რა არის ღვარცოფი?
ღვარცოფი გეოლოგიური მოვლენაა და ეწოდება მთის მდინარეებში და დროებით წყალსადინარებში/ხევებში უხეშნატეხოვანი და ქვიშა-დისპერსიული მასით გაჯერებულ (10-70%), უმთავრესად ხანმოკლე დროის და დიდი სიჩქარის წყალქვიან და ქვატალახოვან ნაკადს.
საქართველოში ღვარცოფების განვითარების ინტენსივობა და ქვეყნის ეკონომიკისადმი მიყენებული ზარალი მუდმივად იზრდება.
2010-2019 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა 1248 ღვარცოფის გავლას. დღეისათვის საქართველოში ფიქსირდება 3000-მდე ღვარცოფული წყალსადინარი.
რა იწვევს ღვარცოფს?
ღვარცოფის გამომწვევი მიზეზებია:
• ხეობის რთული გეოლოგიური და მორფოლოგიური პირობები;
• ხეობაში წარმოქმნილი მეწყერი და კლდეზვავ-ქვათაცვენა;
• უხვი ატმოსფერული ნალექი, რომელსაც დინამიკაში მოჰყავს ხეობაში არსებული მყარი ნატანი;
• ადამიანის არასწორი საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობა.
ღვარცოფული პროცესები რიგ შემთხვევებში მოსდევს მეწყერს!
ღვარცოფის ჩასახვა-გააქტიურების ნიშნებია:
• ღვარცოფულ წყალსადინარებში წყლის საგრძნობი ამღვრევა და წყლის დონის მატება, ასევე ხმაური ხეობაში;
• მუდმივმოქმედ მდინარეებში/წყასადინარებში წყლის ნაკადის შეწყვეტა (მეწყრული ან კლდეზვავური პროცესებით ხეობის გადაკეტვის შემთხვევაში).
ღვარცოფის მაღალი საშიშროების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე:
• დაუყოვნებლივ უნდა ახვდეთ წყალსადინარიდან რაც შეიძლება შორს, მაღალ ჰიფსომეტრიულ ნიშნულზე;
• ღვარცოფული პროცესის აქტივიზაციის ხარისხიდან გამომდინარე და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების ორგანიზებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საცხოვრებლის, ასევე სტიქიის ზონის დატოვება.
ღვარცოფული პროცესებით გამოწვეული საფრთხის შემცირება შესაძლებელია!
საჭიროა დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების საფუძველზე შემუშავებული ღონისძიებების განხორციელება.
ვლევები ხელს შეუწყობს ღვარცოფული პროცესებით გამოწვეული საფრთხეების შემცირებას.
წყარო: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი