აგროსიახლეებიბლოგიმედიამედია ფერმერებისთვის TV

ესპანეთის აგრარული მიღწევები და გამოწვევები

4-8 მარტს ესპანეთის აგროჟურნალისტთა გილდიამ APAE აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის IFAJ-ის წევრებს უმასპინძლა. 25 აგროკომუნიკატორს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სამხრეთ ესპანეთის აგრარულ მიღწევებს და გამოწვევებს. 4 დღის განმავლობაში დატვირთული ტურის ფარგლებში ისინი სტუმრობდნენ ფერმებს, საწარმოებს, სერვისის მიმწოდებლებს და სხვადასხვა ინსტიტუციებს. აღნიშნულ ვიზიტში მონაწილეობას იღებდა საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციაციაც.
ანდალუსიის აგრარული სექტორი ყველაზე დიდია ესპანეთში და წლიურად საშუალოდ 20 მლნ ევროს პროდუქტს აწარმოებს. ამ რეგიონში დასაქმებულია აგროსექტორში დასაქმებულთა 21.8%. ანდალუსია კატალონიის შემდეგ მეორეა რეგიონებს შორის ექსპორტის მაჩვენებლებით.

რეგიონი ათწლეულების განმავლობაში არის ზეითუნის ზეთის, ბოსტნეულის და ახალი ხილის ლიდერი მწარმოებელი. რეგიონში ამ მიმართულებით 5604 კომპანია მუშაობს და მთლიანი ინდუსტრიის 18,5 %-ს შეადგენს.

ანდალუსია გამოირჩევა ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის პროგრამებით და მდგრადი სისტემებით. ის ინოვაციური მიდგომების მხრივ საჩვენებელი რეგიონია.

მდგრადობა და ინოვაცია

ევროკავშირის ბაზარზე ესპანეთი ერთერთი ძირითადი მიმწოდებელია ახალი ხილის და ბოსტნეულის. ლიდერი მწარმოებელი პროვინცია კი ალმერიაა. აქ მოსახლეობა ამბობს, რომ მათი რეგიონი ევროკავშირის პირადი ბაღჩაა. ამ იუმორის მიღმა მართლა მყარი ციფრები დგას. ალმერია სრულად სათბურებითაა დაფარული. 43 ათასი ჰა-ზე 17 000 მწარმოებელი საექსპორტო ბოსტნეულის 70 % -ს სწორედ ალმერიაში აწარმოებს. რეგიონში ძირითადად მცირე ფერმერები არიან (საშუალოდ 2,5 ჰა), თუმცა კოოპერატივების გზით მათთვის ყველა კარი ღიაა. ფერმერები ერთიანდებიან ერთი ინტერესის ქვეშ, აქვთ ერთი გაიდლაინი და მიყვებიან მას, აქვთ მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ერთიანი სისტემა. ამიტომაც, საბოლოო პროდუქტში ხარისხობრივი დარღვევები ნაკლებადაა. ფერმერმა იცის, რომ თუ შესაბამის ხარისხს ვერ დადებს, დარჩება სტაბილური ბაზრის მიღმა. აქ ფერმერს არანაირი სუბსიდია არ აქვს. კოოპერაციის შემთხვევაში, გაერთიანება იღებს კონკრეტულ მიზნობრივ მხარდაჭერას ევროკავშირისგან.

კლიმატური ცვლილებები – კახამარის მთავარი გამოწვევა

კოოპერატივი კახამარი ალმერიაში უდიდესი კოოპერატივია – 98 მლნ ევროთი, 4 მლნ კლიენტით და 5000 თანამშრომლით. კოოპერატივი საკუთარ წევრებს მთელ რიგ სერვისებს სთავაზობს. მათ შორის, საბანკო სერვისსაც, რომელიც ფერმერზეა მორგებული. კიდევ ერთი სერვისი რომელსაც ფერმერები ალმერიაში იღებენ საგამოცდო სადგურია “Las Palmerillas”. ის არის ტექნოლოგიური – საინფორმაციო ცენტრი, რომლის მიზანია უახლესი ტექნოლოგიების და განახლებული ცოდნის ტრანსფერი მეცნიერებიდან კერძო სექტორში. ცენტრი მუშაობს პროდუქტის ღირებულებათა სრულ ჯაჭვში, დაწყებული პირველადი წარმოების ზრდის და ეფექტიანობის, დამთავრებული ბაზარზე განთავსების ინოვაციებით. ის თანამშრომლობს ჯაჭვში მონაწილე ყველა სექტორთან. აქვს საცდელ-სადემონსტრაციო სათბურები, ასევე, მუშაობს სხვადასხვა ტექნოლოგიურ ცენტრებთან, უნივერსიტეტებთნ, საერთაშორისო კომპანიებთან. აგრარულ სექტორს სთავაზობს ალტერნატიულ კულტურებს, ჯიშებს და საუკეთესო გადაწყვეტებს.

