სვიის მოვლა – მოყვანა
სვია – Humulus lupulus L.,(კანაფისებრთა – Cannabaceae), ოჯახს მიეკუთვნება. სვიის გვარი იყოფა სამ სახეობად: ჩვეულებრივი სვია (Humulus lupulus L), გულისმაგვარი სვია (H. cordifolius Mig) და იაპონური სვია (H. japonikus Sieg. Et Zuss). ყველაზე მეტი სამრეწველო მნიშვნელობა აქვს ჩვეულებრივ სვიას.
სვია მრავალწლოვანი, ორსახლიანი, ბალახოვანი მცენარეა. 10 მეტრამდე სიგრძის, ხვიარა, ოთხწახნაგოვანი, და წვრილეკლიანი ღერო აქვს, რომელიც საყრდენს კაუჭიანი ეკლებით ეჭიდება. მისი ფესურა გრძელია და მხოხავი. ღერძული ფესვიდან გამოდის ჰორიზონტალური ყლორტები. ისინი კვანძებთან ფესვიანდებიან და წარმოქმნიან ახალ მიწისზედა ღეროს. ფოთლები მორიგეობითია და ყუნწიანი, წვეროზე – წაწვეტებული. ფოთლის კიდე დაკბილულია. ზევითკენ ფოთლები პატარავდება და მარტივდება. ზედა ზედაპირი ხაოიანია, მუქი მწვანე, ქვევითა, შედარებით ღია შეფერილობის, ძარღვების გაყოლებაზე ეკლიანი. ყვავილობის წინ ფოთლების რაოდენობა არის 400, მოსავლის აღების წინ კი – 600. თანაფოთლები დიდია, ლანცეტისებრი. ორსახლიანი მცენარეა. ყვავილები ერთსქესიანია. მდედრობით ყვავილედში, გირჩში, მოთავსებულია 20-60, პატარა ზომის ყვავილი. მტვრიანებიანი ყვავილები შეკრებილია საგველად და მოთავსებულია ფოთლის უბეებში, ბუტკოიანი ყვავილები შედგება კრამიტისებურად გაწყობილი ფურცლებისაგან, რომელთა შიგნითა მხარეს წვრილი, ზეთოვან–ფისოვანი ჯირკვლებია. ისინი გირჩისმაგვარი შეხედულებისაა, დამწიფებული 5 სმ–მდე სიგრძისაა. ნაყოფი კვერცხისებრია. ყვავილობს მაის–ოქტომბერში. სვიის თესლი მცირე ზომისაა. 1000 მარცვლის მასა – 2-4 გ. ცნობილია სვიის 100-ზე მეტი დარაიონებული და სელექციური, კულტურული ჯიში: კლონი 30-6, კლონი 29-38, კლონი 5-36, კლონი 18, ჟატეცკი, გალლერტაუსი, შპალტი, გოლდინგი და სხვ. მსოფლიოში ყველაზე საუკეთესოდ ითვლება ჩეხეთში კულტივირებული სვია.
გავრცელება
ფართოდაა გავრცელებული აფრიკაში, ამერიკაში, ავსტრალიაში, ჩინეთში, ცენტრალურ. აზიაში, ბევრ ქვეყანაში კულტურაშია შეტანილი. საქართველოში ამ გვარის მხოლოდ ერთი სახეობაა გავრცელებული – ჩვეულებრივი სვია. გვხვდება რაჭა–ლეჩხუმში, აფხაზეთში, აჭარაში, გურიაში, ქართლში, კახეთში, სამაჩაბლოში, თრიალეთში. სამრეწველო მიზნით მოჰყავთ მთელ საქართველოში. ხევსურეთში დღესაც ხდება სვიის მოყვანა, რომელსაც იყენებენ ლუდის წარმოებაში. სვია იზრდება მთის შუა სარტყლამდე ტენიან ფოთლოვან ტყეებში და მდინარისპირა ტერასებზე. მისი გავრცელების დიაპაზონი ზღვის დონიდან 1000 მ-მდეა.
