გეოგრაფიული აღნიშვნა „ქართული ყველი“
ქართული ყველი მზადდება ძროხის, ცხვრის, თხის და კამეჩის რძისგან, ან მათი ნარევისგან. ასეთ დროს, ძროხის რძის რაოდენობა 50%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ქართულ ყველს ძირითადად ცილინდრის ფორმა აქვს, ოდნავ გამობერილი გვერდებით. მისი გარეთა ფენა გამაგრებულია და ჭდეებად ეტყობა ტომსიკის ან ნებისმიერი სხვა ყალიბის ფორმა, რაშიც არის დამზადებული. არის მყარი, ოდნავ მტვრევადი კონსისტენციის და აქვს თეთრი, ყვითელში გარდამავალი ფერი.
ქართულ ყველს ახასიათებს სპეციფიკური, სასიამოვნო სუნი და გემო, უცხო სუნის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ის მთელ საქართველოში ვრცელდება, უმეტესად მაინც ამზადებენ აღმოსავლეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში.
ქართული ყველი გამორჩეულია საგემოვო თვისებებით და ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის შესწავლილი აქვთ როგორც ადგილობრივ, ისე უცხო ქვეყნის სპეციალისტებს.
გეოგრაფიული აღნიშვნა „ქართული ყველი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2012 წლის 24 იანვარს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#