დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ღვინისგან გაცლილი ქვევრის მოვლა

ქვევრი სტაციონალური ჭურჭელია და მისი სამსახურის დრო საუკუნეებით განისაზღვრება, ამიტომ გაცლილი ქვევრი ყოველთვის სათანადოდ მოვლილი უნდა გქონდეთ, რადგან წლობით გაურეცხავ და დეზინფექციაგაუკეთებელ ქვევრში შეიძლება ისეთ დაავადებათა გამომწვევმა ბაქტერიებმა მოიკიდოს ფეხი, ქვევრი, ღვინის დასაყენებლად შეიძლება საერთოდ აღარ გამოდგეს.

ქვევრი, რომლის გამოყენებას მომავალ სეზონამდე არ აპირებთ, დროებითი „კონსერვაციისთვის“ შემდეგნაირად მოამზადეთ: თუ ქვევრი გაუხიზავი და ახალი გაცლილია, მაშინ კედლის ფორებში ჩარჩენილი იქნება ღვინო და ლექი, ამიტომ სუფთა წყლით აავსეთ და 2-3 დღით დააყოვნეთ. ამ გზით ფორებში ჩამჯდარი ღვინო წყალს შეერევა და კედლის ფორები ღვინისგან განთავისუფლდება. თქვენ უკვე ქვევრი წყლით გაქვთ სავსე, ამიტომ კარგია ეს წყალი დააოზონიროთ და ქვევრს დეზინფექცია გაუკეთოთ. რადგან ახალი გაცლილი ქვევრი სუფთაა და ბევრი რეცხვა არ უნდა, ამიტომ საკმარისია თბილი წყლით ერთხელ კარგად გარეცხოთ, ცივი წყალი ამოავლოთ. ამის შემდეგ, ქვევრის კედელი ჩამქრალი კირით შეათეთრეთ და დატოვეთ. თუ ასეთი ქვევრის გამოყენებას წლობით არ აპირებთ, მაშინ 2-3 წელიწადში ერთხელ კირის ძველი ფენა ჯაგრისით კარგად ჩამორეცხეთ, ქვევრი ერთხელ კარგად ამორეცხეთ და ისევ კირით შეათეთრეთ. ამ მეთოდით შენახული ქვევრი გამოყენების წინ ჯაგრისით და თბილი და ცივი წყლით კარგად გარეცხეთ, გაუკეთეთ ოზონით ან წყალბადის ზეჟანგის 2-3%-იანი ხსნარით დეზინფექცია და გამოიყენეთ.

თუ ქვევრის დიდი ხნით გამოყენებას არ აპირებთ მაშინ, ოზონოაირით დეზინფექციის პროცედურა 5-6 თვეში ერთხელ მაინც უნდა გაუკეთოთ. თუ ქვევრს ოზონაირით უკეთებთ დეზინფექციას, ამ დროს, ოზონოგენერატორის შლანგი, ქვევრის ფსკერამდე ჩაუშვით, ჰაერზე მძიმე ოზონი ფსკერიზე დაჯდება და ქვევრიდან ჩვეულებრივი ჰაერის გამოდევნით, ქვევრი ოზონაირით თანდათან აივსება. თქვენ კი ქვევრის ოზონოაირით ავსებას მის თავზე მდგარი ოზონირებული ჰაერის შესუნთქვით შეიგრძნობთ, შემდეგ ქვევრს თავი დაახურეთ და დატოვეთ.

ჟორა გაბრიჭიძე

ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, 

საქართველოს ეროვნული  აკადემიის აკადემიკოსი

შეკითხვებისათვის  ტელ.  551 33 31 55