯვარედინად თესვისას ნორმა დიდდება  10-15%-ით. თესლის ჩათესვის სიღრმე   უნდა იყოს 4-5 სმ, რადგან  ბარტყობის ნასკვი მას ნაკლებ სიღრმეზე აქვს ვიდრე სხვა მარცვლეულ კულტურებს. 1მ² სასურველია იყოს  300 ღერო.

საშემოდგომო ჭვავის ნათესი  რაიმე განსაკუთრებულ მოვლას არ მოითხოვს, თუ  სამუშაოები დროულად და ხარისხიანად არის ჩატარებული. სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება იგივე პრეპარატები იგივე  დოზებით რაც ხორბალში. აღერების ფაზაში, მცენარის  25-30 სმ სიმაღლისას, ჩაწოლის საწინააღმდეგოდ კარგია პრეპარატ მოდუსის შესხურება  500-700 მლ- ჰა ზე.

ჭვავის კულტურას სრულ სიმწიფეში ახასიათებს მარცვლის ჩაცვენა, ამიტომ, მოსავლის აღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება დროულად და სწრაფად. მოსავლის აღება რეკომენდებულია ორ ფაზად მოხდეს, გაითიბოს ღვარეულებად  სანთლისებრი სიმწიფის შუა პერიოდში  18-20სმ სიმაღლეზე და გამოილეწოს მარცვალში 17-18% ტენიანიბისას. პირდაპირ აღებას  იწყებენ თავთავების  95%-ის სიმწიფის დროს, როცა  მარცვლის ტენიანობა 14-18%-ია. გაყოფით აღების შემთხვევაში კომბაინი უნდა მოძრაობდეს  სამკელების მოძრაობის  მიმართულებით, მხოლოდ ძლიერად დამჯდარი ღვარეულები იკრიფება სამკელის საწინააღმდეგოდ.

      ისტორიულად ჭვავი ხორბალთან შედარებით ახალგაზრდა კულტურაა. ახასიათებს, როგორც მრავალწლიანი, ისე ერთწლიანი, ასევე საშემოდგომო და საგაზაფხულო ფორმები. ასეთი მრავალფეროვნების გამო მსოფლიო მიწათმოქმედებაში დღეისათვის ჭვავს მეხუთე ადგილი უჭირავს. ფართოდაა გავრცელებული გერმანიის და სკანდინავიის ქვეყნებში. საქართველოს მთიან ზონაში ჭვავი საკმაოდ ძველი დროიდან გვხვდება. უფრო დიდი გავრცელება მოიპოვა მესხეთ-ჯავახეთის ზონაში, უფრო ნაკლები დასავლეთ საქართველოს მთიან ზონაში.

ჭვავის კულტურის მნიშვნელობიდან გამომდინარე მსოფლიო მეცნიერებმა შექმნეს მდიდარი საკოლექციო მასალა. განსაკუთრებით წარმატებულია ავსტრია, რომელსაც შექმნილი აქვს ჭვავის თანამედროვე ინტენსიური ტიპის ჯიშები, რომელთა ქიმიური შემადგენლობა და მოსავლიანობა თანდათან უახლოვდება ხორბალს. სამწლიანი გამოკვლევების საფუძველზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში გამორჩეულია ჭვავის ჯიში დუკატო, რომელსაც ავსტრიული კომპანია ავრცელებს მთელ საქართველოში. ჯიში მაღალმოსავლიანია (4.5-5.5 ტ/ჰა), გვალვაგამძლეა, ადვილად იტანს კლიმატის ცვლილებას. მისი ხარისხობრივი მაჩვენებლების მართვა შესაძლებელია თხევადი სასუქების გამოყენებით.

ჭვავის კულტურის გაზრდილი სასურსათო მოთხოვნილებიდან გამომდინარე და მისი თავისებურებების გათვალისწინებით დასავლეთ საქართველოს მთიან და მიმდებარე ზონებში შესაძლებელია მისი სათესი ფართობების გადიდება. იგი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც შუალედურ, ისე ძირითად კულტურად.

ცოტნე სამადაშვილი,

ს/მ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი