დარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის ოჯახის შუაზე გაყოფა

ნაყრის შედგენასთან შედარებით, ეს ხერხი შესასრულებლად რამდენადმე უფრო რთულია, მაგრამ იმით არის უკეთესი, რომ ახლადშექმნილ ოჯახებში დაცულია სქესობრივ – ასაკობრივი ჯგუფების ურთიერთშეფარდება, ფუტკრის ორივე ოჯახი თანაბარი ტემპით ვითარდება და 1 თვის შემდეგ მათ სრულფასოვანი ოჯახები უნდა შექმნან.
ამ ხერხს აქვს თავისი ხარვეზიც: სხვადასხვა ასაკის ფუტკრები ნაკლები ხალისით ღებულობენ ახალ დედას, რის დასაძლევადაც გამოყენებულ უნდა იყოს მაღალნაყოფიერი დედა ფუტკარი შედეგიანი მიცემისათვის საჭირო სიფრთხილის დაცვით.

სამუშაოს შესრულება შემდეგი თანმიმდევრობით ხორციელდება:

 ძირითადი ოჯახის სკა გვერდზე გადადგით ძველი ადგილიდან იმავე მანძილზე, საწინააღმდეგო მხარეს დადგით მეორე სკა, რომელიც ძველი სკის ანალოგიური იქნება ფერით და ზომებით, დაიწყეთ ოჯახის გაყოფა ბარტყის, საკვებისა და ჩარჩოების იდენტურობის დაცვით. დედა ფუტკარი ძველ ოჯახში დატოვეთ, ახალს მიეცით სხვა დედა, სასურველია, განაყოფიერებული. ორივე ოჯახს მიუმატეთ 2-3 ჩარჩო აშენებული და ხელოვნური ფიჭით.

თუ ერთ სკაში ფუტკარი უფრო მეტი რაოდენობით შედის, მას ძველი ადგილიდან უფრო დააშორებენ, რომ ღალიდან დაბრუნებული ფუტკარი ორივე სკაში თანაბრად განაწილდეს. ოჯახებს კარგად დაათბუნებენ და განვითარებისათვის ხელშემწყობ პირობებს უქმნიან.

გიორგი მაძღარაშვილი

 „მეფუტკრეობა“