კოოპერატივის მთავარი გამოწვევა კლიმატური ცვლილებებია. მხოლოდ ამ მიზეზით გასულ წელს 82 პროექტი ვერ განახორციელეს, შემცირდა წარმადობაც. მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად მუშაობენ თუნდაც ახალი მავნებლების პრობლემების გადასაჭრელად, მინიმალური საგამოცდო პერიოდების დაცვა უწევთ, ამასობაში კი კიდევ ახალი მავნებელი ჩნდება. რაც შეეხება კოოპერაციის სისტემას, კოოპერატივები თავის მხრივ ასოციაციებში ან მეორე დონის კოოპერატივებში ერთიანდებიან და საწარმოო ჯაჭვში არსებულ ყველა რგოლს ფარავენ. HORTIESPAÑA ხილისა და ბოსტნეულის სწორედ ასეთი გაერთიანება. ის საკუთარ წევრებთან ერთად რეგულარულად მუშაობს პროდუქტის იმიჯზე შიდა და გარე ბაზრებისთვის, ხარისხის გაუმჯობესებასა და შენარუნებაზე, საკვების უსაფრთხოების,მიკვლევადობის, მდგრადობის და სხვა მიმართულებებით. HORTIESPAÑA ჩამოყალიბებულია 8 ქვედარგობრივი ასოციაციის მიერ, რომლებიც აერთიანებენ 43 324 ჰექტარზე გაშენებულ ხილისა და ბოსტნეულის სათბურებს, 17 000 ფერმერს. მოყავთ 3 092 567 ტონა პროდუქტი. ფარავს ესპანეთის ხილისა და ბოსტნეულის სექტორის 70%-ს.

ზეითუნის ზეთი – ესპანეთის ოქრო

300 000 ფერმერი, 1700 ინდუსტრიული საწარმო, 4 000 მლნ ევრო, 180 ქვეყანის ბაზარი – ასეთია ესპანეთური ზეითუნის ზეთის მაჩვენებლები. ‭Olive Oils From Spain – არის ‬გაერთიანება, რომელიც ზეითუნის ზეთის ღირებულების ჯაჭვის სხვადასხვა აქტორებს (ფერმერი, კოოპერატივი, გადამამუშავებელი, ექსპორტიორი, ასოციაცია) აერთიანებს. ის ინდუსტრიას აწვდის გაუმჯობესებულ ინსტრუმენტებს, მუშაობს პროდუქტის აღიარებაზე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში; ჩართულია სხვადასხვა სოციალური კამპანიებში, არის სპორტული აქტივობების ინიციატორი და სპონსორი, ჯანმრთელობის გაუმჯობესების კამპანიების ინიციატორი, მუშაობს ნუტრიციოლოგებთან ერთობლივ პროექტებზე. არის ჰორეკა სექტორის მჭიდრო მოკავშირე. გაერთიანებაში ამბობენ, რომ ზეთის სწორად შერჩევა და მოხმარება მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. საჭიროა, რომ ზეითუნის ზეთი ჩვენს ყოველდღიურ რაციონში გვქონდეს.‬