ნედლეული
სვიის ნედლეულს წარმოადგენს ზაფხულის ბოლოს შეგროვებული გირჩები. გირჩებს კვერცხისებრი ფორმა აქვთ, შედგება მომრგვალო თესლურებისაგან რომლებიც თანაყვავილედის უბეებში და ყვავილსაფარის ფოთლებშია დაფარული. ნაყოფედი შედგება საერთო ღერძისაგან, რომელზეც მოთავსებულია კრამიტისებრ განლაგებული მრავალრიცხოვანი თანაყვავილედი. ისინი დაფარულია ხშირი ყვითელი ჯირკვლებით.
ქიმიური შედგენილობა
სვიის გირჩები შეიცავს ეთერზეთს (0,2-1,7%), მწარე ნივთიერებებს: ჰუმულინს და ლუპულონს, რომლებიც ფლოროგლუცინის წარმოებულებია. მათი დაშლისას გამოიყოფა იზოვალერიანის მჟავა. შეიცავს ასევე ქოლინს, ასპარაგენს, ორგანულ მჟავებს: ვალერიანის, იზოვალერიანის, ამინობენზოინის და სხვა მჟავებს. შეიცავს ესტროგენულად მოქმედ ნივთიერებებს. ლუპულინები შეიცავენ 1-3% ეთერზეთს, რომელიც შედგება ალიფატური ტერპენის მირცენისაგან (30-50%), მირცელონის რთული ეთერებისაგან (30-40%), ტერპენული ალკალოიდებისაგან, სესკვიტერპენული სპირტისა და კეტონ–ლუპარონისაგან.
ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში სვიის გირჩებზე 100–მდე ნივთიერება და ჯგუფია გაწერილი. მათ შორის: 2-მეტილპროპილიზობუტირატი, 2-მეთილბუტილიზობუტირატი, β-კარიოფილენი, ფარნეზენი, მირცენი (25%), ჰუმულები (50%),ჰუმულონი, კოჰუმულონი, ლუპულონი, ადჰუმულონი, კოლუპულონი, ალკალოიდები, ხალკონები, ანტოციანები, ლეიკოანტოციანიდინები, ფლავონოიდები, კუმარინები, კატექინები, ფენოლური შენაერთები, ვიტამინები – B1, B2, C, კაროტინოიდები, ესტროგენული ჰორმონები, ტოკოფეროლები, ცვილები, ცხიმოვანი ზეთი (თესლებში, 30%-მდე). ალუპულონი, ეთეროვანი ზეთი (1-3%), მწარე (საერთო ფისები) (11-21% ).
სვიის ჯიშებში, მწარე ნივთიერებების შემცველობა მერყეობს 3-დან 15 %-მდე. სვიის ჯიშები, რომლებშიც მწარე ნივთიერებების შემცველობა 5 %-მდეა, ითვლებიან არომატულებად, მეტის შემცველობის შემთხვევაში – მწარეებად. სიმწარის შემცველობის პირდაპირ პროპორციულად იზრდება სვიის ფასიც. თუმცა, თუ ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალია, ამან, შეიძლება გავლენა მოახდინოს პროდუქციის გემურ თვისებებზე. ამჟამად, ლუდის წარმოებისას, ტრენდულია სვიის არომატული ჯიშების გამოყენება.
კულტივირება – ნიადაგის შერჩევა და მომზადება
სვიის კულტივირებისათვის ხელსაყრელია ნესტიანი ნიადაგი, რომელიც კარგი წყალგამტარობით გამოირჩევა. იგი კარგად ვითარდება ნოყიერ ნიადაგებზე. უპირატესობა ენიჭება აზოტით მდიდარ ნიადაგებს. სვიის მოსავლიანობის გაზრდის მიზნით დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის განოყიერებას. შესაძლოა ორგანული და მინერალური სასუქების ერთდროულად გამოყენება (აზოტოვანი 70 კგ/ჰა, ფოსფოროვანი 40 კგ/ჰა, კალიუმიანი 60 კგ/ჰა), განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აზოტოვანი სასუქის შეტანას.
აზოტით მდიდარ ნიადაგებზე სვია უხვმოსავლიანობითა და მაღალ ხარისხიანობით გამოირჩევა, თუმცა მისი ბოროტად გამოყენებისას ძირითადად ვითარდება ფოთლები და მხვიარა ნაწილი, გირჩები კი უხეშდება და მათი რაოდენობაც მცირდება. კალიუმის ფოსფორის და კირის სიჭარბისას უარყოფითი შედეგები არ შეიმჩნევა, როგორც ამას ადგილი აქვს აზოტოვანი სასუქის გამოყენებისას. ორგანული სასუქის (ნაკელი) შეტანა უმჯობესია შემოდგომით. იგი შეაქვთ ყოველწლიურად. ასევე, მცენარეთა ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელია მათი თავიდანვე გამოკვება მიკროელემენტებით.
მოშენება
სვიის გამრავლება შესაძლებელია ვეგეტაციური წესით. სენერგე მასალას – კალმებს ამზადებენ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე. მისი სიგრძე 10-12 სმ უნდა იყოს. კალმებს რგავენ სანერგეებში, რომლებსაც ჩაფესვიანების შემდეგ გადარგავენ წინასწარ მომზადებულ ნიადაგში. რიგში მცენარეთა შორის მანძილი უნდა იყოს 1-1,5 მ, ხოლო რიგებს შორის მანძილი – 2-3 მ. კალმების დამზადდება შესაძლებელია 5-6 წლიანი მცენარიდან. დარგვამდე კალმებს აყოვნებენ სარდაფში და ყოველნაირად უნარჩუნებენ მას სიცოცხლის უნარს; საჭიროების მიხედვით აპკურებენ წყალს. შემოდგომაზე მომზადებულ კალმებს ინახავენ გაზაფხულამდე სარდაფში, მშრალ სილაში.
სვიის დარგვა
სვიას აქვს მიწისქვეშა განშტოებული რიზომები, რომლებიც იძლევა ახალ ყლორტებს. ამ რიზომების ნაჭრები გამოიყენება სვიის გასამრავლებლად კულტურაში. მწვანე ყლორტები ნაყოფიერების შემდეგ ყოველწლიურად იღუპება და გაზაფხულზე ისევ იზრდება
სვიის რიზომის პატარა ნაჭერის დასარგავად, 25 სმ სიღრმის ღარი გაითხრება, მის ფსკერზე ნაწილობრივ დამპალი კომპოსტის ფენა მოთავსდება. მასში ჩაიდება რიზომების ნაჭრები 15-20 სმ სიგრძის. კვირტების უმეტესი ნაწილი ზემოთ იყურება. რიზომებს ფრთხილად ასხურებენ ნახევრად დაშლილი ნეშომპალის, ბაღის ნიადაგის, ტორფის და ქვიშის ნარევს. დარგვის შემდეგ მოირწყვება. 1 ჰა-ზე ნორმალურად ვითარდება 3000-4000 ძირი მცენარე. ორმოებს ამზადებენ შემოდგომობით, გაზაფხულზე კი რგავენ. 12 სმ-იანი კალმისათვის ამზადებენ 27 სმ-იან ორმოებს. კალმებს ორმოში ათავსებენ დახრილად. კალმის წანაზარდი შესამჩნევი ხდება დარგვიდან 2 კვირის შემდეგ.
