როგორ განვსაზღვროთ მაკედ არის თუ არა ძროხა _ რა უნდა იცოდეს ფერმერმა
ძროხის მაკეობის განსაზღვრა, გარეგნული ნიშნებით საკმაოდ ზუსტად არის შესაძლებელი. თუ ბოლო დათესვლიდან 19-25 დღის განმავლობაში ძროხას არ ეწყება ახურება, ის შეიძლება მაკედ ჩაითვალოს.
მაკეობის შეფასების რამდენიმე ხალხური მეთოდი არსებობს:
- ჭიქაში ასხამენ სუფთა წყალს და ჩააწვეთებენ 1-2 წვეთ ახლადმოწველილ რძეს. თუ რძის წვეთი ჩაიძირება, ძროხა მაკედაა. ხოლო თუ რძე გაიშლება მთელ ჭიქაში და წყალი თეთრად შეიფერება ე.ი. ძროხა ბერწადაა (არ არის მაკედ). ამ მეთოდით პასუხი მაკეობაზე შეიძლება მივიღოთ ძროხის დათესვლიდან ერთ თვეში;
- მეორე პრაქტიკული რჩევა მაკეობის განსასაზღვრად ასევე უკავშირდება გამოწველილ რძეს. ძროხის დაგრილებიდან 40-50 დღეში იღებენ 10-15 მლ (აქედან კი 10-15 წვეთს) ახლადმოწველილ რძეს (არა პირველი ჭავლიდან) და აყოვნებენ არანაკლებ ნახევარი საათსა და არაუმეტეს 3 საათსა. წყალს წამოადუღებენ და გააგრილებენ 400C-მდე. ჭიქაში ჩაასხამენ წყალს, ჭიქა არ უნდა იყოს სავსე და საწვეთარათი ჩააწვეთებენ 10-15 წვეთ რძეს. თუ ძროხა მაკედაა, რძის წვეთები დატალღულ რგოლებად დაილექება ჭიქის ფსკერზე. 20-30 წუთში რძე ნისლივით დაეფინება ჭიქის ძირს, წყლის ზედა ფენაზე ფერის თანდათან შესუსტებით. თუ ძროხა მაკედ არ არის რძე წყალს ერევა სწრაფად და თანაბრად, 5 წუთში ქრება „ნისლიანობა“, სითხე იღებს რძის ფერს;
- კიდევ ერთი ხალხური მეთოდის მიხედვით, დათესვლიდან მეორე დღეს, დილით ხელისგული ძლიერ უნდა გადავუსვათ ძროხას ქედზე, კუდიდან თავამდე და უკან. თუ ძროხა ყურადღებას არ აქცევს ამ მანიპულაციებს და მშვიდად აგრძელებს ჭამას, ესეიგი ყველაფერი რიგზეა, ძროხა დაგრილებულია. ხოლო, თუ თავს წევს საკვებიდან, აქეთ-იქით იხედება, კატასავით ზნიქავს ზურგს, შეწყვილებას უშედეგოდ ჩაუვლია და ისევ ახურდება.
თუ ძროხას კუდის ქვეშ სუფთად აქვს, ის მაკედ არ არის. ხოლო თუ კუდის ქვეშ აქვს გამონადენი, რომელიც ძაფებად გადმოსდის, ეკიდება და ხმება – ეს ნიშნავს, რომ მაკედაა, ხბო „სუფთავდება“.
მაკე ძროხებს მაკეობის ბოლოს მუცლის მარჯვენა კედლის წინა ნაწილი ჩამოეკიდება. მაკეობის დასადასტურებლად ხელს მიადებენ მუცლის მარჯვენა კედელს თეძოს მიდამოში და ხელისგულით მიაწვებიან მუცლის კედელს შიგნით, შემდეგ სწრაფად ასუსტებენ დაწოლას, თუ ნაყოფია, იგრძნობა ხბოს მკვრივი ბიძგები.