რუსუდანი 66666666 რუსუდანი 77777

პოსობლანკოს საბადო

კორდობას პროვინციაში პოსობლანკო ყველაზე საუკეთესო ლოკაციაა ზეთისხილის მოსაყვანად. აქ მიღებული ნაყოფით ნაწარმოები ზეთი მაღალი კლასის პროდუქტად ითვლება. მას ასევე იყენებენ სამედიცინო კოსმეტიკის ცნობილი ბრენდები. გაშენებული 1 ჰა მიწა 3000 – 3500 ევრო ღირს. პოსობლანკოში ზეთისხილის პირველი სერტიფიცირებული ბიოდინამიური მეურნეობების კოოპერატივია. აქ 1000-მდე ფერმერია გაერთიანებული 12 800 ჰა მიწით. მათი 80 % სერტიფიცირებულია. წლიური მოსავალი 10 მლნ კგ. გავრცელებული ჯიშები: კოხიბლანკა, პიკუალი, კორნიკავრა და არბეკინა. როგორც კოოპერატივში ამბობენ, განსხვავებული რელიეფი და მეურნეობის მოწყობის სპეციფიური მოდელი ართულებს მოსავლის აღების პროცესს. აქვთ მუშახელის დეფიციტიც. 7 საათიან სამუშაო დღეში 60-70 ევროს იხდიან, თუმცა მსურველი ცოტაა. ახალგაზრდებს აქაც ნაკლებად აინტერესებთ ფერმერობა და აგრარული პროფესიები, თუმცა ევროკავშირის დახმარებით ბევრი სამოტავაციო პროგრამაა.რუსუდანი 888888

თავად კოოპერატივის წევრებიც მუდმივად აწარმოებენ წამახალისებელ აქტივობებს ახალგაზრდებში. კოოპერატივის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს ‭Alltech-ს‬, რომელიც სხვადასხვა მიკროორგანიზმებით ამდიდრებს ნიადაგს და ხელს უწყობს ფერმერების მდგრად განვითარებას. ‭Alltech არის გლობალური ლიდერი ‬აგრარულ ინდუსტრიაში. ის 1980 წელს ირლანდიელმა მეწარმემ და მეცნიერმა პირს ლიონმა დაარსა სოფლის მეურნეობაში ჭკვიანი და მდგრადი გადაწყვეტილებების მისაღებად. წლების განმავლობაში კომპანიამ შექმნა პროდუქტებისა და სერვისების უდიდესი პორტფელი, რომელიც აუმჯობესებს მცენარეთა და ცხოველთა ჯანმრთელობას და ეფექტურობას. კომპანია აწარმოებს ბიო საკვებს და საკვებდანამატებს მცენარისა და ცხოველებისთვის, ინვენტარს და სხვადასხვა ტექნოლოგიებს. აქვს საკუთარი საცდელ-სადემონსტრაციო ფერმები. დასაქმებული ყავს 5000-ზე მეტი თანამშრომელი, მათ შორის 1000-ზე მეტი მეცნიერი. წარმოდგენილია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. იქ, სადაც ბიზნესი, ფერმერი და მეცნიერება მეგობრობს, რთული საქმეც მარტივდება! ‬‬

Dcoop – მეორე დონის უმსხვილესი კოოპერატივი

Dcoop არის ზეითუნის ზეთის ‬მწარმოებელი უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში და ერთერთი წამყვანი კომპანია ღვინის წარმოებაში. ის ასევე ოპერირებს ნუშის, ფისტას, მარცვლეულის, მეცხოველეობის სექტორშიც. Dcoop მეორე დონის კოოპერატივია, რომელიც ჩამოაყალიბეს პირველი დონის კოპერატივებმა. ის აერთიანებს 75‭ ‬000 ოჯახს და 200-ს კოოპერატივს. მას პროდუქცია 75-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს. დასაქმებული ყავს 950 თანამშრომელი. კოოპერატივის საწარმოები განთავებულია 13000 ჰა-ზე. მისი თითოეული წევრი Dcoop-ის საშუალებით აწვდის საკუთარ პროდუქტს უდიდეს ქარხნებს, მწარმოებლებს, დისტიბუტორებს. Dcoop-ს მნიშვნელოვანი როლი აქვს ესპანეთის აგრარული განვითარების დინამიკაში, ასევე, ხელს უწყობს სოფლად მოსახლეობის შენარჩუნებას. როგორც კოოპერატივის წარმომადგენლები ამბობენ, გარდა ეკონომიკური საქმიანობისა, ისინი ახელს უწყობენ ეროვნული და ისტორიული ღირებულებების, ადათ-წესების და ტრადიციების შენარჩუნებას. Dcoop -ში ამბობენ, რომ მათი ძალა სწორედ კოოპერაციაშია, რაშიც ხელისუფლების გარდა, განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვთ ევროკავშირისგან.‬

სასარგებლო მწერები –  ფერმერის ხსნა

აგრობიო 1995 წლიდან აწარმოებს სასარგებლოს მწერებს მავნებლების კონტროლისთვის და გიგანტ ფუტკრებს ბუნებრივი დამტვერვისთვის. მან ისეთი მოდელი ააწყო, რომ ხმელთაშუა ზღვის არეალში სამაგალითო გახდა. კომპანია ხელს უწყობს ნულოვანი ნარჩენების ეკოლოგიურად ჯანსაღი პროდუქტის წარმოებას.