მოვლა
ზედმეტ ყლორტებს და ფესურას მჭრელი იარაღით შეაკვეცენ. შეკვეცა უმჯობესია გაზაფხულზე. შეკვეცამდე საჭიროა ფესურის ნაწილების გადახსნა და გამოყოფა. მოვლა გულისხმობს ასევე ნიადაგის გაწმენდას სარეველებისგან, გაფხვიერებას. სვია საჭიროებს მაღალ საყრდენებს. პრაქტიკული გამოყენება აქვს მავთულგაბმულ სარებს. ისინი იმგვარად უნდა ჩაისოს ნიადაგში, რომ ფესვთა სისტემა არ დაზიანდეს (ფესვის ბუდიდან 27-36 სმ-ის მოშორებით).დამაგრება საჭიროა, როდესაც ყლორტების სიმაღლე 70 სმ-ს მიაღწევს. ერთი და იგივე ადგილას სვიას მოყვანა შეიძლება 12-20 წელიწადს. სვიის გირჩების საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა შეადგენს 1, 6-2 ტონას.
ღია გრუნტში სვიის მოყვანის დარგვა და მოვლის პირობები
სვიის გაშენებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზამთრამდე ყოველწლიურად ფოთლებისა და ტოტების მიწისზედა მასა მთლიანად კვდება, რჩება მხოლოდ მიწისქვეშა სქელი სვიის რიზომები. გაზაფხულზე, თოვლის დნობის შემდეგ, სვია აქტიურად იწყებს ზრდას.
დაავადებები და მავნებლები – სვიაზე გვხვდება ორი ძირითადი დაავადება: ნაცარი და პერენოსპოროზი. მათ წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება სპილენძშემცველი პრეპარატები. ძირითადი მავნებელი ასევე ორია: სვიის ბუგრი და ობობასებრი ტკიპა. მათ წინააღმდეგ გამოიყენება ინსექტიციდები – აქტარი ან ბი-58.
ნედლეულის აღება
სვიის გირჩების შეგროვება ხდება მათი ტექნიკური სიმწიფის პერიოდში, როდესაც მომწვანო-მოყვითალო ფერს მიიღებს. (გირჩებს ყუნწებთან ერთად ჭრიან, რომ არ დაიმსხვრეს). ეს შეფერილობა ნედლეულის ხარისხის ძირითადი მაჩვენებელია. ამ დროს ისინი მაქსიმალური რაოდენობით შეიცავენ ალფა-მჟავებს, ეთერზეთებს და პოლიფენოლებს. ნაყოფში ეთერზეთის შემცველობა უნდა იყოს არანაკლებ 2%. (დაუშვებელია მწიფე გირჩების დამზადება, ამ დროს ისინი ყვითელი–მურა ფერისაა, ქერქლები გამოშვერილია და მრავალკაუჭიანი). თანაპროდუქტად ამზადებენ ჯირკვლებს. მათ გამობერტყავენ მშრალი გირჩებიდან, გაცრიან. მიიღება ოქროსფერ-ყვითელი ფხვნილი, ე.წ. Lupulinum (იყენებენ ჰომეოპათიაში). შემდეგ ხდება ახლად შეგროვილი სვიის გირჩების, რომლებიც შეიცავენ 80 %-მდე წყალს, 12- 14 საათიანი ვენტილაცია 300 C – მდე შემთბარი ჰაერით, რის შედეგადაც მათი ტენიანობა მცირდება 25-30 %-ით. ვენტილაციის შემდეგ, გირჩებს აშრობენ სპეციალურ საშრობ კარადებში 40-500 C-მდე შემთბარი ჰაერით და მათი ტენიანობა დაჰყავთ 9-10 %-მდე. გამომშრალი გირჩები გადააქვთ მშრალ, ბნელ სათავსოში, სადაც მათ ათავსებენ ხის სტელაჟებზე 70-80 სმ სისქის ფენად და ამ მაჩვენებელს თანდათანობით ზრდიან 1.5-2-მ-მდე. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხდება 1.5-2 მეტრიან ფენაში არსებული ყველა გირჩის თანაბრად, 11-13 %-მდე, დატენიანება ატმოსფერულ ჰაერში არსებული ტენის მეშვეობით. თუ ატმოსფერული ჰაერი არასაკმარისად ტენიანია, სვიის გირჩებს ატენიანებენ წვრილად გაბნეული ცივი წყლით ან ორთქლის წარმომქმნელი მექანიზმით – დაყრილი სვიის მთელ ფენაში შეჰყავთ ცივი წყლის ორთქლი. სვიის გირჩების სასარგებლო თვისებების შესანარჩუნებლად, სპეციალურ საშრობ კამერებში ხდება მათი სულფიტაცია გოგირდოვანი გაზით. გირჩების ასეთ ნედლეულს ათავსებენ პოლიეთილენის ან ჯუთის ტომრებში და აგზავნიან გადამამუშავებელ ფაბრიკებში, სადაც ხდება მათი მიყვანა სასაქონლო კონდიციამდე სტანდარტის შესაბამისად.
