კვლევითი ინსტიტუტის თანახმად, ყველაზე დაბალი ფასი (3.61 ლარი) 2016 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, ინდექსმა ყველაზე მაღალ ღირებულებას – 6.99 ლარს – კი 2022 წლის დეკემბერში მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, 2018 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ინდექსის შემცირება, რაც ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი კლებაა (-7.3%) ბოლო ათი წლის განმავლობაში.
რაც შეეხება ცვლილების მიზეზებს, ორგანიზაცია ასკვნის, რომ წლიური ცვლილება შეიძლება 2022 წელს უკრაინაში მიმდინარე ომის გამო განვითარებულ მოვლენებს მივაწეროთ, რის გამოც გასული წლის განმავლობაში ინდექსის ინგრედიენტების ფასები მნიშვნელოვნად იზრდებოდა. შედეგად, 2023 წლის ვარდნა წინა წლის ფასების უპრეცედენტო ზრდის შემდეგ ნორმალიზების მანიშნებელია.
რაც შეეხება 2023 წლის ბოლო თვეს და წინა საახალწლო პერიოდს, დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება მცირედით გაიზარდა და 6.48 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წინა თვესთან შედარებით ინდექსი 0.2%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში (2022 წლის დეკემბერთან შედარებით) კი მნიშვნელოვნად, 7.3%-ით არის შემცირებული.
ტრადიციულად, საშობაო და საახალწლო სუფრისთვის მზადების პერიოდში ინდექსი თვიურ ჭრილში იზრდება, რასაც დღესასწაულების თანმდევი მზარდი მოთხოვნა განაპირობებს. 2023 წლის დეკემბერში ხაჭაპურის ძირითადი ინგრედიენტების ფასები თვიურ ჭრილში გაიზარდა: რძე – 1.3%, კარაქი – 1.2%, ფქვილი – 1%, ყველი – 0,2%. მაშინ, როცა საფუარისა (-5.3%) და კვერცხის (-0.2%) ფასები შემცირდა.
წინა წელთან შედარებით, ხაჭაპურის ინდექსი საქართველოს ძირითად ქალაქებში შემცირდა. ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა თელავში (-12.4%), შემდეგ – თბილისში (-6.9%), ქუთაისსა (-5.2%) და ბათუმში (-4.3%).