ამ ეტაპზე აწარმოებენ 40 სახეობის სასარგებლო მწერს. ალმერიის რეგიონში ფერმერების 100 პროცენტი გადასულია სასარგებლო მწერებით მავნებლებთან ბრძოლაზე. AGROBÍO BCO-ს მუშაობს მეხილეობაში, მებოსტნეობასა და დეკორატიულ კულტურებში, ღია და დახურულ გრუნტში. ის არის წარმოდგენილი 40 ქვეყანაში და ფარავს 45 00 ჰექტარს. შვილობილი კომპანიები ყავს თურქეთში, დანიაში, მაროკოსა და საფრანგეთში.

მწერები მწერეისდსა

დამზოგავი ტექნოლოგიები  – ლა პალმას მთავარი ამოსავალი

„ლა პალმა” გრანადის პროვინციის უდიდესი კოოპერატივია და ის 750 წევრს ‬აერთიანებს. მისი მთავარი მისია პროდუქტის საწარმოო ჯაჭვში დამზოგავი ტექნოლოგიების გამოყენებით ფერმერისთვის მაქსიმალური სარგებლის მიღებაა. კოოპერატივის წევრები წარმოების ყველა ეტაპზე იყენებენ განახლებულ ტექნოლოგიებს, მათ შორის, პესტიციდების, ელექტროენერგიის, წყლის და სხვადასხვა ემისიების შესამცირებლად. კოოპერატივი საკუთარ წევრებს სთავაზობს ნარჩენების მართვის განახლებულ ტექნოლოგიებსაც, რომლის შედეგად ნარჩენები გარდაიქმნება მეორად პოლიმერებად და ინდუსტრიაში ჩაბრუნება ხდება. კოოპერატივის წევრებს აქვთ მთელი რიგი სერვისები: მავნებლების ინტეგრირებული კონტროლის, პლასტიკური ნარჩენების მართვის, მენეჯმენტის სისტემების დანერგვა, ლაბორატორიაზე წვდომა, უწყვეტი საგანმანათლებლო პროგრამები, პროდუქტის შეგროვება, გადამუშავება, შეფუთვა, სასაწყობო ცენტრები და დისტრიბუცია.

კოოპერატივი აწარმოებს პრემიუმ კლასის პროდუქტს, რითიც გადის ექსპორტზე ევროპის და აშშ-ს ბაზრებზე. კოოპერატივს ყავს მომხმარებელთა საბჭო, რომლის საშუალებით მუდმივი უკუკავშირი აქვს პროდუქტის ხარისხის და სხვა საკითხებზე. დასაქმებული ყავს 1200 თანამშრომელი. არის სტუდენტთა საწარმოო სწავლების კომპონენტის განმახორციელებელი. კოოპერატივს აქვს საკუთარი მარკეტები, სადაც მხოლოდ წევრი ფერმერების და მწარმოებლების პროდუქტი იყიდება. მას ასევე შეაქვს პროდუქტი ქსელურ მარკეტებშიც. კოოპერატივმა გაძლიერება ევროკავშირის დახმარებით შეძლო. ყოველი ახალი პროექტის, შენობის, ტექნოლოგიის, ინვენტარის და სხვა აქტივობის 50%-ს ევროკავშირი აფინანსებს. მეორე ნახევარს წევრი ფერმერები იხდიან.