გამოყენება მედიცინაში
სვიაში შემავალი მწარე ნივთიერებები აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცესს, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებს აქვთ ბაქტერიციდული მოქმედება, დადებითად მოქმედებენ მეტაბოლურ პროცესებზე და განსაკუთრებით, ცხიმების, მინერალების და წყლის ცვლის რეგულირებაზე. მედიცინაში სვიის პრეპარატებს იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ, მადის გასაძლიერებლად, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. ასევე ჭიების საწინააღმდეგოდ. გასტრიტის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის, ელენთის (“Hovaletten”) დაავადებების დროს. დადგენილია მისი დიურეზული მოქმედებაც. სვიაში შემავალი ნაერთები გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, (1-2 ჩაის კოვზ დაწვრილმანებულ გირჩებს დაასხამენ 1 ჭიქა მდუღარე წყალს. გაცივებულ სითხეს გაწურავენ და სვამენ საღამოობით), საძილე საშუალება (უძილობის დროს რეკომენდირებულია სვიის გირჩებიანი ბალიშის გამოყენება ძილის მოსაგვრელად). ეფექტურია ნერვული აგზნებადობის, ნევრალგიის, ვეგეტატიური სისხლძარღვების დისტონიის, კორონარული სისხლძარღვების, მსუბუქი სპაზმების, ტაქიკარდიის, ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. (Valocordin, Valosedan, Novo-Passit). სვიაზე დაფუძნებული წამლები ეფექტურია პიელონეფრიტის, თირკმლის კენჭების, შარდის ბუშტის ანთების დროს. (“უროლესანი”). დერმატოლოგიასა და კოსმეტოლოგიაში სვია გამოიყენება თმის ძირების გასამაგრებლად, დერმატიტების და ფერისმჭამელების სამკურნალოდ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გირჩები შხამიანია და მისი ნაყენების დიდი დოზებით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს პირღებინება, ტკივილები მუცლის არეში, თავის ტკივილი, დამტვრეულობისა და საერთო სისუსტის გრძნობა.
გამოყენება ლუდის წარმოებაში
ლუდის წარმოების ძირითად ნედლეულს წარმოადგენს ალაო, სვია, წყალი და საფუარი. ალაოს ქვეშ მოიაზრება გამშრალი მარცვლეული. ძირითადად ეს არის ქერი, სვიას უმატებენ ლუდისათვის სასიამოვნო მომწარო გემოს მისაცემად. ის ასევე წარმოადგენს ძირითად ქაფის წარმომქნელ კომპონენტს. სვია აძლიერებს ლუდის ხარისხს და ხელს უწყობს ლუდის შენახვას, ანუ ზრდის მის მდგრადობას.
ევროპელები IX ს-დან იყენებენ პურის წარმოებაში. (ამ კუთხით გამოიყენებოდა საქართველოშიც).
სვია ხშირად გამოიყენება დეკორატიულ მცენარედ. კარგად ეხვევა აივნების, ვერანდების, ღობეების გარშემო და ამშვენებს მათ თავისი მოჩუქურთმებული ფოთლებით. ლიანა 20-30 წლის განმავლობაში არ კარგავს დეკორატიულ ეფექტს.
მზეინაბ სარალიძე, გოჩა წერეთელი, გივი წილოსანი, მზია ბერუაშვილი,
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თბილისი, საქართველო,
ზურაბ ბილანიშვილი, მზია წიკლაური,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.