მაკეობის მეორე ნახევარში ძროხებს აღენიშნებათ მარჯვენა საშიმშილე ფოსოს ამოვსება. მაკე ძროხები ჩვეულებრივ მშვიდად იქცევიან და კარგად ჭამენ საკვებს მაკეობის მთელი პერიოდის განმავლობაში. მუცლის კედლის მოსინჯვისას იგრძნობა ხბოს ბიძგები. გამოკვლევა სჯობს დილით კვებამდე, მაკეობის 5-6 თვიდან დაწყებული. ამისათვის მუცლის კედელს აფარებენ სუფთა ტილოს, ყურის მიდების შემთხვევაში შესაძლოა ნაყოფის გულისცემის მოსმენა _ 120-130-ჯერ წუთში.
დაგრილებული ძროხა ბალანს ილოკავს ბეწვს ზრდის მიმართულების საპირისპიროდ. მაკეობაზე მიუთითებს აგრეთვე შემდეგი ნიშნები: საშოს ლორწოვანი გარსის გლუვია, მოლურჯო ელფერისაა, საშო დაფარულია ბლანტი ლორწოს თხელი ფენით.
ზოგჯერ მეპატრონეები მეტად ჩქარობენ ძროხის დათესვლას, უფრო სწორად, დეკეულის პირველ დათესვლას, მას ხბო უჩნდება 19-20 თვის ასაკში. დეკეული პირველი შეწყვილებისთვის (15-16 თვე) უნდა აღწევდეს ზრდასრული ძროხის მასის არანაკლებ 70%-80%-ს. ადრე ნამშობიარები პირველმოგებულისგან არ არის მოსალოდნელი მაღალი პროდუქტიულობა და კარგი განვითარება-ისინი ხდებიან მცირეტანიანები და დაბალპროდუქტიულები.
შეიძლება თუ არა საჯიშედ დავტოვოთ ტყუპისცალი დეკეულები?
თუ ტყუპი განსხვავებულსქესიანია (მოზვერი და დეკეული), დეკეული შემთხვევათა 85%- ში არის უნაყოფო. ხოლო თუ დაიბადა ტყუპი დეკეული, ორივე მათგანი შეიძლება დავტოვოთ საჯიშედ, კერძოდ რომელი? ის, რომელიც უკეთ ვითარდება, არა აქვს ზადი ექსტერიერში, რომელიც უფრო ჯანმრთელია. ჩვეულებრივ ამ მოთხოვნებს პასუხობს ტყუპიდან პირველად დაბადებული დეკეული.
არსებობს მაკეობის განსაზღვრის კლასიკური მეთოდები, ესენია:
- რექტალური პალპაცია-წინასწარი გასინჯვა-იძლევა მაკეობის მაღალ სიზუსტეს 98%-იანი ალბათობით, მაკეობიდან 45-90 დღის შემდეგ. გასინჯვის დრო 30 წმ-მდე;
- მაკეობის დადგენა რძის ანალიზის მიხედვით მაკეობის 28 დღიდან;
- სისხლის ანალიზის მიხედვით – მაკეობის 30-50 დღიდან, 60 დღიდან, ორივე შემთხვევაში, სიზუსტე იზრდება.
- ტრანსრექტალური ულტრაბგერითი გამოკვლევა- ამით განისაზღვრება არა მარტო მაკეობა, არამედ ნაყოფის ასაკიც. განსაზღვრის ოპტიმალური დრო დეკეულის პირველ მაკეობისთვის 26-ე დღე, ხოლო შემდგომი მაკეობისთვის 28 დღის შემდეგ. ამ მეთოდით გამოცდილ ტექნიკოსს (ვეტექიმს) შეუძლია მაკეობა განსაზღვროს მაკეობის 21-22-ე დღეს, როცა უკვე ნაყოფს ეწყება გულისცემა.
წარმოდგენა, რომ ძროხა უნდა დამაკდეს რძის წარმოებისთვის, მცდარია. ძროხები მაკდებიან მხოლოდ ხბოს მოსაყვანად და ძროხის ორგანიზმი ამ ხბოს გამოსაკვებდ გამოიმუშავებს რძეს.
მიხეილ ჭიჭაყუა
აგრო ექსპერტთა ასოციაცია