მეცნიერება და ბიზნესი ერთი ინტერესის სადარაჯოზე

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „La Mayora” ესპანეთის მეხილეობის სექტორისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს. ის მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ორი უნივერსიტეტი შეერთდა, საკუთარი რესურსები გააერთიანა, ხოლო სახელმწიფომ, თავის მხრივ, ეროვნული კვლევითი საბჭოს წარმომადგენლობაც უნივერსიტეტის ქვეშ გადაიყვანა. იმ დროს ესპანელი ფერმერები კალიფორნიიდან მარწყვის ჯიშების შემოტანის ინიციატივით გამოვიდნენ, ცენტრმა კი ჯიშების შერჩევა, საგამოცდო და კვლევითი საქმიანობა ჩაიბარა. კალიფორნიულმა მარწყვის პროექტმა გაამართლა. შემდეგ იყო ტროპიკული კულტურების ბუმი: მანგო, ავოკადო, პაპაია და სხვ. ასე ჩამოყალიბდა ეს ინსტიტუტი ფერმერისთვის საჭირო რგოლად. დღეს ის ემსახურება მეცნიერებას, ბიზნესს, ახალგაზრდა თაობას და პირდაპირ განსაზღვრავს კონკრეტული კულტურების ეფექტიანობას და ბაზარზე მის პოზიციონირებას.

რუსუდანი 44444444444444444444444

ამ ეტაპზე საცდელ სათბურებსა და ნაკვეთებში (15 ჰა) 100-ზე მეტი ავოკადოს, 80-ზე მეტი მანგოს, პაპაიას, ბანანის, კაკაოს, ყავის და სხვადასხვა ტროპიკული კულტურების ჯიშებია. ცენტრში ამბობენ, რომ აუცილებელია დივერსიფიცირება, კულტურათა ჩანაცვლება. როცა მეცნიერებს ფერმერი მიმართავს ამა თუ იმ კულტურის დანერგვის ინიციატივით, ისინი იწყებენ მოკვლევას, შესწავლას, ჯიშების გამოცდას. ზოგჯერ 20-ზე მეტი ჯიში გამოუცდიათ და იქიდან მხოლოდ 1 ჯიში გამომდგარა მათი კლიმატისთვის რელევანტური. საგამოცდო პერიოდში ფერმერებთან მუდმივად აქვთ კომუნიკაცია, აწვდიან მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას და რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგის შემდეგ მუშაობენ კონკრეტულ გაიდლაინებზე. კლიმატური ცვლილებები ბევრ რამეში ხელს უშლით და ამ მიმართულებით ახალი კვლევების დამატების საჭიროება დადგა. მეცნიერების ნაკლებობას აქაც უჩივიან, თუმცა, მას შემდეგ, რაც აგრარული მიმართულების საგანამანათლებლო პროგრამები გადაიხედა და სრულად თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლებაზე გადაეწყო, ახალგაზრდები სულ უფრო ინტერესდებიან. მათ უკვე ჰყავთ ბევრი დოქტორანტი, რომელთა ჩართულობაც ცენტრის საქმიანობაში აუცილებელია. სადაც განათლება, მეცნიერება და ბიზნესი ერთად მუშაობს, იქ საქმე წინ მიდის.

მედინების ოჯახურიბიოფერმის წარმატების გასაღები

ეს ხესუს მედინაა, 26 წლის ბიოფერმერი. ფერმერობას ბავშვობიდან სწავლობდა,რადგან მშობლებიც ფერმერები არიან. განათლებაც შესაბამისი შეარჩია – აგრონომი. 10 ჰა-ზე მოყავს სრულად ბიო, სერტიფიცირებული მანგო და ავოკადო, ასევე, ჯუჯა ფორთოხალი და ლიმონი, ღია და დახურულ გრუნტში. მანგოს მოსავლიანობა 20-25 ტონა 1 ჰა-ზე, ავოკადოსი – 8-10. ხესუსი ამბობს, რომ ბოლო წლებში ძალიან გაჭირდა ფერმის მართვა და დაგეგმვა, რადგან კლიმატის ცვლილების გამო, შეიძლება მოსავალი დაგეგმილზე ადრე იყოს ან გვიან. წყლის რესურსების დეფიციტი მათი მთავარი თავის ტკივილია, იყენებენ წვიმის წყალს. ასევე, გრუნტის წყალსაც.

რუსუდანი 3333333333333333

სარწყავი წყლის გადასახადი აქ ძალიან ძვირია – 1 ევრო კუბზე, რაც საბოლოო პროდუქტს საკმაოდ აძვირებს. 1 ჰა ავოკადოს 8 000 კუბ წყალი ჭირდება. ბევრად ნაკლები მანგოს. ამბობს, რომ ამის გამო ავოკადოს წარმოება არარენტაბელური ხდება და მანგო ბევრად ეფექტურია. ფასი ბიო ხილის მხოლოდ მცირედით მეტია და ის დღეს ფერმერის კართან 1.5 ევროა 1 კგ მანგო, ხოლო ავოკადო – 2.5 ევრო 1 კგ. გვალვის გამო ფასი აწეულია და სავარაუდოდ, კიდევ აიწევს. ხესუსის აზრით, მათ რენტაბელურობას ხელს უწყობს ის, რომ ოჯახური ბიზნესია და ფერმის მუდმივი თანამშრომლები ოჯახის წევრები არიან, რომლებსაც მკაცრად აქვთ განაწილებული მოვალეობები და პასუხისმგებლობები. მედინების ოჯახი მხოლოდ სეზონურ მუშახელს ქირაობს. სადაც ოჯახი ძლიერია, იქ საქმეც წარმატებულია.

იბერიული ჰამონი – ესპანელების სიამაყე!

იბერიული ჯიშის ღორი ესპანეთში პატივსაცემი არსებაა. ის ძირითადად კორდობის პროვინციის ჩრდილოეთით ბინადრობს და სულ მცირე 2 ჰა სივრცე აქვს გამოყოფილი, სადაც განსაკუთრებულ საკვებ მცენარეებს და გამორჯეული ჯიშის რკოებსს მიირთმევს, რომელიც მხოლოდ ამ ზონაში იზრდება. ღორებს სადგომში მხოლოდ სძინავთ,  დღისით მშვიდ და და მწვანე ადგილებში დასეირნობენ და რჩეული რკოთი იკვებებიან. ამ უნიკალურ ეკოსისტემაში 20 თვე ასეთ ბედნიერებაში ცხოვრობს, ვიდრე 170-200 კგ-ს მიაღწევს და ლორის დასამზადებლად გაამწესებენ. ლორი კი, რომელიც მისგან მზადდება ყველაზე ძვირადღირებულია ესპანეთში.

იბერიკო

იბერიული ღორის მწარმოებელი ფერმერების ზრდასთან ერთად გაჭირდა პროცესების მართვა და საჭირო გახდა ნიშური გაერთიანების ჩამოყალიბება. ასე შეიქმნა “‭Los Pedroches” – ლორის მწარმოებელთა გაერთიანება‬, რომელმაც აღიარება მიიღო. მხოლოდ ამ გეოგრაფიული წარმოშობის გაერთიანების წევრებს შეუძლიათ გაზარდონ იბერიული ჯიშის ღოსი, დაამწიფებონ და მისი პროდუქტი ბაზარზე ამ ნიშნით აღმოჩნდეს. პლატფორმა 21 მწარმოებელს და 700-ზე მეტი ფერმს აერთიანებს. თავის მხრივ, ისინი ქვედა დონეზე საწარმოო პროცესების შესაბამისად წარმოადგენენ მცირე გაერთიანებებს ან კოოპერატივებს. ამჟამად სტანდარტების შესაბამისად წელიწადში 20 000 ღორი იკვლება, რომელიც ბინადრობს 10 ჰა მიწაზე. ნიშური ნიშნით კოოპერაცია კიდევ ერთი წარმატების გარანტია! ‬

Iberiuli 3

იბერიული ჯიშის ღორის ბარკალი, რომელიც საშუალოდ 8-10 კგ-ს იწონის, 4 წელი ამწიფებენ და 640-700 ევრო ღირს. მის დასამწიფებლად მთელი რიგი ტექნოლოგიებია გამოყენებული. რკოს სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებულმა ხორცმა წარმოქმნა ცხიმის ნაზი ფერნა, რომელიც კუნთზე ხაზებადაა გადანაწილებული. ამიტომ, როდესაც იბერიულ ლორს მიირთმევთ, ადვილად შეიგრძნობთ ბალახის არომატებსა და მსუბუქ სიტკბოს. ამასთან, ხამონი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, ის ნაკლებ ქოლესტერინს შეიცავს.

რაც შეეხება მის დაჭრას/ ათლას, ამასაც თავისებური ცოდნა სჭირდება. ამიტომ ის ცალკე პროფესიულ პროგრამად ჩამოყალიბდა და მას 18-20 თვე ეუფლებიან. ეს პროფესია საკმაოდ მოთხოვნადია და მაღალანაზღაურებადიც. იქ, სადაც ბიზნესი განათლებაში თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს და თანამონაწილეობს, თავადაც მეტად ვითარდება და ქვეყანაც წინ მიჰყავს!

რუსუდან გიგაშვილი